ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ციცანა/გვანცა ჯობავა
ჟანრი: პოეზია
15 აგვისტო, 2008


უფლის რისხვაა

წუხელ ისმოდა შვილმკვდარი დედების
მოთქმა-ტირილი,
მოთქვამდა ზეცაც შავი ზღვიდან
კასპიის ზღვამდე,
ტიროდა ზეცა - უვარსკვლავო, უმთვარეო,
გლოვისფერი თავზე მანდილით,
და ამ ზეცის ქვეშ წუხელ სიყვარულს
უწყალოდ წვავდნენ.
ომის სუნი დგას... სუნი, რომელსაც
სისხლის ფერი აქვს,
სუნი, რომელსაც შვილმკვდარი დედის
ცრემლის გემო აქვს.
უფლის რისხვაა, შეინანეთ ხალხო ცოდვები,
გვებრძვის ეშმაკი, ღვარძლი თვისი
ჩვენში შემოაქვს.
დედაო ღვთისა, დედავ ქართლისა,
შეიწირე ჩვენი ლოცვა,
ჩვენი ვედრება,
წმინდა გიორგი, მოგვეც ძალი
გამარჯვებისთვის,
წმინდაო ნინო, გაგვანათლე ახალი ძალით,
ურყევი რწმენით, რომ თაყვანი ვცეთ
უფლის ხატებას.
იესო ქრისტე, ძეო ღვთისა,
ტკბილო იესო,
ერი შველას გთხოვს, თორემ ხედავ,
დაგვარბიესო,
შეგვინარჩუნე ჩვენი მიწა, ღვთივბოძებული,
შეგვინდე ცოდვილთ, ვიდრემდი სისხლი ჩვენი
უკანასკნელი,
ამ მიწაზე დაანთხიესო.

დილა გათენდა კვამლისფერი, ომისფერი,
გლოვისფერი სამკაულით
დამძიმებული...
რეკავენ სამების მგალობელი,
ზეციური, ტკბილი ზარები...
წამოიკვნესებს შიგადაშიგ შვილმკვდარი დედა
ამ ზარებში ჩაძინებული.
მის ნაცვლად ტირის ღვთისმშობელი,
ამდენი შვილის დამკარგავი,
დამწუხრებული...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები