ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირაკლიუსი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
22 სექტემბერი, 2010


“სპირალი” - ქართული ფილმოგრაფიის სწრაფვა კოსმოპოლიტიზმისაკენ!

კინოხელოვნება გაჩნდა მე–20 საუკუნეში, რომლის კონცეფცია არის შავ–თეთრი ან ფერადი „მოძრავი ნახატების“ პროეცირება ეკრანზე. კინოხელოვნებაში ხდება ლიტერატურის, თეატრის, სახვითი ხელოვნებისა და მუსიკის სინთეზი მისთვის დამახასიათებელი გამოხატვის საშუალებებით, რომელთაგან უმთავრესია კინოგამოსახულების ფოტოგრაფიული ბუნება და მონტაჟი. ხელოვნების ეს დარგი თითქმის მთლიანად არის დამოკიდებული ტექნიკურ განვითარებაზე, მათ შორის ფოტოგრაფიების მოძრაობის, გახმოვანების, კინოფირების დამუშავებისა და გამჟღავნების ტექნოლოგიებზე. კინოხელოვნება (ბერძნულად კინეო – „ვმოძრაობ”") არის ვიზუალური ხელოვნების დარგი, რომლის ნაწარმოებები იქმნება რეალური მოვლენების შესახებ ინსცენირებული ან მულტიპლიკაციური საშუალებებით. (ვიკიპედიის განმარტება)
კინო, ისევე როგორც წიგნი, ამბის მთხრობელი მატიანეა. კინო არის რეალისტი, რადგან ევალება დროებას ფეხი აუწყოს და მის მხარდამხარ იაროს.  კინო მხატვარივითაა, რომლის დახატულს ყველა ხედავს, ხოლო შემქნელს თვითმხილველები შედევრში დაეძებენ.  დროის დაუბრკოლებელ  მანქანას (კინოს)  ხელთ უჭირავს საათის ციფერბლატები და კაცობრიობის გულისცემას წამზომებით სინჯავს. 
კინოინდუსტრია კი იმ ქვეყნის სულისკვეთების  კადრზე გადატანას ცდილობს, რომლის ტერიტორიაზეც მოძრაობენ მსახიობები. და აინტერესებს მაყურებელს, რა არის მიზეზი იმის, რომ ერთ ფილმში თავს იყრიან: ოთარ მეღვინეთუხუცესი, ლევან უჩანეიშვილი, ლია ელიავა, გიული ჭოხონელიძე, თენგიზ არჩვაძე, რეზო ჩხიკვიშვილი, თამარ ჭოხონელიძე, ლიკა ქავჟარაძე, ია ფარულავა, გურამ ფირცხალავა და სხვანი. მიზეზი არის იდეა, რომლის გარშემო უნდა შეიკრიბოს მთელი კაცობრიობა. დიახ,  კოსმოპოლიტური იდეით გასაბჭოებულმა საქართველომ ხმა უნდა მიაწვდინოს მსოფლიოს და კულტურული თვითმყოფადობით აღტაცებაში  მოიყვანოს კაცობრიობა.
ვაჟა ფშაველა წერდა: „ყველა გენიოსები ნაციონალურმა ნიადაგმა აღზრდა, აღმოაცენა და განადიდა იქამდის, რომ სხვა ერებმაც კი მიიღეს ისინი საკუთარ შვილებად. მაშასადამე, გენიოსებმა თავის სამშობლოს გარეშეც ჰპოვეს სამშობლო – მთელი ქვეყანა, მთელი კაცობრიობა. ცალ-ცალკე ეროვნებათა განვითარება კი აუცილებელი პირობაა მთელის კაცობრიობის განვითარებისა.“ (კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი, 1905 წელი)  რომ ყოველ ერს უნდა აწუხებდეს ფიქრი,  რას ჰმატებს მისი არსებობით სამყაროს, რა სარგებელი მოაქვს  დაბერებული და დაუძლურებული დედამიწისთვის, რომელიც შიგადაშიგ ბოროტი ძალებით ნაინფაქტარ დავით გიორგაძესავით გამოიღვიძებს და ცნობიერებადაუოკებლად წარღვნით, ცუნამით, ქარიშხლითა და მიწისძვრით აპირებს საკუთარი ძალმოსილების წარმოჩენას. 
ამიტომაც, დედამიწის ხსნის იდეას გურამ ფანჯიკიძის  ნოველის მიხედვით გადაღებულ ფილმში „სპირალში“  ვაწყდებით. გენიოსის პროდუქტიულ აზროვნებას სურს „თეორიის დროზე გადატანა პრაქტიკაში, მოქმედებაში, რათა  მოიხსნას საჭიროება უზარმაზარი რკინის კონსტრუქციებისა და მილიონობით ტონა გადამცემი კაბელებისა, რომელთაც უკავიათ  დედამიწის ათასობით კილომეტრი ზოლები  და გადახაზული აქვთ ცის ტატნობი. შედეგად, მოიხსნება საჭიროება ტანკერების მოძრაობისა, ენერგეტიკული საწვავების გიგანტური მოცულობების გადაადგილებისა. გასუფთავებული და გათავისუფლებული ოკეანეები დაისვენებს. მოწამლული ატმოსფერო თავის საშინელ ჭრილობებს მოიშუშებს. საბოლოოდ კი, მოწესრიგდება აშლილი და არეული კლიმატი. გაწონასწორდება დარღვეული ბალანსი ძალების ურთიერთმოქმედებაში. აღდგება ბუნებრივი ციკლები წყლის ბრუნვისა მიწაზე და ატმოსფეროში. დამთავრდება და კალაპოტში ჩადგება არაბუნებრივი დისბალანსით პროვოცირებული წყალდიდობები, გაუდაბნოების პროცესები, და სხვა კატაკლიზმები. აღდგება და გაჯანსაღდება დარღვეული და დაავადებული მთელი ბიოსფერო“.
„ამ აღმოჩენას დიდი ძალების გამონთავისუფლება და დედამიწის სახის შეცვლა შეუძლია. მოკლედ რომ ვთქვა, წარმოიდგინეთ უკაბელო დედამიწა, უტანკერო სუფთა ზღვა და სხვა სიკეთე, მაგრამ ყოველივე ეს ბოროტ ტვინს დიდი ნგრევისათვის შეუძლია გამოიყენოს. ყველა უბედურება დედამიწაზე ხომ ბოროტ ტვინს მოაქვს.“
უდავოა, რომ მეცნიერება ცდილობს ღვთის დოგმატის კორექტირებას „პიროვნების მადომინირებელი ტვინის“ მეშვეობით. ამისთვის ექიმი მზადაა ხანდაზმული და მომაკვდავი პროფესორის დავით გიორგაძის „გონი“  საღ ფუტლიარში, რამაზ კორინთელში გადატანოს; ქირურგმა უნდა დაამტკიცოს, რომ შეიძლება  „ორი უიმედო ადამიანისაგან ერთი საიმედო ადამიანის შექმნა“, ცდა აქამდე წარმატებულად განუხორციელებია ცხოველებზე და არ აშინებს საექსპერიმენტო დაბრკოლება, მხოლოდ  პიროვნების მეტამორფოზის წინასწარ განჭვრეტას შეუძლებლად მიიჩნევს. მოძღვართან საუბარიც ახსენდება და ჩაესმის იჭვნეულს: „ადამიანის ტვინის გადანერგვა და მისი გაორება სატანისეულია, ბუნების ძალთა ამოცნობა ყოველთვის როდი მსახურობს სიკეთეს. ცოდნა დიდი ძალაა, დიდი ძალა კი რყვნის მის მფლობელს. თუ მას ზნეობრივი და სულიერი სისპეტაკე არ უპირისპირდება სატანის იარაღად გადაიქცევა.“                   
ამ მინიშნების მიუხედავად, პიროვნების მმართველ მიზანსწრაფვას სწამს, რომ „გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდება“.  და რა დაშავდება თუ ადამიანის სხეულზე გადაიტანს თავის პროფესიულ გამოცდილებას. ბოლოსდაბოლოს, მას ხომ პრემიაც აქვს მოპოვებული ძაღლებზე ტვინის გადანერგვის ტექნოლიგიის დანერგვისათვის. ყველა სულდგმულის ბიოლოგიური აგებულება შეისწავლა, იცის თითოეულ სისხლძარღვთა დანიშნულება, მაგრამ უჭირს პროგნოზი იმის, რა ზეგავლენას იქონიებს ჭარბად მოზღვავებული ახალგაზრდის სისხლი მის დანაოჭებულ ტვინზე, დაბრძენებულ ცნობიერებაზე. ის სინოპტიკოსი არაა, ადამიანი რომ ამინდივით შეიცნოს.  რამეთუ ხშირ შემთხვევაში „პიროვნების მადომინირებელი ტვინი  ინსტინქტისა და სხვა შეუცნობელის მორჩილი ხდება“.
ექიმს ჰკლავს ჟინი მზვაობრობისა, პირველკაცობისა. დიახ, აუცილებელია ჭკვიანი კაცი მსოფლიომ  გაიცნოს, რომ მისი სახით დანაკლისი არ განიცადოს პლანეტამ. (დანაკლისი არ იქნებოდა განა მსოფლიოსათვის ნიუტონი? მენდელეევი, აინშტაინი?..) მზვაობრობისა და დიდების წყურვილის მომაკვდინებელი ცოდვა აიძულებს ქირურგს  წინ აღუდგეს განგების ნებას და კითხულობს:  მეცნიერების წინსვლას განა ბედნიერებისკენ არ მიყავს კაცობრიობა? 
მაგრამ, ვუდი ალენის  სიტყვებით რომ ვთქვათ „მეცნიერებამ ვერ გაამართლა მოლოდინი. რა თქმა უნდა, მან ბევრი სნეულების დამარცხება შეძლო, გენეტიკური კოდი გაშიფრა, ადამიანები მთვარეზეც კი აიყვანა, მაგრამ დატოვეთ ოთხმოცი წლის მოხუცი ოთახში ორ ახალგაზრდა მედდასთან ერთად და არაფერიც არ მოხდება. ნამდვილი პრობლემები ხომ უცვლელია. განა დაეხმარება მეცნიერება მას, ვინც მარადიულ გამოცანებს შეეჭიდა? როგორ გაჩნდა სამყარო? რამდენი ხნის წინ? ყველაფერი აფეთქებით დაიწყო თუ ღვთის სიტყვით?“ (ვუდი ალენის "მივმართავ სკოლადამთავრებულებს")
“გადმოვხედოთ დანგრეულ დედამიწას და სამეცნიერო მიღწევებზე მერე ვიმსჯელოთ. გარღვეულია ცის ტატნობი, მოწამლულია ზღვა და ოკეანე, შხამით გაჯერებულია მიწა, რომელიც შხამსავე გვთავაზობს”. და რას აკეთებს რეალურად მეცნიერი? იმ ბრძენკაცის ნათქვამისა არ იყოს, უსუსურია მეცნიერება, თუკი რაიმე მატერიკას არ დააკავებ ხელში. ხორბალს და მიწას თუ მომცემ, ჩავყრი მარცალს ნიადაგში და მოსავლის მოწევნის შემდეგ პურის ცხობასაც გასწავლი, მაგრამ როგორ უნდა შექმნას მეცნიერმა ხორბალი, როგორ უნდა მიიღოს არაფერზე ზემოქმედებით წყალი?! მიწა?! ცეცხლი?! მცენარე?!
აზრის მოძრაობას ხომ ვერაფერი შეაჩერებს, ადამიანი განუწყვეტლივ მიისწრაფვის უკეთესობისაკენ, ბედნიერებისაკენ - და იწყება „იმედიანი კაცის“ შექმნა, რამაზ კორინთელის სახით, (სახელი არაბულია და “რამაზანის თვეში დაბადებულს” ნიშნავს, გვარი ქართული სამეფო აზნაურთა რიგებიდანაა; ანუ, ქართული გვარი ცდილობს არაბული სახელის შეთვისებას. ავტ ) რომელსაც სამყაროს ხსნის გასაღები მოეპოვება. მაგრამ, ბიბლიური სიტყვებით რომ ვთქვათ, იგი „სიკვდილისა და ჯოჯოხეთის გასაღების“ მფლობელი უფრო ხდება, ვიდრე სხვა საიდუმლოს ამომხსნელი.  ამის მიზეზი კი ინსტინქტზე ცნობიერების დამოკიდებულებაა.
ღრმადგანათლების მიუხედავად, რამაზ კორინთელს საკაცობრიო ზრუნვა მხოლოდ წარმატების ფორმულის შესაქმნელად სჭირდება. დანამდვილებით იცის, თავისი გამონაგონის წყალობით მსოფლიოს ნებისმიერი კუთხის მართვა შეუძლია. იგია მეუფე თეორიისა, რომლის პრაქტიკაში გადასაყვანად ამოქმედდებიან მსოფლიოს უდიდესი ძალები... ღვთაებრივი პარადიგმები, არსი ბოროტი და კეთილი ასპიტივით სისინებს ახალგაზრდა პერსონაჟის სულში და შთააგონებს, „დაარღვიოს 10-წლიანი დუმილი მოხუცი პროფესორისა“ და დაუმტკიცოს საზოგადოებას, რომ ის გამორჩეულია, ზემდგომია თავისი ნიჭითა და შესაძლებლობით. ერთი სიტყვით, ვითომ კეთილისმყოფელი იდეის გარშემო ტრიალებენ გმირები, მაგრამ როგორ შეიძლება სიკეთე შეამთხვიო სხვას ისე, რომ შენში არ იყოს არანაირი კეთილშობილური. სხვას რომ ბედნიერება მოუტანო, თავად უნდა განიცადო ბედნიერება, რომელიც საკუთარი თავის შეცნობით იწყება. და რამაზ კორინთელში იბრძვის ორი „მე“, რომელთაგან ერთი უფრო ინტელექტუალური, დახვეწილი, ენებისა და მუსიკის მცოდნეა, ხოლო მეორე - თამაშზე დამოკიდებული, ბანკის მძარცველი, ნასამართლევი და გონებაჩამორჩენილი სტუდენტი. და კითხულობს გმირი: „მაინც რომელი ვარ, გიორგაძე თუ კორინთელი?!“ და ვიდრე გაიგებდეს, რომელი ცოცხლობს მის არსებაში (ან რა უფრო  მეტად უყვარს, სიგარეტი ვინსტონი, თუ კოსმოსი, არაყი თუ შამპანური...) პიროვნული გაორების ნიადაგზე ჰკლავს თავის გადამრჩენელ ექიმს, რომლისთვისაც მას არ უთხოვია გადარჩენა.
სამეცნიერო ლაბორატორიები და ობსერვატორიები დღესაც წამლავენ ატმოსფეროს და ანგრევენ ბიოსფეროს. პიროვნული „მეს“ ძიებაში ტრაგიკულად დაღუპულ მეცნიერს კი თან მიაქვს კაცთა შორის მშვიდობის დანერგვის საიდუმლო.  არადა შეეძლო შეექმნა ახალი განზომილებანი, დაეხაზა რუკა ახლებურად, განესაზღვრა გრძედისა და განედის ურთიერთკვეთა, ეკვადორისა და მერიდიანის პარალელური სარტყელები ხელის გულებში მოექცია და ეწინასწარმეტყველა  კატაკლიზმების რიგითობა;
მაგრამ, თუ ეს ყველაფერი ერთ კაცს შეეძლება, მაშინ სხვა დანარჩენებმა რა უნდა აკეთონ ან თეოლოგიასა და რელიგიურ მოძღვრებას რა ნუგეში მივცეთ?! უფალდაკარგული ადამიანი განა „ეშმაკის ბერკეტად“ არ იქცევა?!  სადაა  მეცნიერული კეთილშობილება, რომელიც ნიღაბაფარებულიი ვითომდა ცდილობს ქაოტური სააქაოს დალაგებას... 
ხომ უნდა არსებობდეს ზღვარი ღვთიურსა და ადამიანურს შორის?!  თუ ეს ცხოვრება მხოლოდ ძაღლზე და ცხოველებზე ექსპერიმენტია და მეტი არაფერი?!..
დღევანდელი გადმოსახედიდან გიული ჭოხონელიძის  მიერ 1990 წელს გადაღებული  „სპირალი“ საბჭოთა მარწუხქვეშ მოქცეული ახერხებს ნაციონალური სტანდარტებისა და ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებას. ამასთან, ის კვერცხის ნაჭუჭიდან დახსნილ წიწილასავით ცდილობს მოძმეთა დახსნას,  რათა თავისუფლება მიანიჭოს და უკეთესობისაკენ შეცვალოს ნაჭუჭში გამომწყვდეულთა ცხოვრება.
ფილმი თავისი სიძველით, შინაარსით და ჟანრობრივი სირთულით ხასიათდება. ერთი შეხედვით, იგი მოყვარულის მიერ გადაღებულ ამბავს ჰგავს, სადაც ჭარბადაა იდუმალება-მისტიკა დამარხული. ფერთა უბრალოების მიუხედავად, იგი ეპოქალური შედევრია, ისტორიული წარსულის მაცოცხლებელი მოძრავი ფერწერული ტილო.
აჩვენეთ ეს ფილმი ნებისმიერ ხელოვნებათმცოდნეს, კინემატოგრაფს (მათ შორის უცხოელს) და უდავოდ გეტყვით:  „არა, ნამდვილად ქართულია, ოღონდ ეროვნული საზღვრები მორღვეული აქვს და უკვდავებისკენ მიილტვის!“




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები