ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კახა კახიძე
ჟანრი: პოეზია
3 აგვისტო, 2011


ძველი რვეულიდან

* * *
თითქოს დღეს ზეცა დიდი რკალია,
ღამდება,ბინდში მოსჩანს იელი,
მთვარე, ბებერი მაჭანკალივით,–
–თვალმოჭუტული გათვალიერებს.
როგორც ჭრილობებს,გაშლილ ვარსკვლავებს,
ცა გამჭვირვალე ღრუბლებით იხვევს,
შენს აივანთან ვერხვი კანკალებს
და გულისნადებს ხმამაღლა გიმხელს.
აიკლო ქარმა ზეცა ჩივილით
და ცასაც ფერი დაედო მიტკლის,
მე კი შენს სახლთან ჩუმად ჩავივლი
და სულ არაფერს,არაფერს ვიტყვი.
ჩუმად,უბრალოდ,ისე ჩავივლი
და ვივლი დიდხანს,სანამ იელვებს,–
–ციდან კი მთვარე,მაჭანკალივით,
–ისევ გულდასმით გათვალიერებს...

მიტევება

მე თვითმკვლელობა მომეტევება,
რომ არ ვუმზირო თვალებს ჩაცრემლილს,
მომეტევება,მწვანე ტევრები,–
–თუკი გახდება გადასაცელი.
მე ამბოხება მომეტევება,
მომეტევება დევებთან დავა,
შენი თვალები თუ დამტოვებენ,
მეც ჩუმად წავალ...
თუკი უეცრად სულში მოთოვა,
მომეტევება ღაწვზე ცრემლები,
გამათხოვრება და გალოთება,
როცა წახვალ და ჩამომეცლები.
ცა გამოიბავს ვარსკვლავთ მტევნებად,
მთვარე ჩაწურავს მერე იმ მტევნებს...
მე ყველაფერი მომეტევება,–
–თუ მომიტევებ...

შემთხვევითობა

მზემ ჩამოიხრჩო თავი მინდორთან,
სამძიმარივით,თოვლმა ითოვა,
ჩვენი შეხვედრა,როგორ მინდოდა,–
–არ ყოფილიყო შემთხვევითობა.
გაჭაღარავდა შავტუხა თუთა,
თოვლით და დარდით სოფლური შუკის,
მე მომაგონდა თოვლივით სუფთა,–
–შენი თვალების ნათელი შუქი.
ნოემბერს ისევ მოჰყვა ნაღველი,
შენთან ხელახლა შეხვედრის ნდომა,
ვერ შეაკავებს სურვილს აღვირი,–
–ვერც შემოდგომა...
და ჩამითრია მერე მორევმა,
დიდხანს,ძალიან დიდხანს ითოვა,
ჩვენი შეხვედრა და განშორება,
იყო უბრალო შემთხვევითობა...

* * *
იხატება მინაზე
თოვლისფერი სინაზე
და დეკემბრის კალთებში
არხეინად სძინავს მზეს.
როგორ გნატრობ და როდის,
მოხვალ,ჯერ კი სხვა მოდის,
კრთება მწუხრი და ციდან
თეთრი ღამე ჩამოდის...
იქარგება მინაზე
თოვლისფერი სინაზე,
ვწუხვარ,ზამთრის ბინდში შენ
კარი გადამირაზე...







კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები