ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირინკა
ჟანრი: პოეზია
23 მარტი, 2012


# # # (წერილი)

ძვირფასო, იცი? ისევ ვსტუმრობ ჩვენს ყავახანას,
ძველი თურქული, ქიმერული ორნამენტებით.
შენ მწერდი, რომ მანდ უჩემობით კვლავ ავადახარ,
რომ ნაოჭები გასჩენია დროს მონატრებით.

ახლაც ფეხმორთხმით ზიხარ ალბათ ღია სარკმელთან,
მუხლებს იფარავ სიცივისგან ძველისძველ შალით,
სარკეში მარტო დარჩენილი შენს ანარეკლთან,
გადაღლილ მხრებზე მოიხურავ სიმშვიდეს აშლილს.

შემოგვეპარა ამინდები რადგან ლექსივით,
როგორც ასაკში, თითოობით თმაში ჭაღარა,
დღეები რაა? უმუზობით არგალესილი
სტროფივითაა, გადახევ და გრჩება აღარა...

ვზივარ და ვხედავ რომ ჭიქაში აწმყო ტივტივებს
სადღაც ფსკერისკენ, ნაპირამდე ვეღარ გაცურა,
დაპირებები წერილებმა ვერ დაიტიეს,
მოსვლა კი ისევ გადაიდო, სულის საცდურად.

აქ ძველებურად უკეთებენ მოლოდინს ჩილიმს,
ოღონდ არ მითხრა ერთხელაც რომ შენ აღარახარ,
რომ ფიქრთან ერთად შენს გრძნობასაც მოადგა ჩრდილი,
გადამიფიქრე, მე კი შევრჩი ჩვენს ყავახანას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები