ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმბეცილი
ჟანრი: იუმორისტული
6 სექტემბერი, 2013


ყოფილი სპორტსმენი

 
  მეც ვიყავი პატარა და როგორც ყველა ბავშვს, ბურთის თამაში მიყვარდა. ბურთს კი ყველაზე ხშირად სადარბაზოში ვთამაშობდით. აბა, როგორ გინდა, ზამთარში სიცივის გამო ვერ გავდიოდით გარეთ. ერთი ქურთუკი მქონდა, იმასაც სკოლიდან, თუ მოვიდოდი, იმიტომ რომ ჯერ, თუ წავიდოდი, მამაჩემი ეგრევე მხდიდა და კარადაში კიდებდა, "ეზოში შენ ამას დახევო". მეც რა უნდა მექნა, ჩავიცმევდი ჩემს კოპლებიან ჯემპრს, ბიძაშვილის ტანზე ნაცვეთ და შემდეგ ჩემზე განაჩუქარ შავთეთრ ზოლებიან სვიტერს, ზედ გადავიცმევდი ჩემს მეზობლად მცხოვრები მდიდარი ლტოლვილების ჰუმანიტარულ დახმარებად მიღებულ და შემდეგ შეღავათიან ფასად გაყიდულ ამერიკულ პულოვერს. გავიდოდი სადარბაზოში და ასე ვერტიკალურად ვთამაშობდით ფეხბურთს. სხვათაშორის, გინესი ამ განხრით არ აჯილდოვებსო, თორემ თითო-თითო მედალი როგორ არ გვეკუთვნოდა გუნდის ნახევარმცველს - მე. გოლკიპერს - ნუგზარს და მის თანაკლასელ, მომავალში თანაკურსელ და ასევე ცნობილ სპორტსმენს - გურამს, რომელსაც ინსტიტუტის დამთავრება ისე არ შეეტყო წლების მერე, როგორც ნუგზარს.
ასე ვთამაშობდით, როგორც გითხარით ზამთარში, ყინვასა და უბედურებაში ვერტიკალურ ფეხბურთს. მშობლებს ზაფხულში სოფელში მივყავდით. მეორე დღეს ისევ ქალაქში ბრუნდებოდნენ და ზაფხულის ბოლომდე ბებიები კროსში ვარჯიშობდნენ, სულ აღმა-დაღმა, ჩვენს დევნაში. თან კიდევ ის დრო იყო ექსპრომტად დაბადებული უნივერსალური ჯარისკაცები, რომ დარბოდნენ ქუჩაში და შესაბამისად ჩვენც უფრო მყუდრო, თუმცა ვერტიკალურ ფეხბურთს ვეძალებოდით და ჰორიზონტალური სულ დაგვავიწყდა. მალე გამოჩნდა რომ ვერტიკალური ფეხბურთის ნიჭი მქონია. აი, ის ხომ იცით, ბრაზილიელი, რომ იყო, შავი, მუდამ გაკრეჭილი(პირით), მერე გავიგე, რომ იმასაც თურმე პელეს ეძახდნენ. მეზობლებს ისე ვუყვარდი, რომ რამოდენიმეჯერ საყურებლადაც გამოვიდნენ და თავს დანანებით აქნევდნენ აქეთ-იქეთ, ალბათ ფიქრობდნენ "რა ნიჭი იკარგება, რა ნიჭიო..." ტასო დეიდამ სახლშიც კი შემიყვანა, გამხმარი ნამცხვრები მაჭამა, რძე დამალევინა(ეტყობოდა, რომ ფხვნილის იყო). უამრავი ფერადი და ლამაზი წიგნი მაჩუქა და თავისთვის ჩაილაპარაკა, "დროა ვეზიაროთ ჭეშმარიტ რელიგიასო". ისე, სხვათაშორის, მინდა გითხრათ, რომ ფერადი წიგნები ჩემს კლასელებსაც ძალიან მოეწონათ. ალბათ იმიტომ რომ შესახედავად ჯანმრთელი წიგნი მაშინ ნამეტანი იშვიათობა იყო და წიგნს შინაარსით ორი, თუ სამი ბავშვი, თუ აფასებდა კლასში. ეჰ, სწორედ მაგ წიგნების გამო მამაჩემმა ოთხი თეფში და ერთი ხრუსტალის(ადრე, რომ ბროლი ერქვა) ვაზა გატეხა და დედას ეჩხუბა, ბავშვის რელიგიურ აღზრდას არ აქცევ ყურადღებას და ტასოს ოჯახს შევეცი, რძის ფხვნილში, რომ ცვლის რწმენასო. დილამდე იმდენი მიკითხა ბიბლია, სანამ თავზე შარავანდედი არ გამომესახა და რომ გადაწყვიტა გავსხივოსნდი, იფიქრა, მე თუ არა ღმერთს მაინც გამოადგება რამეშიო. ჩემი რჯულზე მოქცევით დაღლილი, ღამენათევი, დილას ჩემ ნაცვლად წავიდა სკოლაში, ჩემს თანაკლასელებს სათითაოდ გაჰყვა სახლებში და ტასო დეიდას ფერადი ლიტერატურა, როგორღაც დაიბრუნა უკან. მათი ინკვიზიციის ცეცხლში მიცემის მიზნით. იმავე საღამოს, მიუხედავად ჩემი გაქრისტიანებისა, როგორც ვარსქენმა შუშანიკს ისე, მესროლა(მკრა) ასტამის ნაცვლად, მეწაღეს დამეგობრებული ფეხსაცმელი და შარავანდედიანი თავის ჩრდილო პოლუსამდე კინაღამ ამახია ყური, "სახსოვრად, რაღამ მიგაწერინა, შე შობელძაღლოო" დამიყვირა და ახლა მეორე  ფეხსაცმელი დამიმიზნა.  "ასტამი" ჩემი ძმის სათამაშო კომპიუტერს მოხვდა. დაიბნა და ბოლო ტურში წვალებით გასული, დრაკონმა შეჭამა(როგორი საქმეა ?!), მანაც დაუყონებლივ მომიქნია სკამი...
ორი თვით გამოვეთიშე ვერტიკალურ სპორტს და ჩემ მაგივრად ”ასნავნოიში” ელამი ზაურის "ჩუკენის" ცოდვაში მდგომი მუწუკებიანი გიორგი მოხვდა. მუწუკების და იმის მიუხედავად რა ასაკიც ჰქონდა, მართალია მეტი ჭკუა უნდა ჰქონოდა, მაგრამ, რაც მამამისს არ ჰქონდა, ამას გენით როგორ გადმოეცემოდა?! გიორგი მეორე სადარბაზოში ცხოვრობდა და სანამ მე და ჩემი ძმა გამოვჯანმრთელდით(კი, ჩემი ძმაც!..) და კვლავ დავუბრუნდი სპორტს. გიორგი თავის სადარბაზოში გადასულიყო და საკუთარი გუნდი ჩამოეყალიბებინა.
ერთ დღესაც, ქალბატონი ქეთევანი, როდესაც გვმოძღვრავდა, რომ ჩვენი ოჯახის შვილებს არ გვეკადრებოდა გარეთ ასე ქცევა. თვითონ კი რამოდენიმე თვის მერე, სადარბაზოს კართან, დაბურულმინებიანი მანქანიდან, რომ გადმოაგდეს ღამით და "შე ნაბოზარო პუტანკაო" მიაძახეს, ისეთი უდრტვინველი სახე ეჭირა გეგონება მარგარეთ თეთჩერი გადმოაცილეს ტრაპიდანო. ჯერ, ეს ამბავი ქალაქის ერთი ბოლოდან მეორემდის არ ჰქონდათ გატანილ-გამოტანლი მეზობლებს და ქალბატონი ქეთევანის რიდი გვქონდა მაინც. ხშირად გვაყენებდა ხოლმე ასე თავჩახრილს და ვინ იცის რა ვენერიული ინფექციები გვეფრქვეოდა თავზე მისი პირიდან.

გურამი მოვიდა მოპარვით და მკლავზე დამქაჩა.
- რა? - ვკითხე ჩუმად
- გიორგია მოსული თავისი კამანდით.
ქალბატონი ქეთევანი კი არ ჩერდება და კვლავ ანთხევს პირიდან ვენერიულ დაავადებებს. ჩვენ ყველანი ვრწმუნდებით, რომ ჩვენი მატჩები განსაზღვრულ დროს თუ შედგება მხოლოდ, ანუ როდესაც ჩვენი სპორტული წინსვლის შემაფერხებელი ფაქტორი სახლში არ იქნება.

- ქურდებს სიცოცხლე! - მოგვესალმა გიორგი.
- ბოზებს სიკვდილი!
- ყომარს გიცხადებთ!
- მოსულა, ოღონდ ნაყინზე, ჩვენ სიგარეტს არ ვეწევით.

ქალბატონი ქეთევანი სამსახურში წავიდა, თუ არა დავაცადეთ მისი სახლიდან რიგრიგობით გამოსულიყვნენ:
მეუღლე - სალოთაოდ.
ქალიშვილი - ქალიშვილობის დასაკარგად.
ბიჭი - როგორც ყოველთვის, სამუშაოს საძებნელად.

ვინაიდან მაშინ ჩვენს ქვეყანაში ისე იყო, რომ  წვრილ ფულს არავინ ხმარობდა, ძველი მონეტა ავაგდეთ. თამაშს ჩვენ ვიწყებთ.
პირველმა ტაიმმა უღიმღამოდ ჩაიარა. ხუთი წუთი ერთსადაიმავე სართულზე ვაგორავეთ ბურთი და მერე ეზოში გადაგვივარდა. მსაჯს გიტარის წრეზე ეჩქარებოდა, დრო არ გააჩერა და ტაიმიც მალე უშედეგოდ დამთავრდა.
მეორე ტაიმში გაბზარულმა ძვალმა თავი შემახსენა და ნუგზარს გავუცვალე ადგილი. გიორგი და მისი მცველი მეშვიდემდე ამოვიდნენ ბურთით. მათთვის, ჩვენი წესებით, ყოველ სართულზე სამჯერ ხელით შეხებაც შეიძლებოდა ბურთზე რადგან დედამიწაზე მიზიდულობის ძალა და სინდისი კვლავ არსებობს.
ნუგზარმა დაცვაში თავი გამოიჩინა. ისე მარჯვედ მოუქნია ბურთს ფეხი, რომ ჯერ სამჯერ აქეთ-იქეთ მიასკდა კედლებს და შემდეგ ქვემოთ ჩავარდა. გიორგი თანაგუნდელთან ერთად გაიქცა ბურთის დასაუფლებლად. გურამი კი როგორც ინსტიტუტის დამთავრებისას. ზუსტად ისე უმიზნოდ იღიმებოდა და როგორც მაშინ, ახლაც, არც იქეთ წავიდა და არც აქეთ. სანამ მე არ ვიღრიალე: ყველანი შეტევაზე! თავქუდმოგლეჯილებმა ჩავირბინეთ რამოდენიმე სართული.
არსად შეგვხვედრიან, არც გიორგი, არც მისი გუნდი და არც ბურთი.
სიჩუმეს, ჩვენი, ბოლო სართულზე მდებარე კარისკენ მიმავალი ლიფტის ხმაური არღვევდა...
- დროზე, ლიფტი გაჭედეთ! - დავუყვირე დაწინაურებულ გუნდელებს.
ნუგზარმა ცხოვრებაში პირველად გამოიჩინა გონიერება და ”დენის ოთახში” ჩამრთველს ჩამოკრა ხელი. რაღაცამ იფეთქა და საშინელი დამწვრის სუნი დადგა. გიორგის და მის გუნდს კი, ჩვენი, უპასუხისმგებლო, ჭამა-სმის მოყვარული "ლიფტიორის" გამო, სულ ცოტა, ასე, სამი-ოთხი საათით მაინც ჰქონდათ გარანტირებული ბნელ ყუთში ჯდომა. გურამმა, "აბა რა ეგონათ, ეშმაკობაში გვაჯობებდნენო". ნუგზარმა კვერი დაუკრა და საკუთარ ხელის გულს ამაყად შეუბერა სული. ის იყო, გუნდი უნდა შემექო, რომ...
მეოთხე სართულიდან ცალფეხა ლონგინოზმა გამოყო თავი და დაიყვირა:
- ნელი, ამოდი სახლში მაცივარი დაიწვა შენი დედა მ....!
მისი კარის მეზობელი, ბატონი როინი, ხალათით გამოვიდა სადარბაზოში, ლონგინოზს ჰკითხა, "ნუნუკა თქვენთან ხომ არ არისო", რომ გაიგო, რომ არა, მოაჯირს გადაეყუდა და დინჯად დაიძახა:
- ნუნუკა, ამოდი სახლში ტელევიზორი დაიწვა შენი დედაც მ....!
ცოტა ხანში ლიფტში ბრაგვანი ატყდა და ჩვენთვის ნაცნობმა ვენერიულმა ინფექციებმა იწყეს სალანძღავ სიტყვებად ფრქვევა. ამ ამბავს მუსიკალური გამფორმებელი, რომ ჰყოლოდა, აუცილებლად ბეთჰოვენის მეხუთე სიმფონია დაუკრავდა, როდესაც ნირწამხდრებმა, ერთხმად და ხმადაბლა გამოვთქვით უსაშინლესი ვარაუდი:

- აუ... ქეთინო გავჭედეთ ბიჭო მგონი!..


ოცდახუთი წლის კაცი ვარ. შეხედავ კაცს ვგავარ. არ მყავს ცოლი. არ მაინტერესებს არაფერი. მგონი მამაჩემი ჩემზე დარდმა მოკლა. მგონი დედაჩემსაც მე მოვუღე ბოლო. მგონი მალე ბინასაც გავყიდი, გადავეთრევი ამ უბნიდან და ჩემი სახლიდანაც აღარ გავა გარეთ აყალმაყალის და ღრიანცელის ხმა. მგონი ქალბატონი ქეთევანი, ლონგინოზი და ნელი, როინი და ნუნუკა დღესაც არ მეუბნებიან  სალამს. მგონი ბავშვობიდან ასეთი ვარ და თუ გამწირავთ პატივცემულო პოლიციელო და მაგ ჩემ უბნიდან გასაგდებ ხელმოწერებიან ფურცელს არ დახევთ, პირობას გაძლევთ მთელი ქვეყანა გაიგებს თქვენი არასპორტული მისწრაფებების შესახებ, რომელთაც კვირაში რამოდენიმეჯერ სჩადიხართ, რამოდენიმე კაცთან ერთად, რომელთაც ჯამში ერთად შეკრებილთ, თუ ექნებათ რამოდენიმე კბილი შემორჩენილი პირის ღრუში. მერე მოვა უფროსობა ერთს მოგაფსმევინებთ ნარკოლოგიურში და სულ ჩაფსმულს მოგიწევთ ყოფნა.
პოლიციელმა თვალებში შემომხედა. შემდეგ ტუჩი მოიკვნიტა, ფურცელი დაჭმუჭნა, ნაგვის ურნაში ისროლა და მაშინდელი პოლიციელის თაობაზე საკმაოდ მშვიდობიანად დამემშვიდობა. არადა, ქეთევანი, რომ გაჭედა ნუგზარმა, მოვიდა და მაინცდამაინც მე ამიწია ყური. გიორგი და მისი გუნდელები კი ამ დროს, ჩვენ, რომ უნდა მოგვეგო იმ ნაყინებს ჭამდნენ და მოთხუპნულ პირს მთელი დღე ილოკავდნენ.


მას შემდეგ საკმაო დრო გავიდა, ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა სიმართლე გითხრათ, ზოგჯერ მაინც მგონია, რომ ჩემგან ვერ დადგა კაცი. ისევ ვსვამ, ისევ ვღრიალებ, ისევ ვეწევი(ყველაფერს)... მე რომ სინდისი მქონდეს თავი უნდა მოვიკლა, მაგრამ, თუ როდესმე ვერტიკალური ფეხბურთი სპორტის ერთერთი სახეობა გახდა, ჩემს სახლზე დაფის გამოკვრა არ დაგავიწყდეთ!..
აუცილებლად ასე დაიწყეთ, რომ, მე ვიყავი დიდი კაცი...



...ბიძაჩემო, არყის ხრახნიან ბოთლებს რამდენად იბარებ?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები