ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
7 იანვარი, 2012


შობის ღამე

შობის მადლიო! -შემეწია სიტყვით დედა და,
სარკმელთან ალი ალიცლიცდა თითქოს სხვაგვარად ...
გარეთ კი თოვდა მოკრძალება გაუბედავად
და სინანულმა თავი უბეს შემომაპარა...
გალობდა თოვლი, ანგელოზებს ჰგავდნენ ფიფქები,
ალიონზე კი ჩამოივლის სახლებს ალილო!
გულის გონებას მორჩილებით იქით მივყვები,
სადაც ამ ღამემ სული უნდა გამაბანინოს...
ფერი დაჰკრავდა ზეციურის თითქოს მიწიერს,
უფალს ელოდა მოიმედე ყველა სარკმელი.
ფიქრებმაც თითქოს ფეხის წვერზე წამოიწიეს,
საკვირველი რომ დაენახათ უფრო გარკვევით...
იყო ეს ღამე უთბილესი ცით და ვარსკვლავით,
სულის ჩურჩული მომესმოდა სადღაც, შიგნიდან.
და უცებ მივხვდი, სანთლის ალი რატომ კანკალებს,
იშვა იესო უფლის შექმნილ ახალ წიგნიდან!
          07.01.12









კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები