ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
13 დეკემბერი, 2010


იქნება, ცოტაც შემარგო...

ეძღვნება ვახუშტი კოტეტიშვილს
მის გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე დაწერილი

უდროოდ მოხველ, სიკვდილო,
უდროოდ მედიდგულები.
ჯერ არ შაუხსნავ ჩემს ქედზე
სიცოცხლეს აპეურები.
ჯერაც ვჭირდები შვილებსა,
იმედად, გუთნისდედადა.
ადრე რად გამომეტირე,
ადრე რადა მთვლი შენადა?..
მაცალე, ცოდვაც ვიტვირთო
და კიდეც გავცე მადლია.
გათენებისთვის გეცლია,
ასე რად მოხველ ადრიან?
თავს ნუ შემაჩვევ, სიკვდილო,
ნურც დამიჯდები თავთანო.
დაიცა ჩემი ცოდვები
ჯერ მე თვითონვე დავთვალო!..
იქნებ, მე თვითონ მოგიხმო
გულს რომ გაცვდება პერანგი.
ეს ერთი თვალის ხამხამიც
მოდი, კაცურად შემარგე!
რა შორს ხარ, თან რა ახლოს ხარ,
შორახლოობა მაშინებს,
დაბადებიდან მახსოვხარ,
წუთს მიზომავდი არშინით...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები