ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნუნუ
ჟანრი: პროზა
16 ივნისი, 2013


მარტოხელა დარო

ჩემს  მეზობლად ცხოვრობდა  მარტოხელა  ქალი  დარო. ცხოვრობდა  მარტო.  არც არავის აწუხებდა  და არც  თვითონ  შეუწუხებია ვინმე ზედმეტად.  ოჯახი არ ჰყავდა,  რადგან  არასოდეს გათხოვილა. ერთი და ჰყავდა  ცოცხალი,  ისიც თბილისში ცხოვრობდა.  ორივენი  ხანდაზმულები იყვნენ,  ამიტომ იშვიათად ხედავდნენ  ხოლმე ერთმანეთს. ტრადიციების დამცველი და  უაღრესად  პატიოსანი ქალი  იყო დარო. სანამ ახალგაზრდა იყო  თავის გონებაში შეთხზა  სასიყვარულო  ისტორია,  ერთ  უცოლოდ დარჩენილ  კაცზე.  ის თანამდებობის პირი გახლდათ  და რაში სჭირდებოდა  მისი  სიყვარული. (ისე, ის კაცი უცოლშვილო დარჩა, თანაც  დაროზე ადრე წავიდა ამ ქვეყნიდან.)  დარო  მისმიერ შთაგონებული გრძნობით ილამაზებდა  ყოფას.  არც  ტელევიზორი ჰქონდა არც საათი.  მისი ერთადერთი გასართობი,  ჭიშკრის წინ დადგმული  გრძელი სკამი იყო, რომელსაც  დიდი ჭადარი ჩრდილავდა.  დროის მეტი რა ჰქონდა,  ჩამოჯდებოდა და გამვლელ-გამომვლელს ისე არ გაატარებდა არ გამოლაპარაკებოდა. პირველ რიგში საათს შეეკითხებოდა. სულ აინტერესებდა რა დრო იყო. ” რა წარამარა საათს კითხულობ  დარო, სამსახურში გაგვიანდება თუ” ხანდახან შეეპასუხებოდა გაბეზრებული რომელიმე მეზობელი.  სხვისი ცხოვრებით ცხოვრობდა  დარო.  ყველას ამბავი იცოდა,  სხვის  ოჯახებში რა ხდებოდა  ყველაფერს  ჩამოგვირაკრაკებდა.  მისგან ვიგებდით  ხოლმე ცინცხალ ამბებს მეზობლები.  ერთი  ბებერი  კატა  ჰყავდა დაროს,  ფუსუს ეძახდა სახელად,  სულ ფეხებთან  ეჯდა  ქალს  და  როცა ხანდახან ხელების შლით თავისთავს ესაუბრებოდა  ფუსუც  მისჩერებოდა ყურდაცქვეტილი  და თვალებს ნაბავდა. თითქოს  ესმოდა  მისი პატრონის გულისტკივილი. როგორც კი დარო წამოდგებოდა  სახლში შესასვლელად,  ფუსუც  ერთი გაიზმორებოდა  და  ფეხდაფეხ მიჰყვებოდა  თავის მარჩენალს.                                                                                                                                                      ბოლო დროს  დაუძლურდა  დარო.  დიდხანს ვერ  უძლებდა  გარეთ, ხმელ სკამზე  ჯდომას. აღარც  მოშრიალე ჭადრის ჩრდილი ხიბლავდა, აღარც  საათს კითხულობდა.  მიკვირდა,  ერთხელ  ვკითხე კიდეც.  ”ჩემი დრო გაჩერდა  შვილო, აღარ მაინტერესებს” -მიპასუხა  და კატას  მოეფერა.                                                                                                                                                          ერთ დღესაც ამოიკვიატა,  ჭადარმა სახლი არ  დამიზიანოსო,  მოიკრიფა  ძალ-ღონე, დაფაცურდა,  შეაწუხა ადგილობრივი გამგეობა და როგორც იქნა, ხის მჭრელები გამოუგზავნეს ხის  მოსაჭრელად.  დაროს ძალიან დაენანა როცა ხისმჭრელებმა ელექტროსახერხი  აარახრახეს,  მაგრამ რაღას იზამდა.  სახლში შევიდა და ფანჯრიდან ცრემლმორეული  უყურებდა, როგორ  ეშვებოდა მიწაზე, ლამაზად აზიდული ტოტები , როგორ ცვივოდა ტოტებს შერჩენილი  ხმელი  ფოთლები.  როდესაც  ბოლო მორიც მოისროლეს  გვერდით, დარომ ცრემლი  მოიწმინდა და  ფანჯარას მოსცილდა.  ” ჩემი ცხოვრებაც მალე დამთავრდება ამ სახლში, ან კი მქონდა?!  ამ ხის ფესვები ისევ  ამოიყრის ყლორტებს, ისევ  გაიზრდება,  განშტოვდება  და მოუჩრდილავს გამვლელს, მე კი რისთვის მოვედი ამ ქვეყანაზე?!  რისთვის  ვიცხოვრე,  ან  ვის  ვტოვებ,  ეჰ!  საფლავზე სანთლის დანმთებიც არ მომივა”-  ხმამაღლა ჩაილაპარაკა დარომ  და  მისდაუნებურად მოძალებული  ცრემლები  ისევ  მოიწმინდა.  პირველად    ინანა,  რომ არ გათხოვდა  სანამ ახალგაზრდა იყო,  თავის  შესაფერს  კი ნახავდა.  ყველა ადამიანს  ჰყავს  თავისი მეწყვილე.                                                                                                                                          ერთი თვის  შემდეგ  დარო  ცუდად გახდა. დისშვილს გავაგებინეთ  მეზობლებმა.  მოვიდა,  ღამე  უთია  კაცმა.  დილით საავადმყოფოში  წაიყვანა,  რაც  შეეძლო  გააკეთა მისთვის,  მაგრამ  ორი დღის  შემდეგ დატოვა ეს სამყარო  დარომ  უბიწოდ, უხმაუროდ,  (ლოყები  არავის დაუკაწრავს)  წავიდა მის  წარმოსახვაში  შექმნილ  ”შიოლასთან”. მოკრძალებული  პროცესია  მიჰყვებოდა  ცხედარს  უკან.  ჩვენ  მეზობლებიც  ცრემლმორეული,  მივაცილებდით  მას უკანასკნელ  გზაზე.                                                                                                                                  გამოიკეტა სახლი.  გაცივდა კერია.  სიჩუმემ დაისადგურა ეზო-კარში. ღრიანცელი არც  ყოფილა, მაგრამ  ქათმებს, რომ აჭმევდა, მისი ხმა გვესმოდა  მაინც . ახლა ეს ხმაც მიწყდა.  კატა ფუსუს  კნავილი მესმის ხანდახან.  მხოლოდ  ის დარჩა სახლის ბინადრად.  ახლაც  ეზო-კარს არ სცილდება.  უვლის  სახლს  გარშემო, არაფერს არ აჭაჭანებს ეზოში.  სამადლოდ მეზობელი  აჭმევს. ორმოცამდე ერთი ფანჯარა ღია  დატოვეს ახლობლებმა,  ჩახტება მეზობლის ბოსტანში და მიირთმევს, მის მიერ მიწოდებულ ნარჩენებს,  მერე მადლიერი თვალებით შეხედავს  კეთილ ქალს,  დანაყრებული  ისევ ფანჯარაზე  შესკუპდება და  ათვალიერებს  გარემოს.                                                                                                                                                                                                                                                                                                ადრე  ეზოდან  გამოვიდოდი თუ არა, პირველი,  ვისაც დავინახავდი,  დარო იყო, რომელიც  თავშალმოხვეული  იჯდა  სკამზე  და  თავის ფიქრებში ჩაძირული  გზისკენ იყურებოდა, გამვლელს ელოდა, რომ გამოლაპარაკებოდა,  ახლა კი  ბოქლომდადებული ჭიშკარი მხვდება თვალში.  რატომღაც  ახლა უფრო ხშირად  ვფიქრობ დაროზე, ვიდრე მაშინ, როცა ცოცხალი იყო.  მენანება  ამქვეყნიდან  გაუხარელად  წასული ქალი.  იქნებ რაღაც დავაკელით, იქნებ  მეტი ყურადღება იყო მისთვის საჭირო, რომ ცხოვრება  გაგველამაზებინა?!  ადამიანს, მითუმეტეს ხანშიშესულს, ხომ  ცოტა რამ  ახარებს?!.
                                                                            2013 წელი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები