ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოტიმა
ჟანრი: პოეზია
22 ივლისი, 2011


თვალდახელშუა

ნინო დარბაისელი

თვალდახელშუა
- - - - - - - ---- - --

გიჭირსო?!-
-არა!
როცა მოვიწყენ,
აი, ჩემი ჩვეული პოზა -
- საწერ მაგიდას იდაყვებით ჩამოვეყრდნობი,
თვალებზე ხელებს ავიფარებ
და ეს თითები
უპეებზე რაც არ უნდა მჭიდროდ მივიკრა,
მაინც შემოდის თითებშუა
რაღაც სინათლე
მოწითალო-ნარინჯისფერი
და თითის წვერებს  შუბლზე ოდნავ თუ შევატოკებ,
გამოჩნდებიან ამ ცივ ცეცხლში 
ცოცხლები და წასულები,
ერთმანეთისკენ რომ ილტვიან ან შორდებიან
და
ირევიან მოციმციმე ფანტელებში
თეთრი ღრუბლების ნაფლეთებში,
მერე ქრებიან.

სცადე და ნახე,  მაინც  რამდენი სხეულია,
რამდენი სახე!
როგორ ირევა და ილევა ყველაფერი
თვალდახელშუა,
ვიდრე დაფარავს
აჭრელებული თოვლი-ნაცარი.

და მომავალსაც წარსულივით ნაცარქვეშ სძინავს.

გიჭირსო?! -
- არა!
სად - სიმარტოვე, სად -  უსასრულო მარტოობა!
იმან რაღა ქნას,
ვინც ერთია,
ერთადერთია,
ვინც შესაქმემდეც მარტო ოყო,
რა არ იღონა,
მარტოობას რომ მორეოდა
და ხედავს,
ხედავს
როგორ ეცვლება და ეცლება
ეს სამყარო თვალდახელშუა
და აღსასრულის მერეც ასე  მარტო დარჩება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები