ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქარონ
ჟანრი: პოეზია
29 სექტემბერი, 2012


უბრალოდ.

ასეთ ყაყანში ხელოვნებას სწავლობ დუმილის,
მერე როგორღაც მძიმე სიტყვებს მოახვევ ქაღალდს,
კვამლს ააყოლებ განაწამებ იდუმალებას
და შენც მსუბუქად აივნიდან აჰყვები მაღლა.
რა უნდა მოხდეს, რომ გაოცდე, როგორც ყმაწვილი,
ან მოხუცივით რომ მოგბეზრდეს ღამეც და დილაც,
დგას შენი სული აივანზე, სხეულგაცლილი,
ოთახის ფსკერზე შენს სულგაცლილ, მკვდარ სხეულს სძინავს.
სიტყვებს მთვარიდან მოუკიდებ და ღრმა ნაფაზით
ფილტვებს უგზავნი დუმილისფერ კვამლით მოკითხვას,
კვლავ გალუაზით ებრძვი სადღაც შენში სიბრაზეს,
მერე ღამის ცას დაღეჭილი კვამლით მოთითხნავ,
ჯოჯოხეთიდან ამოწვერილ მნათობს დაუცდი,
მდუმარე, მარტო ჩაუყვები მტკვრის სანაპიროს,
წამოგეწევა საკუთარი სხეული ბოძთან,
მომდევნო ბოძზე ჩამოხრჩობა რომ დააპიროს,
შენ კი აგროვებ მძიმე სიტყვებს, სად არ მიყრილებს,
ღამის აივანს რომ წაუღო, კვამლად აქციო,
სხეულგაცლილი შუაღამით დუმილს იყვირებ,
ნაფაზით დაწვავ უშნო სხეულს, სულს რომ აცვია.
24–03–2012. 01:24.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები