ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მ გ ზ ა ვ რ ი
ჟანრი: პოეზია
4 მარტი, 2013


პიტნის ჩაი

ახლა აპრილი, როგორც დრათჰარი, ჩვენს დიდ ეზოში
ყეფს და მისი ხმა, თვალცრემლიანის, აეკრა მინას.
დე, დამესიზმრე წუხელ, ტაძრამდე იყო ფერდობი,
გზას ვერ ვიგნებდი, შენ კი, მშვიდად მსახავდი პირჯვარს.

ვიხსენებ იმ დღეს (ჩემს ბავშვობაში) მუხლებდასხვეპილს
რომ მარიგებდი, გულში მიკრავდი დაბნეულ მტირალს,
დღეს?
დღეს- აქ ცხოვრება მებღინძება, წამებს მაყვედრის,
ბრძოლა მაქვს თავთან, მეტანიას მივმართავ ხშირად.

ვუყურებ თვალებს - შენს ამომშრალ ჭებს (არ იმჩნევ ფიქრში),
მერე ვმუნჯდები, სულში მამტვრევს და სხეულში მცივა,
დე, პიტნის ჩაი მომიტანე, დამთბება ,ვიცი,
რომ მივაფიცხებ ხელისგულებს უყურო ფინჯანს.

სილას ავაწნავ გაშმაგებული ვერგამძღარ ზამთარს,
მივუჯახუნებ ფართოდ გაღებულ ყინულის ჭიშკარს,
რადგან,  ხვალ ბზებმა მშვიდად დახარონ ეზოში თავი
და შეეგებონ გადავიწყებულ ამინდებს მზიანს.

დაე, აფეთქდეს ყველა კვირტი ატმების ბაღში!
გული იჯერონ ფუტკრებმა და შეავსონ ფიჭა.
მინდა, ცის კიდეს შემოეხეს ძაძები შავი,
რადგან, სინათლემ ამაყად თქვას თვისი სიტყვა.

სანამ ჩვენს სარკმელს მოადგება სიცოცხლის სხივი,
სანამ იები აღასრულებენ რიჟრაჟზე წირვას…
დე, ცხელი ჩაი მომიტანე მანამდე პიტნის,
მსურს მივაფიცხო ხელისგულები უყურო ფინჯანს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები