ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბალახა
ჟანრი: პოეზია
12 მარტი, 2013


ძველი ლექსი ( 13. 04. 2007. )

საკუთარ თავთან საუბარში გადის საღამო
და ამ საუბარს ჩემს გარდა ისმენს თამბაქოს ფერფლი
და ამ საუბარს, შენი პოეტის სულის ნაამბობს,
მხოლოდ ქაღალდი, მხოლოდ კალამი, მელანი ეტრფის.
უმთვარო ღამეს, როცა ვუცდი დილას-საამოს
და წუთი წუთსაც, როგორც წესი, ისე არ ერთვის...
მინდა ამ ლექსმა სუფთა ქაღალდი გაალამაზოს
და ცა დახატოს დილის მზისათვის თოვლივით თეთრი.
ზეცის კიდეზე პატარა ჩიტი როცა ნავარდობს,
მე დაღლა მინდა გავუქარვო ამ ჩემი ლექსით...
თუ დაიღლება მინდა საფლავთან გაითამაშოს,
მერე დამტოვოს და ამაღლდეს ისევე ზეცით.
როცა ეგ ღვინო მოგეძალება, ძლიერ დაგათრობს
და ლამაზმანებს ადღეგრძელებ დამწველი ეშხით...
მაგ ღვინის დოქსაც დროის ტრიალი როცა გააშრობს,
ღვინო ეძიეთ ჩემს ლექსებში, ლექსები-ქვევრში!
როცა დახედავთ ნაცრისფერ ყინულს, მზისგან განალღობს
და მაგ თვალებზე, როცა მოგდგებათ ცრემლების თქეში;
ნუ დამიტირებთ! მხოლოდ ღიმილი თქვენი გამათბობს,
რადგან ლექსები უწინდებურად ტირიან ჩემში!
როცა ეს ლექსი ჩემს ღამეულ ფიქრებს გაგანდობს,
შენც, პოეტივით ჩაეშვები რითმის მორევში...
და მტვერთან ერთად ქარიხვეტია თუკი გამაქრობს,
ლექსის სტროფებად გავიბნევი უფერულ მტვერში.
ნაწყენი ზეცა თუკი მარტის წვიმებით წამშლის,
ცხელ უდაბნოში თუ დავჭკნები, ვით ეფემერა...
ლექსებთან ერთად გადავსახლდები ცისარტყელაში
და წვიმის შემდეგ სილაჟვარდეში მოვალ შვიდფერად!
მინდა ამ ლექსმა, რომ საფლავის ქვა ჩემი შეამკოს
და ლექსში ნახოთ მხოლოდ ლექსი, არა სიავე...
და გადაღლილი, გადაქანცული ოდნავ შეათბოს
ხელდაკოჟრილი მამაჩემი და მესაფლავე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები