ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარ-მარი
ჟანრი: პოეზია
20 ივლისი, 2013


***

შეგიმჩნევია შარშანდელ შინდს რომ ეძებენ ჩიტები
და ადრიანი დილიდან დაუყვებიან  ცისკიდეს?..
ისე მარტივად მიტკბები, დაგინახავ და ვფითრდები,
როგორც ცის ნამი ფოთლებმა საყურედ ჩამოიკიდეს...
ვხატავ მეც სულის დარაბებს, ფერები არ მიძებნია,
შენი სულიდან მტირალა ძეწნები მესალმებიან...
ჩემი ცხოვრება სულ მუდამ აღმა და დაღმა გზებია,
ოცნებას დავედევნები შენსავით გედისფრთებიანს...
დაგპატიჟებდი ქორწილში, მკლავები რომ გაგეშალა,
ან დოქის ტუჩებს ნდომით და წყურვილით დასწაფებოდი,
წაგკიდებოდა ცეცხლივით ეს ჭადრები და ეს შარა,
ყველაფერს გააკეთებდი, გზაზე რომ შემომხვედროდი,
მაგრამ ქორწილებს უარი უთხრეს ამ სოფლის ბიჭებმა,
ქალები გადაიხვეწნენ, ფრთებად შეიბეს პეპლები...
გამოიგონეს სიბერე  ცის მოდარაჯე ფიჭვებმა
და ახლა სოფლის ბოლოში საჭორაოდ თუ შეგხვდები.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები