 | ავტორი: მეზარებით ჟანრი: პროზა 5 ნოემბერი, 2012 |
როგორ კარგად მახსოვს ის დილა; როცა გამომეღვიძა შენი ფეხი მედო კეფაზე, გაბრაზებულმა იდაყვი გკარი, არც გიგრძვნია. იმ დილასაც ერთმანეთის ფეხებთან ვიწექით, საზიარო ლოგინზე, როგორც მთელი ბავშვობა. მამა ამდგარი იყო უკვე და მის ჯერ კიდევ თბილ ლოგინში გადავცოცდი, დედას გვერდზე. ისიც მახსოვს საუზმეზე კარაქიანი პურები რომ გვქონდა. მერე გარეთ გავვარდით ორივე და ერთმანეთს ვასწრებდით, ვინ პირველი აძვრებოდა კოსმოსში, ჩვენი ეზოს უზარმაზარი თუთის ხეზე გაკეთებულ, მუყაოთი შეფუთულ ოთხაში. კოსმოსი შენ დაარქვი, მე მაშინ წარმოდგენაც არ მქონდა მაგ სიტყვაზე. იმ დღესაც ერთმანეთის პირდაპირ მივწექით კოსმოსში და ერთმანეთს ფეხის გულებზე ვუღიტინებდით, ვეჯიბრებოდით ვინ უფრო დიდხანს შეიკავებდა სიცილს. ბნელოდა, მხოლოდ მუყაოზე ლურსმით კაგეთებული ნახვრეტებიდან შემოსული სხივები ანათებდა. ნახვრეტების გაკეთება შენი იდეა იყო, რათქმა უნდა. მეუბნებოდი ესე ანათებენ ვარსკვლავები კოსმოსშიო. მიყვებოდი პლანეტებზე, უცხოპლანეტელებზე, ასტრონავტებზე, ხომალდებზე და ათას რამეზე. მეც სულგანაბული გისმენდი და გულში მეამაყებოდა ჩემი მომამავალი ასტრონავტი ძმის... მახსოვს დედამ დაგვიძახა, ქადები გამოცხვაო. შენი იდეა მეც მომეწონა: ქადები რომ კოსმოსში გვეჭამა და ამოსატანად ჩახვედი... სანამ შემოძვრებოდი შიგნით, სუნს უკვე ვგრძნობდი, როგორ გვიყვარდა დედის გაკეთებული ქადები, რომელიც იმ დღის შემდეგ არც გაუკეთებია. ის ქადებიც შეუჭმელი არ დაგვრჩებოდა, შენ რომ ფეხი არ დაგცურებოდა. მახსოვს თავი რომ გადმოვყავი, და ეჭვნარევი ღიმილით დაგყურებდი კოსმოსიდან, მეგონა რაღაცას მაიმუნობდი. დედის კივილი როცა გავიგონე მივხვდი, რომ რაღაც ცუდი მოხდა. მერე უკვე თითქმის აღარ მახსოვს არაფერი, მხოლოდ რაღაც კარდრები მომდის თავში, თითქოს ფოტოები მენახოს ისე. მახსოვს მამის შეშლილი სახე, მახსოვს შენი ღია თვალებიც, და გაწითლებული ქადებიც. მე ისევ კოსმოსიდან გიყურებდი, და არ ვიცოდი რა მექნა... უკვე ჩემით სიარული მიჭირს, ვგრძნობ რომ დრო ცოტა დამრჩა, ექიმები მატყუებენ რაღაცეებს, აღარ მჯერა მათი. ერთხელ კიდევ მომიწევს აქ ამოსვლა, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ სამუდამოდ დავრჩები. შვილებმა უკვე იციან, რომ შენს გვერდით უნდა დამასაფლავონ შებრუნებულად, შენს ფეხებთან, ზუსტად ისე როგორც ვიწექით ლოგინში; ზუსტად ისე, როგორც ვიყავით კოსმოსში.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. აუუ არ ველოდი გული ცრემლებამდე დამეწვა :(( აუუ არ ველოდი გული ცრემლებამდე დამეწვა :((
7. სიტყვას დიდი ძალა აქვს.. წავედი კოსმოსში.. სიტყვას დიდი ძალა აქვს.. წავედი კოსმოსში..
6. + ეს რა ნიკი გაქვს გაფიცებ + ეს რა ნიკი გაქვს გაფიცებ
5. ვეთანხმები ჯონათანს. ++ ვეთანხმები ჯონათანს. ++
4. მომეწონა ++ მომეწონა ++
3. ჩვენც გვქონდა სოფელში მასეთი ''კოსმოსი" კარგი იყო ბავშვობა ჩვენც გვქონდა სოფელში მასეთი ``კოსმოსი" კარგი იყო ბავშვობა
2. ძალიან კარგი...არაჩვეულებრივი...5555
ძალიან კარგი...არაჩვეულებრივი...5555
1. მოულოდნელი იყო ამ ავტორისგან..ამ ნიკით... არცერთი ზედმეტი სიტყვა და ტკივილამდე ემოციური. ქადების სურნელიც ვიგრძენი. შებრუნებულად დასაფლავება კი..კოსმოსში შეიძლება, ალბათ. მოულოდნელი იყო ამ ავტორისგან..ამ ნიკით... არცერთი ზედმეტი სიტყვა და ტკივილამდე ემოციური. ქადების სურნელიც ვიგრძენი. შებრუნებულად დასაფლავება კი..კოსმოსში შეიძლება, ალბათ.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|