ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბენ-ჰური
ჟანრი: პოეზია
10 აპრილი, 2013


ბავშვობა

ჩემს პირველ ნათელ მოგონებას – მაიკო ერქვა,
მას ეძღვნებოდა ჩემი ლექსი – ბაღში, ზეიმზე,
მახსოვს ვცდილობდი ხმამაღლა და გამოთქმით მეთქვა.
როცა ლექსს ვამბობ, ახლაც, თითქოს ის კვლავ მე მიმზერს...

მერე პირველი სექტემბერი, სკოლა, მერხები,
დამრიგებელი, კლასელები, თბილი გარემო...
ეს ის კადრია დრო და ჟამი რომ ვერ ეხება!
მახსოვს პირველი შესვენებაც, "ხალხში" გარევა...

ვრცელი დერეფნის ფანჯრის რაფა და პარალელურ
კლასელთან სიმწრით მოგებული უცხო მარკები,
ფეხით მოვლილი, ინტერესით ბავშვურ–ცხოველურ –
იპოდრომები, მზიურები, ვაკის–პარკები...

ჩხუბებიც მახსოვს, ერთი–ერთზე და კლასი–კლასზე,
მერე გარჩევა – ვინ ვის მოსდო, ბაქიაობა,
შეჯიბრებები, გამარჯვება, პირველი თასი,
რა დიდი ჩანდა ორ წელს შორის მაშინ სხვაობა.

რა დამავიწყებს ვის მოვწონდი, მე ვინ მომწონდა,
ახლაც გულს მითბობს პირველი – "კი" და მზარავს – "არა"
რომ მოვწიე და კაცურ კაცად თავი მომქონდა,
არადა თვალებს რუხი ბინდი გადაეფარა...

მერე დაიწყო საწვავის და პურის რიგები,
ქალაქში, სადაც ვიზრდებოდი ტყვიაც გავარდა,
წყენა საკმაოდ შერჩა იმ დროს და შერიგებაც,
მადლობა უფალს, ყველაფერი წარსულს ჩაბარდა.

კიდევ ულევი რამ ხდებოდა ჩემს ბავშვობაში,
ორივე იყო – გაჭირვებაც, ბედნიერებაც.
დრო კი არ იდგა, მიდიოდა ამასობაში,
მეც გავიზარდე და მღალატობს მეხსიერება - საკუთარ თავთან...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები