ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
7 დეკემბერი, 2012


წერილი მამას

ვზივარ ჩემს ძველ საწერ მაგიდასთან,
კედლის სურათიდან მიმზერს მამა.
ჩემს თავს ვეკითხები - რა გინდა ქნა?
როცა გაურკვეველ მიზეზს ვგავარ...

ისე, სხვათა შორის, საღამოა,
სხივი მოისამხრა უკვე ფარდამ.
ვიცი, ის შეგრძნება აღარ მოვა,
შენთან საუბრისას რომ მიყვარდა...

აზრებს ვერაფრით ვერ ვამარტივებ,
დარდმა გამოაღო დარაბები.
მამა, ეს ერთი დღე მაპატიე,
გადაუდებ საქმეს  ვალაგებდი...

დღეს ვერ მოვიცალე, შენს საფლავზე
ამოსასვლელად და მტკივა უფრო.
თუმცა, სანამ ცრემლი ჩამყლაპავდეს,
მინდა ამ წერილით გესაუბრო.

უცებ გამახსენდა ყველა კადრი,
ჩემი ბავშვობის და შენთან ყოფნის.
მახსოვს, კინოში რომ წამიყვანდი,
მერე შენით როგორ ვამაყობდი...

მამა, მეც შენფერი თვალები მაქვს,
ლურჯად დაფერილი გვირილებით.
რაც შენ სიკეთის ქმნა გყვარებია,
ციურ გზავნილებად მირიგებენ...

მახსოვს, დაფლეთილი ინფარქტისგან
პულსის წვრილი ხაზი მონიტორზე.
ფიქრში გაჩენის დღეს მივაკითხე,
შენ რომ სიხარულით მოგილოცეს...

მახსოვს ხელზე შენი ხელმოჭერაც,
დამბლადაუცემი ცალი ხელით.
მამა, რაც არ მითქვამს, დღეს მოგწერე,
ადრე აბა, როგორ გაგიმხელდი...
              05.12.12



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები