ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნათია პაპიძე
ჟანრი: პოეზია
18 სექტემბერი, 2011


  ჩამოტვირთვა

== მზის დესპანი ==

                                                /ნია-კოს/

მზე ცის კიდეზე ჩამოჯდა.
მკლავები დაიკაპიწა.
მატყლს არგანს მოუქნევს.
დასცხებს.
მერე, ხელის ერთი ჩამოსმით  ჯოხზე აკრულ
დათექილს გროვაში აბრუნებს.
კიდევ მოუქნევს.
კიდევ..
და კიდევ...
სანამ ყველა ღრუბელი ვარცლიდან
საფუარიანი ცომივით
გადმოფუთფუთებულს არ ემსგავსება.
ესეც ასე _
ცა მზადაა მეოცნებეთა სამასპინძლოდ.

ახლა,ჯარას შემოუჯდება,
სხივებს დაართავს,
სირმებივით გადმოაფენს
და რიგ–რიგობით ამოუქარგავს:
კლდის კალთებს _ კლდეებს,
ზღვის ნაპირებს – უნაპირო ზღვებს,
მინდვრებს ნიავდაქროლვით დაგოფრილ და
აქროლებულ შირმა–ქსოვილებს.
ესეც ასე_
მიწაც მზადაა მეოცნებეთა სამასპინძლოდ.

მზემ დესპანი აახლა ხმელეთს
სალბუნად და დასაამებლად.
ეს კი, ეს სიფრიფანა, ფაფუკი სული,
მიაბიჯებს და კვალში მზის სურნელი აედევნება,
წყალთან მივა და ქრიზოფიტები ანათებენ
მის ანარეკლად.
ხესთან მივა და აბლაბუდებში აენთება
ასი წვრილი მზე.
ღობესთან მივა _ იასამნებად ააფერადებს.
ცოცხალ გვამთანაც რომ მივიდეს –გუგებში
შორეული სინათლეების თოვას ჩაუთოვს.
ესეც ასე_
იგი მზადაა მეოცნებეთა სამასპინძლოდ,
მოსაფერებლად.

მზემ დესპანი აახლა მიწას
სალბუნად და დასაამებლად.
და მასთან მიდის ყოველი სული:
სულ–დამშეული,
სულ–მწყურვალი,
სულ–ფრინველი,
სულ–თევზ–მდუმარე,
სულ–ნიამორი.
ნია,
მორიგი გადარჩენილი
მოვედი შენთან.
სხივმფინარავ,
მზის ჩამონაღვენთ–მზის დესპანო.
ამომექარგე ოქროსფერად...











კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები