ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: საკანი 17
ჟანრი: პოეზია
13 სექტემბერი, 2012


გაზაფხულის საგალობელი

შემოვიპარე იმ ოთახში, სადაც ოდესღაც
ეძინა სიმშვიდეს ნეტარების ცისფერ ბურუსში
და გავიხედე ძველი ფანჯრისკენ,
რომელიდანაც თურმე ოდესღაც
გადაუხედავს იესოს დედას
და შეუხედავს დედამიწისთვის,
დაულოცია მიწა და ზეცა
და უტკბილესი ბაგეებით
უგალობია გაზაფხულის საგალობელი,
გახარებია ჩვენი გონების ფაქიზი ლოცვა,
შებრალებია ყველა ღატაკი, საწყალობელი…
მივუახლოვდი ობიან კედელს,
გადავიხედე ძველი ფანჯრიდან
და გაოცების ჩამესო დანა:
შეცვლილა ბედის თამაშობანი მომაკვდავ გულში,
ავადმყოფობის შემოიჭრა მყრალი სურნელი
და იმედების ჩამოსახრჩობი გაკვანძა ყულფი.
მოვწყდი ფანჯარას და დავინახე
სიცარიელით ამოვსებული დამპალი სული,
ვერ გავიგონე წმიდა მიწიდან ზარების რეკა,
მხოლოდ ფიქრებში წარმომიდგა რომის ეტლები,
უწინ რომ ჰქროდნენ უგზოდ და უკვლოდ,
როგორც ცოდვებში მოხარშული ჩვენი გონება.
წარმომედგინა მომავალის მძიმე ჭაობი
და ამ ჭაობთან გახარებული მზესუმზირები.
ვერ შეგპირდები, რომ ვინმე გაწმენდს ობიან კედლებს,
ვერ შეგპირდები ვერც უიმედო სიტყვების ძალას,
ვერ შეგპირდები, რომ იმ ფანჯრიდან გადახედვისას
ან შენ და ან მე ლამაზ სამყაროს რომ დავინახავთ.
მხოლოდ ვილოცებ დაღლილი გულით, იქნებ ოდესმე
ისევ მოვიდეს ამ ოთახში ტკბილი მშობელი,
გადაიხედოს ისევ და ისევ ძველი ფანჯრიდან
და იგალობოს გაზაფხულის საგალობელი.

ისე, საჭიროდ ჩავთვალე აქვე მივუთითო, რომ ოთახში ადამიანის გულს ვგულისხმობ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს