ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფედრა
ჟანრი: პოეზია
26 ივლისი, 2013


* * *

ეპოქა
მოვიდა ახალი ფორმა და წესები,
ძველი კი დაღლილი კაცივით წავიდა,
მე ახალს საათებს ვერ დავესესხები,
ახალი ეპოქა იწყება წამიდან.

ერთი და...მივყვები საკუთარ ნაბიჯებს,
ერთი და...ვერასდროს მივედი ორამდე,
ფეხებთან გაწოლილ ლანდს გადავაბიჯე
და მაინც ვერავინ ვიგუე ბოლომდე.

ეშლება სახე და სახელი ნაპირებს,
უკუღმა ტრიალებს ფირები ხვეულზე,
საკუთარ წიაღში ლექსს მოვინადირებ
და რქებით დავაკრავ გაგლეჯილ რვეულზე.

ახედე ზეცამდე,როგორი ხავერდის
მყინვარი მოუსხავს ბეჭებზე ჭიუხებს,
აქამდე მოცემულ თავს შემომაყვედრებს
ცერიდან ნეკამდე გაშლილი სიუხვე.

არავის ტოვებენ დაუსჯელს,უცემალს...
სიყვარულს ვიმალავ უბეში,გულამდე,
ვიდრემდე სიკვდილი ყელს გამომიცელავს,
მისმინე და სანამ კარს გაიხურავდე

გეტყვი,რომ შავიდა ყვითელი ერთია,
ერთია რადგანაც ფერია ორივე,
პასუხში გასროლის ბურუსი,დენთია
არეულ ერაში იჭრება დორიმე

და მაინც ვიპოვე სავალი-ვიწრობი,
იქ სადაც სურვილი სურნელში იწვება,
მელოდე ვიდრემდე ხორცს გადავიძრობდე,
ვიდრემდე სიკვდილი შიგ შემომიწვება

და მერე თუგინდა ეპოქამ გამთელოს,
ვიტყვი რომ არასდროს არ დამიხატიხარ,
ყინწვისის ფრესკაზე ვეძახი ანგელოზს:
სადა ხართ აქამდე სერაფიტ,სალიჰატ..!

ან ექო სადაა ამ სადარბაზოსი?
აქ სადაც სიჩუმეს მივყვები ბაღისკენ;
ჩამესმის:,,ამ ხეზე არ ჭამო ნაყოფი”..
და როგორც ყოველთვის ბოლოჯერ გავრისკე.

ეს გამოწოვილი სიყალმე ნეკიდან
ყოფილა თურმე და იქნება ყველასთვის.
ჯვარზედაც ეწამე რომ გამოგესყიდე
უფალო ამ ჩემი გაწვდილი ხელისთვის.

ვიწერ და ისევე ვალაგებ რითმებად
იქ სადაც სუყველა ისვენებს ტირეში,
და თუ გსურს გაიგო ეს ჭეშმარიტება
ეძებე სირთულე მის სიმარტივეში.

დაუდე საზღვარი!ამ გაუთავებელ
ამოჭრას, ბავშვების სიცოცხლეს იცილებ.
მოვიდა ახალი ეპოქა,თაობა,
ახალმა თაობამ იწვნია სიცივე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები