 | ავტორი: კაკტუსი ჟანრი: პროზა 9 ოქტომბერი, 2012 |
მოწყენილი საღამო იყო, მზის მცხუნვარე, წითელი დისკო უკვე ნახევრად მოფარებულიყო ჰორიზონტს და ის მცხუნვარება დაეკარგა, დღისით სულს რომ უხუთავდა ყველას , ის ეხლა უკიდურესად ლამაზი იყო. წითელი გავარვარებული ნახევარსფერო ნელნელა , ზანტად ეშვებოდა სადღაც ზღვაში, თითქოს მანაც ვეღარ გაუძლო თავისივე მცხუნვარებას და ზღვაში ჩახტომა გადაწყვიტაო. ზღვამაც სიამოვნებით მიიღო ეს ყველასთვის სასურველი სტუმარი, უფრო დამშვიდდა განაზდა და რიტმულ სუნთქვას მოჰყვა, პატარ-პატარა ტალღები ფაქიზად აწყდებოდნენ ქვიან ნაპირს, ტალღა ქვებს ერთმანეთს ახლიდა , ერთმანეთს ეჯიკავებოდნენ პატარა ჭრელი კენჭებიც მათი ბუტბუტი კლდეს ეჯახებოდა და უკანვე აგდებდა მათ ექოს. ეს ყოველივე აუღწერ სიამოვნებას ჰგვრიდა ადამიანის ყურს. ნაპირზე წყვილი იჯდა და ტკბებოდა ამ სანახაობით, მიუხედავად ლამაზი პეიზაჟისა , გოგო მაინც დაღვრემილი ჩანდა, მის მრგვალ სახეზე რაღაც სევდას დაედო ბინა, ცისფერ თვალებში ცრემლსაც შეამჩნევდით, ასე მოწყენილი აკვირდებოდა, თანდათან როგორ უჩინარდებოდა მზე, გაჰყურებდა მზის ოქროსფერ ბილიკს, რომელიც ტალღებზე გაწოლილიყო და მზეს თან მიჰყვებოდა, სადღაც ზღვის იქით...ამ ნახატს კედელზე შესცქეროდა საწოლზე მწოლიარე მარტოდ დარჩენილი, შესცქეროდა და ცდილობდა წარმოედგინა რომ თვითონ იყო ის გოგო, რომელიც ნახატზე მოჩანდა. ცდილობდა ზღვის მლაშე სუნიც შეეგრძნო , თოლიების ხმა მოესმინა და განეცადა ის სიხარული , რომელსაც განიცდიდა თვითონ ზღვის ნაპირზე ყოფნისას. იწვა და ასე ოცნებობდა თავისთვის ,იმ ბიჭს , რომელსაც სურათზე სახე არ მოუჩანდა , თვითონ მისცა სახე და სახელიც დაარქვა. თავში ფიქრები აირივნენ , გულმა უფრო ძლიერად დაიწყო ფეთქვა და ცხოვრებასაც თითქოს ძველებური ხალისი მიეცა, წამით წარსულში გადავარდა...ოხ, როგორ მონატრებია თავისი სამყარო , თავისი სახლი, ეზო , მეგობრები და ის ადამიანი , ვინც მთელ სიცოცხლეს უდრიდა. მიუხედავად მწვავე ტკივილისა , რომელსაც ხერხემლის ჩაყოლებაზე გრძნობს , კიდევ ნდომებია სიცოცხლე , სილამაზის შეგრძნება...სული რა ტკბილია, იმ დალოცვილ ღმერთს რა კარგი შეუქმნია ეს სამყარო , მარტო მზის ჩასვლა რა სილამაზეა , მის სანახავად ღირს ყველაზე მწარე ტკივილი ატანა , ან ვარსკვლავებით მოჭედილი ცის თვალთვალი რა საოცრებაა, კიდევ ერთხელ , მხოლოდ ერთადერთხელ უფალმა ღმერთმა გადმოხედოს და შეაგრძნობინოს ეს სილამაზე ...მეტი არაფერი არ უნდა! უყურებდა ნახატს და ცდილობდა ტკივილისთვის ყურადღებება არ მიექცია, ყველაფერს გრძნობდა და ხედავდა , განძრევა აუტანელ ტკივილს აყენებდა და ცდილობდა არ განძრეულიყო , სურათს მიშტერებული იწვა ასე. სურათის თვალიერება რომ მოსწყინდა და ოცნებამაც თავი მოაბეზრა , გადაწყვიტა საუბრისთვის ყური მიეგდო , რომელიც მეზობელ ოთახში ფარდის მიღმა ორ ქალს შორის მიმდინარეობდა. სიტყვები გარკვევით ესმოდა და საუბარიც საკმაოდ საინტერესო იყო: - დღეს ლიზა იყო ჩემთან,-ამბობდა პირველი ხმა,-და ცოტა არ იყოს წავკამათდით. - რაზე კაცო? - ტრაბახობს რომ ეკლესიაში დადის და მოძღვარი ჰყავს და მეც მომიწოდებს რომ ეკლესიაში ვიარო. აჰ, როგორ ვერ ვიტან ესეთ ადამიანებს , თუ გწამს ის ოხერ-ტიალი ღმერთი იწამე და ეწამე შენთვის, სხვას თავი დაანებე, იცხოვროს ისე, როგორც მას თვითონ უნდა. - როგორ იხსენიებ ღმერთს , არა გრცხვენია?! - გაბრაზდა მეორე ხმა . - ის ვინც არ არსებობს , როგორც გინდა ისე მოიხსენიე , თუნდაც ეშმაკი უწოდე, ამით რა დაშავდება?! -ამბობს უდარდელად პირველი ხმა,- ღმერთი არ არსებობს , არც არასოდეს არსებულა, უბრალოდ ყველაფერი ჩვენ თვითონ მოვიგონეთ და ჩვენ თვითონვე შევიზღუდეთ ჩვენი თავი...თუ ღმერთი არსებობს , მითხარი , რატომ გვემალება, იქ, სადღაც ზეცაში, ვითომ წმინდა ადგილას? თუ ასეთი ძლიერია ,როგორც ბიბლიაში წერია , ის ოხერი რატომ არ ჩამოვა ჩვენთან და არ განკურნავს ავადმყოფებს, მშივრებს არ დააპურებს, მკვდრეთით რატომ არ არ აღადგენს კარგ ადამიანებს, როგორც ეს ვითომ ხდებოდა როდესღაც . თუ არსებობს და ჩუმად , უდარდელად წამოსკუპებულია ზეცაში, ამდენი გაჭირვების შემყურე, მაშინ გული არ ჰქონია მაგ სასიკვდილეს და ეგაა...თუ არსებობს ღმერთი და ასეთი კეთილია , რას ერჩის ბავშვებს, რას ერჩის უმანკო სულს, რომელსაც ჯერ არც ავი უნახავს და არც კარგი, რატომ უვლენს მათ ბოროტებას, სიკვდილს?! - პირდაპირ მაოცებ, ნუნუ, ისეთ რამეებს ამბობ, - წამოიწყო მეორე ხმამ ,-სიკვდილი ცუდი გგონია?სიკვდილი ხომ სიცოცხლის დასაწყისია , მარადიული სიცოცხლის. - კარგი რა, ლია, სისულელეების ბოდვას შეეშვი, სიცოცხლე არსებობს მარტო დედამიწაზე, არავითარი სამოთხე და ჯოჯოხეთი არ არსებობს ამ ქვეყნად. ჩვენი სამოთხე და ჯოჯოხეთი თვითონ ეს ქვეყანაა, ეს წუთისოფელი . საბოლოო ჯამში კი სიცოცხლე ჯილდოა, ჩვენი მშობლების მიერ მონიჭებული და ეს ჯილდო უნდა გამოვიყენოთ შესაბამისად.. - თუ არ არსებობს, მაშ რაღა ვიწამოთ, ვის მოვუხმოთ გაჭირვებაში? - რა ვიწამოთ?! ვიწამოთ ცხოვრება, ბედნიერება , საკუთარი თავი და უპირველეს ყოვლისა სიყვარული. ღმერთის, იმ ბერიკაცის მაგიერ, გვირჩევნია სიყვარული გავიხადოთ ღმერთად და მას ვეთაყვანოთ, აი მაშინ კი ნამდვილად აშენდებოდა ქვეყანა, მაგრამ ადამიანებს სად გვაქვს ამის გააზრების უნარი , ამის შნო? ბიბლიაში კი წერია, რომ ღმერთი თავად სიყვარულია, მე კი პირიქით ვფიქრობ , მხოლოდ სიყვარულია ღმერთი. - მერე განა იესო სიყვარულს არ ქადაგებს მარადჟამ, განა არ გვეუბნება , შეიყვარე მტერი შენი, ვითარცა მოყვასი შენიო , ამაზე მეტი სიყვარული რაღა გინდა . განა ჩვენი სიყვარულის გამო არ ეცვა ჯვარს, განა იმას არ გაუმთელა ყური , ვინც ის სამჯერ უარყო. ამით მაგალითი მოგვცა ჩვენ,რომ სიკეთით გვეპასუხა ბოროტებისთვის, მეტი სიყვარული რაღა გინდა ვერ გავიგე ! - და განა იგივე იესო ქრისტე არ გვეუბნება , რომ განვდენოთ ისინი, ვინც არ აღიარებს მას, რადგან მათ ძალუძთ გადაიბირონ მორწმუნენი და გზას ააცდინონ, ესეიგი გამოდის, რომ მე შენ უნდა დამშორდე , ორი მეგობარი უნდა გაიყაროს მხოლოდ იმის გამო , რომ ერთერთ მათგანს არ სწამს ღმერთი , რომელიც სინამდვილეში არ არსებობს, ესეიგი მე უნდა დავისაჯო ვიღაც არარსებული ღმერთის გამო, რატომ? ვერ გავიგე. განა მარტო მე? თითქმის ნახევარი მსოფლიო ისჯება ამის გამო, რატომ? ვითომ ბიბლია ქადაგებს , რომ მთელი სამყარო ღმერთმა შექმნა, თუ ამას ვიწამებთ , გამოდის, რომ ღმერთი ზურგს აქცევს თავის შვილებს, ნამდვილი მშoბელი კი ასე არ მოიქცეოდა, ის მაინც დაიფარავდა , შეიწყალებდა და შვილს ყოველ შეცდომას აპატიებდა ; ეცდებოდა დაემტკიცებინა , რომ ის მართალია, ეცდებოდა მათთვის აეხილებინა თვალები და ჭეშმარიტება დაენახვებინა, შვილებიც ნახავდნენ რა სიმართლეს, გადავიდოდნენ მშობლის მხარეს. რელიგია რომ არა, მითხარი , რამდენი ომი ასცილდებოდა საქართველოს და მსოფლიოს? უამრავი! რამდენმა კარგმა ადამიანმა გასწირა თავი სარწმუნოების გამო? უამრავმა ! ვინ იცის, იქნებ იყო მათ შორის მეორე თამარი , მეორე შოთა...იქნებ მასზე უკეთესიც! ეჰ, სულელები, სუ ლე ლე ბი ! -თქვა ნუნუმ დამარცვლით, თვითონვე პასუხობდა თავის მიერვე დასმულ კითხვებს, ლაპარაკობდა ნერვიულად, სხაპასხუპით , ცისფერ თვალებს აცეცებდა აქეთ-იქით და ლიას გრძელ , საკმაოდ უშნო სახეს აკვირდებოდა, თითქოს მის რეაქციას ელოდებოდა გამალებით. ლიას სახე კი იმზირებოდა შეცოდების გრძნობით , თითქოს ფიქრობდა:"ილაპარაკე , შე საწყალო, ილაპარაკე, ამოიღე გული , ჩემს გარდა მაინც არავინ მოგისმენს, არავინ შეგიცოდებს , მე მაინც თანაგიგრძნო, გავიღო მადლი...უჰ , რა გიჟია ეს საგიჯეთშიც გააგიჯებს ყველას !" - ესე იგი შენ ამბობ , რომ ის , ვისაც სარწმუნოებისთვის შეუწირავს თავი სულელი ყოფილა და მეტი არაფერი? - მოისმა ლიას ხმა, ირონიით სავსე. - დიახ, ეგრეა ზუსტად! - შენ გამოდიხარ იმ ასი ათას კაცზე ჭკვიანი , რომლებიც თვითნებურად გადახტნენ ბარათაშვილის ხიდიდან მტკვარში, მხოლოდ იმის გამო , რომ ქრისტიანობა არ დაეტოვებინათ. - რა თქმა უნდა!-გაიკვირვა ნუნუმ და ცოტახნის მერე დაუმატა,- ბიბლიას ერთი რამ აქვს კარგი- ეს წიგნი ადამიანს ატანს ძალას , რომ სიკეთე აკეთოს , თორე ეს რომ არა, ქვეყანაზე აღარ იქნებოდა სიკეთე. რაც მართალია უნდა ითქვას - უმეტესი კი არა, თითქმის ყველა ბიბლიის და ღმერთის ხათრით აკეთებს კეთილ საქმეს, იმიტომ რომ მერე ეს მადლი თვითონვე დაუბრუნდეს, მაგრამ ასეთ სიკეთესაც რა ვუთხარი , სამაგიეროს რომ ელოდები. სიკეთე უნდა აკეთო გულით , მთელი არსებით უნდა გინდოდეს , რომ ვინმეს დაეხმარო, თორე ისეთ სიკეთეს რა ფასი აქვს?! არა ფასი კი აქვს , მაგრამ იმდენი არა როგორც საჭიროა. სამწუხაროდ ,ეგეთი უანგარო ადამიანი არ არსებობს, მეც კი არ შემიძლია ეგეთი სიკეთე გავუკეთო . მე უგუნური, ადამიანს ლუკმაპურს რომ ვაძლევ, მის ხელიდან ორ ლუკმას ველოდები, ადამიანის ბუნებაა ასეთი, ეტყობა.- თქვა ნუნუმ და დადუმდა. - ესეიგი ბიბლიას მხოლოდ ერთი მხარე უპოვე კარგი, მეტი ვერა?-ისევ ირონიით იკითხა ლიამ და ნუნუს ჭაღარა თავს შეავლო თვალი. ნუნუმ თანხმობის ნიშნად თავი დააქნია. - ახ, ნუნუ რა გეშველება რა, რომ გწამდეს ღმერთი , განა ეგრე იქნებოდი უიმედოდ?რომ გწამდეს ქვეყნიერებას სხვანაირად შეხედავდი ... მარტო ეკლესიაში ყოფნა როგორ ამშვიდებს სულს , საკმევლის სუნი თითქოს სულს მალამოდ ეცხება და კურნავს ყველა ტკივილისგან. ეკლესიაში შესვლისას სულ სხვა სამყარო მეშლება თვალწინ , სადაც არც შურია , არც ბოროტება, გაღრწნილობაზე ფიქრიც არ შეგიძლია იქ, ძალიან მშვიდდები სულიერად და ცოტახნით სულმთლად სწყდები ამ ბინძურ ქვეყანას...ერთხელ წადი ეკლესიაში , რა იქნება. შეევედრა ლია. ნუნუმ პასუხად ნერვიულად გაიცინა და თქვა: - რა ბედნიერი ხარ , რომ იცოდე, ლია , მშურს შენი, მშურს ასე რომ გწამს ღმერთის , მშურს , რომ ასეთ სიმშვიდეს ჰპოვებ ტაძარში , ალბათ ამასაც ნიჭი უნდა, რომელიც მე არ მაქვს... თaვს იტყუებ? ...მერე რა, სამაგიერაოდ მშვიდად ხარ, მომავლის იმედი გაქვს, აქ წვალობ , იქ გაიხარებ, სამოთხეში მოხვდები , ბიბლიაში ხომ წერია , რაც უფრო იწვალებ ამ ქვეყნად, მით უფრო კარგიაო , აქაური ჭირი იქაურ ლხინად გადაგექცევა . რა კარგია ამის რომ გჯერა, არ წუწუნებ , შენ კმაყოფილდები იმით , რაც გაქვს , არაფრის არ გეშინია ...განა ეს ცუდია?! არ არის ცუდი, მაგრამ სიმართლესაც ვერსად რომ ვერ დაემალები! -თქვა ნუნუმ და ცოტახანი დადუმდა. ამ მთელ საუბარს სულგანაბული უსმენდა, ცდილობდა არც ერთი სიტყვა არ გამორჩენოდა. გააოცა ნუნუს მსჯელობამ და იმ დონემდე გაბრაზდა, რომ ინატრა დღესვე რამე ცუდი დამართნოდა ამ ეშმაკისეულ არსებას, იქნებ მაშინ მაინც ეწამა ღმერთი და დღევანდელი, სულის შემაძრწუნებელი სიტყვები , რომლებიც მისი პირიდან ამოვიდა, მოენანიებინა. ამას ფიქრობდა საწოლზე მწოლიარე და თან ღმერთს სთხოვდა ეპატიებინა ასეთი რამ რომ ინატრა. თვრამეტი წლისაა და ასეთი ურწმუნო ადამიანი არ უნახავს თავის დღეში. ღმერთი არ არსებობსო , ამას ჭკვიანი კაცი როგორ იტყვის! ნეტა, იმაზე თუ დაფიქრებულა, თუ ვინ წარმოშვა ეს სამყარო , ვინ შეძლებდა ასეთი სილამაზით შეემკო ქვეყნიერება...ყოველივე ამას შექმნა ხომ უნდოდა! თვითონ როგორ სწამს ღმერთის ! სულ ღმერთისთვის ცოცხლობს , აბა ისე რად უნდა სიცოცხლე ?! ყოველ კვირას დადის ეკლესიაში და მამაოს აღსარებას აბარებს , უამისოდ როგორ უნდა იცხოვროს ადმიანმა , ვერ წამოუდგენია. რა კარგი შეგრძნება გეუფლება ადამიანს , როდესაც აღსარებას ამბობ , გეგონება ზურგიდან ასი კილო ტვირთი მოიხსენიო , სახლში სულიერად დამშვიდებული მიდიხარ... ო, ეს შეგრძნება როგორ მოენატრა, თავის მოძღვრის მშვიდი უშფოთველი ხმა, სანთლის სუნი ...ნუნუ ხომ ვერასდროს ვერ შეიგრძნობს ამ ყველაფერს! ეხ , რამდენ რამეს კარგავს!..ამ ფიქრებიდან ისევ ნუნუს ხმამ გამოარკვია: -შენ ამბობ რომ ეკლესიაში ყოფნისას ადამიანი სულიერად იკურნება, თუ ასეა ეკლესია ღვთის სახლი კი არა, სულიერად დაავადებულთა საავადმყოფო ყოფილა, მე კიდე სულიერად აბსოლიტურად ჯანმრთელი ვარ და საავადმყოფოში რა მინდა?!- თქვა ნუნუმ სიცილით და დასძინა,- სარწმუნოება , ბიბლია , ეკლესია ადამიამიანს გონებრივად აჩლუნგებს აზროვნების უნარს ართმევს. მორწმუნემ მხოლოდ ისე უნდა იაზროვნოს , როგორც ბიბლია ასწავლის , მისი ყოველი სიტრყვა უნდა დაიჯეროს ახსნა-განმარტების გარეშე. ბიბლია კრძალავს კითხვა "რატომ"-ის დასმას : ასეა და მორჩა, ამბობს ბიბლია,-უხილავი იწამე, ჭეშმარიტი რწმენაც ესააო . სარწმუნოებას ის უნდა მიჰყვეს , ვისაც საკუთარი თავის იმედი არ აქვს, ისეთი ადამიანი შეცდომებს და კარგად არ ყოფნას გადააბრალებს ხოლმე ღმერთს და ამით იმშვიდებს თავს, მე კიდე ეს არ მჭირდება , უbედური ვარ?-ეს ჩემი ბრალია! თუ ბედნიერი ვარ , ესეც ჩემი დამსახურებაა, ასე რომ მე არაფერში არ მჭირდება ღმერთი . კიდევ , ღმერთი თუ არსებობს , ამ გოგომ , პალატაში რომ გიწევს , მითხარი , რა დააშავა, მთელი ცხოვრება ინვალიდის ეტლს რომ უნდა იყოს მიჯაჭვული?! - ჩუ, ნუნუ, ჩუ, მართლა ხომ არ გაგიჯდი! - აჩუმებდა ლია ემოციებს აყოლილ ქალს, -იქნებ შემთხვევით მოვიდეს გონს და გაიგოს შენი წამონაროში! - ხო, მიპასუხე, ღმერთი რატომ სჯის ასე ამ ანგელოზს?! - კარგები ისჯებიან , ნუნუ, რომ იმ ქვეყნად გაიხარონ , კარგებს ღმერთი ხელს უშლის ყველანაირად ცუდის ჩადენაში , რომ შედარებით სულიერად სუფთები წავიდნენ და სამოთხეში მოხვდნენ , ეს გოგოც სრულიად უმანკო წავა იმ ქვეყნად და პირდაპირ სამოთხეში მოხვდება. - კი , ნამდვილად , წითელ ხალიჩასაც დაუფენენ ! ეხ, რა გეშველებათ შენ და შენნაირებს ...სამაგიეროდ ის ვეღარ დატკბება ცხოვრებით , ვეღარ იცეკვებს, ვერც ირბენს , მას ხომ ვერავინ შეიყვარებს ნამდვილი სიყვარულით, ესე იგი ნამდვილ სილამაზესაც ვერ ნახავს. მასეთ სიცოცხლეს სიკვდილი სჯობია , მგონი. თავისი უმანკოება კი შეინახოს თავისთვის. კარგა ხანი არც ერთის ხმა აღარ გაუგია ავადმყოფს, პალატაში დუმილი ჩამოვარდა, რომელიც კარების გაღების ხმამ დაარღვია, კარების ჭრიალი ახალგაზრდა გოგოს ნაზმა, სასიამოვნო ხმამ შეცვალა: - ნუნუ, გეძახიან , ახალი პაციენტი მოვიდა და ლეიბია საჭირო, 205-ე პალატაში გელოდებიან. კარი მიჯახუნდა , იატაკზე სკამი გახრიალდა , ნაბიჯების ხმა მოისმა და კარი მეორედ გაჯახუნდა , ოთახიდან ნუნუ გავიდა. რამოდენიმე წუთში ფარდა გაიწია , რომელიც პაციენტის ოთახს მეორე ოთახისგან ყოფდა და ლოგინში მწოლიარესთან მივიდა ლია ექთანი. მედდამ წვეთოვანს შეხედა და როდესაც დარწმუნდა , რომ ყველაფერი რიგზე იყო , ფანჯარას მიუახლოვდა და გახედა ქალაქს. თბილისს მოვარდისფრო-მოწითალო ცა გადაფარვოდა . მზე , რომელიც უკვე ჩასვლას აპირებდა, ღრუბლებს მოფარვოდა და იქედან ცალი თვალით იჭყიტებოდა ალმაცერა. ეს პეიზაჟი არანაკლებ ლამაზი იყო იმაზე ,რომელიც პაციენტის პირდაპირ დაკიდებულ სურათზე იყო გამოსახული. მთებში ჩაძირული მზის სილამაზემ დაატყვევა ქალი, დიდხანს უყურებდა ასე საყვარელ ქალაქს, იდგა ჩაფიქრებული გარინდული...ნუნუზე ფიქრობდა და ძალიან ეცოდებოდა ის საბრალო . ფიქრობდა ამ გოგოზეც , რომელიც ეტლში უნდა მჯდარიყო მთელი ცხოვრება, ესეც ეცოდებოდა, მაგრამ ისე არა , როგორც ნუნუ. - ლამაზია?-მოისმა პაციენტის სუსტი ხმა. ექთანმა ყურებს არ დაუჯერა, მივიდა საწოლთან , დახედა ქალიშვილის სახეს და სიხარულისაგან გაუბრწყინდა თვალები. ავადმყოფი უღიმოდა. რამდენი ხანია ამ ღიმილს ელოდა და აი დაინახა კიდეც , დიდება ღმერთის სახელს! - ლამაზია? - გაიმეორა კითხვა ავადმყოფმა და ფანჯარაზე ანიშნა თვალებით. - კი, შემოგევლე, ძალიან ლამაზია, ძალიან! -უპასუხა მედდამ და ლოყაზე ხელი მოუთათუნა, - როგორ გრძნობ თავს, ტკივილი ხომ არ გაწუხებს? - კი, საშინლად მტკივა . - ერთ საათში გამაყუჩებელს გაგიკეთებ , როგორმე მოითმინე იქამდე, გენაცვალე. - კი, მოვითმენ , აბა რას ვიზამ, თქვა და ძალა მოიკრიფა ახალი წინადადების სათქმელად, - ის ნუნუ ვინ იყო? ლიამ გაოცებით შეხედა. - შენ ყველაფერი გესმოდა, ესე იგი? - დიახ, ძალიან საინტერესო საუბარი მიმდინარეობდა თქვეს შორის და ძალაუნებურად გისმენდით, რამე ხომ არ დავაშავე? - არა, როგორ გეკადრება,-ექთანი ცდილობდა ცრემლები დაემალა, რომლებიც უკვე მზად იყვნენ გადმოცვენილიყვნენ ჭროღა თვალებიდან , - უბრალოდ მაინტერესებდა რამდენი ხანია,რაც გგვიძავს. - ნუნუს შემოსვლამდეც მეღვიძა, აი იმ პეიზაჟს ვუყურებდი , ჩემს წინ რომ ჰკიდია და ოცნებამ ძალიან გამიტაცა, ყველაფერი შევიგრძენი, რაც სურათზე ხდება. - ზღვა გიყვარს? - კი, ძალიან მიყვარს, ზღვაზე უკეთესი მგონი არაფერია ამ ქვეყნად. - გენაცვალე შენ! - ის ნუნუ ვინ იყო ძალიან მაინტერესებს? -გაუმეორა კითხვა პაციენტმა. - ის ნუნუ სანიტარია ერთი , ორი კვირა იქნება , რაც ჩვენთან მუშაობს და უკვე გიჟის სახელი მოიხვეჭა, ყველა გიჟს ეძახის მთელ საავადმყოფოში. ეჰ, საცოდავია ნუნუ, საცოდავი, მართლა მებრალება, ასე არავინ შემბრალებია, არავინ! - კი , მაგრამ რატო? - ბევრი რამე გადაუტანია ჩვენ ბეჩავ ნუნუს , ობოლი გაუზრდია ბებიას, ოცი წლის რომ ყოფილა ვიღაც ვაჟი გამოჩენილა და მას გაყოლია ცოლად. ეს ბიჭი თურმე გიჟი პატრიოტი ყოფილა, 9 აპრილს ისიც მდგარა რუსთაველზე სხვა ქართველებთან ერთად . ნუნუს ბევრი უხვეწნია, მეც წამოვალო, მაგრამ მეუღლეს არ წაუყვანია ფეხმძიმე ქალი, სახლში დაუტოვებია სრულიად მარტო...ნეტა წაეყვანა და მასთან ერთად მომკვდარიყო ეს საცოდავი, ამდენ უბედურებას არ ნახავდა მაინც...ხუთი თვის შემდეგ ვაჟი შეეძინა ნუნუს, თვრამეტ წლამდე გაუზრდია და 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომში თვითნებურად წასულა, მამაჩემის სისხლი უნდა ავიღოო , ასე იძახდა თურმე, მე მომიკლეს მამა, მეც ვინმეს დავაობლებო, ჟინი ჭირდა საცოდავ ბიჭს...დააობლა კი არა, თვითონ დაიღუპა ბრძოლაში და სულმთლად გააუბედურა საწყალი დედა ,-აქ ექთანს ხმა ჩაუწყდა, ცრემლი ყელში მოაწვა, მაგრამ ცოტახანში თავს სძლია და ისევ განაგრძო,-ეხლა ნუნუ სავსებით მარტოა , არც ძმა ჰყავს, არც და....არავინ არ ელოდება შინ და როცა ეზარება ხოლმე მარტო ყოფნა, აქ, საავადმყოფოში რჩება ღამის გასათევად. - მართლა საცოდავი ყოფილა,- შეებრალა ავადმყოფს ნუნუ,- რატომ ეძახიან მას გიჟს,მას თავისი უბედურება ეყოფა. - გეთანხმები, მაგრამ უმეტესმა ჯერ მისი ამბავი არ იცის , არადა ყველგან ასეთ უცნაურ რამეებს ლაპარაკობს და გიჟს უძახის ყველა, - თქვა ლიამ და მაშინვე დასძინა,- შენ მისი სიტყვებს გულთან ახლოს ნუ მიიტან , მართლა გიჟია ნუნუ, თვითონაც არ იცის რას ამბობს. შენ კარგი გოგო ხარ, გენაცვალე, უფალი არ გაგწირავს, ნუ გეშინია, გამორჩები, შენ მთავარია ღმერთის გწამდეს , ირბენ კიდეც, ოღონდ მომავლის იმედი არ დაკარგო. - გინდაც არ გამოვრჩე. თქვენ წარმოიდგინეთ, მაინც მინდა სიცოცხლე, ეტლში ვიჯდე, მერე რა მოხდა, ვიჯდები, მე ბევრ ეტლიანებს ვიცნობ . მათ თავისი სამყარო აქვთ, ისინი სხვანაირად ცხოვრობენ , სხვა თვალით უყურებენ სამყაროს, სხვანაირად ესმით ბედნიერება, სიყვარული. უფრო სათნოები არიან . თქვენი არ იყოს და , მართლაც , კარგები ისჯებიან ამ ქვეყნად...მეც მათ შევუერთდები, ღმერთიც მწამს მე!!!
.......................
ზოგი რას ამბობს , ზოგი კიდე რას, ერთი სიმართლეს ამბობს, მეორე ცრუობს , მაგრამ არავინ არ იცის რომელია მათ შორის მართალი, ამიტომ მესამეს ორივე გიჟი ჰგონია, მესამესაც ვიღაც ედავება, ეწინააღმდეგება, მეხუთე კი მესამეს და მეოთხეს გიჟს უძახის და ასე შემდეგ...ერთი სიტყვით , ეს ქვეყანა ერთი დიდი საგიჟეთია, სადაც არავინ არ იცის რომელი მათგანია სრულ ჭკუაზე , ყველა თავისებურად მართალია, მაგრამ ეს მათ არ ესმით, თითოეულს ერთი და იგივე სურვილი ამოძრავებს- გადაიბიროს ყველა თავისკენ. ამის გამო ერთმანეთს არ აცდიან მშვიდ ცხოვრებას , იმის მაგიერ რომ ურთიერთ გაგებით იცხოვრონ , ერთმანეთი შეიყვარონ და დატკბნენ ამ მშვენიერი , ლამაზი ცხოვრებით, ერთმანეთს ეომებიან, გლეჯენ, ერთმანეთის კარგი შურთ და ამ არეულობაში ყველას ავიწყდება ყველაზე მთავარი - ყველა ერთი მოდგმისები არიან სახელწოდებით "ა დ ა მ ი ა ნ ი"...ყველას რომ შეეძლოს იმის შეგნება, რომ თითოეულ ჩვენთაგანს საკუთარი ცხოვრება და სურვილები აქვს, ყველას აქვს უფლება იცხოვროს , როგორც თვითონ უნდა, ცხოვრება ბევრად მშვენიერი იქნებოდა. გოგონა ამას საავადმყოფოდან გაწერის კარგა ხნის შემდეგ მიხვდა. იჯდა ეტლში და ფიქრობდა, ფიქრობდა გიჟ ნუნუზე , რომელმაც სხვა თვალით დაანახა სამყარო და როდესაც გაიგო , რომ ნუნუ საგიჟეთში დაუწვენიათ, შიზოფრენიის ნიადაგზე, ტირილით გული ამოუვარდა, ტიროდა იმ ადამიანზე რომლის სახეც არასოდეს დაენახა, მაგრამ მაინც ტიროდა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. მაინც მადდლობა :) მაინც მადდლობა :)
1. არ მომეწონა, , უამრავი შეუსაბამობაა, შინაარსშიც და გარემოში, სიუჟეტი შეკოწიწებულია, დაუკავშირებელი პასაჟებით, . დაფიქრდით, თქვენ შეძლებთ უკეთესად წერას! არ მომეწონა, , უამრავი შეუსაბამობაა, შინაარსშიც და გარემოში, სიუჟეტი შეკოწიწებულია, დაუკავშირებელი პასაჟებით, . დაფიქრდით, თქვენ შეძლებთ უკეთესად წერას!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|