ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ეკატერინე
ჟანრი: პროზა
2 სექტემბერი, 2010


კაცნი

ხუთშაბათი, 2:20-ზე

ეს ნოველები ნამდვილმა ამბებმა შთამაგონა. აქ მოყვანილ პერსონაჟთა ზოგიერთ პროტოტიპს პირადად ვიცნობდი, ზოგის შესახებაც ახლობლებმა მიამბეს.









მძღოლი



მთელი დღე ამაოდ იწანწალა დანჯღრეული ”06-ით.”  ბენზინიც ტყუილად მიახარჯა და გულმოკლული ბრუნდებოდა შინ. უკე ბნელოდა. მხოლოდ ავტომობილების ფარებიდან ნათდებოდა ქუჩები. წინ ვიღაცამ ხელი ჩაუქნია. ახალგაზრდა კაცი და ქალი იდგნენ. რაღაცნაირი სახეები ჰქონდათ. ქალს გულზე მიეხუტებინა მოზრდილი ფუთა. მერე გაირკვა, რომ ბავშვი ყოფილა, 9 თვის. დიდი სიცხე აქვს და მძიმედ სუნთქავს. თბილისში, დიღომში, ბავშვთა საავადმყოფოში გვირჩიეს წაყვანა, რაიონში მის გაჩერებას აზრი არ აქვსო. სასწრაფო დახმარების მანქანით შემომთავაზეს გადაყვანა, იმდენი ფული მოითხოვეს, შევცბი, არ მაქვს მაგდენი. მზად ვიყავი მეშოვნა, მაგრამ არა, ”პოსლეზე” ვერ ვივლითო, ქოშინით ყვებოდა კაცი. კარგი, დაწყნარდი. მალე ვიქნებით თბილისში, ამშვიდებდა მძღოლი. თან გულში ფიქრობდა, ”რას იტყვიან ახლა შინ, რომ არ მივალ. ალბათ დილამდე დამელოდება ცოლი. მერე პოლიციაში დარეკავს. იფიქრებს ალბათ, რომ სადღაც რომელიღაც შეიარაღებული ბანდიტი დამხვდა და მანქანა წამართვა. არა, ის ასე მსუბუქად არ იფიქრებს, დაეჭვდება, რომ მომკლეს. არა უშავს, ახლა მთავარია ბავშვი გადარჩეს, მერე თუნდაც მომკლან.”

_ რა ჰქვია ბიჭს?

_ გოგოა, მარიამი. 8 წელი ველოდით მის გაჩენას.

მძღოლს რატომღაც ის ამბავი გაახსენდა, იაკობმა, რომ ნანინანატრი შვილი ისააკი ღმერთს მსხვერპლად შესაწირად მიართვა. გადარჩება ბავშვი, ოღონდ ღმერთისთვის გაიმეტე, უცებ ამოთქვა თავისთვის, ჩუმად და გაუკვირდა, ამის თქმა როგორ გავბედე ასეთ მდგომარეობაში მყოფ ხალხთანო.

_ ღმერთისთვის გავიმეტო? ეგ რას ნიშნავს?

_ იმას, რომ ღმერთს უნდა შესწირო. უთხარი, რომ მისთვის გაზრდი. ოღონდ გულით უთხარი და უკან დაგიბრუნებს საჩუქრად.

რიკოთზე გვირაბი დაკეტილი დახვდათ. უკვე ღამე იდგა. ცოლ-ქმარი შეშინდა. გაგონილი ჰქონდათ, რომ აფხაზეთის ომის შემდეგ მთიანი ადგილები გატენილი იყო შეიარაღებული ყაჩაღებით. ნუ ავალთ, იქნებ ვინმე გამოჩნდეს და იმასთან ერთად განვაგრძოთ გზა, ამოიკვნესა ქალმა. არა, ავალთ და ვილოცებთ, თქვა მძღოლმა. სად ვილოცებთ? გაუკვირდა ბავშვის მამას. ”ზევით, ეკლესიასთან. უღელტეხილზე პატარა ეკლესიაა. ბავშვობაში, ძალიან ავად გავმხდარვარ. დედაჩემს ამ სალოცავამდე ფეხშიშველას უვლია ზამთარში. დასიებია ფეხები ყინვაზე, მაგრამ მაინც ასულა ტაძარში. მე გადავრჩი, ეს ბავშვიც გადარჩება.  ვერ ვილოცებთ ეკლესიაში, ჩვენი ღმერთი სხვაა, თქვენს ეკლესიას არ ვცნობთ, ჩუმად თქვა ქალმა. მძღოლი არ შეჩერდა. მე გადაგარჩენთო თქვა და მშვიდად შეუყვა აღმართს. ჩუმად ამოძრავებდა ტუჩებს და უფალო შემიწყალეს ჩურჩულებდა.

ეკლესიამდე ორასი მეტრი იქნებოდა დარჩენილი, ფარების შუქზე კაცების სილუეტები დალანდეს. ავტომატის ლულამ აიძულა შეჩერებულიყვნენ.

_ სად მიდიხართ? -იკითხა ჟანგიანი სახის მქონე კაცმა ჟანგიანი ხმით.

_ უნდა ვილოცო. - უპასუხა მძღოლმა.

_ რა დროს ლოცვაა, გადმოეთრიეთ მანქანიდან. მომაკვდავი ბავშვი მიმყავს თბილისში. უნდა გადარჩეს და შენც გადარჩები.

აკანკალებულამ ქალმა სახე გამოუჩინა ბავშვს. თითქმის აღარ სუნთქავდა. ჟანგიანს ნირი ეცვალა. აქ, ორი ნაბიჯზე ეკლესიაა. მიგვიშვი, ვილოცებთ, სთხოვა მძღოლმა. ჟანგიანმა გაოცებულმა შეხედა მძღოლს და მცირე ხნის ყოყმანის შემდეგ უთხრა, _ მიდი. მძღოლი ტყეში აღარ შესულა ეკლესიის მოსაძებნად. იქვე გზის პირას დაიჩოქა ჯვრიან ნიშთან და გაახსენდა როგორ უყვებოდა მოხუცი დედა მისი გადარჩენის ამბავს , _  ”ფეხები სულ დასისხლიანებული მქონდა, მაგრამ არ მტკიოდა. არც ჩემი ბავშვობის დროინდელი ეკლესიის მნათეს ნასწავლი ლოცვები მახსოვდა. მუხლიჩოქა შემოვუარე ტაძარს 12-ჯერ და უფალს ვთხოვე, შენი თავი ეჩუქებინა ჩემთვის. მაჩუქე და შენთვის გავზრდი-მეთქი, ვეხვეწებოდი ღმერთსო.”

მძღოლი მთელი ტანით შემოეხვია ჯვრიან ნიშს და დედამისივით უბრალოდ, გულიდან ამოსული სიტყვებით სთხოვა ღმერთს, აჩუქე ის ბავშვი მშობლებს და შენთვის გაზრდიანო.

თბილისში შუაღამისას ჩავიდნენ. ჟანგისფერსახიანი მძღოლს გვერდით უჯდა და მალ-მალ იხედებოდა უკან. როგორ არის? ეკითხებოდა ქალს ბავშვზე.



ექიმები უიმედო სახით დაჰყურებდნენ პატარას. უფროსები გარეთ, ცივ დერეფანში ელოდებოდნენ პასუხს. მძღოლი მშვიდად იდგა და ლოცულობდა. ჟანგისფერსახიანი ფანჯარასთან მიყუდებოდა კედელს, სიგარეტს ეწეოდა და ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს სადღაც სხვაგან იყო. დერეფანში მოჩვენებასავით გაიარა ძალიან გამხდარმა მღვდელმა. დიდი ცისფერი თვალები ჰქონდა. მძღოლმა უცებ ჩაილაპარაკა, ბავშვი უნდა მოვნათლოთ და გადარჩება. მშობლები უსიტყვოდ ემორჩილებოდნენ მძღოლს.



გონებაწართმეული ჩვილი სამმა მონათლეს, მღვდელმა, მძღოლმა და ჟანგისფერსახიანმა.



ამ ამბიდან 8 წლის შემდეგ მძღოლი მოულოდნელად გარდაიცვალა. აღმოჩნდა, რომ გული გაუსკდა. ყველას ტკივილი ვეღარ აიტანა და გასკდა.  სულ ამას ამბობდა, ერთ დღესაც ჩემი გული საბურავის კამერასავით გასკდებაო. ხუმრობდა მძღოლურად.

ქვრივი სახლში მარტო იყო. კარზე ვიღაცამ დააკაკუნა. ახალგაზრდა ცოლ-ქმარს შუაში პატარა გოგონა ეყენათ, გულზეც ჩვილი მიეხუტებინათ და მძღოლს კითხულობდნენ. ქვრივმა უცნობები შინ შეიპატიჟა. მისაღებ ოთახში, კედელზე მძღოლის გადიდებული ფოტო ეკიდა, შავი ჩარჩოდან ისე ალალად იღიმებოდა, როგორც მაშინ, გაოცებული ჟანგისფერსახიანი, ავტომატმომარჯვებული რომ ეკითხებოდა, ვინ ხარო და ჯვრიან ნიშთან ლოცვის დროს დასვრილ ტანსაცმელს უწმენდდა.

კაცი ფოტოსთან მივიდა, პატარა თაროზე დადებული სანთელი აიღო, მოუკიდა. მერე ნელა დაწვდა ლოცვანს, პირჯვარი გადაიწერა  და ხმამაღლა კითხვა დაიწყო...

ეს მარიამია, თქვენმა მეუღლემ გვაჩუქა და ღმერთს სთხოვა მისი თავი ჩვენთვის. უფალმა დაუმკვდროს სასუფეველი. ეს ბიჭიც ღმერთმა გვაჩუქა, თქვენი მეუღლის სახელი დავარქვით და გვინდა მოგვინათლოთ, _ უარი არ გვითხრაო, ევედრებოდნენ ქვრივს ქალის თვალები.

ეს ის მარიამია? _ გაეღიმა ქვრივს და უპასუხა, მოგინათლავთო




ექიმი



შინ და გარეთ ყველა ეფერებოდა. ნებიერა კაცი იყო. ერქვა ანზორი, მაგრამ რატომღაც  ყველა გუდუს ეძახდა. ბავშვობიდან ნაფერებს უყვარდა კომფორტი და პატივი. ამპარტავანი და ზოგჯერ უგულო იყო, თუმცა, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ისეთი ამბავი შეემთხვა, ყველაფერი დაავიწყდა.

იმ საღამოს მორიგე იყო საავადმყოფოში. ექიმი გუდუ გემრიელად წამოგორებულიყო თეთრ ზეწარგადაფარებულ დივანზე და ფრჩხილებს ილამაზებდა რომელიღაც ექთნის კოსმეტიკური ქლიბით. კარი გაიღო, ოთახში გიჟივით შეიჭრა მანანა. გუდუს არც უგრძვნია, რომ მანანა, რომელთანაც უფრო მეტი  აკავშირებდა, ვიდრე კოლეგიალობაა, აღელვებული იყო. გუდუ მხოლოდ იმას  ხედავდა, რომ მანანას სავსე მკერდი ცახცახებდა. წელთან უფრო მოსუქებულიყო, თეთრი ხალათის პირდაფჩენილი შესაბნევი ამხელდა გუდუს თვალში ქალს. ჰო, რა ხდება, კვდება? სხვათა შორის, ცალყბად იკითხა მორიგე ექიმმა. ქლიბი მშვიდად დადო იქვე, დივნის გვერდით მდგომ ტუმბოზე, ხელები თავქვეშ ამოიდო და როგორც კაცებს სჩვევიათ ვნებათა მოზღვავების ჟამს, გაიზმორასავით. მანან, თუ კვდება, ე.ი. მოკვდება. სხვები მიხედავენ, მორგში გადაიტანენ, მერე მოვა პატრონი და მოკლედ, ხომ იცი როგორც ხდება. მოდი შენ აქ, _ ხმა აუთრთოლდა გუდუს, მანანა კი წამოენთო და აღშფოთებულმა უპასუხა, იცი, სულ ახალგაზრდაა, მგონია, რომ წამებსაც შეუძლია გადაწყვიტოს მისი ბედი. რა დაგემართა, რამ გაგაქვავა, შენი შვილის ტოლა იქნება. ავტოავარიაში მოყოლილა. საჭესთან მჯდარა. მამას უჩუქნია ავტომობილი. საოპერაციოსთან მისი გადარჩენილი მეგობრები მოთქვამდნენ. ძლივს გავიყვანეთ ბიჭები გარეთ.

გუდუმ ამოიოხრა. ისე, როგორც ამას აკეთებენ კაცები, ქალი რომ რაღაცის გამო გასაქანს არ აძლევს და ბუზღუნით წამოიწია. რაღა ჩემს შვილს მისწვდი? შენი შვილისთვის შეგედარებინა, ჩიბურტყუნა და მოსალათისფრო, მოცისფრო  ჩაჩი, ისეთი, როგორც საერთოდ ახურავთ ექიმებს თუ ქირურგებს, უკამყოფილოდ მოირგო თავზე.

საოპერაციოში ექიმების თითქმის არმია ტრიალებდა. ამაოდ. მაგიდაზე გაშოტილი, უზარმაზარი სხეული აღარ სუნთქავდა.  ვაი მაგის დედას, გმინავდა ყველაზე ხანდაზმული ნაზიკო ექთანი. გუდუმ არხეინად შეაღო საოპერაციოს კარი. უკვე აღარ არის, ფაქტობრივად ტვინი სულ გადმონთხეული იყო. უთხრა რომელიღაცამ. გათავდა, რა ბიჭი იყო, ამოიკვნესა ნაზიკომ. გუდუმ, ისე, სხვათაშორის მოიკიდა ხელი მაგიდაზე გაშოტილ სხეულზე გადაფარებულ ზეწარს თავთან, ფრთხილად გადახადა და მყისიერად ეცვალა სახეზე ფერი, მერე მთლიანად გადახადა გვამს და უცნაურად, ჰაერში ხელაწეული გახევდა. საოპერაციო მაგიდაზე მისი ტვინდანთხეული შვილი იწვა. უსიცოცხლო, უსულო და უბედური. გუდუმ იგრძნო, რომ მოკვდა. იქ, საოპერაციოშივე მოკვდა როგორც ექიმი, როგორც მამა, როგორც ადამიანი, როგორც კაცი. ამპარტავნება და მედიდურობა დამჭკნარი კანივით ჩმოეკიდა მის გაშტერებულ სახეს. ვერავინ მიხვდა რა დაემართა გუდუს, რადგან მის ოჯახს არავინ იცნობდა, გაჭირვებაში მყოფი პაციენტებისთვის კი ის არასოდეს იწუხებდა თავს. არად, გუდუ გახევდა, გაშრა, დაპატარავდა და ძალიან საწყალი გახდა. როდესაც საოპერაციოდან გაჰქონდათ მისი გაქვავებული სხეული, მხოლოდ მაშინ ამოიგმინა, შვილოო, უკან, მაგიდისკენ მიიხედა და სამუდამოდ დამუნჯდა.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები