ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მეუდაბნოვე
ჟანრი: პოეზია
7 ნოემბერი, 2011


მერეღა მივხვდი

ეს იყო ადრე, დიდი ხნის წინათ,
როცა მეგონა, საზღვარი ჰქონდა
გიჟის სიგიჟეს, გლახის სიგლახეს,
მლიქვნელის ლიქნას,
მემთვრალის თრობას,
ამპარტავანის ამპარტავნებას
და უმადურის უმადურობას,

როცა ბავშური მიამიტობით
შეიფერებდა მარგალიტებს, მეგონა, ღორი.
როს ერთნაირად ბრჭყვიალებდა ჩემთვის ყოველი
_  ოქრო და რკინა, მინა და ბროლი.

მერეღა მივხვდი, რომ სიგლახეს არ აქვს საზღვარი,
არც ავაზაკის ავაზაკობას,
არ გასწორდება ქოფაკის კუდი,
ვერც არაკაცი ვერ ისწავლის, თურმე, კაცობას
და ჩვენს ცოდვებში დამნაშავე არც ეშმაკია
და არც საცდურად გამოწვდილი ედემის ვაშლი.

ყველა რომანი დონჟუანისა
უმწიფარ ჭაბუკს მიჯნურობა მეგონა მაშინ,
გვიანღა მივხვდი, რომ ეს იყო შურისძიება
პირველ არშემდგარ სიყვარულზე და მიმოზებზე,
რომლის სურნელიც უბადლო არშიყს
იქ აბრუნებდა, საიდანაც მუდამ გარბოდა.
   
სამშობლო სატრფო მეგონა მაშინ,
მის სამსახურად მივიჩნევდი დარდსა და ვარამს.
მერეღა მივხვდი (ღმერთმა ადიდოს),
რომ ტვირთი არის მამული და მცირედღა - სხვა რამ,

~მძიმეა ტვირთი? მაშ სხვებმა ზიდონ,~
სხვებმა მიიღონ ჯილდოც და რისხვაც,
სხვამ დაალაგოს ცივ ქვებზე მადლი.
   
... და წელში გაწყდა ტვირთისგან ის სხვა.

ბოლო დროს, როცა ვიცქირები სულის სარკმლიდან,
ვხედავ ეზოში მოფუსფუსე, დაღალულ დედას
და ჩემს ბიჭუნას მოთხუპნულს მურით,
მეზობლის კარზე გემებს რომ ხატავს,
რომელსაც სჯერა სასწაულის და სჯერა სხვისი.

მე მის მომავალს რა კარგად ვიცნობ,..
და არ მშურს მისი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები