ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: აპათია
ჟანრი: პოეზია
24 აპრილი, 2013


ხმელეთი

დღეები ჭამენ ყოფნის მოტივებს,
მაძღარია ყოველი დაღამება,
ჩემით,
შენით,
ქუჩების უსახელო კადრებით,
სადაც უცხოვრიათ,ან გაუვლიათ
აღარ რჩება ადგილი სიცარიელისთვის,
რომ ჩამოჯდე,
სიჩუმეში გადაგიფრინონ ფიქრებმა,
როგორც ფრინველებმა,
თუნდაც შემოგაკვდეს რომელიმე,
ხელებში ჩაიმარხო,
თუნდაც იყოს თვალების ახელა,
როგორც ეპილოგი,
გამოიდარე თუკი შეძლებ,
ცალი სულით შეხვდი მერცხლების წასვლას,
დაიშალე სიტყვებად რომ დაგიტიო,
მტვერივით ნუ დაიმარცვლები,
ქარების მეტი რა არის,
გაიხედე ჩემს თვალებში,
მოცელილი წვანან ამინდები,
პირიდან აბზაცებად გადმომდიან ადამიანები,
და მდინარეა ყველა გრძნობა,
მზით ნუ შეხვალ,
ნაპირზე დატოვე,
რომ იცოცხლო.
ჩაუარე ყველა ანონსივით გამოცხადებულ
ატუზულ დერეფნებს,
ავი ძაღლებივით იციან დადევნება,
მაგრამ ხმები,ხმები რჩება
ისეთი,როგორც „ყვირილი“ ხიდზე,
ჰაიკუებად ჩამოდის ღმერთი
და ხელისგულებზეც ვერ ეტევა,
სათქმელია განაჩენივით მძიმე,
კითხვებსაც არ აქვთ ხმელეთი,
ვყრით ანკესებს
და მაინც დღიდან- დღემდე არაფერი ეტყობა თასს..


მე ვერ შევძელი,
მდინარეებად გადავწნაწილდი,
ოქროსფერი მიყვება ნაპირებს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები