ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კაკტუსი
ჟანრი: პროზა
24 ნოემბერი, 2012


მთვარეული (ნაწილი მესამე, დასასრული)

ორი კვირის წინ დანაშაული ჩაიდინა; კარს უკან საუბარს მიუგდო ყური.
-ექიმმა მითხრა რომ მას ზღვა აუცილებლად ესაჭირდება, ზღვაზე გაკაჟდებაო.მიხვდა რომ მასზე იყო საუბარი.
-ერთი მითხარი ზღვა ვის არ ესაჭიროება,–სისინედა დედაბერი,-აკი ბორჯომში შენს ნათესავთან მიდიოდი? ბორჯომი შენ რარიგ გიყვარს.
-ბორჯომში მერე წავალ.
-ნეტა გამაგებინა ასეთი რა გაგიკეთა, მის გამო ამდენ რამეს რომ თმობ. დღეს ბორჯომს თმობ?  ხვალ შეიძლება მის გამო თავი გაწირო, მერე მე რა ვქნა?
-შენ მარტო შენს თავზე ფიქრობ... რა გამიკეთა? მან სიყვარული, უბრალოდ სიკეთის კეთება მასწავლა, მან თვალი ამიხილა ბევრ რამეზე... თუმცა ეს რაში გაინტერესებს.
-გაჩერდი, ხმა ჩაიკმნიტე, ენას როგორ მიბრუნებ? ... დიდი ხანია თავიდან უნდა მომეშორებინა, ეგ სასიკვდილე, მაგრამ ვერა ვბედავდი.
-აბა გაბედე და თითი დააკარე, მერე ნახავ,-იმუქრებოდა გაცხარებული ელისაბედი,–მოგიწევს ჩემი სახელი დაივიწყო. ერთი მიპასუხე, ამხელა სახლში ერთი ციდა არსება რას გიშლის?-აქ ელისაბედს ხმა გაებზარა, ცისფერ თვალებში ცრემლი ჩაუდგა.
  მთვარეულსაც ცრემლი ყელში აწვებოდა... საკუთარი თავი ეზიზღებოდა. ბრაზი მოსდიოდა იმ ერთ წამზე, როდესაც მის სულმა ხორცი შეისხა, თავი ეზიზღებოდა, იმიტომ რომ ელისაბედს, რომელსაც არაფერი არ დაუშავებია ამ ქვეყნად, ამდენი ტკივილი და ცრემლი მოუტანა.
-როგორ თუ რას მიშლის შე გველისწიწილავ, ქუჩაში ვეღარ გავსულვარ, ყველა ჩვენზე ლაპარაკობს, მაგასთან ეშმა ცხოვრობს, ეტყობა მაგის ოჯახმა რაიმე დანაშაული ჩაიდინა და ღმერთმა მისი მოვლენით დასაჯაო, მთელ სოფელში გაიგეს ჩვენი ამბავი, სოფელში ცუდი სახელი დაგვივარდა მაგ ეშმაკისეულის გამო
-სოფელს ჯანდაბამდი გზა ჰქონია, ჭორიკანები... რაც უნდა ის თქვან, მე მას არასდროს არ მივატოვებ, ამას შეეგუე... მარტო ენის ტლიკინი იციან მეტი არაფერი...
მეტის მოსმენა აღარ შეეძლო და კარებს გაშორდა.
უცებ უცნაურ ხასიეთზე დადგა, დარდი და სიხარული ერთმანეთში აირია, ტირილი მოუნდა, თუმცა საქმე სასიხარულოდ ჰქონდა, ელისოს ის მართლა უყვარდა.

-ელისაბედ გძინავს?-ჩურჩულით გადაძახა გვერდში მწოლიარეს.
-არა, რა იყო?
-ელისო, რა კარგი ხარ, რა საყვარელი, იცი როგორ მიყვარხარ  ეგეთი კარგი ნუ ხარ, ეგეთი გული ნუ გაქვს, იცოდე ცხოვრებაში წააგებ, დაიჩაგრები.  მართალია ცოტახანია რაც აქ ვარ, მაგრამ  სამყარო საკმაოდ კარგად გავიცანი, აქ თურმე  კარგი ცუდი ყოფილა, ცუდი კიდე--კარგი ... ასე რომ ეცადე გამოიცვალო , ეცადე  ყველას ჰგავდე, გარიყული რომ არ იყო, თორე მარტოობა ძნელია.
ელისო ადგა, ფაფის საწოლთან მივიდა, თავის მეგობარს გვერდში მიუწვა, პატარა სხეული გულში ჩაიკრა  და ლოყაზე ეამბორა. წამით ის სიახლოვე იგრძნო, რომელსაც ჯოთიას გვერდით გრძნობდა და გაინაბა.
-ზღვაზე ხომ წამოხვალ?
-სადაც შენ წახვალ, ყველგან წამოვალ.

ზღვის პირეთში რომ ჩავიდნენ, წვიმიანი ამინდი დახვდათ, ცა გულამოსკვნით ტიროდა,  შავი ზღვა ბობოქრობდა, ღელავდა ...  ოთახი  პატარა, ლამაზ კოტეჟში იქირავეს,რომელიც სავსე იყო დამსვენებლებლით.  ცუდი ამინდის წყალობით ყველა ერთმანეთს დაუახლოვდა. მთვარეულმაც შეიძინა მეგობარი, უფრო სწორად, მეგობარმა შეიძინა მთვარული,  თვითონ გამოიჩინა ინიცატივა დაახლოვებისა. თვითონ მივიდა მასთან, როცა ფაფი და ელისო ზღვის ნაპირზე სეირნობდნენ და გაჰყურებდნენ მოქუფრულ ცას. თვითონ გამოეცნაურა, უთხრა რომ მათ მეზობლად ისვენებდა და სურვილი ჰქონდა გაეცნო  კარის მეზობლები. თვითონ დაპატიჟა ვახშამზე კაფეში და ახალ ნაცნობებს რომანტიკული  საღამო  მოუწყო . მეორე დღეს თვითონ მიაკითხა ფაფის და ბილიარდის სათამაშოდ დაპატიჟა, შენც წამოდი, გვიყურე როგორ ვითამაშებთო, სხვათაშორის უთხრა ელისოს. სამივენი დიდებულად გაერთენ, ფაფიმაც ითამაშა, სკამზე დადგა , ისე მიწვდა მაგიდას და ჩააგდო სამი ბურთი ზედიზედ. მეორე პარტია უფრო კარგად  აეწყო ფაფის სასარგებლოდ. მერე კი დაიღალა და ელისოს დაუთმო კობას მეტოქეობა, თვითონ კი იქვე სავარძელზე  მოიკალათა. ემოციებით დაღილმა თავი სავარძლის სახელურზე მიდო… დარბაზში ქაოსი იყო, ამინდზე გაბრაზებულ დამსვენებლებს საბილიარდოში მოეყარათ თავი და გულს თამაშს აყოლებდნენ. გოგონების სიცილ-კისკისი, კაცების ხმამაღალი ლაპარაკი, ბურთების ჭახა-ჭუხი ერთმანეთში არეულიყო,  ამ აურზაურში მთვარეულმა ელისოს ხმა დაკარგა, მხოლოდ ხედავდა როგორ იცინოდა, როგორ ხალისობდა კობას ოხუნჯრობაზე. საღამოს კი ისევ კაფეში შეიარეს. კობა ძალიან ყურადღებიანი იყო მთვარეულის მიმართ, ყოველ წუთს ეკიითხებოდა,  რამე ხომ არ უნდოდა ან ხომ არ დაიღალა. ფაფი გაოგნებული იყო მისი სითბოთი.  თან კობა სხვანაირი ადამიანი იყო, სულ სხვანაირი... მას, სხვებისგან განსხვავებით არ აინტრესებდა ფაფი ვინ იყო, ასეთი რატომ  იყო, არასდროს არ უკითხავს მიზეზი, არ უგრძნობებია ფაფისთვის რომ ის  ყველასგან განსხვავებულია.  კობასთან უცნაურ სიახლოვეს გრძნობდა, მან ისეთი მიიღო როგორიც იყო, ისეთივე შეიყვარა, ყოველ შემთხვევაში მთვარეულს ასე ეჩვენებოდა. 
უამინდობამ შემდეგ დღესაც გასტანა, აღარ წვიმდა, მაგრამ ცა ისევ იბღვირებოდა. უკვე მოსაღამოებულიყო, კობა კი არსად ჩანდა, ფაფის აღარ ეძახდა ბილიარდის სათამაშოდ.  ჩამობნელდა, ღამემ იმძრავლა, ყველაფერს  სუდარა ჩააცვა.ელისოს მოუსვრენრობა დაეტყო.
-წამო, საბილიარდოში ჩავიდეთ, კობაც  იქ  იქნება,-ეუბნება ღიმილით ელისო ფაფის, რომელიც მაგიდასთან ზის და რაღაცას ხატავს,-რახან ის არ მოვიდა, ჩვენ დავატყდეთ თავს.
-შენ წადი, მე აქ ვიქნები, დავხატავ.-უთხრა ფაფიმ თავაუღებლად.
-წამოდი რა, მარტო ვერ დაგტოვებ. შენც ხომ გიყვარს ბილიარდი!?
-კი, მიყვარს, მაგრამ ეხლა ხატვა მინდა.
-ჩემი ხათრით რა.-ყელი აიწია ელისომ.
-წადი, როცა მოვრჩები ჩამოვალ.
-ფუ, რა ცუდი ხარ.
-ეგ ვიცი, რამე ახალი მითხარი.
-თუ გიყვარვარ.
  ელისომ იცოდა ფაფის სუსტი წერტილი.
საბილიარდოში რომ ჩავიდნენ, კობა მართლაც იქ დახვდათ, ვიღაც ბიჭებთან ერთად თამაშობდა.
-ვააა, ეს ვინ მოსულა,-წამოიძახა კობამ, როცა ფაფი დაინახა.
-გელოდით და რომ არ მოხვედი, ჩვენ მოგაკითხეთ.
-ძალიან კარგადაც მოქცეულხართ,-თქვა კობამ და წითელი ბურთი ჩააგდო.
-ამან აიჩემა, ჩავიდეთ გინდა თუ არაო,-თქვა ელისომ და ფაფიზე მიუთითა,-ეტყობა ძალიან მოენატრე.
-მაგას ვენაცვალე მე.-ამბობს კობა და ელისოს უყურებს,-თამაშმა შემიყოლია და თქვენთვის ვეღარ მოვიცალე.
-ყოჩაღ, დიდებულია... ფერად ბურთებზე გაგვცალე, ჩვენ კი ვდარდობდით,  მთელი დღე რომ არ ჩანდი.
-რა გადარდებდათ? საღამოს ისე არ დავწვებოდი, რომ არ  მენახეთ.-თქვა კობამ და კიდევ ერთი ბურთი ჩააგდო
-უცებ მეგონა წახვედი.
-სად?-ჰკითხა კობამ და ჯოხი თეთრ ბურთს დაუმიზნა.
-სახლში.
-თქენს გამოუმშვიდობლებლად?
-ხო, რავი...
-მე ჭკვიანი მეგონე, თურმე სულელი ყოფილხარ.-თქვა დათეთრი  ბურთი ჩააგდო.
ბილიარდი რომ მოიწყინეს, ბუნგალოში შევიდ ნენ და ცივი ლუდი შეუკვეთეს. სამი კათხა დალიეს... მუსიკა უკრავდა, ბუნგალოში წყვილები ცეკავდნენ,ძნელი იყო თავი შეგეკავებინა, არ ამდგარიყავი და არ გეცეკვა. ელისოც ადგა,  სხეული მუსიკას ააყოლა, მაყურებელს ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს მუსიკას კი არ ყვებოდა ელისო, ელისოს ყვებოდა მუსიკა ყოველი მისი მოძრაობა ჰანგს გამოცემდა. მთვარეული ხედავდა კობა როგორ ხარბად უყურებდა ელისოს მოცეკვავე სხეულს. 
-კარგად ცეკვავს არა?-ჰკითხა უცებ მთვარეულს.
ფაფიმ თანხმობის ნიშნად გაუღიმა.
-რაღაც რომ გთხოვო შემისრულებ?
-გააჩნია რა?
კობამ კიდე ერთხელ გახედა ელისოს, ცოტახანი მდუმარედ უყურა და მერე ღიმილით უთხრა ფაფის:
-ელისოს ასე უთხარი, შენ კობას სიცოცხლე ხარო, ეტყვი?
მთვარეულს ასეთ მიამიტურ თხოვნაზე გაეცინა.
-შენ რომ უთხრა არ აჯობებს?
კობამ თვალები დახარა და ხმადაბლა თქვა:
-არ ვიცი გამიგებ თუ არა, მაგრამ თქმას ვერ ვბედავ... ასე არასდროს ვყოფილვარ.
-ვიცი.
-რა?
-ვხვდებოდი რომ მოგწონდა.
-ეგეთი მშვენიერი არსება ვის არ მოეწონება... ნახე რა ლამაზია, რა თვალები აქვს, რა ტანი... ვგიჟდები მასზე. ის ჩემი გულია, მე მისით ვსუნთქავ... ეტყვი?
მთვარეული პასუხს აყოვნებდა... ვერ გაუგია ადამიანები საკუთარ გრძნობებზე ასე ადვილად როგორ ლაპარაკობენ, როგორ არ ამუნჯებს რაღაც უხილავი ძალა.  თვითონ ახსოვს, ზამთარში ერთხელ მაღალი სიცხე მისცა, აბოდებდა. რომ გამოკეთდა ელისო ეკითხება: ,,ჰოტია თუ დოტია თქვენს მთვარეულ ენაზე ხომ არაფერს ნიშნავს? ძილში სულ ამ სიტყვას იძახდი"-ო  ფაფი  მიხვდა რომ ,,ჯოთია"-ზე იყო საუბარი... მაგრამ არაფერი არ თქვა, გაშრა, ენა მუცელში ჩაუვარდა.  უნდოდა ჯოტიაზე მოეყოლა, ეთქვა რარიგ უყვარდა, გრძნობდა მასში განცდა ვეღარ ეტეოდა, მაგრამ ის დუმდა.  ... თავის გრძნობებზე არასდროს არ ულაპარაკნია, გული არავისთვის გადაუშლია. თითქოს არ ემტებოდა, ეშინოდა. საკუთარ შინაგან სამყაროზე ვინმესთან რომ ესაუბრა, ასე ეგონა დაკარგავდა იმ საკუთარსაც და  საკუთარი აღარ ერქმეოდა...ან რა აზრი ჰქონდა ადამიანებთან  საუბარს.  მთვარეულის გრძნობები მათ  საცაცილოდაც არ ეყოფოდათ.
-ეტყვი?-ჩაფიქრებულს მოესმა კობას ხმა.
-კარგი, ვეტყვი, ოღონდ ჯერ არ ვიცი  როდის.
-ჯიგარი ხარ.

შემდეგ დღეს გამოიდარა, მაგრამ საბანაო ამინდი მაინც არ იყო, ზღვა ისევ ღელავდა, გრუხუნებდა, თითქოს რაღაცას უყვიროდა ზეცას.  მიუხედავად ამისა, ფაფის სიამოვნებდა ნაპირზე ჯდომა და მოწმენდილი ცის ყურება, რომელზედაც მკთალად ეხატა სავსე  მთვარე.
-გუშინ კობას ასე რატო უთხარი?-ეკითხება ფაფი ელისოს, რომელიც მის გვერდით მერხზე ზის და მდუმარედ გაჰყურებს ზღვას.
-როგორ?
-მე რატო გადმომაბრალე...?
-მაშ იმას ხომ არ ვეტყოდი, მე მომენატრე მეთქი!?
-გინდაც ეგ გეთქვა, მაგით რა დაშავდებოდა?... ეგ ვერ გამიგია, ადამიანებს რატომ უჭირთ იმის თქმა რომ ერთმანეთი უყვართ და რატო ელოდებიან ვინ იტყვის პირველი?
-ჯერ შენ პატარა ხარ, არ იცნობ ადამიანებს...რომ გაიგებენ გიყვარს ეს თავში უვარდებათ და მის თვალში ფასს კარგავ. ძვირფასი მანამ ხარ, სანამ შენს გულს მოინადირებენ, მერე კი ყველაფერი  წარსულს ბარდება.
-თუ მასაც უყვარხარ?
-ვის?-ჰკითხა ელისომ და თვალებში ჩააშტერდა.
-კობას.
-კობას შენ უყვარხარ, შენს გამოა ჩემთან.-სიცილით უთხრა ელისომ.
-ახ, რა სულელი ხარ ელისო,-გაიცინა ფაფიმაც,-არა, ყველაფერი პირიქითაა, ეს შენ უყვარხარ კობას და შენს გამოა ჩემთან, მე მხოლოდ და მხოლოდ საბაბი ვარ შენთან ურთიერთობისა მეტი არაფერი.
-ეგ საიდან  მოიტანე?
-გუშინ თვითონ მითხრა.
-რაო?
-ელისოზე ვგიჟდები, ის ჩემი გულიაო.
-მართლა ასე გითხრა?-ფაფიმ შეატყო ელისოს სუნთქვა შეეკრა.
  ფაფიმ თავი დაუქნია.
-აბა დაიფიცე.
-შენს თავს გეფიცები და თუ კიდევ არ გჯერა, მთვარესაც გეფიცები. შენი მოტყუება რაში  მჭირდება
  ელისო რახან დუმდა, ისევ ფაფიმ ჰკითხა:
-არც შენ ხარ მის მიმართ გულგრილი ხომ?
-რაღაც არის, მაგრამ ეს რა არის არ ვიცი. .. წავიდეთ რა, კობა უნდა ვნახო.
როცა ელისო კედლისკენ გადაბრუნდა და ძილს მინებდა, ფაფი ადგა და სანაპიროზე გამოვიდა, ქვიშაზე დაწვა, ცას თვალებში ჩახედა, მთვარეს მზერით მოეფერა... ვინ იცის ეხლა ელისოს არ სძინავს, უბრალოდ თვალები უხუჭავს და კობაზე ფიქრობს, როგორც ერთ დროს თვითონ ფიქრობდა ჯოთიაზე. ,,ელისო შეყვარეულია, გიჟდება კობაზე, მასთან ყოფნა მისი ნეტაა. ვერ გამიგია ასე შეყვარება როგორ მოასწრო ამ რაღაც ხუთ დღეში,-ფიქრობს თავისთვის და მთვარეს უღიმის, -თუმცა ადამიანურ შეყვარებას რა  უნდა, მოეწონა მისი თვალები, ტუჩები, ტანი  და უკვე უყვარს, ადამიანისთვის ესაა სიყვარული. აბა მთვარეული სიყვარული რა  სიყვარულია?! ვერ ხედავ ვინ გიყვარს,  უბრალოდ იცი რომ  გიყვარს და მორჩა. არ იცი რა მანერები აქვს, როგორ გამოიყურება, მის თვალებში არასდროს ჩაგიხედავს... უბრალოდ გრძნობ მის სიახლოვეს, გიყვარს სადღაც ღრმად სულში. ადამიანი ამას ვერასდროს ვერ განიცდის, მას გრძნობის გარდა სხვა ძალაც ამოძრავებს,  მისი  ბუნება ფიზიკურ სიახლოვეს ითხოვს და გრძნობისთვის  დრო აღარ რჩება"  ნეტა აქ რა უნდა, ადამიანების შორის რა ესაქმება, რისთვის მოევლინა ქვეყანას?  მხოლოდ იმიტომ რომ მისი უსუსურობა გამოიყენონ და გადააბრალონ საკუთარი სურვილები?  კიბატონო გამოიყენონ, მის ხარჯზე აიხდინონ გულის წადილი, ამაში ცუდს ვერაფერს ხედავს,  მაგრამ  ისიც რომ სულიერია და მასაც რომ უნდა სიცოცხლე, მასაც რომ აქვს საკუთარი განცდები!?...
სამ წამში დარი ავდარად იქცა; ქარი ამოვარდა,  მოიღუბლა,ზღვა აღელვდა. ნაპირი ბნელეთმა შთანთქა. ფაფის სულაც არ გაკვირვებია ამინდის ასეთი უცებადი ცვალებადობა, ის არც განძრეულა, უწინდებურად ქვიშაზე იჯდა და მთვარეს უღიმოდა, რომელიც ამ ქაოსის მიუხედავად ცაზე ეკიდა და მხოლოდ იმ ადგილს ანათებდა, სადაც ფაფის მოეკალათებინა. ქარმა იმძალვა, ქვიშა ჰაერში აიტაცა და საშინელი მტვერი დადგა...  ფაფი გრძნობს ქარი როგორ ერევა, ჰაერში იტაცებს, დაფრინავს...ხედავს, ზღვის ნაპირზე უმწეოდ მიგდებულ ერთი ციდა სხეულს, ხედავს, ეს ხომ თვითონაა? საწყალი, რა პატარა ყოფილა, ციდან ის ერთი ბეწო წერტილად მოჩანს. კიდევ ერთხელ გაუკვირდა, ამ ციცქნა სხეულში როგორ ეტეოდა... მთვარისკენ მიქრის, უკვე სულ ახლოსაა...
,, ...მოვდივარ ჩემო სიყვარულო, ჩემო ჯოთი..."
მთვარეზე ფაფის მხოლოდ ელისოს დარდი წაყვა,რომელიც ყოველგვარი გამომშვიდობის გარეშე დატოვა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები