 | ავტორი: დებორა ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 9 მაისი, 2011 |
თეიმურაზ დოიაშვილმა დაასრულა მუშაობა მონოგრაფიაზე "ჰერმეტული პოეტის პორტრეტი ინტერიერში", რომელშიც კრიტიკულად არის განხილული ცნობილი პოეტის, პროზაიკოსის, მთარგმნელისა და ესეისტის - გივი ალხაზიშვილის შემოქმედება. გთავაზობთ მონოგრაფიის ერთ მონაკვეთს.
თეიმურაზ დოიაშვილი
"იუდასავით გამცემია ხანდახან რითმა" - - - - - - - - - - - - - - - -- - - - - - - - - - - - - საზიზღარია ლექსში სეილი და ფარჩაკული სოლო კონცერტი.
გივი ალხაზიშვილი
გივი ალხაზიშვილის სატირული შეფერილობის ლექსში "ინტელექტუალეთი" გაკილულია ქალაქის ბომონდი - ცხოვრების აქტიორები, რომელთაც თავისებური პოდიუმი გაუმართავთ თეატრის ფოიეში და ''ზერელე ფრაზებით'' მიბაასობენ. თუ რაიმეა ამ ლექსში ინტელექტთან, გონებასთან, ერუდიციასთან დაკავშირებული, ეს ავტორისმიერი ორი რემარკაა. ერთგან ვკითხულობთ:
ესენი ერთმანეთს ზომავენ თვალებით "ყორანს" არ ზომავდა ედგარ პო დუიმით, თან მიირწევიან, თან მიდანდალებენ მონაწილეები ერთგვარ პოდიუმის.
ამ რწევა-დანდალის ატმოსფეროში რა შუაშია ედგარ პოს ხსენება? რატომ უნდა გაეზომა, ან არ გაეზომა "ყორანისა" და "კომპოზიციის ფილოსოფიის" ავტორს თავისი განთქმული ლექსი დუიმებით თუ სანტიმეტრებით?! პასუხი ამ კითხვაზე არც ბომონდის გონებრივ სიბლაგვეშია საძიებელი და არც ედგარ პოს ანტიმზომელობით განწყობაში _ გადამწყვეტი აქ ლექსის ავტორის - გივი ალხაზიშვილის უგონო სიყვარულია რითმისადმი. დააკვირდით:
ედგარ პო დუიმით - ერთგვარ პოდიუმის
ექვსმარცვლიანი, ზე-ზედაქტილური რითმა - უმაღლესი ვერსიფიკაციული პილოტაჟი! ვითომ რა საუხერხულოა, რომ ამის მისაღწევად ედგარ პო ახსენეს უადგილოდ - ლექსის დუიმებით არგაზომვასთან დაკავშირებით! სამაგიეროდ, ბომონდზე ავტორის ინტელექტუალურ-გონებრივი აღმატებაც აშკარაა და მისი თვალშეუდგამი პოეტური ჯადოქრობაც. ამავე ლექსში, როგორც ვთქვი, ავტორისეული მეორე ჩართვაცაა:
"ლაკმე" გაიხსენე, "ლაკმე", ჩემო პალტოვ, და ბუტაფორიის ყრუ ამოოხვრამდე იქნებ დეკემბერმა ბაღი ჩამობარდნოს, ვიდრე ბითურები ერთურთს გამოხრავდნენ.
გასაგებია, რომ ამდენ ,,უსწავლელში’’ მოხვედრილი პოეტი საკუთარ პოეტურ-მუსიკალურ განსწავლულობას გალაკტიონზე ალუზიით ავლენს (''მიდის ოპერა ''ლაკმე'', ბუტაფორიის შეხლა''), მაგრამ როგორ და რატომ უნდა გაიხსენოს გარდერობში ჩამოკიდებულმა პალტომ დელიბის ოპერა - ''ლაკმე'' გაიხსენე, ''ლაკმე'', ჩემო პალტოვ''?! მიზეზი, ისევ და ისევ რითმის სიყვარულ-ია! ნახეთ, როგორი ''სეზონური'', ზედაქტილური - ამჯერად ოთხმარცვლიანი - სარითმო წყვილია:
ჩემო პალტოვ - ჩამობარდნოს.
ამ ლექსის მიზანი რომ ბომონდის ინტელექტუალური უმწეობის გაბიაბრუებაზე მეტად, ავტორის ვერსიფიკაციული ხელოვნების დემონსტრირებაა, ტექსტში ჩამონტაჟებული სხვა ,,ორიგინალური’’ რითმებიც ადასტურებს:
ადრე რომ გინდა - გარდერობიდან ისეთ მთხლეს თუ ავლენთ - ინტელექტუალეთს
ვერაფერს იტყვი, ნამდვილი ფოიერვერკია ხუთ და ექვსმარცვლიანი რითმებისა! რა ვუყოთ, თუ სტროფებში წინდაწინ მომარაგებული ''ზერითმების'' აზრობრივი დაკავშირება ჭირს და სატირული პოეტური ტექსტი კი არა, კომიკური რითმებით ნაკაზმი ვერსიფიკაციული ჭრიანტელი იქმნება. სამაგიეროდ, იმსიგრძე რითმებია, პერსპექტივაში გაადევნებ თვალს. ალხაზიშვილთან ეს ოსტატობის დონის მაჩვენებელი ყოფილა, სხვებთან კი - ამავე ავტორის შეფასებით, - ''რიფმაჩობაა'', ,,ფარჩაკული სოლო კონცერტია’’! აი, კიდევ ერთი ადგილი უსათაურო ლექსიდან ''ბარის ბარბაროსთა ხივილი'', რომელშიც ''დეკოლტეების და მთვარისფერ მუხლების ტექსტებს წაკითხულებს'' ეს სტრიქონები მოსდევს:
გსურდა, მილეთი შეგეყარა, როცა მოგეჩვენა ეგნატე ლოიოლა და წარმოიდგინე ეს ქვეყანა უთვალავ ორკესტრად და როიალად.
ნეტა რამ გაახსენა ლექსის ლირიკულ სუბიექტს ანუ ავტორს, თანაც ასეთი ღრმა თანაგრძნობით, იეზუიტთა ორდენის დამაარსებელი, სისასტიკით განთქმული ეგნატე ლოიოლა ბარის ხმაურსა და ფელინისგან ნასესხები მეტაფორის (სამყარო - ორკესტრი) გარემოში?! ლოიოლას რომ რამდენიმე საუკუნის მერე შექმნილი როიალი თვალითაც ვერ ექნებოდა ნანახი, ეს ცხადია.. იქნებ ნაწამები ხალხის კვნესა და გმინვა მუსიკად ჩაესმოდა ლოიოლა-ინკვიზიტორს და ამის გამო იმსახურებს პოეტის თანალმობას? არა! ეს ყველაფერი წინაწარ მოთადარიგებულმა რითმამ: ლოიოლა//როიალად გამოიწვია.
* * *
ვერსიფიკაციული ''დონისადმი'', რითმის გრძლიობისადმი უგონო ტრფიალი გივი ალხაზიშვილს სხვა მხრივაც აყენებს არცთუ სახარბიელო მდგომარეობაში. მაგალითად:
რაღაც ვიგრძენი, გულზე ხავსის ამოსვლასავით, როცა იბანდა ხელს და სინდისს პილატელისტი.
ხაზგასმული სიტყვის წაკითხვისას, თავდაპირველად, ალბათ, ყველა გაიფიქრებს, რომ აქ კორექტურაა, უნდა იყოს "ფილატელისტი", მაგრამ ხელისა და სინდისის დაბანა `სახარების~ პილატესაკენ მიგვახედებს. მიგვახედებს და აღმოვაჩენთ, რომ "გრძელი რითმის" საჭიროებისათვის (დილანდელისთვის - პილატელისტი), ვითომდა სიტყვიერი თამაშის ფორმით, ენობრივად გაუმართავი ნეოლოგიზმი შემოგვაპარეს: თუ ამოსავალია "პილატე", მისი მიმდევარი არის "პილატელი", ან "პილატ-ისტ-ი", მაგრამ არა "პილატ-ელ-ისტ-ი", თუმცა რა საჭიროა ენა და მისი ნორმები, რომლებიც ,,გრძელი რითმების’’ წარმოებას შეაფერხებს?! ვნახოთ ამ ტიპის ერთი მაგალითიც:
ჩვენ შევეზარდეთ ერთურთს მკლავებით და ცარიელი დროის აკვანი ირწევა ქარით და ანკლავების კიდურებივით ამპუტინება, გვტკივა, იმედი ნაომარი ჯობს, მოგვწყინდა ყურში ჩაპუტუნება...
სიტყვაში "ამპუტინება" აქ კვლავაც ან კორექტურული შეცდომაა და ''ამპუტირება'' უნდა იყოს, ან გამიზნული სიტყვათა თამაში, რომელშიც მეზობელი სახელმწიფოს ლიდერის სახელი ''გამოსჭვივის'' და, მაშასადამე, ლექსს ლირიზმით ვუალირებული პოლიტიკური პლანი აქვს. ახლა გავიხსენოთ, რას ეწოდება ''ანკლავი''. ეს არის მიწა, მთლიანად გარშემორტყმული სხვა სახელმწიფოს ტერიტორიით. ლექსში ნაგულისხმევი არც აფხაზეთი და არც სამაჩაბლო, საბედნიეროდ, ანკლავები არაა, მაგრამ ქართული მიწები ალხაზიშვილმა რითმის გულისთვის (მკლავების - ანკლავების, ამპუტინება - ჩაპუტუნება) გაიმეტა ასე! შედეგად კი აბსურდი მიიღო: `ანკლავების კიდურებივით ამპუტინება”, რაც თურმე ასე ,,ასტკივებია’’ ავტორს! ვითომ რამე დაეჯერება ამგვარ ''პოეტურ'' ტკივილს?! ზემოთ წარმოდგენილი ლექსიკური ''ნოვაციებისა'' და ''თამაშის'' ფონზე (პილატელისტი, ამპუტინება), ალბათ, სახსენებლადაც არ ღირს ისეთი უწყინარი ცელქობანი ენის ნორმების უგულებელყოფის ხარჯზე, როგორიცაა: უმიზეზო - წამოვიზეზო, კენკროვანს - შეეგროვა და სხვ. პოეზიის ენამ ლიცენციაც იცის და ნეოლოგიზმიც, მაგრამ როდესაც გამოცდილ ავტორს ასეთი, მშობლიური ენის ბუნებასთან შეუთავსებელი ''ნეოლოგიზმების'' შექმნა ან, უბრალოდ, გრამატიკის ელემენტარული დარღვევა უხდება, რათა ხელოვნური, ზადიანი ფორმები სარითმოდ გამოიყენოს, ეს, მსუბუქად რომ ვთქვა, ეჭვქვეშ აყენებს მის პოეტურ რეპუტაციას.
* * * ვინ გამოიცნობს, რას ნიშნავს, მაგალითად, ეს სახეები: ელამი ტიხარი, დაფორებული ოცნებები, თვალები _ ქაჯი ბრები, იდეების სალაფავი? ამგვარი "პოეტური იმაგინაციების" ,,მნიშვნელობა’’ ადვილი მისაგნებია, თუ რითმის ფაქტორს გავითვალისწინებთ: ეს ოცნებები, ამბობ: ცაში ფორდებიანო - ფორტეპიანო; ძილ-ღვიძილის ელამ ტიხართან - გამიხარდა; ,,თვალები - ქაჯი ბრები’’ - გაჯიბრებით; იდეების ცივ სალაფავით - საფლავით... გივი ალხაზიშვილის ლექსებში მუდმივად მოძალადე რითმას მარტო ის კი არ შეუძლია, ქარი უჩვეულო საქმით დააკავოს: ''ქარი თავს იქცევს გორაკების გამელოტებით'' (დაგელოდები// გამელოტებით), ისიც ხელეწიფება, ფოთლების ჩურჩული ბრავისიმოდ - უმაღლესი აღტაცების გამომხატველ ძახილად შემოგვასაღოს (''ჩურჩულებს ბაღებში ფოთლების ბრავისიმო''), რათა ზედა სტრიქონის "ღამის სიმო" გაამართლოს! ისეც ხდება, რომ იმპოზანტური, უფრო კი - ბრიყვულად გაბღენძილი რითმების ძიება-გამოდევნება გივი ალხაზიშვილს არსათქმელს წამოაცდენინებს:
მტვრიან მაგიდაზე ხელის ანაბეჭდი. გაზეთში განცხადება: ''ევროს გავასესხებ!” მევახშის სიტყვა ეძებს სარითმო წყვილს, ასევე დაეძებს გავას ეს ხე.
ცხადია, მევახშის სიტყვა კი არ ეძებს სარითმო წყვილს, როგორც ტექსტში გვეუბნებიან, არამედ, რითმა იუდასავით ''ყიდის'' სრულიად მოულოდნელ, არატრადიციულ სექსუალურ ზრახვებს, როდესაც სიტყვის ძიება გავის ძიებას ედარება. დამნაშავე აქ ავტორის ''ვერსიფიკაციული ლიბიდოა'', ვნებიანად რომ სურს ''გრძელი რითმის'' (გავასესხებ – გავას ეს ხე) მოხელთებაც. დალაგებულად ვერაა აგრეთვე საქმე ლექსში ''კონტური'', რომელშიც სრულიად უმიზეზოდ არიან შეურაცხყოფილნი ამორეველნი - უხსოვარ დროში გამქრალი სემიტური ტომი:
ამ უცნობ ხალხში ერთი ხმაა გამორეული და ის მიამბობს, რაც საეჭვოდ გამორევია, ამ ჩვენს ფარჩაკულ სინამდვილეს, რომ ზოგის გული ზიზღის ხრჩოლვით გამურულია, და ის არსებობს, მორიელივით, როგორც შხამის მემორიალი.
ეს მორიალე რეალობაა და ატმოსფერო ფარისევლურ-ამორალური, იგივე ხალხი სადუკეველ-ამორეველი და გოდებიდან ამოზრდილი იუდეველი, ჩვენ – ძველი ფიქრით, სატკივარით, შეცოდებებით, და შურით, შურის შარი-შურით მიუტეველით...
ავტორი ამ ლექსში არ სჯერდება გარე რითმებს და შიდა რითმებსაც მიმართავს. ბგერითი ინსტრუმენტირებისადმი მოჭარბებული გულმოდგინების გამო ფინალში ალიტერაციის ნაცვლად ენის გასატეხი გამოსვლია: "და შურით, შურის შარი-შურით მიუტეველით..." მაგრამ ეს იქით იყოს და ჩვენ სადუკეველებს და რატომღაც მათთან ერთად ნახსენებ ამორეველებს მივხედოთ. სადუკეველნი ებრაული რელიგიური სექტის წარმომადგენელნი არიან, მაგრამ გაუგებარია, რატომაა კომპოზიტში "სადუკეველ-ამორეველი" სადუკეველთან გვერდიგვერდ და ერთად მოხსენიებული ამორეველი, თანაც ნეგატიურად, ვითარცა "ფარისევლურ-ამორალური"?! ძველი აღთქმის მიხედვით, ებრაელებმა ამორეველთა ქვეყანა დაიპყრეს, ხოლო ქრისტიანულ ლიტერატურაში ცნობილია 42 ამორეველი (ქალაქ ამორეას მკვიდრი) წმინდა მოწამე. რა დაუშავეს ავტორს ისტორიის ბურუსში ჩაკარგულმა სამშობლოს დამცველმა ან ქრისტეს რჯულისთვის თავშეწირულმა ამორეველებმა? – მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ ლექსის თხზვისას ალხაზიშვილმა ''აღმოაჩინა'' მათი სახელის ბგერითი მსგავსება სარითმო სიტყვასთან "ამორალური"!
* * * რითმასთან ერთად ალიტერაცია, თუ იგი სმენაფაქიზი ოსტატის მიერ არის გამოყენებული, კონვენციური ლექსის ღირსებაა, მაგრამ უბედურებაა, როცა თვითმიზნად ქცეული ''ძიება'' ლექსის სხვა მხარეებს იწირავს მსხვერპლად. ვნახოთ ერთი მაგალითი:
წკმუტუნის ჟამი დადგომია დიდი ქოფაკის თანავარსკვლავედს და მრავალ ხმაში იწკმუტუნებენ ელექტრონული დროის მიღმა,ბინძურ ჩიხებში, საიდანაც თუ გამოაღწევ მხოლოდ შლიგინით, ძველი სიშლეგით და უაზრობის ბნელი ანშლაგით, როცა ჯიბეში აღარ გიჭყავის არცერთი თეთრი, ცენტი, პესო, აღარც შილინგი...
არაზუსტი რითმის ეს ტრიადა: შლიგინი/ანშლაგით/შილინგი – ქართული სარითმო კულტურის ფონზე _ დიდი რომ არაფერია, ამას დამწყებიც მიხვდება. პოეტს არც მოეთხოვება, ყოველ ჯერზე მაინცადამაინც ორიგინალური და მაღალხარისხოვანი რითმები გამოიყენოს, მაგრამ სტრიქონთა ბოლოებში ამ სიტყვების დასაფიქსირებლად და რიტმის გასამართავად, ალხაზიშვილი, აქ, ისევე როგორც სხვა ლექსებშიც, იძულებული ხდება, მკითხველს `უაზრობის ბნელი ანშლაგი’’ მოუწყოს – წარმოადგენინოს ვარსკვლავებისკენ მომზირალი პოეტი, ჯიბეში, თურმე, სხვადასხვა წარმოშობის და სავალუტო ღირებულების მონეტათა მთელი კოლექცია რომ უჭყაოდა, ახლა კი აღარ უჭყავის (''როცა ჯიბეში აღარ გიჭყავის არცერთი თეთრი, ცენტი, პესო, აღარც შილინგი''). ეს კომიკური სახე, ცხადია, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ გაჩნდა, რომ სტრიქონი რამენაირად მიშლიგინებულიყო სარითმო სიტყვამდე "შილინგი". ცნობილია, რომ სარითმო ცალები რაც უფრო დაშორებულნი არიან შინაარსით, გრამატიკული ფორმითა და სტატუსით, ბგერითი მსგავსებით კი ერთმანეთთან ახლო დგანან, მით მეტად აფართოებენ ლექსის პოეტურ სივრცეს; მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, თუ პოეტი შესძლებს, შექმნას კონტექსტი, რომელშიც მათი შინაარსობრივი კავშირი ორგანული აღმოჩნდება. სულ სხვა სურათია, თუ ავტორს ასეთი კონტექსტის შექმნა არ ძალუძს, ან სარითმო ცალები იმგვარად არის შერჩეული, რომ ეწინააღმდეგება იმ ენის ბუნებას, რომელზეც "პოეტობს" პოეტი:
რა უნდა ვუთხრა დაჭაობებულ წარსულის ჟალტამს და მალარიას, დაბრუნებული დღეებიც წავლენ... შემოდგომამ ხომ იმალიარა, მზერა გაგვითბო ფერადი ნავლით...
ახლა ეს წუთი – ათასი წლის სამალავია... და გარდაცვლილი ბავშვებისთვის მღერის მალერი...
ასე უგემოვნოდ და მხატვრული თვალსაზრისით არამოტივირებულად ხომ დაუსრულებლად შეიძლება რითმათა ძიება და, იქნებ, უკეთესად მორგებაც ტექსტისთვის: მოლარე/მოლური/მალე რა!/მელორი/მელური/მე ლარი/მალე რუ/... ამ რიგის გაგრძელებას რა უნდა, მოცლილობის მეტი! მაგრამ პოეტი სათამაშოდ მოცლილი ადამიანისაგან იმით უნდა განსხვავდებოდეს, რომ პირზე მომდგარ რითმას ან სხვა გამომსახველობით საშუალებებს კი არ დაემორჩილოს, პირიქით, ისინი დაიმორჩილოს. მოკლედ, სიტყვები ''შემოდგომამ ხომ იმალიარა'' ამ სერიოზული ტექსტის კომიკური აღქმისათვის განაწყობს მკითხველს. სხვათა შორის, მალერი და მალიარი ალხაზიშვილმა, მისივე ტერმინი რომ გამოვიყენო, სხვა ლექსშიც (''დღე-ღამის ''მინი-რალი'') მიაბგერწერა, როცა ერთ კონტექსტში ჩასვა "დარდი მალერული" და "ღამე – მალიარი"!
* * * გივი ალხაზიშვილის გატაცება რითმებით ყოველგვარ ზღვარს სცილდება, როდესაც დავიწყებულია აზრი, გრძნობა, წარმოსახვა, ზომიერება, გემოვნება, ავტორს კი ეს ნაწვალებ-ნაჯახირევი რითმის არტახებით შებოჭილი უთავბოლო სტრიქონები – ეს ფსევდოექსპერიმენტული ვერსიფიკაციული სავარჯიშოები ლექსი და პოეზია ჰგონია:
ღმერთო, შეუნდე იმ უბედურ მონადირეებს, რადგან ცდილობენ იყოლიონ მონად ირემი, კევრში შეაბან და მორჩილად მოიმსახურონ, ვეღარც კი ითვლის სიძულვილის მონა დირეებს საკუთარ თვალში და მსახურთა გამოხედვაში, შვილმკვდარ დედათა ღამეები მონატირები სულს აუმღვრევენ და სისხლიან მონადირეთა ისმის ხორხოცი და ყბედობა მონოტონური და ყოველივეს ხედავენ და იმახსოვრებენ ელექტრონული ჟამთაღრიცხვის მონიტორები.
კი, აქ `ორიგინალური~ ომონიმიცაა (მონადირეებს – მონა დირეებს) და მასთან ბგერწერულად ზედმიწევნით მიახლოებული რითმების შლეიფიც (მონად ირემი – მონატირები – მონოტონური – მონიტორები), მაგრამ ან "მონად ირემი" რას ნიშნავს, ან "მონატირები ღამეები" რა არის, ან ასე ჰაიჰარად მოვლენილი "ელექტრონული ჟამთაღრიცხვის მონიტორები" საიდან გაჩნდა?! მოდით, ვიდრე დამოწმებული ტექსტის აზრობრივ შინაარსს გავყვებოდეთ, ლექსის წინა სტროფებში წარმოდგენილ სიტუაციას გავეცნოთ: ბაღში დედათა და ბავშვთა ჟრიამულია, იქვე მდებარე შენობის ფანჯრიდან ბახის მუსიკა ისმის. ძელსკამებზე მსხდარი ადამიანები, რომელთაც "წამოეპარა წლები", იხსენებენ, "ეგრეთ წოდებულ კისტის თოფით როცა ესროდნენ მომიტინგეებს, როგორც ვირთხებს და ხალისობდნენ". ახლა დავუკვირდეთ, რატომ შესთხოვს ღმერთს ავტორი ამ ხალხის – "მოხორხოცე სისხლიან მონადირეთა" შენდობას? მიზეზიც იქვეა დასახელებული – "რადგან ცდილობენ, იყოლიონ მონად ირემი, კევრში შეაბან" და ასე შემდეგ. ქართულ საბჭოთა პოეზიაში არსებობდა ირმის კევრში შებმის გამოცდილება (,,კოლმეურნის კალო ირმებს ვალეწვიე..…კევრს შევახტი, ჩამავალ მზეს დავეწიე’’ – ს. ჩიქოვანი). ამ მხრივ გივი ალხაზიშვილს ნოვატორობას ვერ მივაწერთ, მაგრამ ,,ნოვატორულია’’ მისი ლოგიკა, რომლის მიხედვითაც გამოდის, რომ, რაკი ავტორი ,,მონადირე-მიწათმოქმედებს" ღმერთთან შუამდგომლობს, ამის გამო შენდობა მიეციო, ირმის დამონება და კევრში შებმა, მისი აზრით, ცუდი კი არა, კეთილი საქმე ყოფილა! ამ "მონა ირმის" გარდა, რომელიც, იქნებ, სიყვარულითაც კი შეუბამთ მონადირეებს კევრში, ლექსში ნახსენებია "სიძულვილის მონაც" და მისი შემოყვანით სახარებისეული ალუზია საკუთარ თვალში დირეს ვერშემჩნევის შესახებ კიდევ ერთ წარუმატებელ სახეს იძლევა. ეს ''სიძულვილის მონა'' დირეებს საკუთარ თვალში არათუ ამჩნევს, არამედ, თურმე, "ვეღარც კი ითვლის", ხოლო "შვილმკვდარ დედათა ღამეები მონატირები სულს აუმღვრევენ". "სიძულვილის მონა" ამ კაცს ისე, სახელად ჰქვია, თორემ "კეთილ" მონადირეთა ფონზე ეს უფრო არ იმსახურებს ავტორის შუამდგომლობას ღმერთისადმი, შეუნდეო?! ერთი სიტყვით, აქ თუ ვინმეა უდანაშაულო ''დამნაშავე'', საწყალი ირემია, რომელიც, როგორც ჩანს, უძალიანდება მონადირეებს, მონად რომ უნდათ იყოლიონ, კევრში შეაბან, დატყვევებით კი იგი თავად რითმებზე მონადირე ავტორმა დაატყვევა ლექსში - რითმის საჭიროებისა გამო! რითმისადმი ანომალიური ლტოლვა ალხაზიშვილის შემოქმედებაში ისე მთავრდება, როგორც უნდა დამთავრებულიყო:
შე ვიგინდარა - შევი გინდა რა მეტაფორას - მე და ბორიას გამინორება - ლამინირებას მუზიცირებას - ბუზიც ირევა ნაგომორალში - ნაგავ მორალში
ეს უკვე მხატვრული, უფრო სწორად, ანტიმხატვრული სოდომ-გომორია! დიახ, "იუდასავით გამცემია ხანდახან რითმა", როგორც ალხაზიშვილი წერს, მაგრამ მარტო იმიტომ კი არა, რომ მის ერთ ლექსში ხვნეშა-წვალებით შედგენილ-შემზადებულმა სარითმო სიტყვებმა (კარი-იოტა//ის კარი ოტელის) დაუსახელებლად ამხილონ იუდა: ისკარიოტელი; რითმა სრულიად უანგაროდ გასცემს თავის წრეგადასულ მოთაყვანეს, ვისაც ზე-ზე-რითმების ბოჭვა პოეზია ჰგონია! გივი ალხაზიშვილს უყვარს ცნებები "დონე", "კლასი", ამაზე სიტყვის ჩამოგდება და მსჯელობა. აგერ, ახლახანაც განმარტა: "მაღალი კლასი სხვა მრავალ თვისებასთან ერთად, თავისთავად გულისხმობს სიმულაციებზე უარის თქმას და წაშლის ცოდნას, რაც არ ახასიათებს მოყვარულ ავტორებს". (ჟ. "ჩვენი მწერლობა", 2011 #8, გვ. 57). როგორც ჩანს, საკუთარ თვალში დირეს შემჩნევა მართლა ძნელია, თორემ რატომ ვერ ხედავს თავის ნაღვაწში უამრავ უარსაყოფ სიმულაციას და წასაშლელ ადგილს ლექსთმთხზველობის ნახევარსაუკუნოვანი სტაჟის მქონე ავტორი – პროფესიონალი?!
P. S.
წერილში დამოწმებული ნიმუშები ამოღებულია გ. ალხაზიშვილის ბოლო ორი კრებულიდან: "ქორონიკონი -2007" (გ-ბა "მერიდიანი", 2008) და "ჩაბრუნებული მზერა" (გ-ბა "საუნჯე", 2010), რომლებიც ახალთაობის კრიტიკოსთა ერთი ჯგუფისა და ლიტერატურის გარშემო მოფუსფუსე თაყვანისმცემელთა მიერ თანამედროვე ქართულ პოეზიაში განსაკუთრებულ მოვლენად არის გამოცხადებული. შეფასებათა დიამეტრული განსხვავება – ზემოთ წარმოდგენილი ვერსიფიკაციული ლაფსუსების ფონზე! – საფუძვლიან დაფიქრებას მოითხოვს.
გაზ. ,,საქართველოს რესპუბლიკა’’ 2011, 30 აპრილი, #80, გვ.6-7.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. ქალბატონო ნინო ,ნუთუ ვერ ხვდებით რაშია საქმე?...:) რა თქმა უნდა ხვდებით..... ჰო და რადგან ასეა ,ხომ იცით რომ ასე იყო საჭირო და იმიტომაა ასე...:) ეს იმას გავს დაახლოებით ,რომ ეკითხები ადამიანს, რამდენია ორჯერ ორი და ცხრაო..........:)) შენ ნერვიულობ ......წერ ათას კრიტიკას..... მოგყავს საფუძვლად მათემატიკა ....თვლი , ანგარიშობ, გიკვირს....:( მაგრამ ის მაინც ამბობს რომ ცხრაა!...:) ჰო და ერთ მშვენიერ დღეს ხვდები რომ მათემატიკა არაფერ შუაშია ... ხოლო რაა შუაში, თუ ვერ მიხვდით ,მოგვიანებით აუცილებლად მიხვდებით......:) ქალბატონო ნინო ,ნუთუ ვერ ხვდებით რაშია საქმე?...:) რა თქმა უნდა ხვდებით..... ჰო და რადგან ასეა ,ხომ იცით რომ ასე იყო საჭირო და იმიტომაა ასე...:) ეს იმას გავს დაახლოებით ,რომ ეკითხები ადამიანს, რამდენია ორჯერ ორი და ცხრაო..........:)) შენ ნერვიულობ ......წერ ათას კრიტიკას..... მოგყავს საფუძვლად მათემატიკა ....თვლი , ანგარიშობ, გიკვირს....:( მაგრამ ის მაინც ამბობს რომ ცხრაა!...:) ჰო და ერთ მშვენიერ დღეს ხვდები რომ მათემატიკა არაფერ შუაშია ... ხოლო რაა შუაში, თუ ვერ მიხვდით ,მოგვიანებით აუცილებლად მიხვდებით......:)
11. :)
ვნახოთ. თუმცა აქ რითმა კი არ არის განხილული. მთელი მისი პოეზია არის შეფასებული, როგორც გრაფომანია და უსუსური "რითმვის მცდელობა".
შეიძლება მართალიცაა, რა ვიცი. :)
მოკლედ ველოდები. :)
ვნახოთ. თუმცა აქ რითმა კი არ არის განხილული. მთელი მისი პოეზია არის შეფასებული, როგორც გრაფომანია და უსუსური "რითმვის მცდელობა".
შეიძლება მართალიცაა, რა ვიცი. :)
მოკლედ ველოდები.
10. დიმიტრი საყვარელო!
თეიმურაზ დოიაშვილის კრიტიკული მონოგრაფიის ამ მცირე მონაკვეთში გივი ალხაზიშვილის ლექსის მხოლოდ ერთი ასპექტია განხილული - რითმა, ისიც ბოლო ორი კრებულიდან. ერთი პატარა პუბლიკაცია მეტს ვერც მაგალითებსა და ვერც კრიტიკოსისეულ ტექსტს ვერ დაიტევდა. მოვლენებს ნუ გავუწრებთ, დაველოდოთ, ვნახოთ, როგორი იქნება დანარჩენი მონაკვეთები.
,,კრებულს კრიტიკოსი არ უნდა კითხულობდეს იმ ნაწერების საძებრად რომელიც ცუდია და მარტივად გამოსაყენებელი კრიტიკულ წერილში.'' - წერ შენ. მოდი, მართლაც დავფიქრდეთ,:როგორ უნდა კითხულობდეს კრიტიკოსი მასალას? მომავალ კრიტიკოსებს ამ კითხვაზე რჩევის სახით მე ასე ვუპასუხებდი: კრიტიკოსი საკვლევ- საანალიზო მასალას უნდა კითხულობდეს გამოწვლილვით; ასევე კარგად, საფუძვლიანად უნდა იცნობდეს მასზე არსებულ ლიტერატურას და რაც ასევე მთავარია, კონტექსტს, რომელშიც ეს მასალა თავსდება ანუ, ვიდრე გადაწყვეტს რა ფორმა მისცეს ნააზრევს, რა ჟანრი შეარჩიოს საკუთარი დასკვნების გადმოსაცემად, ამ მხრივ მზად უნდა იყოს.... მოკლედ ისე, როგორც ეს თანამედროვე ქართული კრიტიკის და ზოგადად ლიტერატურათმცონეობის ერთ საუკეთესო წარმომადგენელს - თეიმურაზ დოიაშვილს სჩვევია. დიმიტრი საყვარელო!
თეიმურაზ დოიაშვილის კრიტიკული მონოგრაფიის ამ მცირე მონაკვეთში გივი ალხაზიშვილის ლექსის მხოლოდ ერთი ასპექტია განხილული - რითმა, ისიც ბოლო ორი კრებულიდან. ერთი პატარა პუბლიკაცია მეტს ვერც მაგალითებსა და ვერც კრიტიკოსისეულ ტექსტს ვერ დაიტევდა. მოვლენებს ნუ გავუწრებთ, დაველოდოთ, ვნახოთ, როგორი იქნება დანარჩენი მონაკვეთები.
,,კრებულს კრიტიკოსი არ უნდა კითხულობდეს იმ ნაწერების საძებრად რომელიც ცუდია და მარტივად გამოსაყენებელი კრიტიკულ წერილში.`` - წერ შენ. მოდი, მართლაც დავფიქრდეთ,:როგორ უნდა კითხულობდეს კრიტიკოსი მასალას? მომავალ კრიტიკოსებს ამ კითხვაზე რჩევის სახით მე ასე ვუპასუხებდი: კრიტიკოსი საკვლევ- საანალიზო მასალას უნდა კითხულობდეს გამოწვლილვით; ასევე კარგად, საფუძვლიანად უნდა იცნობდეს მასზე არსებულ ლიტერატურას და რაც ასევე მთავარია, კონტექსტს, რომელშიც ეს მასალა თავსდება ანუ, ვიდრე გადაწყვეტს რა ფორმა მისცეს ნააზრევს, რა ჟანრი შეარჩიოს საკუთარი დასკვნების გადმოსაცემად, ამ მხრივ მზად უნდა იყოს.... მოკლედ ისე, როგორც ეს თანამედროვე ქართული კრიტიკის და ზოგადად ლიტერატურათმცონეობის ერთ საუკეთესო წარმომადგენელს - თეიმურაზ დოიაშვილს სჩვევია.
9. დიმა ისიც ფაქტია რომ მისი ლექსების უმრავლესობა იმ რამდენიმეს გარდა მძიმედ იკითხება და ა.შ. და თავისუფლად შეიძლება გაკრიტიკდეს, თანაც კრიტიკოსი იმიტომ ქვია რომ გააკრიტიკოს :D დიმა ისიც ფაქტია რომ მისი ლექსების უმრავლესობა იმ რამდენიმეს გარდა მძიმედ იკითხება და ა.შ. და თავისუფლად შეიძლება გაკრიტიკდეს, თანაც კრიტიკოსი იმიტომ ქვია რომ გააკრიტიკოს :D
8. ქალბატონო ნინო მე თქვენთან რა თქმა უნდა პოლემიკაში ვერ შემოვალ რაკი ეს თქვენი პროფესიაა და ახლა მე ყველა ვარიანტშჳ გამაჩუმებთ.
ოღონდ აქ არის განხილული მხოლოდ უარყოფითი ასპექტები, ამაზე კარგი არაფერი დაუწერია გივი ალხაზიშვილს? :)
კრებულს კრიტიკოსი არ უნდა კითხულობდეს იმ ნაწერების საძებრად რომელიც ცუდია და მარტივად გამოსაყენებელი კრიტიკულ წერილში. :) ბექას მინი რეცენზიაც ვიცი, და თქვენიც.. ჰოოდა მაინც აქვს გივის რამდენიმე კარგი ლექსი.
ასე მგონია მე. ქალბატონო ნინო მე თქვენთან რა თქმა უნდა პოლემიკაში ვერ შემოვალ რაკი ეს თქვენი პროფესიაა და ახლა მე ყველა ვარიანტშჳ გამაჩუმებთ.
ოღონდ აქ არის განხილული მხოლოდ უარყოფითი ასპექტები, ამაზე კარგი არაფერი დაუწერია გივი ალხაზიშვილს? :)
კრებულს კრიტიკოსი არ უნდა კითხულობდეს იმ ნაწერების საძებრად რომელიც ცუდია და მარტივად გამოსაყენებელი კრიტიკულ წერილში. :) ბექას მინი რეცენზიაც ვიცი, და თქვენიც.. ჰოოდა მაინც აქვს გივის რამდენიმე კარგი ლექსი.
ასე მგონია მე.
7. რამდენიმე კაი ლექსი ვნახე გივის, ამოკოპირებული მაქვს ერთი გადავხედავ :D რამდენიმე კაი ლექსი ვნახე გივის, ამოკოპირებული მაქვს ერთი გადავხედავ :D
6. მაგრად მიყვარს გივის შემოქმედება. ძალიან მიხარია მაგის თითქმის ყველა კრებული, რომ მაქვს თავისი მინაწერებით.
კარგი პროზაიკოსია, პროზაიკოსზე მეტად უფრო პოეტი და ადამიანი...
მაგრად მიყვარს გივის შემოქმედება. ძალიან მიხარია მაგის თითქმის ყველა კრებული, რომ მაქვს თავისი მინაწერებით.
კარგი პროზაიკოსია, პროზაიკოსზე მეტად უფრო პოეტი და ადამიანი...
5. როგორც იქნა ვიპოვე! ეს - გივი ალხაზიშვილის ლექსი:
შენი ფიქრივით - - - - -- - - - -- -
შენი ფიქრივით მწიფს ასკილი - მზე ადნება წითელ ბაგეებს. არ მავიწყდება ის წუთები, შენ რომ მაგემე, არც ის სიმწარე დასასრულის - ანუ პასკვილი...
რადგანაც რითმამ დაუძახა, მოდის პასკალი, ჩვეულებრივად ჭკუას მარიგებს და მომავალი სიცოცხლისთვის ფიქრს ვიმარაგებ, თავს არ ვიტყუებ, ოცნებების კოშკებს არ ვაგებ, იგი ხომ მუდამ აქვე არი, ბედს ვინც განაგებს.
უთვალავ ბაგით მოღიმარი მოჩანს ასკილი და ჩნდება რაღაც დარდის ნასკვივით.
- - - - - - - - - - - - -
ესეც ბექა ახალაიას მინი რეცენზია:
29. 16.,, აზრი გინდათ? - არის! რიტმი გინდათ? - არის, კარგი რითმები გინდათ? -არის! სახე გინდათ - არის! გამაგებინეთ მეთქი, რას იწუნებთ, სხვა ხომ არაფერი არ მითხოვია, ვაა! კამპანელა. 2011-04-13 14:29:20''
"აზრი გინდათ? - არის!"
აზრი ერთია(თუმცა ეს ლექსი კონცეპტუალური ორიგინალურობითაც ვერ დაიკვეხნის), მაგრამ შესრულება მეორეა და უმთავრესია, რაც ამ ლექსში ძალიან დაბალ დონეზეა.
"რიტმი გინდათ? - არის,"
რიტმს რაც შეეხება, ეგეც დარღვეულია აქ, თუმცა ეგ არაა ტრაგედია, ბევრი კარგი ლექსი ვიცი, სადაც ავტორი რიტმის მონაცვლეობით მშვენიერ რეზულტატს აღწევს, აქ ეს ვერ დავინახე.
"კარგი რითმები გინდათ? -არის! "
სადაა აბა აქ კარგი სარითმო წყვილები?
"ბაგეებს-მაგემე
ასკილი- ნასკვივით"
ესენი ნორმალურებია,
აი, ესენი კი:
ასკილი-პასკვილი-პასკალი
მარიგებს-არ ვაგებ
ვიმარაგებ-განაგებს
ესენი ძალიან სუსტი სარითმო წყვილებია(ნუ-"მარიგებს-არ ვაგებ" ამას არაუაშვს, შედგენილი რითმაა მაინც).
"სახე გინდათ - არის!"
სადაა აბა აქ ერთი ორიგინალური სახე მაინც, მითხარი. აქ გამოყენებული მეტაფორები, იმდენად სუსტია("დარდის ნასკვივით" იმდენად გაცვეთილი), რომ თავმოყვარე ავტორმა ლექსში არ უნდა გამოიყენოს. ახლა "პასკვილი"-ს რაც შეეხება, საერთოდ უმოტივაციოდდა უადგილოდაა ჩაკვეხებული მანდ, "პასკვილი" ნიშნავს ცილისმწამებლურ და შეურაცხმყოფელ ნაწარმოებს, ასე რომ ამ ლექსში არაფერშუაშია საერთოდ.
"რადგანაც რითმამ დაუძახა, მოდის პასკალი"
აქ კი მე გულიანად გამეცინა, ავტორს უნდა გააჩნდეს ზომიერების გრძნობა( ეს თანდაყოლილი თვისებაა, ვერ გამოიმუშავებ, შანსი არაა),ზომიერების გრძნობაში იმას ვგულისხმობ, რომ ავტორმა უნდა დაიცვას შუალედი კა ვე ენი-ს სტექსტს(იუმორისტული ტექსტი ანუ) და მცირე მხატვრული ღირსების(როგორც მინიმუმ) მქონე ტექსტს შორის, როცა როცა ის კონკრეტული ნაწარმოები სულაც არაა იუმორისტული(ნუ, ავტორი ასე თვლის ყოველშემთხვევაში).
წარმატებები!
როგორც იქნა ვიპოვე! ეს - გივი ალხაზიშვილის ლექსი:
შენი ფიქრივით - - - - -- - - - -- -
შენი ფიქრივით მწიფს ასკილი - მზე ადნება წითელ ბაგეებს. არ მავიწყდება ის წუთები, შენ რომ მაგემე, არც ის სიმწარე დასასრულის - ანუ პასკვილი...
რადგანაც რითმამ დაუძახა, მოდის პასკალი, ჩვეულებრივად ჭკუას მარიგებს და მომავალი სიცოცხლისთვის ფიქრს ვიმარაგებ, თავს არ ვიტყუებ, ოცნებების კოშკებს არ ვაგებ, იგი ხომ მუდამ აქვე არი, ბედს ვინც განაგებს.
უთვალავ ბაგით მოღიმარი მოჩანს ასკილი და ჩნდება რაღაც დარდის ნასკვივით.
- - - - - - - - - - - - -
ესეც ბექა ახალაიას მინი რეცენზია:
29. 16.,, აზრი გინდათ? - არის! რიტმი გინდათ? - არის, კარგი რითმები გინდათ? -არის! სახე გინდათ - არის! გამაგებინეთ მეთქი, რას იწუნებთ, სხვა ხომ არაფერი არ მითხოვია, ვაა! კამპანელა. 2011-04-13 14:29:20``
"აზრი გინდათ? - არის!"
აზრი ერთია(თუმცა ეს ლექსი კონცეპტუალური ორიგინალურობითაც ვერ დაიკვეხნის), მაგრამ შესრულება მეორეა და უმთავრესია, რაც ამ ლექსში ძალიან დაბალ დონეზეა.
"რიტმი გინდათ? - არის,"
რიტმს რაც შეეხება, ეგეც დარღვეულია აქ, თუმცა ეგ არაა ტრაგედია, ბევრი კარგი ლექსი ვიცი, სადაც ავტორი რიტმის მონაცვლეობით მშვენიერ რეზულტატს აღწევს, აქ ეს ვერ დავინახე.
"კარგი რითმები გინდათ? -არის! "
სადაა აბა აქ კარგი სარითმო წყვილები?
"ბაგეებს-მაგემე
ასკილი- ნასკვივით"
ესენი ნორმალურებია,
აი, ესენი კი:
ასკილი-პასკვილი-პასკალი
მარიგებს-არ ვაგებ
ვიმარაგებ-განაგებს
ესენი ძალიან სუსტი სარითმო წყვილებია(ნუ-"მარიგებს-არ ვაგებ" ამას არაუაშვს, შედგენილი რითმაა მაინც).
"სახე გინდათ - არის!"
სადაა აბა აქ ერთი ორიგინალური სახე მაინც, მითხარი. აქ გამოყენებული მეტაფორები, იმდენად სუსტია("დარდის ნასკვივით" იმდენად გაცვეთილი), რომ თავმოყვარე ავტორმა ლექსში არ უნდა გამოიყენოს. ახლა "პასკვილი"-ს რაც შეეხება, საერთოდ უმოტივაციოდდა უადგილოდაა ჩაკვეხებული მანდ, "პასკვილი" ნიშნავს ცილისმწამებლურ და შეურაცხმყოფელ ნაწარმოებს, ასე რომ ამ ლექსში არაფერშუაშია საერთოდ.
"რადგანაც რითმამ დაუძახა, მოდის პასკალი"
აქ კი მე გულიანად გამეცინა, ავტორს უნდა გააჩნდეს ზომიერების გრძნობა( ეს თანდაყოლილი თვისებაა, ვერ გამოიმუშავებ, შანსი არაა),ზომიერების გრძნობაში იმას ვგულისხმობ, რომ ავტორმა უნდა დაიცვას შუალედი კა ვე ენი-ს სტექსტს(იუმორისტული ტექსტი ანუ) და მცირე მხატვრული ღირსების(როგორც მინიმუმ) მქონე ტექსტს შორის, როცა როცა ის კონკრეტული ნაწარმოები სულაც არაა იუმორისტული(ნუ, ავტორი ასე თვლის ყოველშემთხვევაში).
წარმატებები!
4. დიმა საყვარელო!
საინტერესო იქნებოდა, გეთქვა, ამ წერილიდან კერძოდ რომელ აზრს, რომელ დასკვნას მიიჩნევ ნაკლებდამაჯერებლად ან გაზვიადებულად. ეს ერთი ფრაგმენტია, მე კი თითქმის მთელს მონოგრაფიას ვიცნობ და ასეთის დასახელება გამიჭირდება. სხვათა შორის, ბექა ახალაიას გივი ალხაზიშვილის ერთ ლექსზე ძალზე საინტერესო მინი-რეცენზია აქვს აქვე, ,,ურაკპარაკზე'' გამოქვეყნებული, რომელიც, ჩემი ფიქრით, ამ წერილზე გაცილებით მწვავეა. (ახლა ვეძებე და უცებ ვეღარ მივაგენი, რომ კომენტარში გადმომეკოპირებინა). დიმა საყვარელო!
საინტერესო იქნებოდა, გეთქვა, ამ წერილიდან კერძოდ რომელ აზრს, რომელ დასკვნას მიიჩნევ ნაკლებდამაჯერებლად ან გაზვიადებულად. ეს ერთი ფრაგმენტია, მე კი თითქმის მთელს მონოგრაფიას ვიცნობ და ასეთის დასახელება გამიჭირდება. სხვათა შორის, ბექა ახალაიას გივი ალხაზიშვილის ერთ ლექსზე ძალზე საინტერესო მინი-რეცენზია აქვს აქვე, ,,ურაკპარაკზე`` გამოქვეყნებული, რომელიც, ჩემი ფიქრით, ამ წერილზე გაცილებით მწვავეა. (ახლა ვეძებე და უცებ ვეღარ მივაგენი, რომ კომენტარში გადმომეკოპირებინა).
3. ვიცოდი მე აგი წერილი და წაკითულიც მქონდა. :)
არც მასეთი ცუდი პოეტია გივი ალხაზიშვილი დოიაშვილმა რომ გვამცნო. :) შეიძლება არც იმდენად კარგი, რამდენადაც სხვა (იხ პირველი კომენტარი) დანარჩენებმა. :)
მაგრამ ეს კონკრეტული წერილი მგონი უფრო მის მიწასთან გასწორებას ემსახურება და აშკარად ცალმხრივ და ცალი კუთხიდან არის განხილული. :)
მოკლედ ვენდოთ საკუთარ ალღოს, მე პირადად ალხაზიშვილს ახალაია მირჩევნია :დ კაცია და გუნებაო გუშინ მოძღვნილ თემაში მიბრძანეს :დ ვიცოდი მე აგი წერილი და წაკითულიც მქონდა. :)
არც მასეთი ცუდი პოეტია გივი ალხაზიშვილი დოიაშვილმა რომ გვამცნო. :) შეიძლება არც იმდენად კარგი, რამდენადაც სხვა (იხ პირველი კომენტარი) დანარჩენებმა. :)
მაგრამ ეს კონკრეტული წერილი მგონი უფრო მის მიწასთან გასწორებას ემსახურება და აშკარად ცალმხრივ და ცალი კუთხიდან არის განხილული. :)
მოკლედ ვენდოთ საკუთარ ალღოს, მე პირადად ალხაზიშვილს ახალაია მირჩევნია :დ კაცია და გუნებაო გუშინ მოძღვნილ თემაში მიბრძანეს :დ
2. საინტერესო წერილია.
საინტერესო წერილია.
1. გმადლობთ, რომ გაგვაცანით ეს წერილი!
პ.ს. დაინტერესებულ მკითხელს შეუძლია მოიძიოს ნეტში ზაზა შათირიშვილის წერილი წიგნზე -"ქორონიკონი", სადაც მართლაც განსაკუთრებულ მოვლენად აცხადებს წიგნს:) გმადლობთ, რომ გაგვაცანით ეს წერილი!
პ.ს. დაინტერესებულ მკითხელს შეუძლია მოიძიოს ნეტში ზაზა შათირიშვილის წერილი წიგნზე -"ქორონიკონი", სადაც მართლაც განსაკუთრებულ მოვლენად აცხადებს წიგნს:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|