ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოტიმა
ჟანრი: პოეზია
7 ოქტომბერი, 2011


კარტის ხუხულა

გვიყვარდა კარტი,
მაგრამ არავინ გვათამაშებდა.

დიდი მაგიდის ერთ კუთხეში
ჩვენ უფროსების გაჭრილ კარტებს
ველოდებოდით
და მერე ფრთხილად,
სუნთქვაშეკრულნი,
კარტის ხუხულებს ვიშენებდით, 
ვიდრე ის ხელი დამთავრდებოდა
და ჩვენც ყველაფერს დაგვინგრევდნენ,
რათა აეჭრათ ახალი ხელის დასარიგებლად
მონდომებით,
ისევ,
თავიდან.

ხდებოდა ხოლმე,
ვინმე აზარტით ატანილი,
აღტაცებული
უცებ მაგიდას შეაქანებდა
ან ხელს დაჰკრავდა,
ანდა წაგებით ბრაზმორეული
ჩაშლიდა თამაშს.
და უფრო ადრე გვენგრეოდა ის ხუხულები...

ქვეყანავ ჩემო,
ხელგაწვდილი
შენ ისევ იცდი,
არავინ გკითხავს,
ან რა გიჭირს,
ანდა რა გინდა.
რას გარგუნებენ
გაჭრილი კარტის იმ მარაგიდან.
კარს მოგდგომია
განსაცდელი ათასმაგი და
მიდის თამაში.

ყირავდება უკვე მაგიდა!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები