ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოტიმა
ჟანრი: პოეზია
10 აგვისტო, 2011


მარტონი - ველზე

სველია ველი
და მე ამ ველზე
მეველეს ველი.

რა ფრინველი ხარ,
ან რა საკვირველ ხმას გამოსცემ -
- ყეფ და გურგურებ ერთდროულად
და გულისპირი აგი-ჩაგიდის.

რაც თავი მახსოვს,
შორიახლო დამტრიალებდი,
ხან შენი ჩრდილი
ჟრუანტელად გადამივლიდა,
ხანდახან კიდეც მეხებოდი
მძინარეს,
მღვიძარს,
წარმომედგინე,
მაგრამ არასდროს მომიკრავს თვალი.

რატომ დაფრინდი ნეტა მიწაზე?
არც დაჭრილს ჰგავხარ,
გუბურისკენაც არ მიიწევ.
ბრჭყალი,
ბრჭყალები და ნისკარტი -
ბასრი რკალები!
არც მეპირები,
არც სხვა რამ სარჩოს არ ეპარები.

ტანად ჭრელი ხარ,
ფერადი ხარ,
არეულია ოქროსფერში
წითელ-ყვითელი,
ბაცი ლილის და მოლის ფერები.
ფრთები?!
ფრთები კი,
ცალი - შავი, კუნაპეტი,
ცალი -- თეთრი, თეთრი, ქათქათა.
ბრმა ხარ თუ ახლა,
დაღლილობისგან მიგელულა ორივე თვალი?

მარტონი - ველზე:
ასე ერთად ვართ,
ასე ახლო,
სუნთქვის მანძილზე,
მაგრამ ერთმანეთს ვერ ვეკარებით.
შენ - მომავალო,
შავი ფრთა შენი - შიში ჩემი.
თეთრი ფრთა შენი - ჩემი იმედი!

დავხუჭავ თვალებს
და გავქრებით.

ქარმა წაიღოს აღმა-დაღმა,
ტრიალ-ტრიალით
სიყვარულის ჭრელი ბუმბული,
ამბად წაიღოს!

მეველეს ველი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები