 | ავტორი: ნუნუ ჟანრი: პროზა 21 სექტემბერი, 2013 |
დილით ავდექი თუ არა ძაღლის სანახავად ეზოში ჩავედი. ლულუ! ლულუ! დავიძახე მაგრამ ძაღლი არსად ჩანდა. მივედი სადაც იწვა ხოლმე და მკვდარი დამხვდა. გული მეტკინა, ცრემლები გადმომცვივდა. ჩემი ლულუ ( ასე ვეძახდით) მერამდენე უპატრონო, შემოხიზნული ძაღლია აღარც მახსოვს. ბოლო ერთი კვირაა თითქმის, ვერ იყო ხასიათზე, რეაქციებიც დაქვეითებული ჰქონდა. აღარც ყეფდა. უბანში ყველამ შენიშნა ეს, რადგან ის ყველას უყვარდა. ბოლო ორი დღე აღარ გამოჩენილა. წინა საღამოს შემოსულა ეზოში და თავის სადგომში დაწოლილა. დავუძახე თუ არა ადგომის თავი აღარ ჰქონდა, მაგრამ კუდი ასწია და ამით მაგრძნობინა, რომ გაიგო ჩემი ძახილი. სოსისი და წყალი დავუდგი წამალშერეული, მეგონა აწყინა რაიმემ და იქნებ უშველოს, ვიფიქრე. ძლივს წამოდგა, ფეხები ეკეცებოდა, საჭმელს პირი არ დააკარა, მაგრამ წყალი კი თქაფა-თქუფით, სულმოუთქმელად დალია. ერთი კი შემომხედა მადლიერი თვალებით. მე მის დიდ, ლამაზ თვალებში სიკვდილი დავინახე. შემეცოდა. მაშინვე მივხვდი დილამდე ვერ გასტანდა. ჩემი ლულუ... რამდენი წელი გვემსახურა ერთგულად. გამიკვირდა რომ გარეთ არ გავიდა სიკვდილის წინ. გამიგია, გარეთ გადიან სიკვდილის წინ ძაღლები. უბანში ყველას ეწყინა ლულუს სიკვდილი, რადგან კარგად დაამახსოვრა თავი ყველას. აწი აღარავის დახვდება უბნის შემოსასვლელში ლულუ, აღარავის გააცილებს სახლამდე. დატოვა თავისი ”სადარაჯო პოსტი” საწყალმა. მახსოვს ერთი კაცი ამოიჩემა სხვა უბნელი, რომელიც საქონელს მიერეკება ხოლმე ჯოხით გორაკებისკენ. გაეკიდა ყეფით და შარვლის ცალი ტოტი შემოახია. კაცმა ჯოხი მოუქნია, მაგრამ ლულუ ფეხებში გაუძვრა და შორიდან დაუწყო ყეფა. კაცი გამწარდა, ენაც გაილესა. ...მოგიკვდა პატრონი, ვისია ეს ძაღლი ვერ დააბამს ამ ქოფაკს?? წყევლას გინებაც მოაყოლა, გაუშვა „ორსართულიანი” ქათმებიც კი არ დატოვა შეუგინებელი. მე ამ დროს გამოვედი სახლიდან, მეზობელთან შევდიოდი, იმ კაცის სახე რომ დავინახე, თანაც ლულუ პირში შარვლის ძაფით, კბილებში გაჩრილი, სიცილი ამიტყდა, სახეზე ხელი მივიფარე, ვეცადე არ დავენახე გავეშებულ კაცს. არ მინდოდა გაეგო, რომ ძაღლი ჩემი იყო, ცოტა აგრესიული კაცია და მოვერიდე. უხმოდ შევაღე მეზობლის ჭიშკარი. ისე რომ ლულუს გამო წყევლა-გინება ”დილის ლოცვად” მივიღე. არასოდეს არავის ერჩოდა და არ ვიცი რატომ ამოიჩემა ეს კაცი?! რა ჯინი სჭირდა მისი? ალბათ ჯოხი გადაუჭირა როდესმე და სამაგიერო გადაუხადა. ძაღლი გრძნობს ადამიანის შინაგან ბუნებას, თანაც ჩემი ლულუ საოცრად ჭკვიანი ძაღლი იყო. თუკი ვინმე არ მოეწონებოდა მხოლოდ მას უყეფდა, კბენა კი არ იცოდა. კიდევ ვიხსენებ... ერთ საღამოს მეზობლის ქალებთან ერთად ვზივარ უბანში. ვსუბრობთ სხვადასხვა თემაზე. როგორც ხშირად ხდება ხოლმე, სამზარეულოზე და გემრიელ სადილებზე გადავიტანეთ საუბარი. ვიგრძენით რომ გვშიოდა. ამ დროს... მორბის ლულუ და პირში შემწვარი ქათამი აქვს გაჩრილი. ერთი გამოგვხედა (თქვენ იჭორავეთ მე კი გემრიელი სადილი ვიშოვეო) შეიძურწა ეზოში და გემრიელად მიირთვა. ისეთი რაკა-რუკით ამტვრევდა ძვლებს სიცილი აგვიტყდა. ნეტავი ვინ დატოვა მშიერი? ვისი ტაბაკა დაითრია? თვითონ არეკა ტაფიდან თუ ”მიართვეს?” ეს იუმორში გადავიტანეთ და კარგად ვიხალისეთ მეზობლებმა. ახლა ღიმილით ვიხსენებ ამას. შენ წახვედი ლულუ, სამაგიერო უპატრონო ძაღლი კიდევ შემოლასლასდება ჩემს ეზოში, ისევ დავაპურებთ, მერე ისიც დარჩება ალბათ. რა ვქნათ ასეა. ერთი მიდის, მეორე მოდის. მოდის და ვეღარ ვაგდებთ, გვეცოდება.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. შემეცოდა ლულუ. შემეცოდა ლულუ.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|