ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თაკა სელეპანიშვილი
ჟანრი: პოეზია
4 ივლისი, 2011


...(ჩვენთვის არ უთქვამთ)

ჩვენთვის არ უთქვამთ:
აქ გაჩერდი, აქ გაიხედე.
აქ გაიხადე,
აქ სულზე ხელი აიფარე
– თორემ გხედავენ.
აქ მიგრძენი, აქ გიყვარდე.
აქ შემიცანი.
აქ უარმყავი –
სანამ მამალი დაიყვილებს
სადმე მესამედ.

ჩვენთვის არ უთქვამთ:
აქ დასახლდი, აქ იცხოვრე.
აქ გაიზარდე.
აქ დაბერდი, აქ მიიცვალე.
ხო, არც ის უთქვამთ:
ამ მიწაში გაიდგაო უნდა ფესვები.
გამრავლდე ანუ
ნოყიერი ნიადაგის თესლი იყავო.

ჩვენთვის არ უთქვამთ,
მთა–მთა როგორ გადმოიარეს
სისხლად დალაქულ მინდორ–ველზე
ტყვიის წვიმებმა
და არც ის უთქვამთ,
ღმერთი თუმცა მოწყალე არის,
ამდენი კაცის სიკვდილი მან რისთვის ინება.

ჩვენთვის არ უთქვამთ:
„რაც გითხარით სისულელეა,
ჩვენმა ადათმა და წესებმა ასე ინება,
რომ კაცი თურმე
როცა თვისტომს ზრდასრულს იგულებს,
უნდა შეეძლოს თავის აზრზე გადმობირება.“

ჩვენთვის არ უთქვამთ:
დაღამების მერეც ღამდება
და მზე კი ზოგჯერ,
მარტო ცაზე თურმე არ ბრწყინავს..
და როგორ მინდა ერთხელ მაინც,
მართლაც რომ შევძლო,
სულ ყველაფერი დაგავიწყო,
ის რაც არ უთქვამთ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები