ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თაკა სელეპანიშვილი
ჟანრი: პოეზია
15 დეკემბერი, 2011


sky is a limit

აქ ცა იყოფა,
დედამიწას ეკარგება ფერი ხანდახან.
ნაცრისფერია ყველა ხე და
მიწა მომწვანო.
მავთულხლართებში ბეღურა ხარ,
- დღეს ფრთებს დაკარგავ.
თუმცა საშველად არ მომიხმობ,
თუნდაც ეწამო.

შენი თვალები,როგორც ღამის ორი გუშაგი -
ყარაულობენ ჩემს სიტყვებს და
სუნთქვის აკორდებს.
შორს ვიღაც გელის
მთის ფერდობზე,ხელებით მზისკენ
და მე არ მიკვირს,როცა ვინმე
მზეზე აბოდებს.

აქ კი,
ცა ორად იხლიჩება.
მთვარე დგას ცენტრში.
წრიალებს მიწა,
დედამიწას არითმია აქვს.
თენდება.ნახე, მზე მიიწვენს მთვარეს მუხლებთან
და ეს სამყაროც
ჩვეულ ყოფას დაუბრუნდება.

თუმცა ჩვენ აღარ.
ჩვენ დავმთავრდით.
აღარ ვიწყებით
და შეგრძნება მაქვს თითქოს უკვე დროშიც ვიწვებით-
როგორც მზის გულზე დაგდებული თევზი-მედუზა
და მანამ, სანამ, სულ ბოლოჯერ ალბათ გეკუთვნი,
მინდა რომ, ძალა იპოვნო და
თუნდ დამეღუპო.

შენმა თვალებმა,
როგორც ღამის ორმა გუშაგმა,
მამცნონ, რომ ღმერთზე უფრო მეტად
- ჩემი შიში გკლავს
და მაინც, გინდა მოგცე –
პური – ჩემი სხეული,
რომ ისევ იგრძნო ჩემთან ყოფნა
რისთვის გიღირდა.

2011-09-08

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები