ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გივი ჩიღვინაძე
ჟანრი: პოეზია
6 თებერვალი, 2011


ისევ ''თოვლის სონეტები''

* * *
მთებში ვარ ახლა და მღელვარე  ფიქრებს ვასვენებ
თოვლიან ზამთრის მოწყენილი დღეების ცქერით,
თითქოს მამშვიდებს უნაზესი ფიფქების ფერი,
მაგრამ არავის ვიგონებ და აღარც ვახსენებ.

მოვა საღამო გადაღლილი ნისლების ფრთებით,
დაიწყებს გულში დარჩენილი დარდები გაშლას
და ღამეს, როგორც დრო-ჟამისაგან გაცვეთილ თავშალს,
წამოიხურავს მშობლიური, მდუმარე მთები.

თოვლი კი მოდის, მოქანაობს თითქოს შორიდან,
ჩემი ოცნების სათავიდან თუ ბავშვობიდან,
ნაზი სიზმრებიც თოვლითა და ფიფქით აივსო.

თრთოლვით შევყურებ მოცახცახე ზეცას ბინდიანს
და თოვლის გზებით შორეთისკენ ნელა მიდიან
დღეები თეთრი, უმშვიდესი და უხალისო.


* * *
ხავსიან ლოდებს საუკუნო დუმილში ათოვს, -
ძველ სალოცავთან ნისლიანი ღამეა ახლა,
ისევ ვსაუბრობ წარსულიდან მონადენ ქართან
და ცივ ნანგრევებს სევდიანი ფიქრებით ვათბობ.

ბინდი ჩამდგარა მიძინებულ ხეთა ტოტებში -
ვეღარ ვუყურებ ულურჯესი მშვიდი ცის ნათელს,
თრთოლვით ავანთებ მოციმციმე პატარა სანთელს
და ვირინდები უხვთოვლიან სიმარტოვეში.

წლებს გადალახავს ჩემი ფიქრი დროში გაშლილი,
აღდგება თითქოს დაქცეული ტაძრის აჩრდილი,
თეთრი გუმბათი უძველესი ხიბლით ირთვება...

სანთლის სხივები ტყის სიღრმეში მიჰყვება ნიავს,
სადღაც ხევებში შფოთიანი ქარები ქრიან,
ნატაძრალი კი გადაფარეს თოვლის ფიფქებმა.


* * *
მთების სიჩუმით მოხიბლული ვიყავით იმ დღეს,
ზამთარს ქედები მოექარგა ყინვის მძივებით,
მივდიოდით და გავცქეროდით დახრილ სხივებით
აციაგებულ მწვერვალებს და თოვლიან მინდვრებს.

ფერდობზე ნელად მონადენი ნიავი ქროდა,
მთათა ჩრდილები შეუმჩნევლად წვებოდნენ ხევში,
სხივებში თოვლი ისე თრთოდა, როგორც ჩემს ხელში
შენი სათუთი, თოვლისფერი თითები თრთოდა.

დღეს მენატრება ის ზამთარი და თეთრი მთები,
დღეს არეული და შეშლილი ცხოვრებით ვთვრები
და როცა სხივით გაბრწყინებულ თვალებში გიცქერ,

შორი მთებიდან ის ხილვები წამოვა ქროლვით
და მზის სხივებში მოციაგე, მოცისფრო თოვლით
დაიფარება წამიერად ჩვენს ირგვლივ სივრცე.


* * *
როდესაც თოვლი წიფლის ტოტებს დაეფინება,
როცა ოცნება გრძელ ღამეებს ვეღარ გაწვდება
და გადაფიფქულ თეთრ მწვერვალებს გადააწყდება
ქვეყნის კიდიდან ამომსკდარი ქარის დინება,

ღრუბელთა მიღმა მიტოვებულ მთების მხარეში
ისევ დაიწყებს შორეული ფერები რხევას,
შეეცდებიან ახალ სხივთან მიახლოებას
ცას შესეული ფერიები ზამთრის ღამეში.

ვერ მოვიცილებ წლებისაგან გაცრეცილ მიზანს,
ეს მოწყენა კი გაილევა, ვერაფერს მიზამს
დრო წარმავალი, უსასრულო ჟამში მქროლავი.

ზეციურ ქნარებს გაუმხელელ გულისთქმას მივცემ
და ჩემი ჰანგით აივსება უსაზღვრო სივრცე,
მარადიული მდუმარების ნისლით მბოლავი.

                                                                  1995

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები