ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფრესკაული
ჟანრი: პოეზია
24 მარტი, 2013


თბილისის ერთი ავარა

(თბილისის ერთ–ერთი რიგითი ავარა)
მინდა რომ ამაღამ სულს ხორცი გაუთბო,
გაიგე ძვირფასო რომ ლოთი არა ვარ,
უბრალოდ პოეტის სისხლი მაქვს რა ვუყო?

პირველი თოვლივით იწყება ფიქრები,
ამ ბოლოს დამჩემდა უაზრო აპათია,
ვიცი რომ ოდესმე მეუღლე იქნები
და მაშინ იესოს მკვლელობას მაპატიებ.

სხვაგვარი ამინდის მსურველი არა ვარ,
ღამეა და მთვარე თვითმკვლელის კანაფია,
(მცივა და მივვები ტირიფის ტალავერს)
მინდა რომ იუდას სისუსტეც მაპატიო.

პირველი თოვლია მახარებს იმდენად,
ერთ გულში მტერიც და მოყვასიც დავატიე,
არ ვიცი რატომღაც ვიტოვებ იმედებს,
რომ ყველა პოეტის სიგიჟეს მაპატიებ.

ბროწეულს დაუსკდა წვიმაში მაჯები,
და ახლა ბაღები სისხლისგან ნახატია,
უფალი შემინდობს (ჩემს თავსაც ვაჯერებ)
თუკი შენ ძვირფასო სიყვარულს მაპატიებ.

(თბილისის ერთ–ერთი რიგითი ავარა)
მინდა რომ ამაღამ სულს ხორცი გაუთბო,
გაიგე ძვირფასო რომ ლოთი არა ვარ ,
უბრალოდ პოეტის სისხლი მაქვს რა ვუყო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები