საღამოს, ერთი ჩვენი მეგობრის, გადარეული მხატვრის ნესტიან, ობ-მოდებულ სახლში შევიკრიბეთ. გაბერილ ჭიქებში შავი ფერის ღვინო ჩამოვისხით და ასთან ერთად ვეზიარეთ უნიჭო მწერლებისა და პოეტების პროზასა და პოეზიას. ცოტა შევთვერი, იქ წანაკითხი ნამუშევრებისაგან განსხვავებით, ღვინო ძლიერი და მათრობელა იყო. აივანზე გავედი, სხეული ზამთრის ნიავს მივაბარე. მთვარის შუქზე ბზინავდა თოვლის ნამქერი. ნაფეხურები ეტყობოდა, ალბათ ჩვენი, არშემდგარი ხელოვანების ფეხის ანაბეჭდი იყო, მაგრამ იმ ერთი საათის განმავლობაში, რაც მე აივანზე ვიყავი გადაყუდებული და სიგარეტს ვაბოლებდი, თოვა დაიწყო, ნელ-ნელა იმატა და სულ მალე აღარ ჩანდა არც მთვარე და არც ნაკვალევი. ცას ნაცრისფერი გადაეკრა და გაქრა ერთადერთი მნათობი მისი. დიდხანს ვიდექი სიცივეში და სრულებით ვერ ვგრძნობდი მის დიდ, სილიკონით გაბერილ მკერდს, ზურგზე, რომ მებჯინებოდა და ხელებით, გაყინული ხელებით ნელ-ნელა შარვლის გახდას, რომ ცდილობდა. - დიდხანს აპირებ აქ დგომას? შემოდი, დიდი ინკუბუსი აპირებს თავისი ლექსების წაკითხვას. - ჰო, მოვდივარ! ცას ავხედე. არ ვიცი ჩემი მდიდარი ფანტაზიის ნაყოფი იყო თუ მორიგი სასწაული (რისიც მე არასოდეს მჯეროდა), მაგრამ ნათლად შევამჩნიე წითლად შეღებილი ზეცა. თითქოს, ანგელოზებმი ღმერთს აუჯანყდნენ, სამოქალაქო ომი გამოაცხადეს და ღრუბლები სისხლით მოთხვარესო. „ნეტავ, ვინ უნდა მოწმინდოს? - გავიფიქრე და გამეღიმა. - სად არის ახლა ღმერთი? მხედავს? დავიჯერო, რომ ესმის ჩემი აზრები? ალბათ, ჩემს გარდა მთელ დედამიწაზე, რამდენი ადამიანი ფიქრობს ერთსა და იმავეზე. შესაძლოა, მობეზრდა დიდ იაჰვეს ამდენი წუწუნის მოსმენა და ყურები საცობებით გამოიტენა - მასაც სურს მშვიდი ძილი!“ უკანასკნელი ღერი მოვწიე და ნამწვავი თოვლში მოვისროლე. როცა სუსხის ქალღმერთმა ორგაზმი განმაცდევინა და შარვლის ელვა შემიკრა, ოთახში შევედი, სადაც ინკუბუსი, არშემდგარი პოეტი ლექსს კითხულობდა. ირგვლივ ყველა გასუსული იჯდა და ყურს უგდებდა მას. დამპალი ნაბიჭვრები, მე კარგად ვიცი რასაც ფიქრობდნენ მასზე, მაგრამ თითოეული მათგანი პირფერობის უდიდესი ნიჭით იყო დაჯილდოვებული და ცბიერად უკრავდნენ ტაშს მას, ვისაც პირში ადიდებდნენ და პირსუკან ლანძღავდნენ. სიმართლე გითხრათ, მას ლექსის წერა დიდად არ შეეძლო, მოთხრობებს უკეთ წერდა, მაგრამ ეს ვერ შეიგნო და ხუთმა გამომცემელმა უარი უთხრა კრებულის გამოცემაზე. ის მაინც არ ჩერდებოდა და განაგრძობდა სისულელეების ჯღაბვნას, რომლის მოსმენაც ძირითადად ჩვენ, მის უბედურ მეგობრებს გვიწევდა. - სიტყვები, სიტყვები... ყველა ლექსში ერთსა და იმავე სიტყვებს იყენებ! - ვუთხარი მე, როცა რიგითი „შედევრის“ კითხვა დაასრულა. აი, ზუსტად ეს იყო მისი პრობლემა. მისი ლექსები ყოველთვის ერთსა და იმავე სიტყვებს მოიცავდა. საცოდავი ინკუბუსი, რამდენიმე კვირიანი დეპრესია ჰქონდა, რომელიც სუიციდით დასრულდა. ვერ გაუძლო იმ ტკივილს, მთელი ცხოვრება, რომ დასდევდა. მისი სიკვდილის შემდეგ ატყდა მთელი ამბები. ყველამ „შეიყვარა“. ამბობდნენ თითქოს ის სიცოცხლეშივე დააფასეს და მაშინ შეუყვარდათ, როცა ძღრენით სავსე მიწაზე დააბიჯებდა, სადაც პრეზერვატივისთვის ფული ენანებათ და ამრავლებენ მკვდარ საზოგადოებას, რობოტი ნაბიჭვრებით. მისი სიცოცხლეშივე დაფასება - ეს მტკნარი სიცრუეა, მის ლექსებს მკითხველი არ ჰყოლია. ფსევდონიმი „ინკუბუსი“ იშვიათ ადამიანს თუ ექნებოდა გაგებული, ისიც ყურმოკრული. მაგრამ რაჟამს თავი ჩამოიხრჩო, მთელმა ქვეყანამ შეიყვარა. დაიწყო მისი ლექსების ბეჭდვა ჟურნალ-გაზეთებში. გამოიცა რამდენიმე კრებული, რომლებიც მხოლოდ ტუალეტში გამოსაყენებლად ივარგებდა; არა - საკითხავად, არამედ ამოსაწმენდად. თითქმის ყველა პოეზიის საღამოს „ამშვენებდა“ მისი ნაჯღაბნები, მაგრამ მაინც, ჩემთვის ის ისეთივე პოეტად დარჩა, როგორიც სიცოცხლეშივე იყო...
მე უკვე ოცდახუთი წელია ვწერ. ამ მცირე დროის განმავლობაში, არაერთი ისეთი მოთხრობა დავწერე, რომელმაც წარმატებაცა და წარუმატებლობაც ერთმანეთისაგან ოდნავ განსხვავებული დოზით მომიტანა. იყო დრო, როცა ხალხი მაფასებდა, ვუყვარდი, მაგრამ ბოლოს ყველამ დამივიწყა. უარს მეუბნებოდნენ მოთხრობების დაბეჭდვაზე, ლიტერატურულ საღამოებში მონაწილეობის მიღებაზე და ყველაფერ იმაზე, რასაც შეეძლო დაებრუნებია ჩემთვის ძველი დიდება. მათ მე მომკლეს, მაგრამ მარადიულად იცოცხლებს ნაწერები და სახელი ჩემი!
* * *
სულ რამდენიმე დღის წინ აღმოვაჩინე გეორგის ეს დაუსრულებელი ჩანაწერი. ალბათ, მანამდე დაწერა, სანამ ინკუბუსს მიბაძავდა და თოკზე ჩამოეკიდებოდა. დარწმუნებული ვარ, რომ მისი სული იმქვეყნიურ დიდებას განიცდის, რადგან როგორც ხდება ხოლმე, ისიც სიკვდილის შემდეგ დააფასეს. „დაე მოკვდი, რამეთუ დაგაფასონ!“ - წერდა ის გამოსამშვიდობებელ წერილში და მართალიც იყო!
მიცნობდეთ - სიკვდილის შემდეგ!
P.S. იმედია, გეორგის წმინდა სული არ მიწყენს, რომ ეს ტექსტი დავამუშავო, პატარა შესწორებები შევიტანო დ აიმ ჟურნალის რედაქციაში მივიტანო, რომელიც დაიხურებოდა, რომ არ დაებეჭდათ ის მოთხრობები, რომელზეც ერთ დროს უარი უთხრეს...
პატივისცემით - გიგა ბერიაშვილი
8 ოქტომბერი 2011
http://www.royaldarkart.blogspot.com/ ცოდვილის ბლოგი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. თუ სიმართლეა...დასანანია მათი თვითმკვლელობა. თუ სიმართლეა...დასანანია მათი თვითმკვლელობა.
2. სულ ცოტა წავიკითხე. არასდროს მესმოდა რატომ იყო სუიციდი მოუტევებილი ცოდვა ან საერთოდ ცოდვა. როცა ადამიანს მონანიებული ძალიან დიდი ''დამპლობაც'' კი მოეტევება,სიცოცხლე რომელიც ჩემია რასაც მინდა იმას ვუზამ. არ ვამბობ რომ სწორი ვარ,ასე ვფქირობ. თუ ნადმვიული ამბავია უფალმა შეუნდოს
სულ ცოტა წავიკითხე. არასდროს მესმოდა რატომ იყო სუიციდი მოუტევებილი ცოდვა ან საერთოდ ცოდვა. როცა ადამიანს მონანიებული ძალიან დიდი ``დამპლობაც`` კი მოეტევება,სიცოცხლე რომელიც ჩემია რასაც მინდა იმას ვუზამ. არ ვამბობ რომ სწორი ვარ,ასე ვფქირობ. თუ ნადმვიული ამბავია უფალმა შეუნდოს
1. უფალს დიდება! უფალს დიდება!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|