ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნათია პაპიძე
ჟანრი: თარგმანი
27 სექტემბერი, 2012


== ოქროცერცვას სამეფო ქრონიკები == (სადღეისო)

ანდრეი შიპილოვი




  ო რ შ ა ბ ა თ ი:
  იმპერატორ ოქროცერცვას სამეფო კარზე კვირის ამ დღეს თავებსა ჭრიდნენ.
შეგნებულად ამ საქმიანობისთვის შემაღლებულზე ეშაფოტი მოეწყოთ და იმპერატორი, ჭიქა ჩაით ხელში, საკუთრივ ადევნებდა თვალსა და ყურს – როგორ მხიარულად, ბურთივით და რიგ–რიგობით ისკუპებდნენ–ხოლმე ბოროტმოქმედთა წაჭრილი თავები რიყის ქვით მოკირწლული ხიდიდან და ნელ–ნელა როგორ მცირდებოდა რიგი ეშაფოტის მისადგომთან.
ისეც ხდებოდა, მეფე ამაღლებულ განწყობაზე იყო და ეზოში ჩასვლას და მსჯავრდებულებთან მოწყალე და საამო საუბარსაც ინებებდა.
_ რისთვის მოგესაჯა,ძმაოო...? _ თანაგრძნობით ჩაეკითხებოდა მომდევნო მსხვერპლს.
_იცით რააა,თქვენო უმაღლესობავ..._ თვალდახრით უპასუხებდა ისიც,_ ასე და ასეო, ღამით ბუნებრივი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად გამოვედიო. ღობეზე მიკრული თქვენი უმაღლესობის პორტრეტი ვერ შევნიშნე და უკაცრავად კი ვარ,მაგრამ...ზედ მივაშარდეო.
_ ოჰ, არ მოგსვლია კარგი ამბავი და ბედიც არ გქონია შენო,_ დანანებით ეტყოდა ოქროცერცვა,_ახლა კი,მისდექ. მიჰყევ რიგს, თორემ ხომ ხედავ, კიდევ რამდენი დგას შენს უკან და რამდენი გელოდებაო.
_ იქნებ და...შეგეწყალებინეთ,თქვენო უდიდებულესობავ,ჰააა?..._ მორცხვად ამოხედავდა ტუსაღი.
_ეგ როგორ იქნება?! როგორ თუ – შეგიწყალო?! – გაიკვირვებდა იმპერატორი,_ ეგრე ხომ, თანმიმდევრობა დაირღვევა. წესი და რიგი, კიდევ, ყველაფერში საჭიროაო. არა და ვერა. მიდი,მიჰყე მაგ კაცს... მოიცა, შეჩერდი! ...აჰაა, შენ თხუთმეტკაპიკიანი, იმ ჯალათს მისცემ არაყისთვის,მანამ... სანამ... იმას გააკეთებდეს ...იცი შენ,რასაც...!
რამოდენიმე წამში ჯალათის ნაჯახი ტკაცუნით იჭრებოდა ოქროცერცვასთან  მოსაუბრე ტუსაღის კისრის მალებს შორის.  თავად მმართველი, კი  თავისი ჯერის და რიგის მოთმინებით მომლოდინე სხვა მსჯავრდებულს მიუბრუნდებოდა–ხოლმე დაყვავებით.
    ს ა მ შ ა ბ ა თ ი:
  აი, სამშაბათობით კი, ოქროცერცვა თავის ხალხთან შესახვედრად გადიოდა დედაქალაქის მოედანზე. და თან ისე, რომ მისი მისვლა სრულიად მოულოდნელი უნდა ყოფილიყო, აქაოდა, დადგმული სცენები და სანახაობა არ მომიწყონო.
_ აბა,ხალხო, როგორ ხართ და როგორ ცხოვრობთო?– ალერსით ჰკითხავდა იმპერატორი.
_ კარგად გვეცხოვრება, თქვენო უმაღლესობავ!_ მოისმოდა კანტი–კუნტად და მოედანზე შეკრებილნი მეფის ბრგე და ახოვან გარემოცვას შეავლებდნენ–ხოლმე თვალს, ისე, ყოველი შემთხვევისთვის,_ ღმერთმა ინებოს და თქვენი თავი გვიმყოფოს მხნედ და ჯანზე, კიდევ დიდხანს გემართეთ და მეტ ხანს გემეფოთ ჩვენზე. აი, მაშინ კი, სრული და უნაკლო იქნებოდა ჩვენი სიხარული და ბედნიერებაო.
_ ჰოდა, ძალიანაც კარგიო,_ მოწყალედ უღიმოდა იმპერატორი,_ მასე მინდა და მასე მიხარია მეცო. მომწონს ჩემი ხალხის კმაყოფილებაო. მეც ხომ თქვენი საფიქრალი მეფიქრება და თქვენთან ერთად მედარდება სადარდებელიო. მაგრამ... რომელიმეს სათხოვარი ხომ არაფერი გაქვთ, ან წინადადება. გისმენთ. არ შეგეშინდეთ. აქ ყველა ერთნი და ერთმანეთისთვის ვართო.
_ პური, მეფეო, პური საერთოდ აღარ მოგვეპოვებაო_ შეშფოთებით დაიჩივლა ხალხმა,_ჩვენ კი ვართ მიჩვეული,მაგრამ ბავშვებიო....
_ აბა,თუ იცით რატომ არაა პურიო?!– შუბლს იჭმუხნის იმპერატორი_ არ შრომობთ საკმარისს და იმიტომო. ასე რომ, თქვენი ხელის საქმეა ეგ. ერთად თუ მივადგებით და ერთად შევუდგებით საკეთებელს – ყველაფერიც საკმარისი გვექნებაო. მიხვდით თუ ვერა გაგიგიათ რაო?
_ ჩვენ კი გავიგეთ, თქვენო უდიდებულესობავ, მაგრამ, ბავშვებს რა ვუყოთ, იმათ როგორ ავუხსნითო?
_ ნახეთ თქვენც, რაღა, სადარდებელიო. პურის ნაცვლად ორცხობილები უყიდეთ, ან ფუნთუშები, ტკბილი ნამცხვრები. ეგ მეტად გემრიელიცააო.

  ო თ ხ შ ა ბ ა თ ი:
  მეფე ოქროცერცვას ქვეშევრდომებს ძალიან უყვარდათ ჯოხი.
  ყველა კი არა, კონკრეტულად ერთი სახრე, რომლითაც დისციპლინის დასამყარებლად როზგავდნენ და როზგავდნენ დაუზოგავად. არ იფიქროთ, უსაქმურები ან უქნარები ყოფილიყვნენ. უბრალოდ, როზგის გარეშე ვერა და ვერ მუშაობდნენ და ეგ იყო და ეგ, მხოლოდ.
იმპერატორი,თავისი ბუნებრივი პიროვნული სათნოების გამო, იცოდებდა და ინდობდა  ხალხს და ნამდვილად ცდილობდა როზგისთვის საერთოდ არ მიემართა,მაგრამ სხვაგვარად არ გამოდიოდა და ვერც იქნებოდა სხვანაირად: დისციპლინა და წესრიგი ირღვეოდა, ქვეყანა განვითარებას წყვეტდა და ეკონომიური კრიზისი გარდაუვალი იყო. აი, მაშინ, ქვეშევრდომები თავად გამოხატავდნენ შეშფოთებას: „რაშია საქმე? რატომ არავინ გვცემს? სამაგისო რა გაგჭირვებიათ,თქვენო უდიდებულესობავ! რატომ არ აიღებთ სახრეს ხელში და რატომ ერთი კარგად არ გაგვროზგავთ,თუ ღმერთი გწამთო?! “
  ამიტომ იყო, რომ ოქროცერცვას მკაცრი მითითებით, ყოველ ოთხშაბათს უფროსი მსახურები კეტს იღებდნენ ხელში და გემოზე ბეთქვავდნენ მოქალაქეებს.
  ხ უ თ შ ა ბ ა თ ი:

  იმპერატორის ქვეშევრდომებს შორის ექსტრემისტებსაც შეხვდებოდით, სულ „თავისუფლება“ რომ ეკერათ პირზე.
მეფე არც თავად იყო წინააღმდეგი თავისი ხალხისთვის თვისუფლება მიენიჭებინა, მაგრამ საქმე იმაში იყო, რომ მართალია, თავისუფლება უყვარდათ მის ქვეშევრდომებს, მაგრამ მისი არსი არასწორად ესმოდათ და მათთვის თავისუფლება „არაფრის კეთების“ შესაძლებლობა იყო მხოლოდ. ამიტომ, არაფრის დიდებით არ შეიძლებოდა მათთვის ამ უფლების მინიჭება. აბა, ვინღა იმუშავებდა მაშინ...? ექსტრემისტებს კიდევ, ამის გაგება რატომღაც სრულიად არ სურდათ.
  ასე რომ, მეფის ბრძნულ მითითებას მიყოლილი მსახურები, ხუთშაბათობით თავისუფლების მოყვარულებზე  ერთობლივ ნადირობას მართავდნენ.

პ ა რ ა ს კ ე ვ ი:
ოქროცერცვა თავის სამეფო დინასტიაში გამორჩეულად ჰუმანური მმართველი იყო. თავისი გმირი წინაპრებისგან განსხვავებით, ის არა მხოლოდ სჯიდა, არამედ თავისი მოწინააღმდეგეების შემწყნარებლურად შენდობაც შეეძლო.
ამიტომ იყო, რომ პრასკევობით მეფე საყოველთაო ამნისტიას უცხადებდა ყველას, ვინც მთელი კვირის მანძილზე გადარჩა. როგორი ღრეობით და ზარ–ზეიმით ხვდებოდა ხალხი ამ წყალობას! იმპერატორიც მათთან ერთად ზეიმობდა. ერთი კია, არასდროს ივიწყებდა პირად  უსაფრთხოებას და ყოველთვის მკაცრად აფრთხილებდა სამართალდამცავებს, წესრიგისთვის თვალ–ყური ედევნებინათ.
იმათ,კი, ვინც წესრიგის დამყარებისას გაიჭყლიტ–გაისრის–დაიბეგვა, მეფე ისევ და ისევ მოთმინებითა და გულმოწყალედ უსასყიდლოდ მარხავდა და ასაფლავებდა კომუნალურ ხარჯზე.

შ ა ბ ა თ –კ ვ ი რ ა:

შაბათს მთელი ქვეყანა წირვა–ლოცვას აღავლენდა იმათ მოსახსენიებლად, ვინც გასული კვირის განმავლობაში იმ ქვეყანას წავიდა და მიებარა უფალს.

კვირას კი, ისვენებდა ყველა და ყოველი, რათა განახლებული ძალებით შედგომოდნენ ცხოვრებას მეორე დღიდან.
ისვენებდა ყველა. გარდა იმპერატორისა. ის ამ დღესაც გაუნელებლად და დაუცხრომლად განაგრძობდა თავის ხალხზე ფიქრსა და მათ სიყვარულს.





http://lit.lib.ru/s/shipilow_a_m/99_chron.shtml


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები