ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კახა ჭლიკაძე
ჟანრი: პოეზია
16 თებერვალი, 2013


(არ) დაკარგულ ,,ედემს”

 

ეს ცა, მზის მაგივრად პირს მე მბანს და
ვგრძნობ, რომ მომენატრა შემოდგომა.
ჯვრის ტყით სალოცავთან ასვლა მინდა
და რუხ ციცაბოზე შემოდგომა.

სამგზის ყველა კუთხეს დავუკოცნი –
ასეთია ჩვენში ჩვეულება,
ქარიც გადამისმევს თავზე ხელს და
თითქოს პაპის სული მეხუტება...

შემდეგ, გადმოვხედავ მშვენიერს და
მხოლოდ იქ ვიგრძნობ, რომ სულს არ შია.
რასაც ამაყი აქვს ხასიათი,
რასაც თვალი სწვდება – სულ ჩემშია...

და მეც მომენატრა იმ ედემის
დილა, ბროლის ცვარ-ნამ გარეული,
სუნი მუხის ტყის და ბალახების,
მთა, როგორც რჩეული ტაძრეული.

სადაც ჰაერია კურთხეული –
ყველა იუცხოვებს სადმე თუ ვთქვი:
ზუსტად ცის გულიდან - ფილტვის ფსკერში
სულის საკურნებლად ჩასასუნთქი.

ნუთუ მაპატიებ პაპაჩემო,
შენი საფლავიც თუ ვეღარ ვნახე.
შენგან მამა-პაპის სახსოვარი
ვერც რა – ვერც მამული შევინახე.

... დასცხო, იქ რომ იცის, გარიჟრაჟზე,
წვიმა რომ გაღვიძებს მზეზე ადრე...
დღეს ის შემოდგომა მომენატრა
ან იმ შემოდგომებს მოვენატრე...


(ვუძღვნი სოფელ ,,გიორგი წმინდას" სამაჩაბლოში)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები