ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვიკა მჟავანაძე
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
5 ივნისი, 2013


მედეა, როგორც მითიურ-სიმბოლური სახე

(დასაწყისი)

გავრცელებული მოსაზრების თანახმად, მითოლოგიის ენა სიმბოლურია და, შესაბამისად, ნებისმიერი მითოლოგიური პერსონაჟი და გმირი სიმბოლოს ან არქეტიპის (პირველხატის) სახით უნდა იქნეს განხილული. ჩვენი აზრით, ასეთივე სიმბოლური დატვირთვა აქვს მედეას მითიურ სახესაც.
დიდი შვეიცარიელი ფსიქოლოგისა და კულტუროლოგის, კარლ გუსტავ იუნგის (1875-1961) განმარტებით*, სიმბოლო უხილავი არსის მატარებელი ხატია, ის გარკვეული მნიშვნელობით და პირველადი განცდითაა დამუხტული, რასაც ჩვენი ყოველდღიური, დანაწევრებული აზროვნება ერთიანად ვერ სწვდება. სიმბოლო განუწევრებელი განცდაა, მასში ჯერ არაა დიფერენცირებული შინაგანი და გარეგანი. ის არსებით კავშირშია კოლექტიურ არაცნობიერთან და მის არქეტიპებთან.
საინტერესოა სხვადასხვა მოღვაწეთა მოსაზრებები ზოგიერთ უნივერსალურ სიმბოლოსთან (ჯვარი და წრე) დაკავშირებით. ჯვრისა და წრის (მანდალა - ინდ. მაგიური წრე)** სიმბოლოთა განხილვა აუცილებლად მივიჩნიეთ იმის გამო, რომ ორივე აღნიშნული სიმბოლო მზეს უკავშირდება, ხოლო მზეს კი მითი მედეასთან აკავშირებს. მედეა ხომ ჰელიოსის შვილიშვილია და მზის ეტლით მოგზაურობს ცარგვალზე.
როგორც ცნობილია, ჯვარი ჩვენი, ქრისტიანული მოძღვრების ემბლემაა, მაგრამ ეს სიმბოლო უძველესი დროიდან მოდის. ორი ერთმანეთის გადამკვეთი ხაზი მსოფლიოს ოთხი მხარის აღმნიშვნელია. გარდა ამისა, ის, შეიძლება, წვიმის მომყვან ქარებზეც მიგვითითებდეს.
კოლუმბამდელ ამერიკაში ჯვარი ნაყოფიერებას, სიცოცხლესა და ბუნების სტიქიასაც ნიშნავდა; სირიაში _ სამყაროს ოთხი ძირითადი ელემენტის გამომსახველ ღმერთებს; ხოლო ბაბილონში კი ის მთვარის ფაზაზე მიუთითებდა.*** ჯერ კიდევ პლატონი (ძვ.წ.აღ-ით 427-347) აღნიშნავდა, რომ ჯვარს ღვთაებრივი წარმოშობა აქვს.
იუნგის მიმდევარი ფსიქოლოგები ჯვარს კეთილი ენერგიის სიმბოლოდ მიიჩნევენ. ჩვენს, ქრისტიანულ მოძღვრებაში, ჯვრის ოთხი ძირითადი ფორმა არსებობს: დიაგონალური ფორმისა (X) ანდრიასეულია. გადმოცემის თანახმად, ანდრიამ ჩათვალა, რომ არ იყო ღირსი, იმ ფორმის ჯვარზე გაეკრათ, როგორზეც ქრისტე გააკრეს, ამიტომაც სთხოვა თავის ჯალათებს, თავისი ჯვარი სხვანაირად შეებრუნებინათ. წმიდა გიორგის ჯვარია ის, რომლის ჰორიზონტალური ხაზი ვერტიკალურს შუაზე ჰკვეთს, მას „ბერძნულსაც“ უწოდებენ (+). დაახლოებით (Y) ფორმის ჯვრებს სიცოცხლის ხეს უკავშირებენ. ყველაზე გავრცელებული, ტრადიციულად ქრისტიანული ჯვარი კი არის ის, რომლის ჰორიზონტალური ხაზი ვერტიკალურს შუაზე უფრო მაღლა ჰკვეთს. ჰორიზონტალური ხაზი ამქვეყნიურ ცხოვრებას აღნიშნავს, ვერტიკალური კი _ ღვთისკენ სწრაფვას (†).****
რაც შეეხება მანდალას ანუ მაგიურ წრეს, ის მედეას პირდაპირ უკავშირდება, იმდენად, რამდენადაც ეს მითიური კოლხი ქალი  ერთდროულად მანდალას ფორმის მქონე მზე-ჰელიოსის შთამომავალიცაა და იმ ქალღმერთის (ჰეკატე) შვილი თუ ქურუმი, რომელიც ღამის და მანდალას ფორმის მთვარის კულტსაც უკავშირდება. ამიტომაც ამ სიმბოლოს შესახებ შედარებით ვრცლად ვისაუბრებთ.
ცნობილია, რომ ნასკაპის ტომის ინდიელები ადამიანის შინაგან ცენტრს, როგორც მანდალას, ყოველგვარი რელიგიური წეს-ჩვეულებებისა თუ სწავლის გარეშე, უშუალოდ და გულუბრყვილოდ აღიქვამდნენ. სხვა ტომები კი ადამიანის შინაგანი წონასწორობის აღსადგენად მაგიურ წრეს ხატავდნენ. მაგალითად, ნავაჰოს ტომის ინდიელები ქვიშაზე მანდალას გამოსახვით ცდილობდნენ, ავადმყოფისთვის დაებრუნებინათ ჰარმონია საკუთარ თავთან და კოსმოსთან, რის შემდეგაც ხდებოდა მისი გამოჯანმრთელება. საერთოდ ითვლება, რომ ამ მაგიური წრის ჭვრეტას შინაგანი სიმშვიდე, გონიერების შეგრძნება და ცხოვრების მოწესრიგება მოაქვს. ამ სამი კომპონენტის შემდეგ ხდება სიზმრებში მანდალას სპონტანური გამოჩენა, ასეა იმ ადამიანებთანაც, რომელნიც თავიანთი მსოფლმხედველობით მსგავს რელიგიურ ტრადიციებს არ უკავშირდებიან.*****
მარია ლუიზა ფონ ფრანცი (1915-1998), შვეიცარიელი ფსიქოლოგი ქალი, წერს, თუ როგორ მოუთხრო ტიბეტელმა წინამძღვარმა იუნგს, რომ მის მხარეში შთამბეჭდავი მანდალები მედიტაციური წარმოსახვისა და ფანტაზიის შედეგად იქმნებოდა. ეს ხდებოდა მაშინ, როდესაც ჯგუფის ფსიქოლოგიური წონასწორობა ირღვეოდა, ანდა როდესაც საჭირო იყო რელიგიურ დოქტრინაში ახალი და მნიშვნელოვანი აზრისთვის ადგილის მიკუთვნება.
როგორც ფონ ფრანცი წერს, მანდალა, ერთი მხრივ, კონსერვატიულ მიზანს ემსახურება და პირვანდელი მოწესრიგებულობის აღდგენისკენ ისწრაფვის, მეორე მხრივ კი, შემოქმედებით გზას ისახავს და ისეთ გამომსახველობით ფორმებს მიმართავს, რომელიც რაღაც ახალს, უნიკალურს ქმნის.
როგორც აღვნიშნეთ, მედეაც ისეთივე არქეტიპული სახეა, როგორც დახასიათებული ჯვარი და წრე. მედეას, როგორც არქეტიპის (პირველხატის) თუ მითიური სიმბოლოს განხილვას სამი განსხვავებული რაკურსით შევეცდებით; ესაა მედეა _ ჯადოქარი, რომელიც ჰეკატეს ქურუმი და მსოფლიოს უდიდესი გრძნეულია (მისი სახელიდან წარმოსდგა, საერთოდ, სიტყვა და ცნება „მედიცინა“. საინტერესოა, ამასთან, ის ფაქტიც, რომ იასონის სახელიც მსგავსი შინაარსობრივი დატვირთვის მატარებელია: ΙΑΣΙΣ „იასის“ ბერძნულად წამალს, განკურნებას ნიშნავს, „იასიმოს“ კი _ განკურნებადს), მედეა _ ქალი და მედეა _ დედა.
ფონ ფრანცი ანიმას (ყველა ადამიანის ფსიქიკაში არსებული ქალური საწყისი) 4 ძირითად სტადიას გამოყოფს. პირველ სტადიას განეკუთვნება პირველყოფილი ქალის სახე, რომელსაც საუკეთესოდ ევა განასახიერებს, რადგანაც მასშია ყველაზე მეტად განვითარებული ინსტინქტურ-ბიოლოგიური საწყისი; მეორე სტადიაა რომანტიკული მზეთუნახავი, რომელიც არც სექსუალობასაა მოკლებული; მესამე სტადიას წმიდა ღვთისმშობელი განასახიერებს; ის, ვინც არნახულ სულიერ სიმაღლეებს აღწევს; მეოთხე კი სიბრძნეა, რომლის ეტალონადაც ათენა-პალადაა მიჩნეული. ვეცნობით რა მედეას სახეს, ამ ოთხ სტადიათაგან მას ალბათ პირველს მივაკუთვნებთ.
უილიამ ტერნერი სიმბოლოს სამ სახეს გამოყოფს. პირველია პირობითი სიმბოლო. ის მაშინ გვევლინება, როცა მოვლენებს შორის კავშირი შეთანხმების საფუძველზე მყარდება. ასეთია, მაგალითად, ენა, სახელდება, ასევე, დროშა და გერბი, როგორც ქვეყნის სიმბოლო და ა.შ. მეორე სიმბოლოს სახეა შემთხვევითი. ამ დროს კავშირი სუბიექტური გამოცდილების მიხედვით მყარდება. მაგალითად, ესა თუ ის ქალაქი, შეიძლება, სიხარულის ან უბედურების სიმბოლოდ იქცეს მასში განცდილი ემოციების მიხედვით.
მესამე კი უნივერსალური სიმბოლოა. აქ აღმნიშვნელსა და აღსანიშნავს შორის შინაგანი კავშირი იგულისხმება. უნივერსალურ სიმბოლოთა საფუძვლად უნივერსალური განცდები ძევს. ასეთია ცეცხლი, ღამე, მთვარე, ყველა მითოლოგიური პერსონაჟი და მათ შორის მედეაც.
იმისათვის, რომ მედეას სახეს უფრო კარგად გავეცნოთ, ალბათ საჭიროა, დაწვრილებით გავიგოთ მისი წარმომავლობა. მოვიშველიებთ ნ. ა. კუნის წიგნს „ძველი საბერძნეთის ლეგენდები და მითები“, რომელიც თავად, რამდენიმე ავტორის გარდა, ჰესიოდეს (ძვ. წ.აღ-ით VIII-VIIსს.) „თეოგონიას“ („ღმერთების წარმოშობა“), ჰომეროსის (ძვ. წ.აღ-ით XIIს.-?VIIIს.) „ილიადასა“ და „ოდისეას“, ოვიდიუსის (20 მარტი, ძვ. წ.აღ-ით 43-ახ. წ.აღ-ით. 17წ.)  „მეტამორფოზებს“ (ბერძ. გარდასახვა) და პინდარეს (ძვ. წ.აღ-ით 518წ.-446წ.) პითიურ ოდასაც მოიშველიებს. იქ ჩვენ ამოვიკითხავთ, რომ „თავდაპირველად არსებობდა მხოლოდ მარადიული, უსაზღვრო, ბნელი ქაოსი: მასში იყო ქვეყნიერების სიცოცხლის წყარო. ყოველივე, მთელი სამყარო და უკვდავი ღმერთებიც, უსაზღვრო ქაოსიდან წარმოიშვა. ქაოსიდან წარმოიშვა ქალღმერთი დედამიწა _ გეა“;
„ყოვლისშემძლე კურთხეულმა დედამიწამ შვა უნაპირო, ლურჯი ცა _ ურანოსი და გადაიშალა ზეცა“, „ურანოსი _ ცა გამეფდა ქვეყნიერებაზე და ცოლად შეირთო ბარაქიანი დედამიწა. ექვსი ასული და ექვსი ვაჟიშვილი _ ძალუმი, მრისხანე ტიტანები ეყოლათ ურანოსსა და გეას. მათმა შვილმა, ტიტანმა ოკეანემ, უნაპირო მდინარესავით რომ ევლება გარშემო მთელ დედამიწას და ქალღმერთმა თეტიდამ შვეს ქვეყნად ყველა მდინარე...“ ხოლო ტიტანმა ჰიპერიონმა და თეჲამ ქვეყანას მისცეს შვილები: მზე _ ჰელიოსი, მთვარე _ სელენე და წითლად შეფაკლული აისი _ ვარდისფერთითება ეოსი (ავრორა)“. ჰელიოსმა შვა აიეტი და კირკე. მოიშველიებს რა სხვადასხვა ძველ თქმულებას, აკაკი გელოვანი „მითოლოგიურ ლექსიკონში“ მედეას შესახებ წერს: „მედეა (Medeia) კოლხთა მეფის, აიეტის და ოკეანიდა იდიას ან ქალღმერთ ჰეკატეს ასული, მზის ღმერთის, ჰელიოსის შვილიშვილი“. საინტერესოა, რომ ერთგან მედეას დედა ერთ-ერთი ოკეანიდა იდიაა, მეორეგან კი _ ჰეკატე. იქნებ იდიასა და მედეას სახელს ერთმანეთთან რაიმე კავშირი აქვთ. როგორც ა. გელოვანი ჩვენ მიერ ნახსენებ წიგნში აღნიშნავს, „აკაკი გაწერელია მედეას სახელში ეძებს „დიაცთან“ ნათესაობას, ხოლო ეა (აია) არისო „ია“, აიეტი კი _ იათა, იების მეფე („ხმელთა მეფე“). აქვე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მედეას მამიდის, კირკეს კუნძულსაც აია ჰქვია. XVIIIს.-მდე დიაცს „დია“ ერქვა, აქედან, ალბათ, „ი-დია“ და შემდეგ „მე-დია“ ანუ მედეა; ქალი, რომელიც საკუთარ სახელშივე იძახის: „მე ქალი ვარ!“
რაც შეეხება სხვა ვერსიას, რომლის მიხედვითაც ჰეკატეა მედეას დედა, უნდა აღინიშნოს, რომ პუბლიუს ოვიდიუს ნაზონის „მეტამორფოზებში“ მედეა ჰეკატეს მსახური ქურუმი ქალია მხოლოდ. მაგრამ რადგან, მრავალ ვარიანტთა შორის პირვანდელი ვერსია მაინც არსებობს, ალბათ უკეთ უნდა გავეცნოთ ჰეკატეს, როგორც ღვთაებას: „ბერძენთა უძველესი ღვთაება, ტიტან პერსესისა და ტიტანის ასულ ასტერიას ასული (დედად ასახელებენ აგრეთვე ჰერას და დემეტრეს, მამად _ ზევსს და ტარტაროსს (ჰადესს)“, უფრო სარწმუნოა ეს უკანასკნელი ვერსია.****** საინტერესოა, რომ თუ მედეას პაპა, მზე-ჰელიოსი, „ოქროს ეტლით რომ სერავს გზას“ და „ოქროს ნავით გადასცურავს ოთხივე რაშიანად ოკეანეს, დილით ისევ შეჰყვება ციურ ფრიალო ბილიკს ცეცხლოვანი რაშებით, რომელთაც ძალუმი ხელით მართავს“,******* მედეას დედა, ჰეკატე, „ქვესკნელში დააქროლებს ზარდამცემ ეტლს და წყვდიადს ანათებს ჩაუქრობელი ჩირაღდნით“.******** პაპა ციურ გზას მიუყვება, დედა კი _ ქვესკნელისას.
მედეაშია როგორც ციური, ასევე, ტარტაროსის საწყისი და მთელი მისი ცხოვრება ამ ორი საწყისის მოხმობა და საკუთარი თავის შეცნობაა.
არც ევრიპიდე (ძვ. წ.აღ-ით 480წ.-406წ.)  და არც ჟან ანუი (1910-1987) თავიანთ პიესებში ისეთი ძალით არ წარმოაჩენენ მედეას, როგორც ჯადოქარს, როგორც ამას რომაული ლიტერატურის ელეგიური ჟანრის დამსრულებელი, ოვიდიუსი ახერხებს „მეტამორფოზების“ („გარდასახვანი“) VII თავში.
აქ მოთხრობილია, თუ როგორ შეიყვარა მედეამ კოლხეთში ჩასული ეზონიდე და დაეხმარა მას ოქროს საწმისის მოპოვებაში. სანამ გადამწყვეტ ნაბიჯს გადადგამდა, ქურუმი მედეა თავის ქალღმერთ ჰეკატეს ევედრებოდა, დაეხსნა იგი ამ ვნებისაგან. მითის დასაწყისში კარგად არის ნაჩვენები, თუ სიყვარულის ქალღმერთ აფროდიტესა და მისი ვაჟის, ეროსის, ნებას როგორ დაემორჩილა და დაემონა გრძნეული, ჯადოქარი ქალი მედეა. ერთი შეხედვით, ბნელი _ ნათელს. მოთხრობილია, თუ როგორ ჩავიდნენ მედეა და ეზონიდე იოლკოსში, სადაც, ქმრის თხოვნით, მედეამ სიბერისგან დაუძლურებული და სიკვდილის პირას მისული მამამთილი, ეზონი (ესონი) იხსნა და გააახალგაზრდავა. ეზონიდემ მეუღლეს ჯერ სთხოვა, მისთვის წაერთვა წლები და მამამისისთვის მიემატებინა, მაგრამ მედეასაგან სასტიკი უარი მიიღო.
მედეა ღამით გველებშებმულ ეტლს შემოაჯდა და ჰემონიის ველისაკენ გასწია. იქ დაკრიფა სხვადასხვა მცენარეთა ფესვები, ბალახები და ყვავილები; დაბრუნდა შინ, აიღო ორი ბომონი, ამოთხრილ ორმოში შავი ცხვარი დაკლა და მისი სისხლით აავსო; მოტანილი მცენარეები ჩაუმატა, მოხუცს სამგზის შემოუარა და გოგირდით მოუწმინდა სხეული. აღსანიშნავია, რომ ჰეკატეს ბევრ ძველ იკონოგრაფიაში სამფიგურიანი გამოსახულება აქვს და თვლიან, რომ რიცხვი 3 მასთანაა დაკავშირებული. მედეაც სამგზის შემოუვლის მოხუცს. შეიძლება, ეს მისი რიტუალის ჰეკატესთან დაკავშირებული ერთ-ერთი ელემენტია.
მომზადებულ ნახარშს მედეა მრავალ საგანს უმატებს. მათ შორისაა „აღმოსავლეთის კიდით“ ნაპოვნი ქვა და ქვიშა, წაბილწული ჭოტის ხორცი და ფრთები, მგელთა ასოები, ფინიკიელი გველის ტყავი.

„არ დააკლო არც ირმის ღვიძლი მაცოცხლებელი,
რომელსაც თავზე მოაყარა ცხრა საუკუნის
ყვავის ნისკარტი მოღუნული, თავი და ოდეს
სხვაც რამ მრავალი ჩაუმატა ენით უთქმელი,
მომაკვდავს ძღვენი მოუმზადა ბარბაროსული,
სათუთი რტოით ზეთისხილის, ერთობ გამხმარით,
მუნ ყოველივე აურია ძირით პირუკუ“.

როცა ეს გამხმარი რტო მედეამ ქვაბში ჩადო, ის განახლდა, მწვანით შეიმოსა და ზეთისხილით დაიხუნძლა, ირგვლივაც ყველაფერი აყვავილდა. მედეამ მამამთილს ყელი გამოღადრა და სითხით აავსო. მოხუცის თმას თეთრი ფერი წაერთვა. ის ორმოცი წლით გააახალგაზრდავდა.
საინტერესო იქნებოდა, იმ საგნების სიმბოლური მნიშვნელობა გაგვეგო, რომლებიც ჩამოვთვალეთ.
1. „აღმოსავლეთის კიდით“ ნაპოვნი ქვა და ქვიშა. აღმოსავლეთი _ საიდანაც ჰელიოსი ამოდის. ქვა********* _ უძველესი დროიდან მოყოლებული მაგიური ძალების მნიშვნელოვანი სიმბოლო, რომელიც უსულო საგანშია განსხეულებული. ძირითადი ღირსებები, რაც ქვას უძველეს კულტურებში გააჩნია, მდგრადობა, ძალა და მთლიანობაა. ის, დროთა განმავლობაში, უფრო და უფრო წმინდა აზრს იძენდა, რაც გამოიხატა კიდეც ქვის მრავალ საგანსა თუ ამულეტში. რაც ნიშანდობლივია, მრავალ მითოლოგიაში მას ღვთაებრივ წარმომავლობას მიაწერდნენ (გამოდის, ისიც, მედეას მსგავსად, ღვთაების შთამომავალია, მასავით მაგიური უნარების მქონე). ჩრდ. ამერიკის ინდიელთა ტომები თვლიდნენ, რომ ქვა დედამიწის ძვალი იყო. ანალოგიურად აღიქვამდნენ მას ძველი ბერძნები და მცირეაზიელები. ისინი ქვებს დიდი დედის, კიბელას ძვლებად თვლიდნენ და უზარმაზარ ქვას ეთაყვანებოდნენ. ეს ქვა მოგვიანებით რომში გადმოიტანეს. ასე რომ, ქვას ღვთაებრივ ძალასაც უკავშირებენ. თანაც, იუდეველთა ტრადიციით, გადაგდებული ქვა სიკვდილის სიმბოლოდ ითვლება, მაგრამ, ამასთანავე, ის სიცოცხლესაც განასახიერებს (როგორც მედეაა ერთდროულად ზესკნელისა და ქვესკნელის შთამომავალი);
2. მგლის ასო********** _ თავისთავად, მამრობითი საწყისია და ძლიერი სქესისათვის დამახასიათებელი ინტენსიობა გააჩნია. მგლის ისეთ სიმბოლურ დატვირთვასთან, როგორიცაა სიაფთრე, ვერაგობა, სიძუნწე, დაუნდობლობა, ბოროტება, მისი სხვა, უფრო გავრცელებული მნიშვნელობაც არსებობს, რომელიც ერთდროულად იტევს გაუმაძღრობასა და სექსუალობას, ანუ გაუმაძღარ სექსუალურ ენერგიას;
3. გველის ტყავი*********** _ მედეა გველებშებმული ეტლით მოგზაურობს, გარდა ამისა, ის რიტუალშიც გამოიყენებს გველის ტყავს. უნდა ითქვას, რომ გველი, რომელიც სიმბოლოა მიწათმოქმედებისა, რაც, თავის მხრივ, დედის კულტს უკავშირდება, ასევე, სექსუალობისა და ასოსა და ჭიპლარის არსებობის გამო, ის თავის თავში მამაკაცურ და ქალურ საწყისებს აერთიანებს.
ცნობილია, რომ იაპონიაში ერთ-ერთი საუკეთესო კომპლიმენტია სიტყვები: „თქვენ გველი ხართ“, რაც ადრესატის ერთდროულ სიბრძნესა და სილამაზეზე მიუთითებს. მაგრამ გველის მნიშვნელობა მითოლოგიაში უფრო უნივერსალურია, რადგანაც ის ოდითგანვე ითვლებოდა რელიგიურ-მაგიური ძალების სიმბოლოდ, რომელიც სიცოცხლეს ბადებს.
უძველეს დროში გველი სამყაროს შემქმნელი ღვთაების სახით გამოისახებოდა. მაგალითად, ინდური მითოლოგიის მიხედვით, სამყარს შემქმნელი ღვთაება ვიშნუ უზარმაზარი გველის, ანანტის (შეშის) რგოლს ეყრდნობოდა. ქალღმერთი ინდრა კი კლავს ქაოსის გველს, ვრიტრუს და ათავისუფლებს ნაყოფიერ წყლებს, რომელსაც ის დარაჯობდა; აფრიკულ მითოლოგიაში გველი ცისარტყელას სახით წარმოგვიდგება. ის კუდით საიქიოს წყლებს ეხება, თავით კი ზეცას ებჯინება; სკანდინავიურ მითოლოგიაში უშველებელი გველი, ბური მიდგარდი მკერდში იკრავს მთელ მსოფლიოს. ასე რომ, როგორც მედეას, გველსაც ბევრგან ღვთაებრივი წარმომავლობა აქვს, რაც დამახასიათებელია წარმართული სამყაროსათვის.
კიდევ ერთი, ყველაზე ნიშანდობლივი მომენტი, თუ რატომ იყენებს მედეა მამამთილის სხეულის განახლებისთვის გველის ტყავს და, ვთქვათ, არა მისი სხეულის სხვა რომელიმე ნაწილს. როგორც ვიცით, გველს შეუძლია, თავისზე გაცილებით დიდი ზომის არსება შთანთქოს და იცვალოს, გაიახალგაზრდაოს სხეულის ზედა საფარი _ ტყავი, ის, რაც მედეამ თავის რიტუალში გამოიყენა;
4. ირემი _ განახლებისა და ახალგაზრდობის ცნობილი სიმბოლო, ისევე, როგორც მწვანე ფერი;
5. ტოტი, რტო************ _ საგანი, რომელიც  სინეკდოქესთანაა დაკავშირებული.************* მთელის ნაწილი. მას მრავალი მნიშვნელობა და განმარტება აქვს. უძველესი რწმენის თანახმად, ანწლის ტოტი, რომელიც ოქტომბრის ახალ მთვარემდე უნდა მოიწყვიტოს, კურნავს თირკმელს და ადამიანს ათავისუფლებს წყალმანკისაგან. ივანეს ან პეტრეს სახელობის დღეს, მზის ამოსვლისას, დანის დაბლიდან მაღლა აკვრით მოწყვეტილი იფნის ტოტი თურმე სისხლს შეაჩერებს. ასეთივე უძველესი ექიმბაშური მეთოდებით მოქმედებს მედეა, რომელიც, გარდა იმისა, რომ ჯადოქარია, ბრწყინვალე მკურნალიცაა. როგორც ვხედავთ, ტოტს ბევრგან სამკურნალო თვისება აქვს.
ხოლო რაც შეეხება ხეს**************, ნათელ მხარესთან ერთად მას განსხვავებული შინაარსობრივი დატვირთვაც გააჩნია. ჯადოსნურ ზღაპრებში მას შეუძლია, როგორც ადამიანის დაცვა და მისი სურვილის ასრულება, ასევე, მისი შეშინებაც. ის ხშირად დემონური ქმნილებაცაა. მითოლოგიაში ყოვლისშემძლე ხის იდეა ღვთაებრივი ენერგიის ნაკადს ქმნის და, საბოლოოდ, მისი სიმბოლო წარმოადგენს სიცოცხლის ან კოსმოსურ ხეს, რომლის ფესვებიც საიქიოს წყალშია გადგმული და რომელიც სიმაღლით ზეცას სწვდება. ასევეა მედეაც, რომელსაც თავისი წარმომავლობით, აფექტური, დემონური თუ პათოლოგიური ბუნებით, მიწისქვეშეთში გაუდგამს ფესვები; მისი ქმნილებაცაა და მზის პირდაპირი შთამომავალიც. სიცოცხლის ხე ხშირად გამოსახავდა სამყაროს შექმნის მეტაფორას. მისი ფესვებიდან სულიერი ენერგია გადმოდის. აქ უნდა ითქვას, რომ მედეა რიტუალში მცენარეთა ფესვებს იყენებს;
6. ზეთისხილი (იგივე ხე თუ ტოტი) _ მშვიდობის ცნობილი სიმბოლო;
7. ქვიშა*************** _ სიმრავლისა და სიუხვის სიმბოლო. უფრო ფართო გაგებით კი, განსახიერება არამდგრადობისა, განადგურებისა, რღვევისა (ის შლის, როგორც ჩანს, ეზონის ბებერ სხეულს) და, რაც ჩვენთვის საყურადღებოა, დროის მსვლელობისა; ეზონის ორმოცი წლით გაახალგაზრდავებას ხომ თავისებური, უჩვეულო კავშირი აქვს დროის მსვლელობასთან.

(გაგრძელება იქნება)

_________________________________________________________________________________________________
* “Архетип и символ“;
** ეს ტერმინი ფსიქოლოგიაში პირველად კ.გ. იუნგმა გამოიყენა;
*** Джек Тресиддер “Словарь символов“; издательство “Торговый дом Гранд“, Москва, 2001г.
**** ...იქვე;
***** Юнг К.Г. _ “Человек и его символы“; Университетская книга, იუნგის მიმდევარი ფსიქოლოგი ქალის, მარია ლუიზა ფონ ფრანცის წერილი: “Процесс индивидуации“. (АСТ) Москва, 1997г.
****** ნ. ა. კუნი _ „ძველი საბერძნეთის ლეგენდები და მითები“; მთარგმნელი შალვა ბუაჩიძე. გამომცემლობა „განათლება“, თბილისი, 1965წ.
*******...იქვე;
********...იქვე;
*********Джек Тресиддер “Словарь символов“;
********** იქვე;
*********** В. Андреева, В. Куклев _ “Энциклопедия символов, знаков, эмблем“ издательство “Локид-Миф“, Москва, 2000г.
************ [ΣινεκδοΧε _ ბერძ. მეტონიმიის ერთ-ერთი სახე, ზოგადის აღმნიშვნელი სიტყვის შეცვლა კერძოობითის აღმნიშვნელით, მთელის აღმნიშვნელისა _ ნაწილის აღმნიშვნელით, მრავლობითისა _ მხოლოობითით და პირიქით] _ მიხეილ ჭაბაშვილი, „უცხო სიტყვათა ლექსიკონი“, „განათლება“, თბილისი, 1989წ.
************* Джек Тресиддер “Словарь символов“;
**************იქვე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები