 | ავტორი: ავტ2 ჟანრი: პროზა 1 მაისი, 2012 |
ფიქრებში გართული მოვდივარ ისევ წვიმიან ჰამბურგის ქუჩებში. წვიმაც კი უღიმღამოა ამ ქალაქში. კი არ წვიმს, ცრის, მუდმივად ცრის. ნეტა ეს ამინდი არ მოქმედებს აქაურებზე? ცას თითქმის ყოველთვის ნაცრისფერი აქვს. ჰამბურგელს, რომ უთხრა რაიმეზე ცის ფერი იყოო უმალ ნაცრისფერზე იფიქრებს. შესაბამისად ცის ფერს ჰამბურგში უბრალოდ „Hellblau“ ქვია, რაც ღიალურჯს ნიშნავს. ასე და ამგვარად არავის შეეშლება და არ იფიქრებს ცისფერის ხსენებაზე ნაცრისფერზე... მოვდივარ და ვფიქრობ მსგავს უმსგავსობებზე. ისე როგორ გინდა, რომ ესეთ ქალაქში თავი ბედნიერად იგრძნო? არადა რამდენჯერ ვყოფილვარ აქაც „პირ-ბედნიერი“. ამ უკანასკნელ სიტყვას პირთან არანაირი კავშირი არ აქვს. ეს უბრალოდ პირობითის შემოკლებაა. მოკლედ რაღა ბევრი გავაგრძელო მოვდივარ და ვფიქრობ. წვიმა მეცემა, მაგრამ არ ვსველდები. რაღაცნაირი უღიმღამო წვიმაა. აგერ ჩემი მეტროს გაჩერებაც გამოჩნდა. ახლა გავძვრები ხიდის ქვეშ და ავალ მეტროში, სადაც როგორც მინიმუმ ერთი საზრუნავით ნაკლები მექნება და აღარ შემაწუხებს სახეზე ეს ცივი, უღიმღამო წვიმა. ხალხი სადღაც გამქრალია. ვისაც ვხედავ ქუჩაში ყველა ჩაკეტილია. თითქოს საერთოდ არ აინტერესებთ სხვა ადამიანები. მეტროს სადგურზე ვდგავარ და ველოდები, როდის მოვა ჩემი ნომერი „S –Bahn“(მეტრო), რომელიც „Othmarschen“-ზე მიმიყვანს. მატარებლის მოსვლასთან კიდევ ერთი დადებითი მომენტია დაკავშირებული. შეხვალ და გათბები. ამ ფიქრებში გართულმა შევნიშნე სადგურის ბაქანზე მომავალი ჩემი ძველი მეგობარი იანი. იანთან ერთად 2 წლის განმავლობაში ჰამბურგის უნივერსიტეტში „ვსწვავლობდი“ (ვწვალობდი+ვსწავლობდი) და ერთად გვქონდა გადატანილი მთელი გამოცდებისა თუ მეცადინეობების ციკლი ხან ბიბლიოთეკაში, ხან მასთან ხან კი ჩემთან. ქართველი ძმაკაცივით იყო ურთიერთობაში. საუცხოო ადამიანი. მახსოვს ძალიან ვმეგობრობდით და ქართველი მეგობრების მაგივრობაც კინაღამ გამიწია ახლადჩამოსული როცა ვიყავი საქართველოდან. ძალიან გამეხარდა მისი დანახვა ვინაიდან დიდი ხანი იყო, რაც არ მენახა. “Jaaaaaaaaan, mein Brudeeeeeeeeeeer“ (იან, ჩემო ძმაო) ისე შევყვირე, როგორც ამას საქართველოში დიდი ხნის არ ყოფნის შემდეგ ჩამოსული ვაკეთებ ხოლმე, როცა ჩემს საყვარელ მეგობრებს ვხვდები. იანმა გამოიხედა „ჰაი“ დამიძახა და ჩამიარა. ჩემი წარმოთქმული ფრაზა, რომელიც აბსოლუტურად შეუსაბამო იყო წვიმიან ამინდთან და ზოგადად ჰამბურგის გარემოსთან უმალ შთაინთქა სადღაც და ისევ სიჩუმე ჩამოწვა... ძაან უღიმღამოდ წვიმს ჰამბურგში. რაღაცნაირი ამინდებია მუდმივად. ნეტა ეს ამინდი არ მოქმედებს ადამიანებზე? ჩავჯექი ჩემს ვაგონში და გავემართე სტუდენტური საერთო საცხოვრებლისკენ, სადაც ადრე ვცხოვრობდი. იანის სამწამნახევრიანმა შეხვედრამ დამაფიქრა. ადრე ასეთი საქციელი ალბათ ძალიან მეწყინებოდა. ახლა უკვე ჰამბურგს და მის ამინდებს შეჩვეულმა თითქმის ყურადღებაც კი არ მივაქციე, თითქმის... ისევ ჩემს ფიქრებში ჩავიკეტე, რაღაცას ვეძებდი. ხშირად ვეძებდი ამ რაღაცას ჰამბურგში ყოფნის დროს, მაგრამ ვერასდროს ვპოულობდი. იყო შემთხვევები, როდესაც ჩემს ქართველ მეგობრებთან ერთად ვეძებდით ამ რაღცას. ძიება ხანდახან წარმატებული იყო, თუმცა ეს უფრო გვეგონა იმ მომენტში თორემ დღეს, რომ ვუფიქრდები ესეც ერთგვარი „პირ-წარმატება“ იყო. სტუდენტურ საცხოვრებელში გარკვეული სითბო და ენერგია მეგულებოდა, თუმცა იმ დღეს ყველა თავის ოთახში გამოკეტილი დამხვდა და არავის არ ქონდა სითბოს გაცემის სურვილი. გამახსენდა ერთი ძველი ნაცნობი ბულგარელი გოგონა, რომელიც ერთერთ სტუდენტურ წვეულებაზე გავიცანი და დამეგობრებაც ვცადე, თუმცა უშედეგოდ. თავს იფასებდა თუ არ მოვწონდი არ ვიცი. ვიცოდი მხოლოდ მისი საცხოვრებელი ოთახი და ერთხელაც ბედის მოსინჯვა გადავწყვიტე... დესისლავას შეხედა გერმანელმა ექიმმა ქალბატონმა ჰოფენშტედტმა და უთხრა, ქალბატონო, თქვენი ნერვების ბრალია ყველაფერი. ეცადეთ ცოტა მოეშვათ, გაიჩინეთ მეგობარი ბიჭი, დატკბით ცხოვრებით, გაააქტიურეთ თქვენი სექსუალური ცხოვრება და ყველაფერი ნორმაში ჩაგიდგებათო. დესისლავამ, ჰოფენშტედტის სიტყვებზე ფიქრის გამო ისე გამოიარა მეტროს გაჩერებიდან აუტანელი ათწუთიანი გზა სტუდენტურ საცხოვრებლამდე, რომ საერთოდაც ვერ შეამჩნია ვერც უღიმღამო წვიმა და ვერც მისი მეზობლები, რომლებმაც მას გვერდზე ჩაუარეს და გერმანული სტანდარტით დადგენილი \"ჰაი\"-თი მიესალმნენ. მისი გონება დაძაბული იყო და იმაზე ფიქრობდა, თუ როგორ და რანაირად შეესრულებინა ექიმის მოძღვრება. ეს ხდებოდა ცხოვრებაში პირველად, ვინაიდან მანამდე მისი გონება მუდმივად C++ პროგრამირებით იყო დაკავებული და ალბათ ამდენმა ფიქრმა მატერიაზე კერძოდ პროგრამირებაზე მიიყვანა იგი ექიმის ჩარევის აუცილებლობამდე. ამ ფიქრებში გართული მიადგა თავის კარებს სადაც მე შემეფეთა. გამაოცა მისმა შემოთავაზებამ, რომ მასთან ერთად ჩაი დამელია. ვერ წარმოვიდგენდი, თუ ეს გოგო, რომელთან დამეგობრებასაც წვეულებაზე გამალებით ვცდილობდი და არ გამომდიოდა უცებ ასე ტკბილად მიმიღებდა თავის პატარა, მაგრამ კომფორტულ ოთახში. იმ დღეს დესისთან დავრჩი, თუმცა ქალური თავმოყვარეობის გამო, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერ ქალს მაინც შერჩენია მიუხედავად მისი შეხედულებებისა სექსზე და გარყვნილებაზე, დესიმ მტკიცე უარი განაცხადა პირველივე ღამით ჩემთან მეგობრობაზე. თითქოს სასაცილოა, ვინაიდან საკმაოდ შიშვლებს გვეძინა გვერდიგვერდ, მაგრამ დესი გადაწყვეტილებაში მტკიცე აღმოჩნდა და რა თქმა უნდა მეც ჩემი „გრუზინული“ პატივმოყვარეობისა და სიამაყის გამო არ დამიძალებია. მეორე დღეც მასთან გავატარე და ღამემაც უკვე ჩვეულ „პირ-წარმატებულ“ გარემოში ჩაიარა. ვინაიდან საქმე ბევრი არ მქონდა და არც არავინ მელოდებოდა არსად რამოდენიმე დღე დესისთან დავრჩი. დესიც სამსახურს გაენთავისუფლა და 24 საათიან რეჟიმში მის პატარა, მაგრამ კომფორტულ ოთახში ვიყავით და ვმეგობრობდით. როცა სტუდენტი ხარ შენი სტუდენტური საერთო საცხოვრებლის თუნდაც საკმაოდ პატარა ოთახი ძალიან ბევრს მეტყველებს შენზე. ოთახის მორთულობა გარკვეულ წილად ასახავდა სტუდენტის ხასიათის, გემოვნებისა თუ სხვადასხვა მიდრეკილებების და ჰობის შტრიხებს. დესისლავას ოთახიც თავისებური გახლდათ. ისე რა უცნაურია, მაგრამ სტუდენტობის პერიოდში მე არასოდეს მიყიდია ნახატები აი დესის კი უამრავი ნაყიდი ნახატი ქონდა ოთახში. პატარა ოთახში ზოგან წიგნები ზოგან კი პატარა ვაზები თუ სხვა დეკორაციები ელაგა. ჩემდა გასაკვირად ედგა სამი კომპიუტერი. მახსოვს, ერთი ნივთი, რომელიც ყველაზე ხშირად მხვდებოდა თვალში და ყველაზე მეტად დამამახსოვრდა. ეს იმიტომ არა, რომ მომეწონა, პირიქით, საშინლად არ მომეწონა. ეს იყო რაღაცნაირი უგემოვნო პატარა ბრჭყვიალა ანძა ზედ წარწერით „SOFIA”. ესეთი უგემოვნო სუვენირი, გამოდგმული ასეთ დასანახ ადგილას არ ვიცი საერთოდ რაში ჭირდებოდა... მე-3 დღის საღამოს დაახლოებით ექვსი საათისთვის ვიგრძენი საშინელი სიცარიელე, ფიზიკური და სულიერი. ვიგრძენი, რომ აღარ შემეძლო იქ, მასთან ერთად ყოფნა, საშინლად მომინდა გაქცევა სადმე შორს. დესის ვუთხარი. „Desiko, Ich muss raus!“ (მე უნდა წავიდე) შემომხედა და შევუყვარდი... გარეთ გამოვედი, კვლავ წვიმდა. ახლა უკვე ერთიორად უბედური ვიყავი. გამოფიტული და ის რაღაცა, რომელიც მეგონა, რომ 3 დღის წინ ვიპოვე დესისთან მოსვლით მივხვდი, რომ საერთოდაც არ მიპოვნია არამედ რაც მქონდა ისიც დავკარგე. უბედური ვიყავი. რაღაც მინდოდა, თუმცა ვერ ვხვდებოდი ის რაღაცა რა იყო. საუბედუროდ ის რაღაცა, რაც მინდოდა უფროდაუფრო ბლანტი ხდებოდა და გაურკვევლობაში იფანტებოდა. ეს ყოველივე სულ უფრო და უფრო გარდაიქმნებოდა არაფრის ნდომაში. მინდოდა მხოლოდ ამ ყოველივეს დასრულება. თავს ვგრძნობდი, როგორც ფიტული, თოჯინა, ან სხვა რაიმე უსულო საგანი, თუნდაც ის უგემოვნო სუვენირი სოფიიდან, რომელიც დღემდე თვალწინ მიდგას. ჰამბურგში არ იყო სიცოცხლე, არც სიკვდილი არ იყო, შესაბამისად სიცოცხლის ფასს ვერავინ გრძნობდა. ამ დროს დამირეკა მობილურმა. განსაკუთრებით გრძელი ნომრის გამოჩენაზე მობილურის ეკრანზე მივხვდი, რომ საქართველოდან მირეკავდნენ. ჩემი გაურკვეველი მდგომარეობა ძალიან დიდ წუხილად შეიცვალა ვინაიდან ანდრომ თბილისიდან მამცნო, რომ ჩემი ბაბუა გარდაიცვალა... აღნიშნულმა მოვლენამ ჩემში აღძრა გრძნობები, რომლებიც ძალიან დიდი ხანი იყო უკვე არ მქონდა განცდილი. მივხვდი, რომ ცოცხალი ვიყავი და ამ საშინელი ინფორმაციის შედეგად ჩემთვის ასე გაუცხოებული თბილი სითხე გადმოიფრქვა ჩემი თვალებიდან. ჰამბურგის უღიმღამო წვიმას შეუერთდა ჩემი და დესიკოს ცრემლები, თუმცა ცრემლების მიზეზი სამივესთვის აბსოლუტურად განსხვავებული იყო... მეორე დღესვე ნასესხები თანხით ვიყიდე თვითმფრინავის ბილეთი და გადმოვფრინდი საქართველოში. აეროპორტი და ქალაქიც ჩაბნელებული დამხვდა. ჩემი ბიჭები აეროპორტში მელოდებოდნენ. უხაროდათ, მე შერეული გრძნობები მეუფლებოდა. თან მიხაროდა და თან მეტირებოდა. ყოველ შემთხვევაში თავს ცოცხალ ადამიანად ვგრძნობდი და ეს უკვე დიდი მიღწევა იყო. პანაშვიდებზე არ მახსოვს ვინ მოდიოდა და ვინ არა, თუმცა უამრავი ადამიანი მოდიოდა ტირილით და ამბობდნენ, რომ ბაბუმ მათ თავის დროზე სიცოცხლე აჩუქა. ბაბუ პედიატრი იყო და მთელი ცხოვრებით იყო შეყვარებული ბავშვებზე. რა თქმა უნდა შვილიშვილები განსაკუთრებულად ვუყვარდით. მან უამრავი სხვისი შვილი და შვილიშვილი გადაარჩინა, თუმცა საკუთარი 1 წლის შვილიშვილის გადარჩენა ვერ შეძლო. მისი უზომო ტკივილი არასოდეს მინახავს. ალბათ ყველაფერს გულში ინახავდა... ისევ ჰამბურგი, ისევ წვიმა და ისევ სიცარიელე. ისევ მივდივარ მეტროს სადგურის მიმართულებით და ვფიქრობ უმსგავსობებზე. ნეტა ეს ამინდი არ მოქმედებს აქაურებზე? ამ ბოლო დროს ერთი ლექსის სტროფი დამჩემდა, რომელსაც გულში მუდმივად ვიმეორებ: “ნამდვილი წვიმა მოსულა, მზემ მთვარეს უთხრა ჩადიო, სამშობლო, შენთან მოვდივარ, adios!“
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. კარგი თხრობა გაქვთ, თუმცა შეგეძლო ისიც დაგეწერა რა მოგეწონა იქ ყოფნისას , რა შეგშურდათ. კარგი თხრობა გაქვთ, თუმცა შეგეძლო ისიც დაგეწერა რა მოგეწონა იქ ყოფნისას , რა შეგშურდათ.
5. კარგად გადმოეცით გრძნობები. მომეწონა. კარგად გადმოეცით გრძნობები. მომეწონა.
4. 5 მეც მომწონს თქვენი ნაწერები,ავტორო:) 5 მეც მომწონს თქვენი ნაწერები,ავტორო:)
3. დიდი მადლობა წაკითხვისთვის, გაგებისთვის და დადებითი შეფასებისთვის. :) დიდი მადლობა წაკითხვისთვის, გაგებისთვის და დადებითი შეფასებისთვის. :)
2. თქვენი ყველა ემიგრანტული მოთხრობა წამიკითხავს თურმე:) კარგად წერთ! აზრიანად და მშვენიერი იუმორით. "პირ-ბედნიერი":) პირველივე ღამით არშემდგარი და მერე სამდღიანი მეგობრობაც კარგი იყო:) თქვენი ყველა ემიგრანტული მოთხრობა წამიკითხავს თურმე:) კარგად წერთ! აზრიანად და მშვენიერი იუმორით. "პირ-ბედნიერი":) პირველივე ღამით არშემდგარი და მერე სამდღიანი მეგობრობაც კარგი იყო:)
1. ბოლომდე მესმის ეს ყველაფერი. ძალიან კარგია ბოლომდე მესმის ეს ყველაფერი. ძალიან კარგია
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|