ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტენდი
ჟანრი: პროზა
29 დეკემბერი, 2012


საცოდავი კაცობრიობა - დასასრული

ეს ლადო იჯდა ახლა სკვერში და გამვლელ-გამომვლელს ათვალიერებდა.
„ ღმერთო რა ეშველებათ ?! კაცობრიობა ფსიქოზით დაავადებულს ჰგავს!.. ერთს არა აქვს გახსნილი ნაკვთები. ერთს არა აქვს თბილი თვალები.. სულ რაღაცით უკმაყოფილონი  არიან, ან პირიქით, ზედმეტად კმაყოფილები... გულწრფელობა დაკარგა ხალხმა, ღიმილით მისალმების უნარი !.. უიშვიათესი გამონაკლისების  გარდა... „
_ რაზე ფიქრობ ლადო ? _ ჰკითხა კაცმა და ლადოს გვერდით მერხზე ჩამოჯდა _ ისე მოგიახლოვდი, ვერც კი შემამჩნიე.
_ ხალხზე, ვანო, ხალხზე ვფიქრობ _ უთხრა ლადომ  მისალმების შემდეგ.
ვანო პენსიონერი იყო, ხშირად გამოდიოდა სკვერში და საუბრობდნენ, ხან ფილმზე, ხან ფეხბურთზე, ხან ჭადრაკზე, ხან მოსავალზე, ხან კროსვორდებს ხსნიდნენ.. რასაც სიტყვა მოიტანდა.
_ რას ფიქრობ, ლადო ხალხზე ?! _ გაეღიმა ვანოს.
_ ტელევიზორს ჩართავ, სულ ომები, მკვლელობები, ცილისწამებები, სულ კრიმინალი... აქ გამოხვალ და ვისაც გინდა დაელაპარაკო, პოლიტიკის გარდა, არაფერი აინტერესებს... ფსიქოზით დაავადებულს ჰგავს კაცობრიობა.
ვანოს რაღაც უნდოდა ეთქვა, მაგრამ შვილიშვილმა დაუძახა და წავიდა.
ვანო ისევ მარტო დარჩა.
სკვერში თითქმის არავინ იყო.
გზის იქით ხალხი მოძრაობდა.
„შუადღის შემდეგ გამოვლენ.. თუ თემურიც გამოვა ჭადრაკს ვითამაშებთ...“
ისევ ხალხს დაუწყო თვალიერება.
ვიღაც შეამჩნია გზის იქით.
„გივი !.. აი, ზუსტად გამოხატული მლიქვნელობა და თაღლითობა. ყველას უღიმის, ყველას რაღაც სასიამოვნოს ეუბნება, კაი კაცის ავტორიტეტი სჭირდება და ამიტომ.. სინამდვილეში სულ ფეხებზე ჰკიდია ყველა...
... ოჰ! ესენი ვინ არიან ?!  არასდროს მინახავს... არა, ეს ერთი კი აქაურია, მაგრამ დანარჩენები ?!...“
ისინი, ვინც ლადომ ვერ იცნო, რამოდენიმე ახალგაზრდა ბიჭი იყო, ასე ოცდაორი-ოცდასამი წლისანი. ჯერ ოთხი ბიჭი მოვიდა და  მაინცადამაინც ლადოს მერხზე  დასხდნენ, მერე კიდევ ორი მიემატათ, მერე ვიღაცეები მოვიდნენ და წავიდნენ ისევ. ლადოს კი გადახედეს, მაგრამ მერე ყურადღება აღარ მიუქცევიათ, რაღაცაზე დაობდნენ ჩუმად.
ლადო ბუნებით ცნობისმოყვარე არ იყო, მაგრამ იმ ბიჭებმა ყურადღება მაინც მიიქციეს, რომელიღაცამ ხმამაღლა შეიგინა და ამიტომ, ალბათ.
ლადომ უკმაყოფილოდ გადახედა „ხალხი უკვე ხმამაღლა იგინება, აი, რაშია უბედურება ! ..“
დიდხანს რომ გააგრძელეს ლაპარაკი და თან  ხმასაც აუწიეს, ლადომ შენიშვნა მისცათ : „ახალგაზრდებო, წესიერად მოიქეცითო “.
_ ჩვენ, ბიძაჩემო,  შავები ვართ, ჩვენი საქმე გვაქვს გასარჩევი. არ მოგწონს?! სხვა სკამზე გადაჯექი.
_ შავები რატომ ხართ ?! _ გაუკვირდა ლადოს.
ბიჭებს გაეცინათ:
_ ბიძაჩემო, შავები ვართ, გესმის ეგ რა არის?! ახლა ტყუილ-მართლის საქმეს ვარჩევთ კაცურად და  თავი დაგვანებე.
_ ტყუილ-მართლის საქმეს თუ არჩევთ კაცურად, ღმერთის საქმე აკეთებთ და რაკი  ღმერთის საქმეს აკეთებთ, თეთრები უნდა იყოთ, შავები რატომ ხართ?!
_ გამიშვი ახლა, მე მაგას ვასწავლი!... _ გაიწია ერთმა.
_ თავი დაანებე, ძმაო, გიჟია, სულ აქ ზის და ხალხს ელაპარაკება _ უთხრა იმან, ვინც ლადოს ნაცნობად მოეჩვენა.
_ ჩვენ, ბიძაჩემო, ქურდები ვართ და ცოტა ფრთხილად გველაპარაკე _ უთხრა სხვამ და მერხიდან ადგა.
_ წამოდი, სხვა სკამზე გადავიდეთ.
_ შავები ზანგები არიან !  თქვენ ცოდვილები ხართ ! _ მიაძახა ლადომ წასულებს_ ქურდები თუ ხართ, უნდა მოინანიოთ და გამოსწორდეთ ! „არა იპაროვო“, ღმერთი ამბობს.
რომელმაც ლადოზე გაიწია, იმან კიდევ ერთხელ მოიხედა, მაგრამ ბიჭებმა ხელი მოჰკიდეს „წამოდიო“ და წაიყვანეს.
„ კიდევ კარგი, გიჟი ვარ, თორემ, კარგადაც მიმბეგვავდნენ !.. ხანდახან რამხელა შეღავათია, როცა ადამიანი გიჟია !..  რატომ იდებენ ამხელა ცოდვას?!  სად გინახიათ, კაცი,  ქურდი ვარო, ტრაბახობდეს?!.. ცოდვილია ადამიანი, ცოდვილი !.. ცოდვა რომ არ უსქელებდეს ტყავს, ციცინათელასავით გაანათებდა და იფრენდა!..  ეეჰ!!!“
აფორიაქდა ლადო.
კიდევ კარგა ხანს იჯდა სკვერში. არც ვანო დაბრუნდა, არც თემური გამოჩნდა.
გივის იმ ვიღაცასთან საუბარი დაემთავრებინა და მარტო იდგა და სკვერისკენ იყურებოდა.
ლადომ იცოდა, გივი გადმოვიდოდა სკვერში და გამოელაპარაკებოდა. არც გივი უყვარდა და არც მასთან ლაპარაკი. სკვერი პენსიონერებისაა, გივის კი აქ თავისი საქმე ჰქონდა, სულ ვიღაცას ელაპარაკებოდა, სულ ვიღაცას რაღაცას უმტკიცებდა. ამბობდნენ თავისი ნათესავის არჩევნებში გასვლას ელოდება და ისევ დიდ საქმეებს დაიწყებსო. ღმერთმა კარგად ამყოფოს, მაგაში კი არ არის საქმე, მაგრამ ეს სახეზე დაწერილი ნათამაშევი თავმაბლობა რომ მაშინვე მოსცილდებოდა და ისევ ის გივი იქნებოდა, ქედმაღალი, პატივმოყვარე და ხარბი, ყველასთვის ნათელი იყო. „კუზიანს სამარე გაასწორებს !“.
გივისთან დალაპარაკებას მაინც ვერ ასცდა.
ლადოს აღიზიანებდა ეს ყველაფრისმცოდნის დამაჯერებელი ტონი.
_ ოჰ, ლადო, შენ ისევ შენს ადგილზე ხარ?
_ აბა მეტი რა საქმე მაქვს!
_ ჰო, ამ ადგილისთვის ხმების უმრავლესობის მოგროვება  შენ არ გჭირდება და არაფერი, ისედაც შენია.
_ ჰო! _ დაეთანხმა ლადო.
_ რას შვრები, ლადო, ახლა არჩევნები რომ მოდის, ვის აძლევ ხმას?
_ არავის.
_ რატომ, ლადო?!
_ მე არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მაქვს, მე ხომ გიჟი ვარ.
_ ააა! უფლება რომ გქონდეს, ვის მისცემდი ხმას?
_ არავის.
_ შენ, ეტყობა, მოგწონს ეს მთავრობა.
_ ჩემი დასაწუნი რაღა აქვს?!
_ რას ჰქვია, რა?!  შენზე არ ზრუნავენ, ხალხზე არ ზრუნავენ...
_ მერე რა ?! მაგათ, შეიძლება, არც იციან, ხალხი რომ არსებობს.
_ მერე, კარგია ეგ ?!
_ ცუდი რაღაშია?!  აი, სტალინმა იცოდა ხალხის არსებობა და ვირთხებივით ამოხოცა... გვარები გააქრო... 
_ ბიჭო, ადამიანს არსებობის ელემენტარული საშუალება არა  აქვს,  შუქი შენ არ გაქვს და წყალი. გარბის ხალხი საქართველოდან.
_ ვისაც გაქცევა უნდოდა, ის გარბის. გასული საუკუნის ოციან წლებამდე ხალხმა საერთოდ არ იცოდა შუქი რა იყო, წყალი კიდევ ვედროებით დაჰქონდათ და ახლაც დააქვთ... უწყლობაში, უშუქობაში და უგაზობაში არ არის უბედურება, უბედურება იმაშია, ხალხმა სახელმწიფოებრიობი შეგრძნება რომ დაკარგა და  მარტო „მე მინდა“ იციან.
_ ესე იგი, შენ არჩევნების წინააღმდეგი ხარ. არ გინდა, ხალხმა თავისი ბედი თვითონ რომ გადაწყვიტოს.
_ ერის ბედს ღმერთი წყვეტს.
გივის გაეცინა.
_ ერის ბედს ჭეშმარიტი დემოკრატიული არჩევნები წყვეტს, როცა ერთ ხმასაც კი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
_ დემოკრატიული არჩევნების არ მჯერა. დემოკრატიულმა არჩევნებმა გააკრა ქრისტე ჯვარზე.
_ აბა, რომელი არჩევნების გჯერა?!
_ ღმერთის არჩევნების მჯერა და როცა ღმერთი თავის არჩევანს გააკეთებს, მე არ შემეკითხება, მთავრობაში ვინ მოვიყვანოვო და არც  ერთ  ხმას ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა.
_ როგორ უნდა აირჩიოს ღმერთმა, ჩამოვა და გვეტყვის ესა და ეს კაცი  იყოს მთავრობაო?!
_ ეს მთავრობა, შენ რომ არ მოგწონს, შენი საზოგადოების პროდუქტია, რაც ერი ხართ, ის ბერი გყავთ, უღმერთო და  გაუტანელი. როცა ღვთისნიერი თაობა მოვა,  მთავრობაც ღვთისნიერი ეყოლება. ღმერთის არჩევანიც ეგ არის.
გივის არ მოეწონა ლადოს პასუხი, უკმაყოფილოდ შეიშმუშნა:
_ესე იგი, ჩვენი საშველი არ არის ?!
_ ჩემი საშველი არის და შენი არ ვიცი _ მხრები აიჩეჩა ლადომ.
_ შენი საშველი რატომ არის და ჩემი საშველი რატომ არ არის?!
_ როცა ღმერთს ღმერთისას მისცემ და კეისარს კეისრისას, შენიც იქნება.
_ მთავრობა მარტო გადასახადები ხომ არ არის?!
_ მე პატივმოყვარე არა ვარ და მაღალი თანამდებობებისთვის არ ვბძოლობ, ამიტომ მთავრობა ჩემთვის მარტო გადასახადებია. ამ გადასახადების გადახდის საშუალებას კი ღმერთი მაძლევს.
_ ესე იგი, შენთვის მნიშვნელობა არა აქვს, თავისუფალ სახელმწიფოში იცხოვრებ, თუ დამოკიდებულში?!
_ თავისუფლებასაც ღმერთი იძლევა.
_ მაშ მსოფლიო პოლიტიკაზე რაღას იტყოდი?
_ მე შენ ღმერთის პოლიტიკაზე გელაპარაკები, მსოფლიო პოლიტიკა რა შუაშია?!
_ იმ შუაშია, რომ ნებისმიერი სახელმწიფოს პოლიტიკა მსოფლიო პოლიტიკაზეა დამოკიდებული.
_ არ დაიჯერო. ნებისმიერი სახელმწიფო ღმერთის პოლიტიკაზეა დამოკიდებული. როცა ღმერთმა ებრაელები ეგვიპტიდან გამოიყვანა, ეგვიპტელებისთვის არ უკითხავს, თქვენ ამ საკითხზე რა აზრისა ბრძანდებითო.
_ თუ ასე ადვილია ყველაფერი და ჩვენს მაგივრად ღმერთი სწყვეტს ყველაფერს, ადამიანის ბედს, სახელმწიფოს დამოუკიდებლობის საკითხს და ჩვენ არაფრ შუაში ვართ,  მაშ ადამიანის არსებობას რაღა აზრი ჰქონია?
_ შენ ჩემი აზრი გაინტერესებს?! _ გამოცოცხლდა ლადო.
_ შენი აზრიც და საერთოდაც.
ლადომ ჩაახველა და ძალიან შემაგონებლად დაიწყო:
_ ადამიანის არსებობის აზრი სამად სამ სიტყვაში გამოიხატება. ეს არის: თევისუფლება, წუთისოფელი და გარდაცვალება. ეს ის თავისუფლება არ არის „გიჟი თავისუფალიაო“,  რასაც გინდათ, იმას რომ ამბობთ და აკეთებთ. ეს ის თავისუფლებაა როცა ადამიანი საკუთარ თავს ფლობს, ანუ საკუთარი თავის უფალია… ღმერთმა პეტრეს როდესაც ცათა სასუფევლის გასაღები მისცა, უთხრა: რასაც მიწაზე შეეკვრებით, ზეცაშიც იმასთან იქნებით შეკრულიო. აი, ეგ არის ჭეშმარიტი თავისუფლება, როცა მიწაზე შეეკვრები ზეციურს, ანუ როდესაც  ხორციელ სურვილებზე მაღლა დადგები, ანუ როდესაც საკუთარ თავს ცოდვებისაგან იხსნი, ვინაიდან წუთია სოფელი და გარდაცვალებისას, ანუ მეორედ დაბადებისაც თავისუფალი მიწიერი არაფერი გაგყვება ზეციურისკენ მიმავალ გზაზე... ყველაფერი ეს ერთად კი ღმერთის შეცნობაა... ახლა მითხარი, შენი წამოყენებული კანდიდატებიდან რომელს აწუხებს ეგ ?! ამიტომ ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს, რომელი უღმერთო მთავრობა მოვა სათავეში...
არასოდეს ულაპარაკია ლადოს ამდენი, გივისთან მითუმეტეს, მაგრამ იმ ბიჭებთან შეჯახების შემდეგ აფორიაქებული იყო. როგორც კი ლაპარაკი დაამთავრა, დამშვიდდა.
გივი გაჩუმებული იჯდა, მერე ჩაახველა და გაიცინა:
_ შენ, ლადო, გიჟი კი არა, ფილოსოფოსი ყოფილხარ.
_  ეგ ფაქტიურად ერთი და იგივეა _ აუხსნა ლადომ.
_  მაგრამ არჩევნებში მონაწილეობის მიღება მაინც აუცილებელია. ღმერთს რომ ელოდო, ვინ იცის, როდის რა იქნება _ გივიმ კიდევ ერთხელ ჩაახველა, სადღაც შორს გაიხედა, ადგა და წავიდა.
„ ტყუილად ვილაპარაკე ამდენი, მაინც ვერაფერი გაიგო... რამ დააყრუა და დააბრმავა ეს ხალხი ?!  ვერ ხედავენ, რომ უღმერთობამ დედამიწა სათბურად გადააქცია, სადაც ახალი ჯიშის მკვლელები გამოყავთ, კაციჭამიები, მაფიოზები, ... პლანეტა თვითმკვლელობისკენ მიდის... „
აფორიაქებული დადიოდა ლადო სკვერში.
შუადღე კარგა ხნის გადასული იყო როცა თემური გამოვიდა და ჭადრაკის დაფაც გამოიტანა.
თემური  თამუნას თანაკლასელი იყო.
ლადოს არასოდეს უკითხავს, მაგრამ დარწმუნებული იყო თემურის თამუნა უყვარდა. თამუნასაც, ალბათ.
ორი პარტია ითამაშეს მაგრამ ლადო მაინც ვერ დაწყნარდა.
მესამე პარტიას რომ  თამაშობდნენ, ლადოს უცბად რატომღაც სახლში წასვლა მოუნდა, თითქოს გულმა რაღაც უგრძნო, მაგრამ თემურის დაფაზე კარგი პოზიცია ჰქონდა და ბიჭს  თამაში არ შეაწყვეტინა, გულისყურით თამაშის გაგრძელება კი ვეღარ შეძლო.
მაშინაც ასეთი გრძნობა ჰქონდა, ოცდაათი წლის უკან, სამსახური რომ მიატოვა და სახლში დაბრუნდა,
უკვე საკმაოდ გვიანი იყო, თამაშს რომ მორჩნენ.
სახლს რომ მიაღწია, გულმა კიდევ ერთხელ  გაკენწლა. “მეჩვენებაო“, თავი დაიმშვიდა, მაგრამ ეზოში რომ შევიდა და ღობესთან დაყრილი ვარდები დაინახა, ყველაფერს მიხვდა...
ორანჟერეის კარი ღია იყო და მინა ჩამტვრეული.
... ერთი ვარდიც აღარ იყო ორანჟერეაში...
ერთი ვარდიც.
იქვე კართან ჩაჯდა.
ვიღაცას ვარდები აეჭრა.
ალბათ, სისწრაფისაგან ცალკ-ცალკე კი არ იყო აჭრილი, ზოგი ბუჩქი მოეჭრათ მთლიანად.
ვარდების ძირში დარგული ფურუსულები ვიღაცის ფეხს მიწაში აეზილა.
ის ვიღაც, ეტყობა,თაროებს დაეჯახა და თაროებზე დადგმული კაქტუსები ქოთნებიანად ეყარა ძირს.
საყელო მოიღეღა და ჰაერი ჩაისუნთქა.
ის ჩასუნთქული ჰაერი ისეთი ტკივილით იგრძნო გულმა, ამოსუნთქვა გაუჭირდა.
ერთ აზრსაც კი არ გაუვლია გონებაში.
დიდხანს იჯდა ეზოში.
ადგომის ეშინოდა, წავიქცევიო.
მერე  ძირს დაყრილი კაქტუსები წესიერად დაალაგა მიწაზე. ქოთნების გარეშე დარჩენილები მიწაში პირდაპირ ჩარგო. ზოგი ქოთანი მთლიანად დამტვრეულიყო, უფრო პატარები გადარჩენილიყვნენ.
სახლში შევიდა.
წამლები მონახა.
დასამშვიდებელი დალია.
ხელები დაიბანა.
საძინებლის კომოდის უჯრიდან ის ქაღალდები ამოიღო, ნოტარიუსით დამტკიცებული. კონვერტში  ჩადო და კომოდზე დააწყო.
ლოგინი გაშალა და დაწვა....
ოცდაათი წლის წინ გაყინული ტკივილი გალღვა.
ძალიან მოუნდა ვინმესთვის ეთქვა რა მტკივნეულია ცოლის ღალატი. ის დღე ხელმეორედ გადაიტანა და მთელი ხმით ყვირილი მოუნდა...
მოუნდა ვინმესთვის ეთქვა, რა მტკივნეულია ნალოლიავებ  ბაღს რომ გაგინადგურებს ვინმე.
მერე რატომღაც ცოლი წარმოიდგინა ისევ და იმ  ღალატისთვის ახლა შეეცოდა. რატომღაც  ახლა მიხვდა, ცოლმა იმისათვის კი არ უღალატა , რომ ბუნებით მოღალატე იყო, ან მითუმეტეს იმისათვის რომ ის მეზობელი შეუყვარდა!
არა, უბრალოდ უღალატა, თითქოს ჩაის სვამდა, ან სახლს ალაგებდა, ან სადილს ამზადებდა.
... და ამ არაფრისმთქმელი ღალატისთვის შეეცოდა...
მერე, რატომღაც ის მოღალატე ცოლი მოენატრა. რატომ, თვითონაც არ იცოდა. ალბათ, იმისათვის, რომ იმაზე ახლობელი არავინ ჰყოლია...
მეგობარიც კი არ  ყავდა.
„ ... ან ცოლს შეგიცდენენ, ან ბაღს გაგინადგურებენ, ან არჩევნებში მონაწილეობის მიღებას მოგთხოვენ, ან „გიჟიაო“, იტყვიან... ათას რამეში დაგდებენ ბრალს და იმიტომ კი არა, რომ რაიმე გავნონ, კარგის კეთება რა არის, არ იციან...“
... ხელისგულზე მთელი ქვეყანა ედო...
ხელისგულზე დადებულ იმ მთელ ქვეყანას კუთხე-კუნჭულამდე ხედავდა და კაცობრიობა ეცოდებოდა...
„ საცოდავი კაცობრიობა... ფსიქოზით  არის დაავადებული... ფსიქოზი გადამდებიაო, ფსიქოლოგებმა დაამტკიცეს ! „...



        იმის შემდეგ სკვერში გასული ლადო არავის უნახავს...



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები