ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანი ხარაიშვილი
ჟანრი: პოეზია
5 ნოემბერი, 2011


თურმე როგორ ჰყვარებია!

თურმე როგორ ჰყვარებია იმ ლამპიონს ნამგალა,
რიჟრაჟამდე შევყურებდი, ტრფობას ვერ შეველიე,
თუ აქამდე შენ იყავი ჩემი ფიქრთა ამალა
სწორედ წუხელ შევიგრძენი როგორ გამომელიე...

                ცივი, ცივი მთვარის შუქიც თუ ჩემს გულში თბებოდა,
                და თუ ვნებამ აისბერგიც ნაფოტებად აქცია,
                გულის ფეთქვას რა ისეთი ძალა უნდა ჰქონოდა,
                რომ ღელვისას შენი თავიც ნაპირს გადმოაქცია...

წუხელ, როცა ცამ ლამპიონს განთიადი ანახა
მთვარე გაქრა, თქვა სიშიშვლე არ შვენითო ქალწულებს,
სწორედ მაშინ შევამჩნიე, რომ ფიქრებში აღარ ხარ
და რომ მათაც გამოგრიყეს, მათაც აგითვალწუნეს...

                ყურს ვუგდებდი, ოხ, რა ტკბილად ღიღინებდა ვოკალი!
                ორი შუქი ჩრდილებითურთ სიმფონიას ერწყმოდა,
                თუ ასეთი სპეტაკი ხარ ღამე როგორ მოკალი
                დილაავ... მათი სიყვარული ხომ არავის ერჩოდა!..

ახლაც ვხედავ ემოციებს წამწამების ჩრდილიდან,
შენც ხომ ისე სწრაფად გაქრი როგორც მთვარის სინათლე...
ლამპიონი ხვალ გამოვა ვიცი აგონიიდან,
შენ კი ვეღარ დამიბრუნებ, ვეღარ გამოიზამთრებ...

                თურმე როგორ ჰყვარებია იმ ლამპიონს ნამგალა,
                რომ წუხანდელ ნაჭრილობევს დილაც ვეღარ იამებს...
                ეს შუადღეც უძილობამ ისე დააბანცალა,
                ვიცი, ისევ დაბნელდება, ისევ შემოიღამებს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები