ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თორნიკე ჭელიძე
ჟანრი: პოეზია
15 მარტი, 2013


* * *

* * *


სულ შეიცვალა მეთოდები;
ჯვარზე კი არა,
ახლა კედლებზე გაგაკრავენ
რაღაც აფიშით,
რომელზეც შენი სახელი, გვარი
და ფოტოც არის.
ზემოთ კი მუდამ აწერია სიტყვა:
პოეტი.



* * *


ამ ჩემს ლექსებს კიდევ ჰგონიათ
რომ წიგნებში დაბეჭდვისათვის,
სადღაც, კედლებზე აფიშებით
გამოსაკრავად,
ქუჩებში და ხალხმრავლობაში,
ისე, ხმამაღლა წაკითხვისათვის
ვწერ ხოლმე მხოლოდ.
როგორ ცდებიან.

ისინი მისთვის არსებობენ, რომ
ადამიანებს შორის გაჩენილი ბზარები,
საიდანაც სიცივე შემოდის,
ამოავსონ და
დათბეს.



* * *


- ალბათ, ვინმე ძვირფასთან ერთად
ყოფნაც არსებობს. -
ვეუბნები საკუთარ თავს
და ჩემს ერთ ცივ ხელს
მეორე ხელს ვკიდებ
და ვათბობ.



* * *


სულ ერთ სახლში ვართ,
ერთ ოთახში,
მე და ჩემი მცენარეები...

და მაინც როგორ სხვანაირად ვიცით
ცხოვრება;

ისინი - დღეთა მანძილზე მზის ქვეშ,
მე კი ღამეში,
ვარსკვლავებისქვეშ
ვიზრდები მხოლოდ.


* * *


მიკვირს, როგორი მოთმინება
გვჩვევია ზოგჯერ;

უკვე თორმეტი წელი გავიდა,
ვდგავარ ერთ-ერთ ფოტოში ბავშვი,
ხელში ახალი ბურთი მიჭირავს
და სურვილს ვითმენ,
რომ გავიქცე და ვითამაშო
სოფლის მინდვრებში,
იქ, სადაც ჩემი მეგობრები
ერთად სხედან და
მელოდებიან.



* * *


სულ ბოლოს მასთან უნდა გაჩერდე,
ვინც საკუთარი - შენი სისხლივით
შეგადედდება და შეგახმება,

ხოლო იქამდე,
მუდამ უწყვეტად
ვითარდებიან ქვეყნის შესაქმის
კადრები დღემდე;

რადგან არიან ის ქალები,
რომ გაშორდები,
უკან მოხედავ
და გეჩვენება,
თითქოს დგანან და იმ ხელს გიქნევენ,
რომელშიც შენი ნეკნი უჭირავთ.




* * *


არიან დღეები, რომლებშიც
დაშლილი ცხოვრობ,
დამტვრეული მრავალ ნაწილად...

და ამ დროს ცდილობ,
რომ მოაგროვო
საკუთარი ყველა ნარჩენი;

ზოგს სახლში, საწოლში,
ფანჯრებთან, ქუჩაში
მიაგნებ,

ბოლოს კი,
როცა ყველაფერს ერთად მოიტან
მოაგროვებ
და ააშენებ შენს არსებობას,
იგრძნობ, რომ მაინც გაკლია ვიღაც;
ის, ვინც თავისით უნდა მოვიდეს...

და გახსენდება, რომ ყოველთვის
ეს აზრი გამტვრევს.




* * *


ახლა მივხვდი,
თუ რას აკეთებენ ის სიტყვები,
რომელთა თქმა გვინდოდა და
ვეღარ გავბედეთ;

ისინი დგანან სიჩუმის და დუმილის უკან
და იმ ერთ სიტყვას, რომელიც მათში
ყველაზე მეტად საჭირო და კარგია შენთვის,
ხელს კრავენ, რომ წინ გამოვიდეს
და ამოითქვას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები