ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შენ ისევ შენ
ჟანრი: პროზა
22 მარტი, 2013


გზავნილი

    მაშინ როდესაც ყველაფერი ერთფეროვნულად მიიზლაზნებოდა და თითქოს ახალი არაფერი უნდა მომხდარიყო, მუსიკა ჩაირთო. გვერდითა ბინიდან მოდიოდა ეს ხმა. ვიცოდი, რომ იქ მაცხოვრებლები ხშირად იცვლებოდნენ, რადგან ბინა ქირავდებოდა, მაგრამ მხოლოდ ისეთი საქმიანი ხალხი სახლდებოდა, რომელთაც მუსიკისათვის დრო არასოდეს ექნებოდათ. ისინი დილით ადრე გადიოდნენ სახლიდან და საღამოს გვიან ბრუნდებოდნენ. ხანდახან ჩაიდნის ყვირილი თუ მოისმებოდა მხოლოდ - ავდუღდი, ავდუღდიო. მე სხვა არაფერი გამიგონია. ახლა კი მუსიკა. ჰმ, უცნაური იყო.


    მეორე დღეს ზაფხულის სიცხესთან ერთად, მუსიკამ გამაღვიძა. კედელს ყური მივადე. თითქოს მოძრაობებს ვხედავდი, თუ როგორ ცეკვავდა იმ მუსიკაზე ჩემი ახალი მეზობელი. ჩემმა მიძინებულმა ფანტაზიებმა გამოიღვიძეს... ვცეკვავდით ერთად, თვალებით მე ზევით ვიყურებოდი ის - ქვევით. უნდა შემეხედა, მაგრამ თავი საერთოდ უკან გასწია. ამ მომენტმა კვლავ რეალობაში დამაბრუნა, გამოვფხიზლდი, კვლავ კედელზე ყურმიდებული ვიყავი, თუმცა მუსიკა აღარ იყო.


    მესამე დღე. საშინელი ხმაური ატყდა, ახალგამოღვიძებული ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა, უცებ კედლის ერთი პატარა ადგილი გამოიზნიქა და იქიდან ლურსმანმა ბასრი კბილი გამოყო. უეცრად ლურსმანი უკან შევარდა, შევიხედე ამ პატარა ჭუჭრუტანაში და ახალი მეზობლის თვალი დავინახე, შეკრთა, თავიდან უკან გაიწია, შემდეგ ისევ დავინახე, თვალი.  უკაცრავად არ მინდოდა, ეს მითხრა და ცოტახანს კიდევ იყურებოდა. არაუშავს მეთქი ვუთხარი და გავუღიმე, თუმცა არამგონია ჩემი ღიმილი იმ ჭუჭრუტანიდან დაენახა.


    დრო გადიოდა, ჭუჭრუტანა ფართოვდებოდა. რაც შემოგვაკლდებოდა აქედან ვაწვდიდით ერთმანეთს. ერთხელ მახსოვს, როგორ გადავუყარე შაქრის ნატეხები ყავისთვის. უცნაურად გაუხარდა, გამხიარულდა. ხშირად უკვე მოზრდილი ღრიჭოდან საუბრისას, ვერც ვამჩნევდით ღამე როგორ გაიპარებოდა ხოლმე.


- შენი ოთახის ფანჯრიდან მთვარე ჩანს?
- კი ჩანს.
- როგორია?
- სულ პაწაწინა რკალია. არ ვიცი ასეთ მთვარეს ზუსტად რას ეძახიან.
- ააჰ, კარგი.
- რა იყო?
- არაფერი, მალე შეივსება.
- და ეგ გიხარია?
- შენ ალბათ არასოდეს გილაპარაკია სავსე მთვარესთან,
- ეჰ,  შეიძლება ასეა.
- დღეს რაღაც არ მეძინება. ყავას დალევ? რაღაც ახალი ყავა მაქვს, დღეს ვიყიდე.
- კარგი, გავსინჯავ.
- ფურცელში ჩავყარე, ფრთხილად გახსენი არ დაგეფანტოს.
- სამზარეულოში გავალ და მალე დავბრუნდები.
- კარგი, მეც.



                                                    *    *    *

- მართლაც გემრიელი ყოფილა.
- აბა რას გეუბნებოდი.
- ჯანდაბა, დენი ჩაქრა.
- როგორ მინდოდა დღეს რაღაც წაგვეკითხა.
- მე წავიკითხავ ხმამაღლა. მთვარის შუქიც საკმარისია.
- კარგი, პირველ გვერდს ამოვხევ, ფრთხილად გაწიე შენკენ, შუაზე არ გაგეხეს.
- რა მოთხრობაა?
- სახელს რა მნიშვნელობა აქვს. წაიკითხე უბრალოდ.
- როგორც მიბრძანებთ.




                                                    *    *    *


- რაღაც არ მომეწონა.
- რატომ?
- საშინლად დამთავრა. ადამიანი გაუბედურდა, ადამიანი რომელიც ამას არ იმსახურებდა. თავი დაიხრჩო და თან რისთვის. მასზე კარგს სიკვდილის მერეც არ იტყვიან, არადა სიცოცხლეში დააშავა რამე? უსამართლობის ასეთი სამართლიანი ზეიმი გულში საშინელ ტკივილს მიჩენს. ბოღმა მახრჩბოს საშინლად.
- კარგი რა, დაწყნარდი, უბრალოდ მოთხრობა იყო.
- მე კი მეგონა შენ ჩემზე სერიოზულად უყურებდი ამ ყველაფერს.
- დაიძინე.
- ახლა მე აღარ მეძინება.
- გათენდა და ეგ არის.
- გათენებულა.
- შემოგხედავ გთხოვ.
- ბევრს ვერაფერს დაინახავ.
- ჰმმ, ყავისფერი თვალი და ოდნავ მუქი ფერის კანი. ცოტა უკან გაიწიე შენი სახე მაინც დავინახო მთლიანად.
- ვერ ეღირსები.


    დღეები გადიოდა, მთვარე ივსებოდა, ყოველდღე რაღაც ახალს ვკითხულობდით, შემდეგ ბევრს ვლაპარაკობდით ამაზე. ხანდახან მინდოდა ეკამათა, მაგრამ არ მეკამათებოდა. ერთხელ მკითხა, შენი ბინის ნომერი თუ 25-ია, ჩვენი მესამე მეზობლის კი 27, მაშინ ჩემ ბინას 26-ის მაგივრად 17 რატომ აწერიაო? მეც პირველად შევნიშნე ეს და ვერაფერი ვუპასუხე.  ერთ ღამესაც გავიხედე ფანჯრიდან. უკვე სავსე მთვარე იყო. იმ ღამეს ბევრი არ გვილაპარაკია. უნდა დავიძინოო მითხრა. მეც ვცადე დაძინება, თუმცა საშინელი გმინვა მომესმა, ჭუჭრუტანაში ვიყურებოდი, მაგრამ არაფერი ჩანდა. უბრალოდ ამაზრზენი ხმა ისმოდა, არაამქვეყნიური.



                                                        *    *    *
    სახლის პატრონი, ვის სახლშიც ეს ჩანაწერი ვიპოვე, იმ ღამეს მხეცივით აბრახუნებდა მე-17  ბინის კარზე. დანარჩენი მეზობლები შორიდან ვუყურებდით. ღრიალებდა კარი გააღეო. იქიდან გოგოს ხმა ისმოდა, არ შემიძლიაო და შემდეგ ბინიდანაც საზარელი ხმა გამოდიოდა. სასწრაფომ დაიგვიანა. 25-ე ბინის პატრონი უკვე გარდაცვლილი იყო გულის შეტევით. მე მის ბინაში შევედი და სწორედ მაშინ ვიპოვე ეს ჩანაწერები. ის ჭუჭრუტანაც დავინახე იქიდან შავი ფერის თვალი მიმზერდა შემდეგ ოდნავ უკან გაიწია, თეთრი სახე გამოუჩნდა მთლად თეთრი. კანკალმა ამიტანა. ბინიდან გამოვვარდი. მეორე დღეს პოლიციამ მე-17 ბინის კარი ძალით შეამტვრია იქაც გვამი დახვდათ. ახლადგადმოსული გოგონას გვამი. უცნაური ნაკაწრებით სხეულზე. მისი გვამიც წაიღეს ბოლოს და ეს ნაკაწრები თავად მასვე მიაწერეს. მე კი შორიდან ვიყურებოდი მე-17 ბინაში. უცებ წინანდელივით კანკალმა ამიტანა…  და ბინის კარი დაიხურა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს