ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარტოხელა
ჟანრი: პროზა
12 ნოემბერი, 2008


აფხაზეთი _ დაკარგული სამშობლო

                                                                                      1
    ნელა, მაგრამ ულმობლად ომი დასასრულისაკენ მიექანებოდა. ქართველები უკან იხევდნენ და ალბათ მალე სოხუმიც დაეცემოდა...
    ომამდე არცთუ დიდი ხნის წინათ აფხაზეთის მოსახლეობა ერთმანეთის იმედით ცხოვრობდა. ქართველები და აფხაზები ერთმანეთის გულისტკივილს იზიარებდნენ, ერთმანეთს ეხმარებოდნენ, ნდობა იყო და ერთმანეთის სიყვარულიც ჯერ არ დაეკარგათ. მერე და მერე უფრო გაჩნდა ურთიერთობაში ბზარი, უფრო ულმობელი გახდა ხალხი, ქართველებსა და აფხაზებს შორის თითქოს შავმა კატამ გაირბინა...
    ორივე მებრძოლი მხარე უნდობლად იბრძოდა. არც ქართველები და არც მათი მოწინააღმდეგენი არავის ინდობდნენ, ქალი იქნებოდა თუ ბავშვი, ახალგაზრდა თუ მოხუცი, იარაღიანი თუ უიარაღო, ყველას ხოცავდნენ. მოსახლეობას ძარცვავდნენ, აწამებდნენ, ქალებს ნამუსს ხდიდნენ და რაც უფრო საზარელია, ქართულ მოსახლეობას მტერიც არ უშავებდა იმდენს, რამდენსაც ისევ ქართველები.
    აფხაზეთში ომი კი არა სრული ქაოსი იყო, ვინ ვის ებრძოდა არავინ იცოდა. ბევრი მხოლოდ ფულის მოსახვეჭად წამოსულიყო ომში. არავინ იყო ისეთი, ვინც ხალხს ერთ მუჭად შეკრავდა და დარაზმავდა მტერთან საბრძოლველად. პირიქით, ქართველი ჯარისკაცები (უმეტესად ახალგაზრდა, გამოუცდელი ბიჭები) უკვე დაკავებულ ტერიტორიას სარდლობის ბრძანებით ისევ ტოვებდნენ, ტოვებდნენ ბევრჯერ მხოლოდ იმიტომ, რომ მერე ისევ ბრძოლით დაებრუნებინათ.
    ბევრჯერ იერიშზე წასული ქართველები, როცა ფიქრობდნენ, ბრძოლა მოვიგეთო, ბრძანება მოდიოდა და ქალაქს, სოფელს, მიწის უმცირეს ნაგლეჯსაც კი ისევ მტრის ხელში ტოვებდნენ და უკან იხევდნენ. ამის გამო ბევრს ნერვები არ ყოფნიდა, გარბოდნენ და იქმნებოდა დეზერტირებისაგან შემდგარი პატარ_პატარა ჯგუფები, რომლებიც არავის არ ემორჩილებოდნენ. ბევრი ასეთი ჯგუფი ქართულ მოსახლეობას უფრო მეტ ზიანს აყენებდა, ვიგრე მომხვდური მტერი.
    ქართველები ნელნელა ტოვებდნენ აფხაზეთს და ზუგდიდში, თბილისში მიდიოდნენ.
    აფხაზეთი, ეს ულამაზესი მხარე, ნანგრევებად ქცეულიყო, საითაც გაიხედავდი, ყველგან დანგრეული შენობები, ჭურვებისგან გადათხრილი მიწები და გვამები გეჩხირებოდა თვალებში. სიკვდილი ზეიმობდა აფხაზეთში, ეშმაკს გაემარჯვა ადამიანებზე და გაამაყებული დააბიჯებდა აქეთ_იქით, ყველგან ბოროტებას თესდა...
                                                                                  2
    ასე იყო იმ დღესაც, დიდი სისხლის ფასად აღებული პატარა სოფელი ისევ მტერს დაუტოვეს და უკან დაიხეს.
    _მორჩა, აღარ შემიძლია ამათო წინა_უკანა, კიდევ ერთი ასეთი ბრძანება და უკან ვბრუნდები, კახეთში._გაღიზიანებული ხმით ჩაილაპარაკა იასონ კასრაძემ და სახიდან სისხლი მოიწმინდა: ტყვიას საფეთქელთან გაეკაწრა._ვისთვის ან რისთვის ვიბრძვით ასე უაზროდ, ვერ გამიგია. რა გახდა ეს ერთი პატარა სოფელი, მერამდენედ უნდა დავიკავოთ და დავტოვოთ, ასეთ უაზრო ბრძოლებში დაიღუპნენ ყველანი. ალბათ მეც ეს ბოლო მაქვს. რომ მოვკვდე შვილებს ვინ შემინახავს. არა, ასე აღარ შემიძლია.
    _ხო, კაი, რას დაიქოქე!_შეუტია ქერა გოგიამ, გაბრაზებით შეხედა და ჩაისისინა:_მარტო შენ არა გყავს ცოლ_შვილი, სხვებიც არიან აქ მათაც აქვთ გული, შენი თავი თუ არ გეცოდება, ისინი შეიცოდე!..
    მეომრები მიტოვებულ სანგრებს დაუბრუნდნენ და იქ შეაფარეს თავი.
    ზოგი მაშინვე მიწაზე მიწვა და დაიძინა, ზოგმა იარაღს დაუწყო წმენდა, ზოგი კი ერთმანეთს ჭრილობებს უსინჯავდა. მხოლოდ სამი_ოთხი კაცი იყო ფხიზლად და გარემოს ყურადღებით აკვირდებოდა. იასონმა მიიხედ_მოიხედა და ქერა გოგია რომ ვერსად დაინახა, იქვე მოსაუბრე ჯარისკაცებთან მივიდა, რათა თავისი დარდი სხვებისთვის გაეზიარებინა.
    _არა ძმაო, რაც მე გადავიტანე ნურავინ დაიტრაბახებს._ამბობდა გიჟ_თამაზა._რო გამახსენდება, როგორ ვიწექი მკვდრებში...არა, მე უკვე სრულ ჭკუაზე აღარა ვარ, გიჟი ვარ და კაცმა არ იცის რას ჩავიდენ.
    თამაზ ჭკადუა სულ იმას გაიძახოდა გიჟი ვარო, ამიტომ იყო, რომ გიჟ_თამაზას ეძახდნენ.
    _სულ იძახი, მკვდრებში ვიწექიო და ერთხელ მაინც დაასრულე და გვითხარი, რა მოხდა იმ მკვდრებში, თორემ მართლა დავიჯერებ, რომ გიჟი ხარ და სასწრაფოს გამოვიძახებ._თქვა იმედამ.
    ბიჭებს გაეცინათ.
    _კარგი, მოვყვები..._ჩაფიქრდა ერთხანს_არ შემაწყვეტინოთ ოღონდ... მაშ ასე...
    ...თანამებრძოლები ერთიმეორის მიყოლებით რომ დაეხოცა და თვითონაც მძიმედ დაიჭრა, სასოწარკვეთამ შეიპყრო, მიხვდა, რომ აქედან ვერ გააღწევდა და უეჭველი სიკვდილი ელოდა.
    მაგრამ არა, თურმე ცდებოდა, როცა ფიქრობდა, ყველა დაიღუპაო. აგერ დათო და გურამი მორბიან მისკენ და რაღაცას ყვირიან... როგორც იქნა მოაღწიეს... წამები საათებად ეჩვენებოდა უკვე დაჭრილს.
    დათომ ასწია დაჭრილი და როგორც შეეძლო სწრაფად წავიდა, გურამი უკან მიჰყვა ავტომატით ხელში, რომ თავდასხმისგან დაეცვა ამხანაგები, მაგრამ... ათი ნაბიჯიც არ ჰქონდა გადადგმული, რომ ფეხქვეშ ნაღმი აუფეთქდა. აფეთქების ძალამ შორს მოისროლა. დათომ დაჭრილი ფრთხილად დააწვინა მიწაზე და გურამთან მივარდა. გურამი აღარ სუნთქავდა. დათო დაჭრილთან დაბრუნდა და მისკენ დაიხარა, რათა აეყვანა და სწრაფად გასცლოდა იქაურობას... ვეღარ მოასწრო. ავტომატის ჯერმა მოცელა და დაჭრლის დაემხო. უკანასკნელად გაიბრძოლა, წამოწევა სცადა. ვერ შეძლო. თავი მოწყვეტით ჩამოუვარდა. დაჭრილი მიხვდა, რომ დათოც დაიღუპა და გული წაუვიდა...
    კარგა ხანი გავიდა, სანამ გონზე მოვიდოდა. ირგვლივ მარტო დახოცილთა გვამები იყო. შეზარა იმის გაფიქრებამ, რომ ცოცხალი კაცი მკვდრებში იწვა. დაიძაბა და შეეცადა დათოს უსიცოცხლო სხეული გადაეგდო გვერდზე, რათა თავი გაეთავისუფლებინა. ჯოჯოხეთურმა ტკივილმა დაუარა მთელ სხეულში, ძლივს შეიკავა თავი, რომ არ ეყვირა.
    დანგრეულ, მკვდრებით მოფენილ ქუჩაზე აფხაზები და ჩეჩნები გამოჩდნენ, შვიდნი იყვნენ. ერთერთმა ჩეჩენმა გვამს ხელი თმაში წაავლო და თავი ააწევინა, დანა ამოიღო და კისერზე დაუსვა. ჩეჩენმა ხელი გაიქნია და მოჭრილი თავი ამხანაგს გაუგორა. მან ფეხი ამოარტყა თავს და შორს გაისროლა. დაჭრილს ძარღვებში სისხლი გაეყინა.
    _რას შვრები!_დაიღრინა ერთერთმა ჩეჩენმა, რომელიც ყველაზე ახალგაზრდა ჩანდა._ მკვდარს თავს როგორ აჭრი!
    _მერე რა, ერთბაშად არ ეტკინოს._ჩაეცინა ჩეჩენს. მეორე გვამს დასწვდა. ახალგაზრდა ჩეჩენმა ხელი ჰკრა.
    _გაუშვი შენი..._ვეღარ დაასრულა. სროლის ხმა გაისმა და ჩეჩენი დაბლა დაეცა. ერთერთ აფხაზს ავტომატი ესროლა მისთვის.
    _რატომ მოკალი!_დაიღრინა ჭაღარათმიანმა ჩეჩენმა.
    _ლაჩრები არა გვჭირდება._ცივად უპასუხა მან.
    _ყველამ კარგად იცის, არბი ლაჩარი არა ყოფილა!_გასცრა ჩეჩენმა. აფხაზმა ზურგი შეაქცია. ჩეჩენმა მძულვარებით შეხედა, მაგრამ აღარაფერი უთქვამს.
    დანარჩენებს უკვე თავებისაგან ნამდვილი ფეხბურთი გაეჩაღებინათ. ერთერთი დაჭრილს მიუახლოვდა, დათოს დასწვდა, გაათრია, დანა მთელი ძალით დაუსვა კისერზე. ტანი დაბლა დაეცა, თავი კი ჩეჩენმა შორს მოისროლა. დაჭრილმა გონება დაკარგა და აღარ უგრძვნია, როგორ ჩაავლო ხელი ჩეჩნმა...
იმავე წამს საშინელი სროლა ატყდა. ჩეჩენმა დაჭრილს თავი დაანება და საფარი მონახა...
    _მერე?_იკითხა მამილო გოჩამ. იგი ყველაზე უფროსი იყო და ამიტომ მამილოს ეძახდნენ, ისიც ყველანაირად ეხმარებოდა ახალგაზრდა, გამოუცდელ მეომრებს.
    _მერე არაფერი._გიჟ_თამაზას სახე გაფითრებოდა.იმ ამბის გახსენებაც კი სულს უფორიაქებდა._ჩვენებმა რომ მიპოვეს, გიჟივით ვიცინოდი და იცით რა მიხაროდა?_ოფლით დანამული სახე მიატრიალა, მსმენელები მოათვალიერა. ყველა დაძაბული უსმენდა. _მთელი სიცოცხლე რომ იმტვრიოთ თავები მაინც ვერ მიხვდებით... მე დაჭრილი რომ ვიწექი,დათო ჩემზე იყო დამხობილი, მიხაროდა, რომ ის მოკვდა და სიკვდილისას მე დამეცა, მიხაროდა, რომ ვერ შევძელი მისი გადაგდება... სხვანაირად რომ ყოფილიყო, დათო მე რომ არ დამცემოდა, ან მისი გადაგდება მომეხერხებინა, ახლა ცოცხალი აღარ ვიქნებოდი... ცოდვილი ვარ, ძმაკაცის სიკვდილი ისე გამიხარდა, როგორც არაფერი არ გამხარებია... ხალხი არა ხართ? გამანებეთ თავი, ნუღარ მახსენებთ იმ ჯოჯოხეთს... გამანებეთ თავი!.._იყვირა მთელი ხმით, მუშტი მიწას დასცხო და წამოხტა, თვალები შეშლილივით უელავდა, ფეხი ავტომატს ამოსცხო და მოისროლა. დანარჩენებიც წამოიშალნენ, აქეთ_იქიდან შეძახილები გაისმა:
    _რა ხდება, მანდ, რა ყვირილია, თავს ხომ არ დაგვესხნენ.
    _არა, არა, ყველაფერი კარგადაა._გასძახა მამილო გოჩამ, გიჟ_თამაზა მთელი ძალით ჩაბღუჯა და დაბლა დასვა.დაწყნარდი შვილო, ახალგარზრდა ბიჭი ხარ, ნერვები მოთოკე.
    გიჟ_თამაზა გაშეშდა, თვალი რაღაცას გაუშტერა, მერე სახე ხელებში ჩარგო და ბავშვივით ატირდა...
    დილით ადრე, ჯერ კიდევ ბნელოდა, რომ რაზმის მეთაურმა იმედას, ქერა გოგიას და შავტუხა ლევანს დაავალა, წასულიყვნენ და გაეგოთ რა ხდებოდა წინადღით მიტოვებულ სოფელში.
    _დასაზვერად თუ მიდიან, გიჟ_თამაზაც გავაყოლოთ._მივიდა მეთაურთან მამილო გოჩა._ლამის არის, მართლა გაგიჟდეს.
    _წაიყვანეთ._მიუბრუნდა მეომრებს მეთაური...
    მამილო გოჩამ მიმავლებს თვალი გააყოლა, პირჯვარი გადაიწერა და იმწუთას მოსულ იასონ კასრაძეს ჩაულაპარაკა:
    _ნეტავ მშვიდობით მობრუნდნენ, გიჟ_თამაზას რაღაც არ უნდოდა წასვლა, ძლივს გავაყოლე. გული ხო არაფერს უგრძნობდა ნეტა?
    რა იცოდა ხანშიშესულმა მეომარმა, რომ ცოტა ხანში იმას ინატრებდა: ბიჭებს მოსვლა დააგვიანდეთო...
    წინა დღით მიტოვებულ სოფელს რომ მიუახლოვდნენ, იმედამ თანამებრძოლებს ანიშნა, გაჩერდითო, თვითონ მიწაზე გაწვა და გახოხდა. წინ ფრთხილად მიიწევდა, ხშირად ჩერდებოდა და დიდხანს აკვირდებოდა გარშემო ყველაფერს. თითოეული ბუჩქი, ხე თუ დანგრეული შენობა კარგად რომ შეისწავლა გარშემო, წამოხტა და სირბილით მივიდა უახლოეს ნასახლართან.
    თანამებრძოლები შორიდან დაძაბულნი აკვირდებოდნენ მის ყოველ მოძრაობას, იარაღი მაგრად ჩაებღუჯათ და ყველაფრისთვის მზად იყვნენ.
    იმედამ ავტომატი ჩამოიხსნა ზურგიდან, დამცველი ფრთხილად ასწია და კედელს აეკრა. ერთხანს ასე იყო გაშეშებული, რაღაცას აყურადებდა, მერე კედელს გაუყვა...
    სოფელში ცოცხალთაგანი არავინ იყო. გაოცებული მეომრები დადიოდნენ, ყოველ კუთხე_კუნჭულს ჩხრეკდნენ, მაგრამ ამაოდ.
    სოფლის ბოლოში იყვნენ გასულები, საშინელი სროლა რომ ატყდა. მაშინვე შევარდნენ ერთერთ სახლში და საბრძოლველად მოემზადნენ. მხოლოდ ახლა მიხვდნენ, რომ სროლა სულ სხვა მხარეს ისმოდა. ერთმანეთს შეხედეს და სიცილი აუტყდათ. უეცრად გიჟ_თამაზას სახე შეეცვალა და გარეთ გავარდა. იქით გაიხედა საითაც ხმა ისმოდა და გაფითრებულმა მოხედა უკან მოდევნებულ თანამებრძოლებს, რომლებსაც სიცილი სახეზე შეყინვოდათ.
    _ჩვენებს დაესხნენ თავს, ხმა იქიდან მოდის._ხმა გაებზარა გიჟ_თამაზას.
    _წავედით!_დაიყვირა ქერა გოგიამ და ოთხივენი სირბილით წავიდნენ ხმის მიმართულებით. არაფერს არ ერიდებოდნენ, ღიად მირბოდნენ, ჩქარობდნენ, რომ მიესწროთ და უარეს შემთხვევაში მათთან ერთად, ბრძოლაში დაღუპულიყვნენ.
    ვეღარ მიუსწრეს...
    ჭურვებისგან იყო გადათხრილი იქაურობა, სიკვდილი მეფობდა ყველგან. დადიოდნენ და ეძებდნენ... ეძებდნენ თუნდაც ერთ გვამს მოწინააღმდეგისას... არა, სულ ქართველები იყვნენ დაღუპულნი...
    _ეს რა არის._გაბზარული ხმით ჩაილაპარაკა შავტუხა ლევანიმ._დავიჯერო სროლა ვერ მოასწრეს საერთოდ? თუ...
    _აქეთ._იყვირა იმედამ.
    მასთან მიირბინეს და დაინახეს ჯერ კიდევ ცოცხალი იასონ კასრაძე. იმედას მათარა მოეხსნა და მომაკვდავს წყალს ასმევდა.
    _რა მოხდა აქ._დაიხარა მისკენ ქერა გოგია._რა ჯოჯოხეთი დატრიალდა.
    დაჭრილმა დაიკვნესა:
_ბრძანება მოვიდა, უკან უნდა დაგვეხია და ერთი ტყვიაც არ უნდა გვესროლა... ამათი დედაც... მორჩა, ჩემთვის ყველაფერი გათავდა,ეს ომიც და მთელი ცხოვრებაც._თვალები სივრცეს გაუშტერა._ვაიმე ჩემო შვილებო..._თავი ჩამოუვარდა და მოკვდა.
    დამწუხრებული ბიჭები ფეხზე წამოდგნენ. თავდახრილნი იდგნენ დაღუპულ თანამებრძოლთან. ბოლოს იმედა შეტრიალდა და წავიდა, დანარჩენებიც მიყვნენ სათითაოდ. ავტომატები უსარგებლო ნივთივით ეჭირათ ხელში.
    მიდიოდნენ, მაგრამ არცერთმა არ იცოდა_საით?..
    _არა ასე აღარ შეიძლება გაგრძელდეს._დაარღვია დუმილი შავტუხა ლევანმა._თქვენი არ ვიცი, მე კი აქ გამჩერებელი აღარა ვარ. წავალ თბილისში და მოვისვენებ სამუდამოდ ამ ჯოჯოხეთისგან.
    არავის ხმა არ ამოუღია.
    _თქვენ რას იზამთ, არ წამოხვალთ?_თანამებრძოლებს შეხედა და განაგრძო._თუ აქ გირჩევნიათ სიკვდილი? უმოკლესი გზები ვიცი სოხუმამდე, იქიდან კი უცებ გადავალთ... ამ ომის მოგება მაინც არ გვიწერია...
    _მერე რა აზრი აქვს იქ მოკვდები მშიერი, თუ აქ მიგკლავს ტყვია, სულ ერთი არაა?_ცივად იკითხა იმედამ.
    _შენ მაგას ნუ დარდობ, ვიშოვი ლუკმაპურს.
    _მეც აღარ შემიძლია ამ უაზრობაში ყოფნა._ჩაილაპარაკა ქერა გოგიამ._მეც მოვდივარ.
    იმედა გიჟ_თამაზას მიუბრუნდა.
    _შენც ამათ ჭკუაზე ივლი? თუ დარჩები?
    _რატომ ამათ ჭკუაზე, მე ჩემიც საკმარისი მაქვს._ მოიღუშა გიჟ_თამაზა._მე რაც აქ გადავიტანე, კიდევ ომი მინდა?.. ომი მაინც იყოს...
    _ესე იგი თქვენსას არ იშლით._იმედა გაჩერდა. გაჩერდნენ დანარჩენებიც._მერე არ იცით დეზერტირობა რითი ისჯება?
    _დეზერტირობა?_ირონიულად ჩაეცინა გიჟ_თამაზას._ჯერ თავიანთი დანაშაული გამოასწორონ და სხვების დასჯაზე მერე იფიქრონ.
    _ვის ექნება შენი დარდი, ყველა თავისი მუცლისთვის ფიქრობს._დაუმატა ქერა გოგიამ.
    იმედამ დაკვირვებით შეხედა სამივეს.
    _რახან ასეა, მეც წამოვალ, ოღონდ ერთი იდეა მაქვს.
    _რა იდეაა ასეთი?_იკითხა ქერა გოგიამ.
    _თბილისში მართლა მშივრები ხომ არ დავიხოცებით._დაიწყო იმედამ._დღესდღეობით სოხუმში ბევრი სახლია მიტოვებული, ბევრმა საერთოდ ვერაფრის წაღება ვერ მოასწრო, არა სჯობია დავუაროთ და ხეირი ვნახოთ?
    _ისე შენ მართალი ხარ აი._ჭკუაში დაუჯდა ქერა გოგიას.
    _თურმე ხანდახან სულელსაც მოსდის თავში კაი აზრები._დაცინვით ჩაილაპარაკა შავტუხამ. იმედას რაღაც უნდა ეთქვა, მაგრამ გადაწყვიტა, რომ ჯერ არ ღირდა რომელიმესთან ჩხუბი.
    _თან ფორმა ყველგან დაგვიცავს._დაუმატა გიჟ_თამაზამ.
    _ესე იგი წავედით?_იკითხა იმედამ. ყველამ თავი დაიქნია._მაშ მოიტათ ხელი.
    ხელი დაურტყეს ერთმანეთს და გზა განაგრძეს...
                                                                                          3
    _ძალიან გვიანდება ჩვენი წასვლა. ხვალ დილით აუცილებლად უნდა წავიდეთ, რაც არ უნდა მოხდეს._ოთახში ბოლთას სცემდა და ამბობდა რეზო. ტახტზე ნინო იჯდა, მისი მეუღლე.
    _მერე დაჭრილი? ასე ხომ ვერ მივატოვებთ, თუ ვეხმარებით, ბოლომდე მივეხმაროთ.
    _არბის მე თვითონ დაველაპარაკები._ჩაილაპარაკა რეზომ და მეორე ოთახში გავიდა, სადაც ახალგაზრდა, დაჭრილი ჩეჩენი იწვა. მისდა გასაოცრად დაჭრილი ფეხზე წამომდგარიყო, მასპინძლის შარვალი ჩაეცვა და ოთახში ფრთხილად დადიოდა.
    _ყოჩაღ, აი ეს მომწონს._გაეღიმა რეზოს._ესე იგი სიარული შეგიძლია?
    დაჭრილს ქართული კარგად ესმოდა, ამიტომ რეზო მას ქართულად ესაუბრებოდა ხოლმე. იგი ლოგინთან ნელა მივიდა, ჩამოჯდა და მასპინძელს მოხედა.
    _მიდიხართ?_შეუბრუნა კითხვა.
    _ისედაც ძალიან დავიგვიანეთ, აფხაზები უკვე სოხუმს მოადგნენ, მეტი ხნით აქ დარჩენა საშიშია._რეზო გვერდით მიუჯდა დაჭრილს._დილით წავალთ, ოთხნი ვართ და მგონი გავალთ.
    დაჭრილმა თავი დახარა, რაღაცას ფიქრობდა.
    _მე ვერ წამოვალ,_თქვა ბოლოს._მამაჩემი უნდა ვიპოვო და აქედან წავიყვანო.
    _შენი დატოვება არ შეიძლება._შეეპასუხა რეზო._სიკვდილი არ აგცდება. შენც თავს დაიგუპავ და ვერც მამაშენს ნახავ, მკურნალობა გჭირდება.
    დაჭრილმა ამოიოხრა. თვითონაც კარგად იცოდა, რომ ახლა არაფრის თავი არ ჰქონდა, მაგრამ არ უნდოდა ზედმეტ ტვირთად აკიდებოდა ლტოლვილებს.
    _მოვრჩეთ ამაზე ლაპარაკს._რეზო წამოდგა და ოთახიდან გავიდა, რათა დილისთვის მომზადებულიყო.
    დაჭრილმა სახეზე ხელები აიფარა და ჩაფიქრდა...
                                                                                            4
    _უკვე ერთი კვირაა სოხუმში ვართ და ჯერ თითქმის არაფერი არ გვიშოვნია._ჩაილაპარაკა იმედამ._დიდხანს ვეღარ დავრჩებით, ხვალ ან ზეგ უნდა წავიდეთ აქედანაც.
    სადღაც ახლოს ჭურვი აფეთქდა. ოთხივენი ნანგრევებს ამოეფარნენ, რომ თავი დაეცვათ შემთხვევით გამოსროლილი ნამსხვრევებისგან.
    _მალე სოხუმშიც შემოვლენ აფხაზები._ამბობს ქერა გოგია მძიმედ.
    _აი იმ სახლს უყურებთ?_ხელი გაიშვირა იმედამ._სხვებზე დიდიც არის და კარგად შენახულიც, ეტყობა მაგის პატრონს ფული ჰქონდა. აბა წავიდეთ ვნახოთ.
    ქუჩა სირბილით გადაჭრეს, სახლთან მივიდნენ, კარი შეამტვრიეს და შევიდნენ. გაოცებულები გაშეშდნენ: შუახნის კაცი იდგა ოთახში, ტახტზე კი ქალი წამოწოლილიყო. მათ დანახვაზე შეშინებული წამოხტა. ქალის დანახვაზე შავტუხა ლევანს ცივად გაეღიმა.
    _აი ეს მომწონს._ჩაილაპარაკა.
    კაცი ჯერ შეშინებული უყურებდა თავდამსხმელებს, მაგრამ როცა მიხვდა ქართველები არიანო, ოდნავ დაწყნარდა.
    _ქართველები ხართ ბიჭებო?_ მაინც იკითხა.
    _არა მგონია, ამას შენთვის მნიშვნელობა ჰქონდეს._ჩაეცინა იმედას და მოულოდნელად ავტომატის კონდახი ჩაარტყა სახეში. რეზო დაეცა. ტუჩის კუთხიდან სისხლმა გამოჟონა. მისმა ცოლმა შეჰკივლა, მივარდა რეზოსთან და სახიდან სისხლი მოწმინდა.
    _გეხვეწებით გაგვანებეთ თავი._აცრემლებულმა, მუდარით შეხედა თავდამსხმელებს.
    _რამდენი ხანია ქალთან არ ვყოფილვარ._ იმედამ ხელი მოკიდა ქალს და უხეშად წამოაყენა. სასოწარკვეთილმა ქალმა ხელი ჰკრა მოძალადეს, მაგრამ იმედამ ისეთი ძალით გაარტყა სახეში, რომ ქალი ტახტზე დავარდა. იმედამ ავტომატი მაგიდაზე დააგდო და ქალთან მივიდა, კიდევ ერთხელ გაარტყა სახეში წამოწეულ ქალს.
    რეზომ დაჭრილი მხეცივით დაიღრიალა და წამოხტა, მაგრამ მაშინვე ქერა გოგიამ ბეჭებში ჩაარტყა კონდახი. დაცემული უცებ გაკოჭეს. იმედა მასთან მივიდა.
    _თუ გინდა თვალწინ არ გაგიბახო ცოლი, თქვი სად მალავ ფულსა და ძვირფასეულობას!_გასცრა კბილებში.
    ,,ღმერთო, ნეტა სარდაფში არ ჩავიდნენ, ან ია არ ამოვიდეს..."
    _აჰა, არ ამბობ? მაშ კარგი.
    იმავე წამს ოთახის კარი გაიღი და წელსზევით შიშველი, დაჭრილი ჩეჩენი გამოვიდა. ხელში ავტომატი ეკავა.
    _გაეთრიეთ აქედან!_დაიღრინა.
    ქერა გოგია მის გვერდით აღმოჩნდა, მაშინვე მუცელში ჩასცხო კონდახი, ჩეჩენი დაეცა. ისიც გაკოჭეს. მთელი სახლი გაჩხრიკეს ფულის ძებნაში, მაგრამ ვერაფერს მიაგნეს.
    ქერა გოგია რეზოსთან მივიდა, ფეხი სახეში ჩაარტყა. რეზომ დაიკვნესა, სახე სისხლით შეეღება.
    გიჟ_თამაზა გაფითრდა. თვალწინ თავმოჭრილი გვამები დაუდგა.
    _წავიდეთ აქედან, ხომ ხედავთ არაფერია._მიუბრუნდა ამხანაგებს.
    _ეგ შენ გგონია, რომ არაფერია._ჩაეცინა შავტუხა ლევანს._აი ახლა ნახავ, როგორ უცბად დაფქვავენ ყველაფერს._მერე ქალთან მივიდა და ჯიბიდან დანა ამოიღო._აბა ძუკნავ, ვნახოთ ერთი რას წარმოადგენ._დანა კაბაზე დაუსვა და შემოაფხრიწა.
    _ხელი გაუშვი ახვარო!_დაიღრიალა რეზომ და მაშინვე კეფაში ისეთი ძალით მოხვდა კონდახი, რომ გული წაუვიდა.
    შავტუხა ლევანი ქალს ზემოდან გადააჯდა და სილა გაარტყა. ქალი უკანასკნელ ძალებს იკრებდა და მოძალადის მოშორებას ცდილობდა.
    ამ დროს იატაკის ქვეშ რაღაც დაბრახუნდა. შავტუხა ლევანი წამსვე წამოხტა და ავტომატს ეცა. დანარჩენებმაც მონახეს იარაღი. აი, ისევ დაბრახუნდა რაღაც. იმედას გაეღიმა:
    _პადვალია._მაშინვე დაიწყო ქვემოთ ჩასასვლელი კარის ძებნა. მალევე მიაგნო იატაკზე დატანებულ კარს. რეზო გონს მოსულიყო, როცა ნახა, რომ იმედა სარდაფში ჩადიოდა, დაიგმინა და თავი მთელი ძალით დასცხო იატაკს. შუბლი გაუსკდა და სისხლმა მთელი ძალით გადმოხეთქა.
    იმედამ სარდაფიდან 18_19 წლის ქალიშვილი ამოიყვანა. გოგონას შიშისაგან მოძრაობის უნარი ჰქონდა წართმეული. იმედამ ამხანაგებს შეხედა და ცივი ხმით იკითხა:
    _ჰა როგორია, გაგვართობს?
    _გაგვართობს და მერე როგორ._ჩაიცინა ქერა გოგიამ.
    შავტუხა ლევანი აღფრთოვანებული უყურებდა საოცარი სილამაზის ქალიშვილს. გიჟ_თამაზამ ნაძალადევად გაიცინა, სულში კი ჯოჯოხეთი უტრიალებდა. ქალიშვილის დანახვამ ინგა გაახსენა, რომელიც სიცოცხლეზე ძალიან უყვარდა და რომელიც რაღაცით საოცრად ჰგავდა ამ გოგონას...
    იმედამ ქალიშვილი ოთახში შეათრია და სახეში გაარტყა. მას ტუჩი გაუსკდა, წაიქცა. იმედამ ააყენა მსხვერპლი და კაბა შემოახია. გოგონამ დაიკივლა და ხელი ჰკრა მოძალადეს...
    ამ დროს გიჟ_თამაზას ტვინში რაღაც საშინელი ხდებოდა. სახე გაფითრებოდა და ყბა უკანკალებდა. მართლა გიჟს გავდა იმ წამს. თვალწინ ინგა დაუდგა ისევ, ბოლოს ნანახი ინგა... ,,აბა შენ იცი თამაზ, დაანახე ყველას, რომ ქართველები ისევ ვქართველობთ.'' უთხრა მაშინ ინგამ... ,,მე კი რას ვაკეთებ? ქართველებს ვძარცვავ და...'' სული აუდუღდა გიჟ_თამაზას...ღრიალით ეცა მაგიდაზე დაგდებულ ავტომატს, აიტაცა და გაცოფებულმა მიუშვა ტყვიების ჯერი თავის ამხანაგებზე. შავტუხა ლევანი მაშინვე უკან მიაწყდა. თორმეტი ტყვია მოხვედროდა თავსა და კისერში, კედელზე ჩაცურდა და იატაკზე დაეცა. ქერა გოგიას ორი ტყვია მოხვდა მხარში, მოასწრო ავტომატის აღება, მაგრამ სროლა აღარ დასცალდა: გაგიჟებული თამაზი ღრიალით ეცა და დანა მუცელში გაუყარა, ზევით აჰკრა, ნაწლავები დააყრევინა. ძირს დავარდნილი ავტომატი აიტაცა და მოტრიალდა.
    იმედა გამოვარდნილიყო ოთახიდან. მისკენ მიმართული ავტომატის დანახვაზე გვერდზე გადახტა. ტყვიებმა კედელი დაცხრილა. იმედა ფანჯარას ეცა და გადახტა.
    ავტომატმა ძაგძაგი შეწყვიტა. თამაზი გაშეშებული უყურებდა გაფატრულ გოგიას, ვერ გაეგო რა მოხდა.
    ოთახიდან რეზოს ქალიშვილი გამოვარდა, თამაზის დანახვაზე შეშინებული გაშეშდა, მაგრამ თამაზი მას არ უყურებდა, იმ წამს იგი ვერავის ხედავდა, უთავო გვამების გარდა.
    გოგონა დედამისს მივარდა, ჩაეხვია და აქვითინდა.
    ამ ხმამ თამაზი გამოაფხიზლა, ოთახი მოათვალიერა, ავტომატი აიღო და გარეთ გავიდა. იმედა არსად ჩანდა.
    სახლს შემოუარა, ავტომატი მომზადებული ეჭირა. მოულოდნელად ტანმა რაღაც უგრძნო, გვერდზე გადაიხარა და მაშინვე მარჯვენა მხარში საშინელი ტკივილი იგრძნო. გვერდზე გახტა და შემოტრიალდა.
    იმედას ხელში გასისხლიანებული დანა ეჭირა. მისკენ გამოქანდა და დანა მოუქნია. თამაზმა მოასწრო მარცხენათი ჩაებღუჯა დანიანი ხელი, მთელი ძალები დაძაბა, მაგრამ დანა ნელნელა მისკენ იხრებოდა. იმედამ მარცხენა ხელი მოიქნია და ყბაში ამოსცხო. თამაზი უკან გადაქანდა, მიწაზე გაგორდა. ისევ წამოხტა, ავტომატი ასწია და სასხლეტს თითი დააჭირა. ტყვიები გასთავებოდა.
    ორივენი ერთმანეთისკენ გაქანდნენ.
    იმედამ დანა მოუქნია, მაგრამ თამაზმა ავტომატი ჩაარტყა ხელში. იმედამ დაიღრიალა. დანამ ჰაერში წრე მოხაზა და მოშორებით დაეცა. თამაზმა ისევ მოიქნია ავტომატი. იმედა უკან გახტა, თამაზმა წონასწორობა დაკარგა, უკვე ძალა ეცლებოდა. სისხლი ღვარად სდიოდა ჭრილობიდან. იმედამ ისარგებლა ამით და უკნიდან დაეტაკა. თამაზი წაიქცა. ავტომატი მიწაზე დაეცა და გაცურდა.
    იმედა ზემოდან დააჯდა წაქცეულს და ხელები ყელში წაუჭირა. თამაზმა ორივე ხელი მკერდზე დაჰკრა, მაგრამ ვერ მოიშორა.
    იმედამ მუშტი ჩასცხო სახეში.
    _მიღალატევ!_ჩაისისინა._მაშინვე უნდა მცოდნოდა, რომ შენნაირი გიჟი სადმე ხიფათს შემყრიდა.
    თამაზმა სახეში შეაფურთხა.
    _თქვენისთანები არიან ხალხს რომ სისხლს უწამლავენ.
    იმედამ ისევ ჩაარტყა მუშტი. თამაზმაც ისევ შეაფურთხა, ამჯერად სისხლი. იმედამ სახე მოიწმინდა:
    _მოგკლავ შენი დედა...
    ყელში მთელი ძალით წაუჭირა ხელები. თამაზმა ორივე ხელი დაუჭირა და სცადა მოეცილებინა, მაგრამ იგრძნო, ჰაერი არ ჰყოფნიდა. თვალებზე ბინდი ეკვრებოდა. სახეზე ოფლმა დაასხა და უკვე გონებას კარგავდა, როცა სროლის ხმა გაიგო.
    იმედა უკან გადავარდა.სახე და გულმკერდი მთლიანად დაცხრილული ჰქონდა.
    თამაზს ხველა აუტყდა. ყელზე მოიჭირა ხელი, გვერდზე გადაბრუნდა და მოიკრუნჩხა.
    იმედა დაჭრილ ჩეჩენს მოეკლა და ახლა მისკენ მოდიოდა კოჭლობით.
    თამაზი მძიმედ წამოდგა, მოკლულს გადახედა.
    _როგორ ხარ ძმაო._მოესმა. მოტრიალდა. ჩეჩენი იყო, ტანს ზევით არაფერი არ ეცვა, უამრავი ძველი თუ ახალი ნაჭრილობევი ჰქონდა ტანზე. ავტომატი მიწაზე დააგდო და თვითონაც ჩამოჯდა. თამაზს ახედა და მისი გაოცებული სახის დანახვაზე გაეღიმა.
    _აღარ შემიძლია დიდხანს ფეხზე დგომა._ჩაილაპარაკა._ შენც ჩამოჯექი.
    თამაზი თვითონაც ძლივს იდგა ფეხზე.ჩამოჯდა. ჩეჩენს გახედა, თითქოს ნაცნობი სახე ჰქონდა, მაგრამ ვეფარით ვერ გაიხსენა სად ენახა.
    _მე არბის მეძახიან._გაეცნო ჩეჩენი._აქ შემთხვევით აღმოვჩნდი დაჭრილი. დასამალი რა მაქვს, ჩეჩენი ვარ.
    _რატომ გადამარჩინე._როგორც იქნა დაილაპარაკა თამაზმა._მე ხომ თქვენს მოსაკლავად მოვედი.
    არბის გაეღიმა.
    _შენ არავის დახოცვა არ გიფიქრია. შემთხვევით გაერიე მაგათთან. ასე რომ არ ყოფილიყო, ახლა არც მე და არც ისინი_თავი სახლისკენ გაიქნია._ცოცხლები აღარ ვიქნებოდით.
    თამაზი რაღაცის გახსენებას ამაოდ ცდილობდა.
    _არ გეშინოდა ქართველებს რომ ენახე?_ჰკითხა უაზროდ.
    _ყველამ იცის, არბი არასოდეს ლაჩარი არ ყოფილა_ჩაეცინა ჩეჩენს.
    თამაზს უეცრად გაახსენდა...
    ,,_რას შვრები!_ახალგაზრდა ჩეჩენმა ამხანაგზე გაიწია.
    გარშემო დახოცილ ქართველთა გვამები ყრია...
    სროლის ხმა... ახარგაზრდა ჩეჩენი ეცემა...
    _რატომ მოკალი!_ეუბნება მოხუცი ჩეჩენი აფხაზს...
    _ყველამ კარგად იცის, არბი ლაჩარი არ ყოფილა...
    მოჭრილი თავები...''
    თამაზმა თავი გაიქნია. ცივმა ოფლმა დაასხა სახეზე, გაფითრდა.
    ,,მოკლულის სახე დამცინავია... ჩეჩნები და აფხაზები გარბიან...''
_შეუძლებელია._თავი გაიქნია, თითქოს შემზარავ მოგონებათა გაფანტვა სურდა. არბი შეშფოთდა.
    _რა მოხდა, ავად ხომ არ ხარ?
    _არა, არა..._შეხედა. ისევ გაახსენდა იმ ჩეჩენის სახე, აფხაზმა რომ მოკლა. ,,თუმცა ვინ იცის, მოკლა კი?'' გაიფიქრა.
    _ერთ კაცს გამსგავსებ ძალიან._უთხრა ბოლოს._მაგრამ ის რამდენადაც ვიცი, მკვდარია, თუმცა ომში რა არ ხდება.
    _შენი ახლობელი იყო?_მოიღუშა არბი.
    _არა, არც ვიცნობდი. ერთხელ მყავს ნანახი, მაშინაც სიკვდილის პირას ვიყავი. ისიც არ ვიცი, მართლა გგავდა თუ არა.
    _რა ერქვა არც ეს არ იცი?
    ,,ყველამ იცის, არბი ლაჩარი არ ყოფილა...''
    _იმასაც არბი ერქვა. აფხაზმა მოკლა.
    ჩეჩენი დაიძაბა.
    _შენ სად იყავი იმ დროს?_ჰკითხა თამაზს და დაკვირვებით შეხედა.
    _მე იქვე მკვდრებში ვიწექი. ზევიდანაც მკვდარი მეგდო და ისე ვიყავი, მისი მოცილებაც არ შემეძლო.მკვდრების შეურაცხყოფა არ ესიამოვნა და მეორე ჩეჩენზე გაიწია. აფხაზმა ესროლა და მოკლა._თამაზს სახე გაუფითრდა.
    _ოთხი ჩეჩენი და სამი აფხაზი იყო?
    _ხო... შენ იყავი?_არბიმ თავი მძიმედ დაიქნია._ღმერთო შენი სახელის ჭირიმე._თამაზმა პირჯვარი გადაიწერა.
    ადგნენ და სახლში შევიდნენ.
    რეზოს უკვე მოემზადებინა გზისთვის საჭირო საგზალი, ზურგჩანთაში ჩაეწყო, მისი ცოლშვილიც მომზადებულიყო სამგზავროდ.
    თამაზი რეზოსთან მივიდა.
    _აქედან უნდა გავიდეთ, აქ დარჩენა უკვე სახიფათოა, მით უმეტეს ქალებისათვის._მან ქალებს გახედა._თუ არის, რაც შეიძლება მეტი საგზალი უნდა წავიღოთ და კიდევ, ორი სამი ადიელაც. ჰო, მე თამაზი ვარ.
    არბიმ მაისური გადაიცვა, ქამარში ავტომატის ორი მჭიდი გაირჭო, ზურგჩანთა მოიგდო ზურგზე და ავტომატი აიღო. რეზომ და თამაზმაც მიბაძეს. ხუთივე გარეთ გამოვიდა.
    _არბი შეძლებ ამ მგზავრობის ატანას? ჯერაც არ მოშუშებულხარ._უთხრა რეზომ. არბი მოიღუშა.
    _დღევანდელმა ამბავმა დამარწმუნა, რომ მეომარს, თუ იგი ცოცხალია, დასვენების უფლება არა აქვს._ჩაილაპარაკა._წინააღმდეგ შემთხვევაში სიკვდილი გარდაუვალია.
    თამაზმა მას დაფიქრებით შეხედა. აშკარა იყო, დაჭრილი ჩეჩენი ამ მგზავრობას ვერ გაუძლებდა. თამაზმა გაოცებით შენიშნა, რომ თუმცა ჩეჩნები იმ დროს საქართველოს ერთ ერთი პირველი მტრები იყვნენ, ეს ჩეჩენი მაინც მოსწონდა. იგი სხვებს არ გავდა, არ გავდა იმათ, ვის სისასტიკეზე თამაზს არაერთი ამბავი გაეგო, ვისი ნამოქმედარიც თვითონ მას არაერთხელ უნახავს, და ვინც მთელი არსებით სძულდა კიდეც, როგორც ნამდვილ ქართველს...
    თამაზმა თავი გააქნია, თითქოს აბეზარ მწერებს იგერიებდა. ფიქრის დრო არ იყო, წინ კიდევ მრავალი ხიფათი ელოდათ...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები