ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
16 აპრილი, 2011


შეჩერდა წუთით ხსოვნა აპრილთან...

ისევ აიღო ქარმა თავს ხელი,
კვლავ დაემსგავსა ქუჩის ხულიგანს.
ჩითის კაბა კი მთრთოლვარე მხრებით,
მიხმობს წარსული გაზაფხულიდან...
დაბორიალობს კედელზე ლანდი,
თუმცა, ეს მხოლოდ ხეთა ჩრდილია.
გახსოვს? წვიმის წყლით იმ თმებს რომ მბანდი,
ახლა ღაწვზე რომ ჩამომტირიან...
ფრიალებს ფიქრში ფარვანათ წყება,
აფრენას ლამობს სიტყვა ბაგეზე.
გულს მიშლის ნუში და გული მწყდება,
ეს გაზაფხულიც რომ არ დაგეძებს...
ხომ გავირბინეთ ცის სარტყელის ქვეშ,
ხომ მისახსოვრე სიო მარაოდ.
გახსოვს? გვირილაც ლამის მთელი თვე,
თმას იწიწკნიდა, - ჰო, თუ არაო...
კრიალოსანი ჩავმარცვლე დღეთა,
შეჩერდა წუთით  ხსოვნა აპრილთან.
წამი, რომელიც მოვწყვიტეთ ერთად,
ისევ წუწუნებს, შენ რომ აკლიხარ...


###

ღამეა, მთვარე ბჟუტავს ჭრაქივით,
ტურები ეზოს ბოლოს კივიან.
დედაბერივით ოდა წახრილი,
კიდევ როგორ დგას, გასაკვირია...
მოისუნსულებს ძაღლი ეზო-კარს,
მიმოიფერთხავს ტურებს, მკივანებს,
მოძებნის ძუკნას იქვე, მეზობლად
და მის გვერდით თავს მოიმძინარებს.
ღამეა, ცაზე ვარსკვლავს, მოფენილს,
თითქოს არ ჰყოფნის ცა საციაგოდ.
და ხედავს სიზმრად ბრძენი სოფელი
იმედს, ცხადში რომ ვერსად მიაგნო...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები