იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! ერთ სოფელში, ძველი, აწ უკვე დანგრეული სკოლის ყოფილ სპორტულ მოედანთან, სადაც ადრე სკოლის დირექციას სპორტული ინვენტარის საწყობად განკუთვნილი შენობის აშენება წამოეწყო და საძირკველის ამოთხრაზე გაჩერებულიყო, ნაპირებ დაჭაობებული ორმო დარჩენილიყო. ეს ორმო დროთა განმავლობაში წვიმის წყალს ამოევსო და ბაყაყების, თავკომბალების, ტრიტონებისა და სხვადასხვა ნესტის მოყვარე მწერების საბუდრად ქცეულიყო. სწორედ აქ ცხოვრობდა ერთი პატარა ბაყაყი, რომელსაც საკუთარი გარეგნობა ძალიან არ მოსწონდა. როდესაც ის დაგუბებულ წყალში იხედებოდა და საკუთარ ანარეკლს ხედავდა, მუდამ წუწუნებდა: “რა არის ეს მუქი მწვანე ფერის კანი, შავი და ყავისფერი წინწკლებით. არ შეიძლებოდა რომელიმე ხასხასა ფერი მქონოდა?!. აი, მაგალითად მოკრიალებულ ცას რომ ლურჯი ფერი აქვს, ან მასზე ამოცურებულ მზეს რომ თვალისმომჭრელი ყვითელი უბრწყინავს, მეც მშვენივრად მოვიხდენდიო.” ერთ საღამოს, ჩვენი წუნია ბაყაყუნა, გუბესთან ახლოს, ალაგ-ალაგ ასფალტშერჩენილი მოედნის კიდესთან დახტოდა. ხტომისას ცდილობდა წინა ნახტომის სიმაღლე გაეუმჯობესებინა და უფრო მაღლა ამხტარიყო. ეს ერთგვარი ვარჯიში ძალიან უყვარდა და ყოველ საღამოს აკეთებდა. მერე კი, გაოფლიანებული, მზით გამთბარ გუბეში ჩახტებოდა და თბილ წყალში ნებივრობდა ხოლმე. იმ საღამოს კი, სად იყო და სად არ იყო, სკოლის შენობის ნანგრევებიდან რამოდენიმე პატარა ბიჭი გამოვიდა. ისინი გუბისკენ წამოვიდნენ და მალევე მოახლოვდნენ. მათი ხმები უკვე გასარჩევად ისმოდა, როდესაც ერთ-ერთი მათგანმა თქვა, მოდი ბაყაყი დავიჭიროთ, მოვკლათ და გავბეროთო. ცნობილია, რომ სკოლის ასაკის უწესო ბიჭები ხშირად ერთობიან ამ უზნეო საქციელით, რაც ყოვლად მიუღებელი და დასაძრახია. გარდა ამისა, როგორც ამბობენ, ბაყაყის მოკვლას, მეორე დღეს აუცილებლად წვიმა მოსდევს ხოლმე, რაც ალბათ, ბუნების მიერ ამ ფაქტის დატირებას უნდა გამოხატავდეს. გაიგო რა ბიჭის ეს სიტყვები, ბაყაყუნას შეეშინდა და გული აუჩქარდა. მან მისი მშობლებისგან გადმოცემით იცოდა უწესო ბავშვებისგან მოსალოდნელი საფრთხის შესახებ და გუბისკენ მოკურცხლა ჩქარი ნახტომებით. მაგრამ ბიჭები ძალიან სწრაფად ახლოვდებოდნენ და ერთმა მათგანმა აკი შენიშნა კიდეც იგი და ხმამაღლა დაიყვირა: “არ გაუშვათ, აი ბაყაყი!” ბაყაყუნამ ბოლო ძალები მოიკრიბა და შეძლებისდაგვარად სწრაფად, რამოდენიმე ნახტომი კიდევ გააკეთა, თუმცა ძალა გამოელია, გუბემდე ვეღარ მიაღწია და იქვე ბალახებში გაშეშდა აღსასრულის მოლოდინში. “სად წავიდა?”; “ნუთუ გაუშვი შე ლენჩო?!”; “ეეეხ, რა კარგი გასართობი გაგვიძვრა ხელიდან?!” – ისმოდა ბიჭების ხმა, რომლებიც ბაყაყს ეძებდნენ და ვერაფრით ეპოვნათ. გამხმარ ბალახებში დამალული ბაყაყუნა კი სუნთქვაშეკრული ელოდა თუ როდის მიაგნებდნენ უზნეო გართობის მსურველები. მაგრამ აი, ხმა უკვე სულ უფრო შორიდან ისმოდა. ბიჭები ხელმოცარული ბრუნდებოდნენ უკან! ცხოვრების ბოლომდე იხსენებდა ბაყაყუნა ამ შემთხვევას და ყოველთვის ემადლიერებოდა ღმერთს, რომ მას სწორედ მუქი მწვანე ფერის, შავი და ყავისფერი წინწკლებით მოხატული კანი მისცა, რადგან მას რომ ამგვარი გარეგნობა არ ჰქონოდა და როგორც ის ნატრობდა, ხასხასა ლურჯი ან ყვითელი ფერის კანი ჰქონოდა, იმ დღეს ბიჭები აუცილებლად მიაგნებდნენ მუქ მწვანე, გაყავისფერებულ სარეველა მცენარეებიან ბალახებში და დღეს მისი სახსენებელიც კი აღარ იქნებოდა. ხოლო იმ წელიწადს, კიდევ ერთი წვიამიანი დღე შეემატებოდა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. ჭკვიანური მოთხრობაა ყმაწვილებისთვის. არა უშავს რა. ჭკვიანური მოთხრობაა ყმაწვილებისთვის. არა უშავს რა.
6. ეს მომეწონა. იდო აქ ჩემი კომენტარი, მეორედ ვწერ. ეს მომეწონა. იდო აქ ჩემი კომენტარი, მეორედ ვწერ.
5. აი რა კარგი იყო, რა მაგარი <3 აი რა კარგი იყო, რა მაგარი <3
4. კარგი იყო, შემეცნებითიც, ჩემს დისშვილებს მოვუყვებოდი, 7 თვის რომ არ იყვნენ ჯერ. :) კარგი იყო, შემეცნებითიც, ჩემს დისშვილებს მოვუყვებოდი, 7 თვის რომ არ იყვნენ ჯერ. :)
3. კარგი ზღაპარია ) კარგი ზღაპარია )
2. საბავშვოა, ჟანრი არ შევცვალე, დამავიწყდა... საბავშვოა, ჟანრი არ შევცვალე, დამავიწყდა...
1. როგორც ზღაპარს არაუშ ავს,პოეზია არარის ეს როგორც ზღაპარს არაუშ ავს,პოეზია არარის ეს
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|