ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტერეზა
ჟანრი: პროზა
12 ნოემბერი, 2012


"შემოდგომის დღე"

“შემოდგომის დღე, შემოდგომის დღე“...
ამ ბოლო დროს სიგარეტს შევეჩვიე... თუკი კარგი ამინდია და არ წვიმს მივდივარ ხოლმე საჯარო ბიბლიოთეკასთან, ხის ქვეშ სკამზე ვჯდები და ვეწევი...
თან ვფიქრობ...
„სცვივა და სცვივა ხეებს ფოთოლი“...
ხალხი  კი დაფუსფუსებს ირგვლივ... ზოგი შორიახლოს ჯდება... სტუდენტები ერთმანეთს ელოდებიან გარეთ და მერე ერთად მიდიან სადღაც...
რაღაცეები მახსენდება და „სინანულის ჟრუანტელი მივლის“... საკუთარ თავზე ვბრაზდები... თან მეცინება...
მაშინაც „ასე დაიწყო ზუსტად: უცებ გადაწყდა ფოთლების საქმე “...
სექტემბრის ბოლო იყო, აქა–იქ მოოქროვილი ჭადრები... ლამპიონები... მანქანების ზუზუნი და სილაღე, სიხალისე...
გული რომ უცნაურად ფეთქავს... გრძნობ, რომ საზღვართან დგახარ, იმ საზღვართან, რომლის იქით აკრძალულია გადასვლა...
ანარადა როგორ გიზიდავს?!
თავს ვერაფერს უხერხებ... გრძნობ რომ რაღაც ტკბობის სურვილმა დაგძლია და შენც დაემორჩილე, დანებდი,  თეთრი ბაირაღები აღმართე და მოლოდინით ელოდები რა მოხდება...
თან გეშინია...
უხილავი ლოგიკა გკარნახობს რომ დაისჯები, აუცილებლად დაისჯები და ღირსიც იქნები...
ცხოვრება კი უხამსად გთავაზობს ალადასტურის სავსე ფიალას... შენც ნელა–ნელა წრუპავ და სხეულში გეღვრება წითელი ღვინის მომაჯადოებელი ძალა... 
მუსიკა გესმის და უცნაური გრძნობა გეუფლება,  თითქოს ეშმაკი შემოგისახლდა სულში...
მთვრალი ხარ ღვინით, სიცოცხლით, მუსიკით... მისით...
სხეულში შემომძვრალი ეშმაკი კი სულ უფრო  და უფრო ლაღდება.. მცენარის თესლივით ღვივდება, იზრდება და მთელს სხეულს ედება,  სუროსავით ეხვევა და იმორჩილებს...
მერე კი სახლში მოსული სარკესთან დგები და ფიქრობ: რა მემართება?! ნუთუ ეს მე ვარ!
მუდმივი ჭიდილი საკუთარ თავთან  და  დანაშაულის გრძნობა, რომ  ქურდი ხარ და სხვისთვის განკუთვნილ სითბოს იპარავ, სიყვარულს იპარავ, ფიქრს იპარავ...
ეჭვი გღრნის: ღირს კი ეგ ყველაფერი ამ უსასრულო სინდისის ქენჯნად?
მაგრამ ვერ ფიქრობ გიღირს თუ არ ღირს....უბრალოდ ამით ცოცხლობ და მორჩა!
ცდილობ გათავისუფლდე, მაგრამ თავს ზემოთ ძალა აღარ არის... როგორც ციყვი ბორბალზე, დარბიხარ და კვლავ ერთ ადგილას რჩები...
„ერთი, ორი, სამი, ერთი, ორი, სამი, ტრიალებს...“
–„სულ ერთი და იგივე სცენარი“
–„რომ ვერ განვითარდა“
–„და არც უწერია განვითარება“...
მერე კი........
„FINITA LA KOMEDIA”
„დასრულდა ვნება – დარჩა ამბავი,
და სველ აფიშას კითხულობს ქოლგა
და თავისი გზით მიქრის ტრამვაი“...
..............
რა მალე თავდება სიგარეტი, თითქოს რაღაც სიამოვნებას მგვრის და მამშვიდებს მოწევა... დროის  პატარა შუალედი, როცა ვეწევი და ჩემთვის ვფიქრობ –  ძვირფასი გახდა ჩემთვის...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები