 | ავტორი: ეკა-ლი ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 14 სექტემბერი, 2010 |
(წერილი მეგობარს)
მეგობარო, ხომ იცი, მეც ისე ბანალურად ვცხოვრობ, როგორც თითქმის ყველა ჩემს ქვეყანაში; მთელი დღე დამსაქმებელ საიტებზე დავძვრები სამუშაოს საპოვნელად. საიტებზე,დამსაქმებლები კი არა, თაღლითური განცხადებების განმთავსებლები რომ არიან უფრო. და თუმცა თავში სულ მიტრიალებს ჩემი ლექტორის სიტყვები:"როგორც წესი, კარგი ვაკანსიები საიტებზე არ ჩნდება", მაინც გაუგებარი სიჯიუტით არ ვყრი ფარ-ხმალს. უკვე მგონია, ეს ბანალურობა მომწონს...არა, მივეჩვიე ნამდვილად!
ბოლო დროს, ჩვეულებრივზე მეტს ვფიქრობ რა უნდა ვაკეთო ზუსტად იმდენი თვის შემდეგ,როცა უმუშევრობის უკანასკნელი ვადა ამომეწურება, ანუ როცა ბაკალავრის დიპლომითა და გაურკვევლობით გულ-ხელდამძიმებული უნივერსიტეტის კარს გამოვიხურავ.
გასამხიარულებლად ჩემს გარშემომყოფთა სურვილებსა და იმ იმედებზე მოგიყვები, რომელსაც ჩემზე ამყარებენ: ზოგიერთს, ჩემთვის გაუგებრად, მიაჩნია, რომ ჟურნალისტობა ტელევიზორში გამოჩენას გულისხმობს მხოლოდ და თუ ამას ვერასდროს მოვახერხებ, უბრალოდ, ჩუმად, ზურგს უკან იტყვიან:"ეეჰ,რა ტყუილად უსწავლია (11+4+2) წელი..."
ზოგსაც უბრალოდ ვუყვარვარ და ამიტომ უნდა, დილის გადაცემაში მიხილოს სულელური ღიმილით სახეზე. თვითონ არ უფიქრია,რომ დილის 5 საათზე გაღვიძებული ადამიანისთვის გაკრეჭილი გამომეტყველება სულელურია და იქნებ ყალბიც, მაგრამ მე ხომ ვიცი...
ანდა, იქნებ არც ასეა და ვიგონებ რაღაცებს მარაზმებით თავმობეზრებული?!-არაფერს გამოვრიცხავ!...
ჰო, მართლა, შენ ალბათ ის გაინტერესებს მე რა მინდა... იცი, მე აშკარად არ ვარ მაქსიმალისტი და არ ვიცი როგორ დავძლიო ეს. ახლავე გეტყვი რასაც ვგულისხმობ... მოკლედ, როგორც მესამე კურსის სტუდენტს, ისიც მაკმაყოფილებდა, რომ გაზეთში ან ჟურნალში მემუშავა რიგით კორესპონდენტად დაწინაურების პერსპექტივით. ბევრი რომ ვიფიქრე, არჩევანი "ცხელ შოკოლადზე" შევაჩერე და ეს იმიტომ,რომ ჟურნალი რაღაც მანქანებით საუკეთესო მოჩანდა ადგილობრივი ბეჭდური მედიის ბაზარზე. ეს ალბათ არ კმარა არგუმენტად, თუმცა ყველა სხვა არგუმენტი არსებული სტერეოტიპების პროდუქტია.ესენია, ერთი მხრივ, პრესტიჟულობა მისი გამომცემლების, რედაქტორისა და მაღალი პოლიგრაფიული დონის გამო, მეორე მხრივ კი საინტერესო სტატიები- საფრანგეთიდან, ინდოეთიდან, იაპონიიდან... და ლამის მარსიდანაც. სტატიებზე მეტად მათი ავტორების სამუშაო მეჩვენებოდა საინტერესოდ და მიმზიდველად; და თუმცა ჩემი ქვეყნის საზღვრებს მიღმა არასდროს ვყოფილვარ, მაინც მიყვარს ეს მოგზაურობა და ამას მივიჩნევდი "ცხელ შოკლოლადში" მოღვაწეობის ერთ-ერთ პრიორიტეტად. კიდევ ერთ მიზეზად ისიც მქონდა, რომ ჟურნალი ორიგინალური ადამიანებისა და მოვლენების გაშუქებით იყო ატაცებულ-შეპყრობილი და რადგან ე.წ. კრეატიულობა ჩვენი დროის გამოწვევად იქცა, "შოკოლადის" საშუალებით მინდოდა ფეხი ამეყოლებინა ცხოვრებისთვის. ბოლოს იმდენი ვიფიქრე,რომ გადავიფიქრე.
"ყოფიერება განსაზღვრავს ცნობიერებას..."-მე, იმ ეტაპზე, ვერ წარმოვიდგინე ჩემი თავი იმ გვარების გვერდით, პირველ გვერდზე რომ ბრჭყვინავდნენ; ამიტომ სხვაგან გავაქციე ფიქრი.
ეს სხვა, გაზეთი "რეზონანსი" იყო. არ იფიქრო,რომ რომელიმე კერძო ასპექტი მაღელვებს და მხიბლავს ამ გაზეთში. უბრალოდ, მიმაჩნდა და დღემდე ასე ვთვლი, რომ ყველაზე ობიექტური და მიუკერძოებელია სხვების ფონზე. გარდა ამისა, თუმცა ვიცი, ვიღაც მაინც დამცინებს, აუცილებლად უნდა ვთქვა,რომ ახლა, ამ წუთას, ყველაზე მეტად ჩემი ქვეყნის ბედითა და მომავლით ვარ დაინტერესებული და ვიფიქრე, სოციალური თემების გაშუქებით, რომელსაც ყველაზე დიდი ადგილი ეთმობა გაზეთში, რაიმე სარგებლობას მოვუტანდი ჩემს მრავალტანჯულ ქვეყანას ეს ახლადგამოჩეკილი ვოლუნტირი.
მაგრამ ხომ გაგიგონია, თუ გინდა ღმერთი გააცინო, მას შენს გეგმებზე უნდა უამბო. მეც, ასე ჩემს ნებაზე შევადგინე აწ უკვე სასაცილო CV თუ რეზიუმე, ერთი-ორი სტატიაც გამოვჩხრიკე ჩემი "წარსული შემოქმედებიდან" და მხოლოდ მინი ფსიქოტრეინინგი მაკლდა თვითპრეზენტაციის უნარების დასახვეწად, რათა როგორც მინიმუმ, თავი არ მომჭროდა გასაუბრებაზე, რომ ლექტორმა,მოულოდნელად ვრცელი ლექცია ჩაატარე ჩვენს სატკივარზე:"როგორ ვიშოვოთ სასურველი სამუშაო?!" ეს იყო და ეს. იმ დღიდან უკვალოდ გაქრა ჩემი ყვითელი "ფოლდერიდან" curriculum vitae, ასევე სასწრაფოდ დავივიწყე გასაუბრებისთვის მომზადებული სიტყვა და დავიწყე ფიქრი იმაზე, რეალურად რა მინდა და რატომ მინდა. ასე რომ, 2 კვირაა ვზივარ და ვწერ, რატომ მინდა "რეზონანსში" ან რატომ მინდოდა?! ლექტორმა გვითხრა, თუ რაიმე გინდათ, ჯერ უბრალოდ დასხედით, იფიქრეთ და უპასუხეთ ვთქვათ, 14 მიზეზით -რატომ?!. რიცხვი აქ, რა თქმა უნდა, პირობითია, სამაგიეროდ, მე ვარ ცრუმორწმუნე. 14 საკრალურ რიცხვად მივიჩნიე და არ დავიზარე მეთქვა,რატომ მინდა:
1.მიმაჩნია,რომ "რეზონანსი"ობიექტურობას სხვებზე მეტად ცდილობს.
2.გაზეთში ჭარბობს ანალიტიკური სტატიები, მე კი გაზეთის ზოგად დანიშნულებად ფაქტების ანალიზი მიმაჩნია და არა მკითხველის ინფორმირება მხოლოდ .
3.მუდმივად ვხედავ მცდელობას,ყველაფერი,რასაც ამბობენ, არგუმენტირებული იყოს,ეს სხვებზე უკეთ გამოსდით. ეს ჩემთვის ღირებულებაა,მორალის სფეროს ვაკუთვნებ ამას.
4.პრობლემური საკითების გაშუქებისას ხშირად მიმართავენ გამოძიებას და მხოლოდ ვარაუდის გამოთქმით არ შემოიფარგლებიან. ეს დასაფასებელია.
5.სოციალური პრობლემატიკა,რაც ამ ეტაპზე ჩემთვის ყველაზე აქტუალურად ითვლება ქვეყნის სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, პრინციპში,პრიორიტეტულია და ფართოდ ვრცელდება "რეზონანსის" ფურცლებზე.
6.ვენდობი მთავარ რედაქტორს: ა)პიროვნული თვისებების გამო (ამის შესახებ სტუდენტებისგან ვიცი და არა მარტო.). ბ)ხშირად ვიზიარებ მის მოსაზრებებს.
7.უმეტესწილად ვიზიარებ გუნდის მოსაზრებებს.
8.მართალია,არაფერი ვიცი მათი mission statement-ის შინაარსის შესახებ,არც ის ვიცი,აქვთ თუ არა საერთოდ რაიმე- მსგავსი კონსტიტუციისა,მაგრამ ცხადია,ამ ყველაფერზე პუბლიკაციები თავისთავად მეტყველებს. და რადგან ვიზიარებ მათ მოსაზრებებს,გამოდის,საერთო გვაქვს ფასეულობებიც.
9.მგონია, ცენზურა აქ არაა ისეთი მკაცრი,როგორც სხვაგან.ყოველ შემთხვევაში,გარედან ასე ჩანს. ეს კი ძალიან დადებითი ასპექტია,რადგან არსებობს თვითცენზურა, გარეგანი ცენზურა კი მხოლოდ ხელისშემშლელია.
10.ვფიქრობ, ამ გაზეთში მიღებული გამოცდილება დამეხმარება პროფესიული უნარების დახვეწაში.
11.სარგებლობს მკითხველის,როგორ მინიმუმ,პატივისცემით.
12.არის რაღაცები ამ გაზეთის ფარგლებში,რაც არ მომწონს და იქ მუშაობის შემთხვევაში ვეცდებოდი ზოგიერთი მავნე ტენდენციის შეცვლას.
13.კიდევ უფრო აქტიურად გამოვიყენებდი ამ შედარებით გაუკონტროლებელ ინსტრუმენტს საზოგადოებისთვის სიმართლის სათქმელად.
14. რეზონანსი:ცოდნა, გამოცდილება, პრაქტიკა, კონტაქტები....პირველი ნაბიჯი მიზნ(ებ)ის მისაღწევად.
მოკლედ, ასეა მეგობარო და გულწრფელად უნდა გითხრა, მიუხედავად ამდენი მიზეზისა, ჯერ კიდევ არ ვიცი რა მინდა. სამაგიეროდ, წარმოდგენილი მაქვს, როგორ შეიძლება გადავდგა პირველი ნაბიჯები ამ მიმართულებით. იმას ვგულისხმობ, რომ ლექტორი გვესაუბრა იმ ძირითადი პრინციპების შესახებ, რაც სასურველი სამუშაოს მისაღებადაა საჭირო. როგორც უკვე გითხარი, პირველი რაც უნდა გააკეთო, ადეკვატური CV- ს შედგენა და შემდეგ გასაუბრების წარმატებით გავლაა. და რადგან, ყველაფერთან ერთად სკეპტიკოსიც ვარ, ამეკვიატა სიტყვები:"არა გამოსცადო უფალი ღმერთი შენი ",ასე რომ, გამოვიდა, სხვა ყველას გამოცდა შეიძლებოდა; ამიტომ დავწერე ახალი CV და გავაგზავნე შესაბამის ვაკანსიაზე. დამირეკეს მეორე დღესვე, გასაუბრებისთვისაც მოვემზადე წინასწარ.
ზუსტად ის მკითხეს, რისი თქმაც ისედაც მინდოდა. ვაკანსია გულისხმობდა დასაქმებას სარეკლამო აგენტის თანამდებობაზე. ეს არცთუ სახარბიელო შემოთავაზება იყო ჩემთვის, მაგრამ რადგან მხოლოდ ექსპერიმენტს ვატარებდი CV -ში პრეტენზიული ტონით ჩავწერე:" სამუშაო გამოცდილება სარეკლამო სფეროში?-თუმცა არასდროს მიმუშავია სარეკლამო აგენტის თანამდებობაზე, ვფიქრობ, რეკლამირება და პრეზენტაციის ჩატარება ეს ის საქმიანობაა, რომელსაც ყოველდღიურად ეწევა ნებისმიერი ადამიანი საკუთარი თავის წარმოსაჩენად. სწორედ ამიტომ, მგონია, ესაა ადამიანის საქმიანობის ის სფერო, რომელშიც ყველაზე გამოცდილი და დახელოვნებულია თითოეული ჩვენგანი. რეკლამირება არ შეიძლება გაუჭირდეს ადამიანს, რომელსაც აუნაზღაურებენ იმ შრომას,რომელსაც ისედაც მუდამ ეწევა თითქმის ყველგან და ყოველთვის."- ჩემთვის სამწუხაროდ აღმოვაჩინე,რომ ზოგჯერ ამგვარი "თავხედობა" ამართლებს. დაინტერესედენენ ჩემით იმდენად, რომ მათ ახლადგამოცემულ სტუდენტურ ჟურნალთან შემომთავაზეს თანამშრომლობა, მით უფრო, რომ მომავალი ჟურნალისტი ვიყავი. საუბარიც ამ მიმრთულებით წაიყვანეს (ან წავიყვანეთ) და მკითხეს,
მზად ვიყავი თუ არა იმ დღესვე დამეწყო მუშაობა მედია სფეროში. ეს ჩემი ოცნების კითხვაა, 14 კი არა,მილიონი არგუმენტის გამოგონება შემიძლია იმის დასამტკიცებლად, რომ მედია ჩემი სფეროა და ამ საქმიანობასთან დაკავშირებული სტრესი, გადატვირთული გრაფიკი, უძილობა და მოულოდნელობები, ისეთივე შეუმჩნეველია ჩემთვის,როგორც თევზისთვის წყალი და კულტურული სივრცე ცივილიზებული საზოგადოებისათვის.
გამომკითხეს დეტალები ჩემი ისეთი უნარების შესახებ, რომელიც CV -ში მქონდა მითითებული და როგორიცაა:კომუნიკაბელურობა, გამართული მეტყველება და სხვა წვრილმანები.აქ სიტყვა-სიტყვით მოვიშველიე ფრაზები CV-დან:
"კარგი კომუნიკაციური უნარები: ეს მხოლოდ ჩემთვის დამახასიათებელი უნარი,ანდა ამ თანამდებობისვის ადეკვატური მოთხოვნილება კი არა, ჩვენი დროის მთავარი გამოწვევაა. ამიტომ მგონია,უფრო ამ უნარების არქონა მეტად გაგაკვირვებდათ, და არა პირიქით.
გამართული მეტყველება: ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტისათვის უხერხულიც კი არის მტკიცება იმისა, რომ ის სწორად მეტყველებს. მით უფრო, რომ მაქვს სამუშო გამოცდილება პრესაში, სადაც, მოგეხსენებათ, უმთავრესი მოთხოვნა დახვეწილი წერითი და სამეტყველო უნარების ქონაა."
დაინტერესდენენ იმით,თუ რა ცოდნა და რა ტიპის გამოცდილება წამოვიღე იმ გამომცემლობიდან,სადაც მანამდე ვმუშაობდი. მეც ვრცლად ვისაუბრე ჩემი "მოღვაწეობის" ხანმოკლე ისტორიაზე.
სცადეს,გაერკვიათ,რატომ მინდოდა მათ ჟურნალთან თანამშრომლობა და ის, თუ როგორ წარმომედგინა მუშაობის პროცესი, რაიმე ახალსა და საინტერესოს თუ შევთავაზებდი მე, როგორც ამ გუნდის წევრი, მკითხველს. იმდენი მაგალითი თუ ანეკდოტი მიტრიალებდა თავში, ყველა რომ მეამბო მათთვის, აშკარად, უარით გამომისტუმრებდნენ. მაგრამ ამიყვანეს.
და კიდევ, ყველაზე მთავარი და საამაყო ის იყო ჩემთვის,რომ ჩემი CV-ით გამოწვეული შთაბეჭდილება ორეტაპიანი გასაუბრებისას გამარჯვების დროშასავით ფრიალებდა.
წამოვედი თავდაჯერებული. ის, თუ როგორ განვითარდა მოვლენები შემდეგ, უინტერესოა. საინტერესო ისაა, რომ ისევ უმუშევარი ვარ და ისევ მთელი გულმოდგინებით ვქექავ დამსაქმებელი საიტების მიერ შემოთავაზებულ ვაკანსიებს.
ეს ქცევა მგონი ჩვევაში გადამეზარდა და ერთგვარ ჰობად მექცა. თუ სხვები სანადიროდ დადიან, მე ვაკანსიებს ვუსაფრდები ყოველდღიურად და მიუხედავად ამ დიდი გამოცდილებისა, წარმოიდგინე, მაინც ყველაზე ხელმოცარული მონადირე ვარ მსოფლიოში.
თუმცა ვხვდები ასე გაგრძელება ქარის წისქვილების დევნას ჰგავს, ამიტომ რაიმე უნდა მოვიმოქმედო უკეთესი მომავლის მოსაწყობად.ისე კი,ვიცი,ეს ურთულესი გზაა. სამყარო 21-ე საუკუნეში სულ უფრო პრაგმატული ხდება. ეს არც არავისთვისაა
ახალი და აღარც მიუღებელი და საპრეტენზიო. უბრალოდ, ახლა, თითოეული ჩვენგანი, ცდილობს ისწავლოს, აკეთოს ბიზნესი თავისი არსებობის ყველა სფეროში. თუ დავაკვირდებით, ნებისმიერი პროფესიის ადამიანი, მენეჯერიცაა გარკვეული ასპექტით.
მენეჯმენტი, მოგეხსენება, მართვას ნიშნავს და ჩვენც ხომ სხვას არაფერს ვაკეთებთ გარდა იმისა,რასაც მენეჯერის მოვალეობა შეადგენს: ვფიქრობთ, ვიღებთ გადაწყვეტილებებს, ვცდილობთ საკუთარი აზრები სხვებს ისე მოვახვიოთ თავს, რომ ამას ვერ მიგვიხვდნენ და ა.შ.
მოკლედ, ჩვენ ვმართავთ საკუთარ ცხოვრებას და წარვმართავთ მას იმდენად სწორი მიმართულებით, რა ტალანტის მქონე მენეჯერებიც ვართ.
სწორედ ამ პრაქტიკული ვითარებითაა განპირობებული, რომ დღეს, თუნდაც, განათლება, არაა მხოლოდ მაღალ მატერიებთან ზიარების საშუალება და არც სავიზიტო ბარათი ინტელიგენტთა საზოგადოებაში შესაბიჯებლად. განათლება, ყველა სხვა სიკეთესთან ერთად, პრეპროდუქტია მომავალი ბედნიერებისათვის. ანუ, დღეს, ადამიანები, საკუთარი ცოდნის "გაყიდვის" გზით, სწორი მენეჯმენტის წყალობით, წარმატებულ პიროვნებებად გვევლინებიან. ის ფაქტი, რომ ცოდნა, უფრო სწორად კი მისი სწორ დროსა და სწორ ადგილას პრეზენტირება-გამოყენება, კარგი შემოსავლის წყაროა,დღეს უკვე პოზიტივად აღიქმევა.
ჩვენი ქვეყანა ჯერ მხოლოდ 20 წელიწადია,რაც ერთი ფორმაციის რელსებიდან სრულიად ახალ რელსებზე გადავიდა. ადამიანებს ერთ დღეს უბრალოდ გამოუცხადეს, რომ ის, რაც აქამდე ფასეული იყო, იმ დღიდან დასაძრახი და უარსაყოფი უნდა გამხდარიყო, ახალი და კონკრეტული კი არაფერი შეუთავაზებიათ. მხოლოდ დარჩა გაუთავებელი ჭიდილი ორ კონტრასტულ სამყაროს: რუსეთსა და დასავლეთს შორის, რომელთა ფასეულობები ურთიერთსაწინააღმდეგოა. ამიტომაც, განსხვავებული გვაქვს შეხედულებებიც, მომავლის ხედვა და როგორი სამწუხაროც არ უნდა იყოს, ჩვენი აზროვნების ჩაკეტილობა და ფანტაზიის ფრთაშეკვეცილობა გენეტიკურადაა განპირობებული უახლოესი წარსულის გავლენით.
და ამიტომაც, ჩვენ სხვებისგან ველით ხსნას,არ ვიცით კი- რატომ, და გვავიწყდება,რომ ვერავინ შემოგვთავაზებს მზა რეცეპტს წარმატებისთვის,
თუმცა კი, თვითონ დრომ და ვითარებამ შეგვიქმნა ფორმულა:განათლება+ ბიზნესი => შემოსავლები=> ბედნიერება!
მოგვწონს თუ არა ეს, ვეწინააღმდეგებით თუ არა ამ პოსტულატებს, ფაქტი ერთია- ეს დროის მოთხოვნაა და რომ მართლაც მხოლოდ ჩვენივე უნარი შეიძლება იყოს წარმატების გარანტია, ბედნიერებად მონათლული წარმატების წინაპირობა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. გმადლობთ გამხნევებისათვის :) გმადლობთ გამხნევებისათვის :)
5. საინტერესო ნაწერია, რაც შეეხება დასაქმებას და ისიც პროფესიული, არა მარტო საქართველოში, მსოფლიოშიც ძნელად მისაღწევია, გულს ნუ გაიტეხ , უბრძოლველად არ იქნება არაფერი, მიზანს მიაღწევ აუცილებლად. საინტერესო ნაწერია, რაც შეეხება დასაქმებას და ისიც პროფესიული, არა მარტო საქართველოში, მსოფლიოშიც ძნელად მისაღწევია, გულს ნუ გაიტეხ , უბრძოლველად არ იქნება არაფერი, მიზანს მიაღწევ აუცილებლად.
4. გინდა ღმერთი გააცინო, მას შენს გეგმებზე უნდა უამბო
5 :) გინდა ღმერთი გააცინო, მას შენს გეგმებზე უნდა უამბო
5 :)
3. ჩვენი ქვეყანა ჯერ მხოლოდ 20 წელიწადია,რაც ერთი ფორმაციის რელსებიდან სრულიად ახალ რელსებზე გადავიდა. ადამიანებს ერთ დღეს უბრალოდ გამოუცხადეს, რომ ის, რაც აქამდე ფასეული იყო, იმ დღიდან დასაძრახი და უარსაყოფი უნდა გამხდარიყო, ახალი და კონკრეტული კი არაფერი შეუთავაზებიათ. მხოლოდ დარჩა გაუთავებელი ჭიდილი ორ კონტრასტულ სამყაროს: რუსეთსა და დასავლეთს შორის, რომელთა ფასეულობები ურთიერთსაწინააღმდეგოა. ზუსტად...:( ჩვენი ქვეყანა ჯერ მხოლოდ 20 წელიწადია,რაც ერთი ფორმაციის რელსებიდან სრულიად ახალ რელსებზე გადავიდა. ადამიანებს ერთ დღეს უბრალოდ გამოუცხადეს, რომ ის, რაც აქამდე ფასეული იყო, იმ დღიდან დასაძრახი და უარსაყოფი უნდა გამხდარიყო, ახალი და კონკრეტული კი არაფერი შეუთავაზებიათ. მხოლოდ დარჩა გაუთავებელი ჭიდილი ორ კონტრასტულ სამყაროს: რუსეთსა და დასავლეთს შორის, რომელთა ფასეულობები ურთიერთსაწინააღმდეგოა. ზუსტად...:(
2. ვეთანხმები დაისს.. საიტებზე სწორედაც რომ კარგი და მიმზიდველი ვაკანსიებია, მაგრამ საკითხავია, რეალურია თუ არა ისინი... ხო რაც შეეხება ზოგადად დასაქმებას, ეს პრობლემა მარტო შენ არ გაწუხებს :) და ბოლოს, "რეზონანსში" მუშაობა რატომ გადაიფიქრე? ბატონ ლაშას მეც დიდ პატივს ვცემ :) ვეთანხმები დაისს.. საიტებზე სწორედაც რომ კარგი და მიმზიდველი ვაკანსიებია, მაგრამ საკითხავია, რეალურია თუ არა ისინი... ხო რაც შეეხება ზოგადად დასაქმებას, ეს პრობლემა მარტო შენ არ გაწუხებს :) და ბოლოს, "რეზონანსში" მუშაობა რატომ გადაიფიქრე? ბატონ ლაშას მეც დიდ პატივს ვცემ :)
1. "როგორც წესი, კარგი ვაკანსიები საიტებზე არ ჩნდება"
არ ვიცი, ჟურნალისტიკაში შენს ლექტორზე მეტი გამოცდილება მაქვს თუ არა, მაგრამ გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ არასწორად უთქვმას...უფრო სწორი იქნებოდა ასე" როგორც წესი, რეალური ვაკანსიები საიტებზე არ ჩნდება...:)
მაქვს კიდევ სხვა მოსაზრებებიც, მაგრამ თავს შევიკავებ. "როგორც წესი, კარგი ვაკანსიები საიტებზე არ ჩნდება"
არ ვიცი, ჟურნალისტიკაში შენს ლექტორზე მეტი გამოცდილება მაქვს თუ არა, მაგრამ გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ არასწორად უთქვმას...უფრო სწორი იქნებოდა ასე" როგორც წესი, რეალური ვაკანსიები საიტებზე არ ჩნდება...:)
მაქვს კიდევ სხვა მოსაზრებებიც, მაგრამ თავს შევიკავებ.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|