| ავტორი: ონისე_ოკ ჟანრი: პროზა 6 სექტემბერი, 2012 |
20 წამიანი დუმილი ისევ თეომ დაარღვია – ალბათ ეს კითხვა ბავშვებისთვის მოულოდნელი იყო ან უბრალოდ პირველად ლაპარაკისა მოერიდათ – იცით?.. მე ჩემს თავზე არ გამომიცდია ჭეშმარიტი სიყვარული – აქ ცოტა მოიღუშა და წამოწითლდა– მაგრამ დაახლოებითი წარმოდგენა მაინც მაქვს. ჩემი აზრით სიყვარული ორგვარია. დედაშვილურ–დაძმური და ქალისა და მამაკაცის. კიდევ შეიძლება ამ განშტოებების გაშლა და განზოგადება მაგრამ დამეთანხმებით რომ ეს არის სიყვარულის ორი ძირითადი ფორმა. ფილმებიდან და წიგნებიდან ვიცი, რომ ქალისა და მამაკაცის სიყვარული უფრო ვნებითა და ემოციებით აღსავსეა – კლასის ნაწილმა ოდნავ ჩაიცინა, მეორე ნაწილმა კი ისევ სერიოზული გამომეტყველებით გააგრძელა მისი მოსმენა – ხოლო დაძმური და დედაშვილური სიყვარული უფრო სხვანაირია. ზუსტად არ ვიცი როგორ ავხსნა ეს სიტყვებით. მე მყავს დაცა და ძმაც, ორივე მიყვარს და ორივესთვის გავწირავდი თავს. ალბათ ესაა და ძმური სიყვარული. თავგანწირვა სინანულის გარეშე... თეო სკამზე მძიმედ დაეშვა და თვალები დახარა, მაშინვე რაღაცის ხატვა დაიწყო, ალბათ, უხერხული სიჩუმისგან თავის დასაცავად. ახლა კლასი მასწავლებლის შეფასებას ელოდა, როგორც იქნა ხმა ამოიღო: „გასაგებია თეო. მომწონს შენი გულწრფელი საუბარი და ყოველთვის დიდ სიამოვნებას მანიჭებს მისი მოსმენა. დაიხსომეთ ბავშვებო – მეგობრული ღიმილითა და ტონით გააგრძელა მან – გულწრფელობა უმთავრესია. ყოველთვის გულწრფელები იყავით და არასდროს ილაპარაკოთ შეფარვით. არასდროს შეგრცხვეთ თქვენი აზრის თქმის, რაც არ უნდა სისულელედ გეჩვენებოდეთ. იყავით გულწრფელები და დამერწმუნეთ, გარშემო მყოფ ადამიანებზე არასდროს დატოვებთ ცუდ შთაბეჭდილებას.“ ეს თქვა და ისევ კეთილად გაიღიმა, – სწორედ ამიტომ უყვარდა ის ყველა მოსწავლეს, სკოლაში არ არსებობდა ადამიანი მანანა მასწავლებელზე ცუდი ეთქვას – ახლა მზერა ზურასკენ გადაიტანა: „შენ რას ფიქრობ ზურა? რა არის სიყვარული?“ –სიმართლე გითხრათ მაგრად არ მევასებიან ეს შეყვარებული წყვილები, ერთმანეთს თავზე დაფოფინებენ და აღარ იციან რა ქნან. და საერთოდ... აქ სიტყვა გიორგიმ გააწყვეტინა: ‘’ ჩვენ სიყვარულზე ვლაპარაკობთ და არა იმაზე თუ როგორ გამოხატავენ ამ გრძნობას სხვადასხვა ინდივიდები. თემიდან უხვევ და ბოლოს როგორც ყოველთვის დემაგოგიას ვერ აცდები. ამიტომ ჯობს თვითონ გრძნობაზე ილაპარაკო და არა მის გამოხატვის ფორმებზე, კაი? – მოუჭრა ცივად და გამარჯვებულის სახით მიაცქერდა. ზურამ ზიზღით გახედა და უთხრა: მჭერმეტყველება გეხერხება და სხვა ადამიანის მოსმენა და მისი აზრის პატივისცემა არა. შენ რა იცი მე როგორ ვაპირებ დისკუსიის გაშლას. ამიტომ ხელს ნუ მიშლი, კაი? – აქ გიორგიმ გადაწყვიტა ხმა აღარ გაეცა. თვალებში ზუსტად ამოიკითხავდით რასაც ფიქრობდა: „ამ იდიოტთან ლაპარაკს აზრი არა აქვს... ილაპარაკოს რამდენიც უდნა. ყველამ იცის რო სისულელეებს როშავს, თვითონაც ხვდება მარა მაგარი ეგოისტია, ღმერთმანი...“ ზურამ გააგრძელა: ხოდა სად ვიყავი. ჩემს ძმაკაცს უყვარდა ერთი გოგო და თუ იცით რისთვის დაშორდნენ? იმისთვის რომ ამ გოგოს მესიჯს ვერ უპასუხა, ნუ რა თქმა უნდა ეს კამათის დასაწყისის წვეთი იყო, შემდეგ გაცეცხლებულებმა ისეთი რაღაცეები უძახეს ერთმანეთს ახლა ერთმანეთს თვალებში ვეღარ უყურებენ. ამას თუ გინდათ სიყვარულის გამოხატვის ფორმა ეძახეთ – წამით გიორგის შეხედა – და თუ გინდათ თავად სიყვარული. ჩემთვის სრული სისულელეა. გადაყვები წლები ვიღაც გოგოს, უამრავს ფულს დახარჯავ მისი საჩუქრებისთვის და ერთ დღეს, უმიზეზოდ ისე დაგშორდება პირღიას დაგტოვებს. ჩემ მეორე მეგობარს კიდევ იცით რაზე დაუწყო ჩხუბი ერთმა? კაფეში იყვნენ და ამ ბიჭმა ხელები არ დაიბანა მაგიდასთან დაჯდომის წინ. იქ... ხალხის წინ... წივილ კივილი დაუწყო. – ეგ უეჭველი ქალწული იქნებოდა ზოდიაქოთო – წამოიძახა მარიამმა რომელსაც ძალიან უყვარდა ასტროლოგია და ზოდიაქოებშიც ასე თუ ისე ერკვეოდა – კითხე მერე იმ შენს მეგობარს. თუ ეგ გოგო 22 აგვისტოდან 23 სექტემბრამდეა დაბადებული, არ შევმცდარვარ – და საყვარლად ჩაიცინა. ეს კომენტარი ყველამ უკომენტაროდ დატოვა. საუბარი ისევ ზურამ გააგრძელა:“ხოდა ასე, ამას ვფიქრობ. ნამდვილი სიყვარული შეიძლება მართლაც მაგარია, მაგრამ მაგაზე რა ვთქვა არ ვიცი“... „აი დემაგოგია – წამოხტა გიორგი, თითქოს ამ მომენტს ელოდებოდა მთელი ეს ხანი – მაინც ვერ აცდი მაგას, ხომ ვამბობდი.“ ზურამ ხელი ჩაიქნია და სკამზე დაჯდა. მანანა მასწავლებელმა ორივე ბიჭს თვალი მოავლო და თქვა: “ბავშვებო, ჩემი პირადი თხოვნა იქნება სულ ერთმანეთის წყენა ნუ გაქვთ გულში – და რიგრიგობით შეხედა ისევ ორივეს, დადუმდა, გაიღიმა და გააგრძელა – კარგით. ახლა გავიგოთ ბექა რას ფიქრობს ამის შესახებ. – მე არ შემიძლია ამაზე საუბარი... იცით?.. მაპატიეთ მაგრამ... მე არც დაძმა მყავს და არც შეყვარებული მყოლია ოდესმე... უფრო სწორედ რომ ვთქვა შეყვარებული არც ვყოფილვარ... გასაკვირია არა? კი გასაკვირია მაგრამ ფაქტია... მაპატიეთ მასწავლებელო, ვერაფერს ვიტყვი. შეიძლება დავჯდე? მანანა მასწავლებელმაც რა თქმა უნდა აარიდა უხერხული სიტუაცია ბექას და დაჯდომის უფლება მისცა. ბექა ის იყო უკვე უნდა დამჯდარიყო სკამზე, რომ უცებ წამოდგა და დაიწყო: ‘’ერთი რაღაცის ვარაუდის უფლება შემიძლია მივცე ჩემს თავს – და კლასს გაბედულად მოავლო თვალი – მე დარწმუნებული ვარ რომ მანანა მასწავლებელს ჩვენ ყველა ვუყვარვართ. ყველა უკლებლივ. გეფიცებით წუთის წინ გულწრფელი ვიყავი, მართლა არ ვიცოდი რა მეთქვა, ეს ახლა, ახლა, დაჯდომისას ვიგრძენი, თქვენი სიყვარული ჩემდამი. არ ვიცი რატომ. უბრალოდ ვიგრძენი. ხომ ხდება ხოლმე ასე? უბრალოდ და უსაფუძვლოდ რომ ვგრძნობთ რაღაცას. მეც ასე მომივიდა. დიახ ბავშვებო, ჩვენ მანანა მასწავლებელს ძალიან ვუყვარვართ!..“ აი ეს კი მართლა გულწრფელი სიტყვა იყო და ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მანანა მასწავლებელს გულიდან სიცილის ტალღა წამოუვიდა, ბედნიერი სიცილისა – აი ისეთის წიგნში ან ფილმში ბოროტი პერსონაჟი რომ დაიღუპება და სიცილი რო გვინდება – მან თავი შეიკავა და ოდნავ ჩაიცინა, რადგან ასეთ დროს სიცილი ცოტა არ იყოს უდროო იქნებოდა. – დიდი მადლობა ბექა, არც კი ვიცი რა ვთქვა, დიდი მადლობა. მე მართლა ყველანი მიყვარხართ – მიხვდა რომ ეს სენტიმენტალური სცენა დიდი ხანი არ უნდა გაგრძელებულიყო და ისევ სერიოზული სახე მიიღო – კარგით ბავშვებო. გავაგრძელოთ. მარიამ... მარიამ... შენ ყოველთვის განსხვავებული აზრი გაქვს, ყოველთვის – და ჩაიცინა – საინტერესოა სიყვარულზე რას ფიქრობ, აბა თუ წინააღმდეგი არ ხარ გაგვანდე შენი ნააზრევი ამასთან დაკავშირებით – გაიღიმა, სათვალე მოიხსნა და მოსასმენად მოემზადა, იცოდა რომ ამ ბავშვისგან რამე საინტერესოს მოისმენდა, ყველამ იცოდა. – ზუსტად ამას წინებზე ვკითხულობდი მაგის შესახებ. თუ სწორად მახსოვს სიყვარული სამი ფაზისგან შედგება. პირველი ეტაპი – ლტოლვა, მეორე ეტაპი – მიზიდვა და მესამე... მესამეე – აქ ცოტა გაწელა სიტყვა და დაფიქრდა – ჰო, ჰო, დამოკიდებულება და ერთგულება. როდესაც ადამიანი შეყვარებულია მასში გამოიყოფა ჰორმონები რომელთა მოქმედება ნარკოტიკების მოქმედების ადეკვატურია. ზოგი ადამიანი თვლის რომ სიყვარული დაავადებაა. ნუ ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ჰიპოთეზებია და ზუსტად არავინ იცის რა ხდება ამ დროს ადამიანის თავს. ლევ ლანდაუ, საბჭოთა კავშირის ცნობილი მეცნიერი ფიქრობდა რომ ყველა ადამიანი არის სრულიად თავისუფალი. ქორწინება ადამიანის თავისუფლების ხარისხს არ უნდა ზღუდავდეს და ღალატი არ უნდა აღიქმებოდეს დანაშაულად. ზოგი ფიქრობს რომ ლანდაუ ფიზიკაზე ზედმეტმა ფიქრმა გააგიჟა, ზოგი კი ამ თეორიას საკმაოდ ჭკვიანურად აღიქვამს. ჰო, და კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი, ლანდაუმ თავის ცოლს, კირას თუ კორას... ზუსტად არ მახსოვს... მოკლედ თავის ცოლს გააცნო ახალგაზრდა ფიზიკოსი რომელთანაც შემდეგ ამ ქალს ვნებიანი რომანი ჰქონდა. ოშო ფიქრობდა რომ თუ შენ ვიღაც გიყვარს, მაშინ არაფერია ცუდი იმაში რომ ეს ადამიანი რაც შეიძლება მეტ ადამიანს უყვარდეს. შეიძლება ვინმემ დამძრახოს, მაგრამ მე ლანდაუს ვერსიას ვეთახმები. მგონი-ი მოვრჩი – გაიღიმა და ნაზად დაჯდა სკამზე. მანანა მასწავლებელი გაკვირვებული იყო მარიამის ინტელექტის დონისა და მისი ასაკის შეფარდებით, – ყოჩაღ მარიამ. არც ამჯერად გამიცრუე იმედები – და შეხედვით აგრძნობინა რომ ამ საკითხზე კიდევ დაელაპარაკებოდა ოდესმე. სათვალე გაიკეთა, კალამი აიღო და ბლოკნოტში რაღაცა ჩაინიშნა, შემდეგ ისევ ამოიხედა და კლასს მზერა მოავლო, 4 ბავშვიღა იყო დარჩენილი ვინც სიტყვა არ თქვა. ბოლოს არჩევანი ისევ ლუკაზე გააჩერა. ლუკა ცოტა უცნაური ბავშვი იყო, ყოველშემთხვევაში მისი თანაკლასელების თვალში. ყოველთვის მარტო იყო და არავის ელაპარაკებოდა. მისი მერხი რომ გენახათ... სულ ფაშისტური იდეოლოგიის მატარებელი ნახატებითა და ფრაზებით იყო სავსე. 10–ზე მეტი სვასტიკა მაინც ეხატა, სხვადასხვა ზომის. კიდევ ათასგვარი ფრაზები, როგორებიცაა: „Heil hitler”, “Sieg Heil” და ა.შ და ა.შ. მერხის მარჯვენა კუთხეში დიდი ფაშისტი მოღვაწეების დაბადებისა და გარდაცვალების წლები ეწერა. ყველაზე მუქად რა თქმა უნდა ჰიტლერის. ამ „საპატიო“ სიის გარშემო 5 სვასტიკა დაეხატა, ძალიან ლამაზად და სიმეტრიულად. იშვიათად ლაპარაკობდა, მაგრამ ხმას თუ ამოიღებდა ყოველთვის ფაშიზმსა და გერმანიას ასხავდა ხოტბას. ახლაც, ნელა, ზლაზვნით წამოდგა და დაიწყო: – ‘’მე არ მჯერავს იდეალური სიყვარულისა და ჰუმანიზმის იდეის. დიდი ჰიტლერი ფიქრობდა რომ ჰუმანურობა სისულელისა და სიმხდალის გამოხატვაა. მე ჰიტლერისა მჯერა! ‘’ თქვა და ადგილზე დაჯდა. მართალია მანანა მასწავლებელი არ ეთანხმებოდა ლუკას მოსაზრებას მაგრამ იმასაც მიხვდა რომ ახლა მისი სიტყვა სხვა ბავშვებს გამბედაობას შემატებდა და ისინიც შეეცდებოდნენ ლუკასთან შეკამათებას და მის უხერხულ სიტუაციაში ჩაყენებას, ამიტომ არჩია უბრალოდ გაეღიმა და ეთქვა რომ მისი აზრი გასაგები და პატივსაცემია. მართლაც რომ იდეალური ადამიანი იყო, ღმერთმანი. – კარგით გავაგრძელოთ. თეკლა, საყვარელო, შენ არ გვეტყვი რამეს? თეკლა პირდაპირ ვთქვათ – ძალიან საცოდავი ბავშვი იყო. ოჯახში მისი ბებია ზრდიდა, მამა გარდაცვლილი ჰყავდა და დედა საზღვარგარეთ. ნუ შეგვიძლია ვთქვათ რომ დედა არ ჰყავდა, რადგან საერთოდ არ ეხმარებოდა. ალბათ ის ქალიც ერთერთი ისეთ დედათგანი იყო, მხოლოდ მაშინ რომ ჩნდებიან როდესაც მათი შვილები წარმატებას აღწევენ. ასეა სამწუხაროდ... ადამიანები სანამ ერთმანეთში სარგებელს ხედავენ იქამდე ცდილობენ ერთმანეთის შენარჩუნებას... ზოგში ეს ცნობიერად ხდება ზოგში არაცნობიერად, შედეგი მაინც ერთი და იგივეა. თეკლა პუტკუნა და შეუხედავი გოგონა იყო, არავინ ცდილობდა მასთან დაახლოებას, ასე ვთქვათ აუტკივარ თავს არ იტკივებდნენ. ხშირად მიდიოდა სკოლიდან სხვადასხვა მიზეზით, ხან მუცელი სტკივდებოდა, ხან თავი, ხან უბრალოდ იმას ამბობდა რომ არ უნდა სკოლაში და დირექციაც უშვებდა. არც დირექციას აინტერესებდა მისი ბედი... ხანდახან იფიქრებდი რომ არც თვითონ ადარდებს თავისი ბედი და რა გასაკვირია რომ სხვაც იგივენაირად ფიქრობდეს მასზე. გაკვეთილის მოსაყოლად რომ აყენებდნენ დაფასთან ვერ გამოდიოდა, თავდახრილი იდგა და მოყოლას ვერ იწყებდა. ფიზიკის მასწავლებელი ერთი ნერვიული ქალი იყო, ყოველთვის ეჩხუბებოდა და გესლიან სიტყვებით ამკობდა, იმას კი ვერ ხვდებოდა რომ ამ ბავშვზე რამხელა გავლენას ახდენდა მისი სიტყვების რახარუხი. თეკლა თითქმის ყველა ფიზიკის გაკვეთილზე ტიროდა, ყველა გაკვეთილზე იძახებდა ეს ქალი და ყველა გაკვეთილი ერთნაირად მთავრდებოდა. საშინელი სანახავი იყო, ბავშვებს ეცოდებოდათ მაგრამ ჯერ ისეთი ადამიანი არ გამოჩენილა მათ კლასში რომ მისთვის თვალები აეხილა, კომპლექსები მოეხსნა და ცხოვრების აზრი დაენახებინა. როგორც ჩანს ამ საუბარს თეკლასთვის არასასიამოვნო მოგონებები ამოუტივტივებია მის გონებაში და ფეხზე არც ამდგარა ისე იკივლა: ‘’ტანჯვაა სიყვარული ტანჯვა!.. საშინელება! ორჯერ მიყვარდა სულ ცხოვრებაში და ვერც ერთხელ მათ თვალებში ვერ ვუყურებდი. რა აზრი ქოდნა რომ შემეხედა, ისინი ხომ არასდროს მიყურებდნენ. არავინ არასდროს მიყურებს, არავინ!..“ და ცრემლები წამოუვიდა. ყველამ, გულწრფელი შეცოდების გამოსახატავად გულიდან ოხვრა ამოუშვა და სახეზე ხელები აიფარა. არც ახლა უნდოდა ვინმეს მისთვის თვალებში შეხედვა, მათ შერცხვათ, ოღონდ რისი არ იცოდნენ. უბრალოდ თეკლას წინაშე თავი დამნაშავედ იგრძნეს. მასწავლებელმაც აღარ იცოდა რა ეთქვა. მივიდა, თავზე ხელი გადაუსვა და მის დამშვიდებას შეეცადა. ეს სცენა 5 წუთი მაინც გრძელდებოდა, ხმა არავის ამოუღია თეკლასა და მასწავლებლის გარდა. როგორც იქნა ტირილი შეწყვიტა. მასწავლებელი ადგილს დაუბრუნდა, ისევ რაღაც ჩაინიშნა და ახლა ალექსანდრეს სთხოვა მისი აზრის ჩამოყალიბება. მანანა მასწავლებლის გარდა, სკოლაში ალექსანდრეს ყველა სანდროს ეძახდა, მასწავლებლებიც და მოსწავლეებიც. სანდროს თავიდან ეს არ მოსწონდა მაგრამ შემდეგ მიეჩვია, ის ფაქტი რომ მანანა მასწავლებელი ყოველთვის ალექსანდრეს ეძახდა უდიდეს სიამოვნებას ანიჭებდა. ის ფეხზე წამოდგა, პერანგი გაისწორა და საუბარი დაიწყო: – ბევრნაირი მოსაზრება გავიგე ამ გაკვეთილზე სიყვარულთან დაკავშირებით. მარიამი თვლის რომ სიყვარული ნარკოტიკია, ლუკა კი ფიქრობს რომ ეს სიმხდალის და სისულელის გამოხატულებაა. ეშმაკმაც დალახვროს! თქვენ ლაპარაკზე ჩარლი ჩაპლინის სიტყვები მახსენდება: თქვენ ბევრს ფიქრობთ და ცოტას გრძნობთ. როგორ შეიძლება ისეთ წმინდა ადამიანურ გრძნობაზე, როგორიც სიყვარულია მეცნიერულად იმსჯელო. მეცნიერული მსჯელობა შეიძლება დიდი აფეთქების თეორიაზე ან თუნდაც იმაზე თუ როგორ ხდება ბაყაყის განაყოფიერება, მაგრამ სიყვარულზე? ჩვენ ხომ ჩვენს მკერდში გული გვაქვს, გული რომელსაც სიყვარული შეუძლია. როგორ შეგვიძლია ვთქვათ რომ ეს სისულელეა, როდესაც ამ სიტყვით ყველაზე აზრიან რაღაცას ვახასიათებთ. იცით? 15 წლისა ვარ და სულ ერთხელ მყავდა შეყვარებული. ერთადერთხელ. და სულ ერთხელ ჩავეხუტე მას. იქამდე სულ ისეთი შეგრძნება მქონდა რომ ფილტვებში ჰაერი ბოლომდე არ ჩამდიოდა, მაგრამ როცა ჩავეხუტე და მისი გულისცემა ვიგრძენი, მივხვდი რომ ეს ის მომენტი იყო როდესაც ჩემი ფილტვები ბოლომდე შეძლებდა ჰაერის შესუნთქვას. და მართლაც, შევისუნთქე ბოლომდე, მთელი გრძნობით და ჰაერი ბოლომდე ჩავიდა, ისსიცარიელე ამომივსო, ამომივსო და როცა ამოვისუნთქე ის სიცარიელე აღარ არსებობდა. ის სიცარიელე იქამდე იყო ამოვსებული სანამ ერთად ვიყავით. რომ დავშორდი, დროთა განმავლობაში ისევ დაცარიელდა და დღემდე ასეა იმის ლოდინში რომ კიდევ გამოჩნდება ისეთი ადამიანი რომელიც ჩამეხუტება და იმ ადგილს ამომივსებს... თქვენ ალბათ არცერთს არ გამოგიცდიათ ეს და ამიტომ საუბრობთ ასე ამ უდიდეს გრძნობაზე. მოვა დრო და შეგრცხვებათ ზოგ–ზოგიერთებს. და დაჯდა. ყველა აღტაცებული იყო. თავადაც კი, ეს სიტყვები სულ გულიდან მოდიოდა, ეტყობოდა. ყველამ შეამჩნია. თავადაც. არ ფიქრობდა ისე საუბრობდა. ისეთი მომენტი შეიქნა მის თავს როდესაც სიტყვები გულიდან მოდის და არა ტვინიდან. მან თავი ხელებში ჩარგო – შეიძლება იმიტომ რომ თავისი თავით აღტაცებული იყო და ეს აღტაცება სისუსტედ მოეჩვენა – რადგან ამტკიცებდა რომ ადამიანი თავისი აზრთ არ უნდა ამაყობდეს იმიტომ ყველა ადამიანის აზრში შეიძლება იყოს რამე ჭკვიანური და თავისუფალ აზროვნებაში არაფერია საამაყო – არ უნდოდა ამ სისუსტის თვალებში ჩახედვა რადგან წამით იფიქრა რომ შეიძლებოდა მას თვალები დაეწვა მისთვის. არც შეხედა და სისუსტეც მალე გაქრა ადგილიდან რადგან მიხვდა რომ ალექსანდრეს თვალების დაწვას ვერ მოახერხებდა, ყოველშემთხვევაში, ახლა მაინც. ამ დროს ზარიც დაირეკა. ბავშვები წამოიშალნენ და ბუფეტში გაიკრიფნენ. ერთი თეკლა დარჩა ძველებურად მარტო. თვალები საეჭვოდ უელავდა, გეგონებოდა ალექსანდრესი შეშურდა რადგან ახლა მიხვდა რა აწუხებდა ყოველი ჩასუნთქვის დროს. ის მასწავლებელთან მივიდა და მთელი ძალით ჩაეხუტა, ატირდა, მთლიანად ცრემლად იქცა, ხმამაღლა ატირდა, მასწავლებელიც ატირდა. თეკლამ ჰაერი შეისუნთქა და სიყვარული იგრძნო. სიყვარულმა სიცარიელე ამოუვსო. თეკლა გაბედნიერდა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. ყოჩაგ ავტორს.. მომეწონა
ყოჩაგ ავტორს.. მომეწონა
9. ძალიან მომეწონა, ყოჩააღ, ძალიან მომეწონა, ყოჩააღ,
8. ვა მართლა? :D დიდი მადლობა )) ვა მართლა? :D დიდი მადლობა ))
7. მშვენიერია, მშვენიერი. ყოჩაღ ავტორო. ორჯერ წავიკითხე და ორჯერვე მომეწონა. მშვენიერია, მშვენიერი. ყოჩაღ ავტორო. ორჯერ წავიკითხე და ორჯერვე მომეწონა.
6. მომეწონა მეც...:) მომეწონა მეც...:)
5. მადლობა ყველას))
არმენ, კი მართალია დაახლოებით ასე გავთვალე :D )) მადლობა ყველას))
არმენ, კი მართალია დაახლოებით ასე გავთვალე :D ))
4. ძალიან მესიამოვნა ახლა ამის წაკითხვა და ხუთიანს ვტოვებ. მანანას ვეთანხმები და აქვე იმას დავამატებ, რომ ალექსანდრე ავტორის პროტოტიპი მგონია :) ძალიან მესიამოვნა ახლა ამის წაკითხვა და ხუთიანს ვტოვებ. მანანას ვეთანხმები და აქვე იმას დავამატებ, რომ ალექსანდრე ავტორის პროტოტიპი მგონია :)
3. ბავშვის ხელწერა ეტყობა, მოაზროვნე კი ხარ, თანდათან დაიხვეწები. ბავშვის ხელწერა ეტყობა, მოაზროვნე კი ხარ, თანდათან დაიხვეწები.
2. აღარც ხუმრობ,ოკე..მე ძალიან მომეწონა....ყოჩაღ! აღარც ხუმრობ,ოკე..მე ძალიან მომეწონა....ყოჩაღ!
1. მომეწონა მე ეს ! ++ მომეწონა მე ეს ! ++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|