ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თაკა სელეპანიშვილი
ჟანრი: პოეზია
19 ოქტომბერი, 2011


19.10.2011

ხელები ამაფარე, არ დავინახო
როგორ მიიხურა ზაფხულმა ყველა კარი,
რომლის მიღმაც თვით ვეება მზე გამოკეტა,
ათასობით ვარსკვლავთან ერთად.
ხელები ისე ამაფარე,
შემოდგომის უეცარმა გაყვითლებამ არ მომჭრას მზერა,
ქარებისგან მოვარდნილი მტვერით არ დამეხშოს ის სარკმლები,
რომლითაც სულისაკენ მივაქანებ შენს მშვიდ აურას.
მარტო ყოფნა უფრო სურდოა.
შენთან ყოფნა – სენი,რომელიც არასოდეს იკურნება.
არც გადასხმებით, არც წამლებით,
სისხლის გამოცვლა – თან არ ხვდება ფიქრების შეცვლას.

თვალებზე ხელები ამაფარე,
შენი ხელის გულებიდან ყველაფერი სხვაგვარად მოჩანს
და ეს სამყარო ვერ მერევა,
თუ მაძლიერებ.
შენი ხელების მიღმა წელში მოხრა არც მეკადრება.
ამიტომ ვდგავარ გამართული
და ხელის ხაზებ(ი)ს ბოლოს მიმალულ სინათლეს ვუმზერ.
სინათლე, როგორც ადამიანები იქამდე სუნთქავს,
სანამ ვიჯერებთ..

მე ჯერ მახსოვხარ,
ჩემი მზერა ჯერ კიდევ მზისკენ არის მიმართული
და დედამიწის ყველა დრო აქ, ხელისგულეთში,
ჯერ – ზაფხულია.
ნუ დამაჯერებ, რომ დროც ადამიანებს ჰგავს
და მაშინ გვტოვებს,როცა ყველაზე მეტად გვჭირდება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები