ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კაკადუ
ჟანრი: იუმორისტული
5 სექტემბერი, 2008


ქორწილია ქორწილი ნაწილი II

ქორწილია ქოორწილიიიი

92 წლის არეულობის შემდეგ, იტალიას თავშეფარებული, აწ უკვე იტალიაში დიდად წარმატებული ჩემი ბიზნესმენი ბიძაშვილის მიერ ძვირფას მაღაზიაში  საგანგებოდ შერჩეულ, პირადად ჩემთვის გამოგზავნილ, (რომელიც ცოლის მოყვანის დროს თუ არა, თფუ თფუ, ხეზე სამჯერ დაკაკუნებით, სხვა რამისთვის მაინც რომ გამომადგება), შარვალ-კოსტუმში და დიდი ბუკეტით ხელში მეგობრის სახლის ღია კარებში შევაბიჯე თუ არა, შემომესმა მამამისის განრისხებული ყვირილი.
- ადე შენი ....... გაიღვიძე ბიჭო. ღმერთო რა დაგიშავე? გაიღვიძე თორემ ამჯერზე მდუღარეს დაგასხამ.
გაკვირვებული შევედი საძინებელში. პირველი რაც მეცა ოთახში-ალკოჰოლის სუნით იყო გაჟღენთილი იქაურობა. საწოლზე გაუხდელად ეგდო ჩემი მეგობარი და მშვიდად ფშვინავდა. არც ჯანჯღარი შველოდა და არც ის აწუხებდა, რომ თავიდან ბოლომდე დასველებული იყო წყლისგან.
- რა ჭირს ვახო ძია? – და საგულდაგულოდ, საშვილთაშვილოდ თუ არა, ლენტებისგან შებოჭილი ბუკეტი მთელი სიფრთხილით დავდე მამგიდაზე.
- ვაიმე, შეხტა მეგობრის მამა და შემოტრიალადა. – უჰ, შენი გულის გახეთვაღა მაკლდაო და ხელი ჩამომართვა.
- რა ჭირს?-გავუმეორე შეკითხვა
- რა და ჭირი და დოზანა. დილის 6 საათზე ძმაკაცი რომ გყავთ ბეზდელნიკი და ლოთი, არაფერში რომ არაა გამოსადეგი ჭიქის მიჭახუნების გარდა, იმან მოიტანა სახლში.
- კი მარა რამ დაალევინა ხო იცოდა დღეს, რომ ცხოვრების ბედნიერების და ოჯახური იდილიის საფეხურებზე იწყებს ასვლას?
- რავი შვილო „მალჩიშნიკზე” მივდივარო ქორწილის წინ სამუდამოდ უნდა დავემშვიდობო ამ სიტუაციასო? რაა ეს „მალჩიშნიკი”?
- არაფერი ვახო ძია ბიჭები იკრიბებიან და „ხალასტიაკობის” ბოლო დღეს აღნიშნავენ ერთად.
- უჰ შენ გაიხარე შვილო, გადავირიე კაცი, კინაღამ ინფარქტი მივიღე, რაც ეს რეზერვში დაეთრევა და სულ ძმაბიჭებშია ორიენტაციაში ხომ არ ურევს-თქო ვიფიქრე. მარა თან ცოლი მოყავს-თქო, მოკლედ კინაღამ შევიშალე.
  ხარხარი ამივარდა და, ბრახ, უცბად მეგობარმა თვალები მძიმედ გაახილა. გაგვიღიმა და წამოილუღლუღა: - მამა მე კიბოს წამალი გამოვიგონეე, მამა მსოფლიო კაცი გავხდი.
- რააა? რეებს ბოდავს?-შეშინებული შემომიტრიალდა ვახო ძია. რა დაემართა ხომ არ მოიწამლა? სასწრაფოში დავრეკავ ეხლავე, ღმერთო ეს ვინაა, გამიმწარა სიბერე.-ავიშვიშდა ვახო ძია.
- კაი დაწყნარდი ვახო ძია, ჯერ ფხიზლად არაა ალბათ სიზმარშია, ვერ ხედავ დახუჭა ისევ თვალები.
- მაგის მაწყევარმა დახუჭოს თვალები სამუდამოდ. არა რა ამიხსენი შვილო შენ რომ ასეთი დღე გქონდეს დალევდი წინა დღეს ასე?
- კაი მოდი ეხლა მე ვიცი რაც უნდა მაგას. გავხადოთ ფეხზე და შენ ვახო ძია პარკეტი გექნება სადმე და ერთი ცალი მომიტანე.-ავარიდე კითხვას თავი.
- რათ გინდა შვილო პარკეტი?-ისე შემომხედა, ეტყობა გაიფიქრა ჩემი ხოა და ხო, მარა ესეც კარგად ვერ უნდა იყოსო. მაგრამ დაემორჩილა ჩემ თხოვნას და პარკეტი მომიტანა.
მეგობარს ფეხზე წინდები გავაძრე, შევუერთე ფეხები რომ ორივე ერთმანეთის გვერდით ყოფილიყო, გამოვიწიე და რაც ძალა მქონდა მოვიქნიე და დავსცხე ფეხისგულებში პარკეტის ფიცარი.
ვაიო ერთი წამოიყვირა მეგობარმა და წამოხტა ლოგინიდან. - გაგიჟდიიით! შემოგვყვირა ორივეს და ფეხისგულების ზელვა დაწყო.
ასეთი სასწაულებრივი გამოფხიზლების შემყურე მეგობრის მამა გაშეშებული იდგა და თვალებს აფახულებდა.
- ეხლა მისმინე! - შევუტიე მეგობარს,-დროზე ეხლა ადგა და მოწესრიგდა. ქორწილი გაქვს დღეს.
- ვიცი,-შემიმიღრინა
- ხოდა თუ იცი არ უნდა გამომტყვრალიყავი.
- რატომ ვარ სველი?
- მორჩი ეხლა კითხვებს, რო გაიძახი გენიოსი ვარო მიხვდი შეკითხვის გარეშე და დროზე ეხლა მოწესრიგდი ხალხი მოვა – დამრიგებლური ტონით უთხრა მამამისმა და მეორე ოთახში გავიდა.
- აუ, იცი გუშინ მე და...
- ხმა! ადექი ეხლავე!
- მე და გიზომ რა...
- კრინტი და სუსი, გიზოს ცალკე მოუვლი. ადე ეხლა სანამ წყობიდან გამოვსულვარ, ავუწიე ხმას და ხელი შევაშველე რომ ამდგარიყო.
- ვააა შარვალ-კოსტუმიანი ”პიჟონი„ მოსულააა, ბარო ძმა როგორა ხარ? შემობანცალდა ოთახში სახედაბიჟვინებული გიზო.
- ეე „ბომჟიკ” გამოშტერდით? არ იცოდი დღეს რა ამბები აქვს ამას რომ გამოაბენტერე სმისგან?-მეგობრული სალამი გავცვალეთ ერთმანეთში.
- რავი ტო, სულ გადაირია სამი რეზერვბატალიონი მომატარა, და ბოლოს შუაღამეს 4 საათზე ლამის ჩამოუღო კარები უბნის კომისარს შენი დალოცვა მინდაო.
- კაი კაი გასაგებია.
ნელ-ნელა ნეფის მაყრიონი იკრიბებოდა.
- ძმააა მიშველე, გამომძახა მეგობარმა საძინებლიდან. ”ძმა მიშველე”- ესეიგი ძაან დიდი დილემის წინაშე იდგა და ჩემ ჩარევას საჭიროებდა მივხვდი.
შევედი თუ არა ოთახში სარკის წინ ტრუსების ამარა მდგარმა მეგობარმა ეგრევე შეკითხვა დამისვა-ჰა რომელი ჩავიცვა? შარვალ-კოსტუმი თუ ეს? გუშინ კომისარმა მაჩუქა ახალია ამერიკიდან ეხლა შემოვიდა და ძმიშვილისთვის მინდოდა მარა შენთვის ეხლა ალალიაო.
- ეხლაა, აქაც არ ეშვები ხომ შენ გამოხტომებს? შარვალ-კოსტუმი ჩაიცვი და ეგ ჯარისკაცის ტანსაცმელი თაფლობის თვისთვის დაგჭირდება-თქო.
- არიქა დროზე წავედით ვაგვიანებთ!-გასცა ბრძანება ვახო  ძიამ და საგულდაგულოდ დაქირავებულ ყვითელ ავტობუსებში გადავნაწილდით.
- ბიჭო, ხო ნაღდად მოვა საპატარძლო მანქანა იქ? ხო იცის მისამართი? ჯერ ამ დაცინვას ხომ მთელი ცხოვრება ვერ ჩამოვირეცხავთ სიძე და მაყრიონი ყვითელი ავტობუსებით მოვიდნენო.
- ნუ გეშინია ყველაფერი კარგად იქნება. დამამშვიდა მეგობარმა და თავისი იდიოტური ღიმილი მაჩუქა.
- ღმერთო რა მოიფიქრა ეხლა ისეთი? უკვე გულში ვთქვი ჩემთვის და ისე დავიძაბე როგორც ადრე ერთ-ერთი დიდი ქალაქიდან უკან დახევის ბრძანება რომ მივიღეთ.
ავტობუსების კოლონის მოსვლამ მხოლოდ მცირე ღიმილი გამოიწვია დამხვდურებს შორის. დადგა პატარძლის წამოყვანის დროც. ოჯახის უფროსმა ქუდი მოიხადა, ჯიხვის ყანწი გადმოიღო და დაილოცა: ღერბეტ მაშედუ ჯარხ ი ბედნიერუ ხიდ, მაბაჟ გვიშკვენდ. მართალია დიდი ვერაფერი გავიგეთ რა თქვა, მარა, კაი დედმამიშვილები ვიქნებოდით სიძის გარდა რომ არ დაგველია ვინც მამაკაცი იყო ოთახში ეს სასმისი.
ძმაკაცმა საათზე დაიხედა და წავედითო თქვა.
უცბად, პატარძალის ძმა გაფითრებული შემოვარდა ოთახში და მამამისს გადასძახა: ხოლ დარალ ლაივი ჩვარიხ! მამამის სახეზე გაკვირვება გამოეხატა, თავით ანიშნა აივანზე გავიდეთო. კაი ხანი გადაკიდებულები იყვნენ აივანზე და ქვევით იყურებოდნენ. მერე გასწორდნენ, ერთმანეთს გადახედეს, ქვევიდან მალულად ჩვენც შემოგვხედეს. ერთი-ორჯერ დააქნიეს თავი თითქოს რაღაცაზე დაეთახმნენო ერთმანეთს, შემოვიდნენ და აბა ჰე წავედითო.
მე უკვე ბახუსი მქონდა მოკიდებული იმხელა ყანწის დალევის მერე და ძამკაცს მეორე ცოლივით ხელკავით ჩამოვეკონწიალე.
- რა გჭირს გასწორდი-იუკადრისა ჩემი ჩამოკონწილება.
- ბიჭო ესენი რაღაც ალამზერად გვიყურებენ. დიდი ხანი ქვევით იყურებოდნენ რა მოიფიქრე ამისთანა? მანქანა მოსულია მაინც?
- ჰე ჰეეე, დაწყნარდი ყველაფერი ოკეის რიგზეაო.
როგორც იქნა ჩამოვედით 11 სართულიდან დააა.
-არაააა-აღმომხდა არადამიანური ხმით.
-დიახ დიახ. ხო ორიგინალურია, ცხოვრებაში არავის არ დაავიწდება ეს ქორწილი.

დიახ მეგობრებო: ჩემი მეგობარი ამ შემთხვევაში მართალი აღმოჩნდა. აბა ვის დაავიწყდებოდა ჯვრისწერაზე საგულდაგულოდ საქორწილოდ გალამაზებული ბეტეერით მისვლა? ეკლესიიდან რომ გამოხვალ და სამხედრო ვეტრფრენიდან გადმოყრილი ყვავილების ფურცლები რომ დაგეყრება თავზე. და რაც შეეხება იმას, ძვირფასო მკითხველო, თუ როგორ მიმდინარეობდა საქორწილო აღლუმი ერთ-ერთ პრესტიჟულ რესტორანში ამის წარმოდგენა თქვენთვის მომინდვია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები