ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირაკლი ბერია
ჟანრი: პოეზია
25 სექტემბერი, 2013


ფრანჩესკა

                          ვუძღვნი პარიზელ ბავშვს

გუშინწინ თამაშობდი სრულიად უცნობთან,
რომელმაც გასწავლა შემდეგი თამაში,
რომელსაც ქვია - „წეროები“
და შენ ბედნიერი ხარ
უცნობთან თამაშით,
შენ ჯერ პატარა ხარ ფრანჩესკა...

ეს თამაში ასწავლე შენს უფროს დას,
რომელმაც მოგიგო,
რადგან ჯერ პატარა ხარ
და შესაბამისად არ გყოფნის სისწრაფე...
შენ გული დაგწყდა...

გუშინ დატოვე შენს დასთან ერთად ის უცნობი
ისე, რომ არ დაემშვიდობე,
არც მადლობა გადაგიხდია თამაშისთვის...

უცნობს ისევ ახსოვს შენი კისკისი,
შენი აღფრთოვანება,
რომელიც თამაშის დასასრულს მოყვებოდა ხოლმე...

უცნობს ახსოვს შენი აღფრთოვანება,
როცა იგებდი
და ახსოვს შენი გულის დაწყვეტა,
როცა აღარ გყოფნიდა სისწრაფე...
მაშინ ყველაზე მეტად ემსგავსებოდი
აპაჩის პატარა ასულს,
რომელმაც დაკარგა მოჰონკი...

დღეს შენ აღარ გახსოვს უცნობის სახე ფრანჩესკა
და იმ თამაშსაც შეეშვი ასაკის ზრდასთან ერთად,
შენ მომავალ თაობას ასწავლი ამ თამაშს,
მაგრამ ვერ გაიხსენებ იმ პიროვნებასა
და ისტორიას,
თუ ვინ და როგორ გასწავლა თამაში
წეროების შესახებ,
რომლებიც მიფრინავენ შორს...

შენ  შორს გაფრინდი ფრანჩესკა,
შენ ცხოვრობ პარიზში,
მაგრამ რა გითხრა უცნობის შესახებ,
გარდა იმისა, რომ პარიზისგან არც ისე შორს არის,
გარდა იმისა, რომ დღესაც კარგად ახსოვს
შენი აღტაცება,
გარდა იმისა, რომ ლექსი დაუწერა ფრანჩესკას,
პატარა ფრანჩესკას,
რომელიც აპაჩის პატარა ასულს მიამსგავსა,
ასულს, რომელსაც გული დაწყდა,
ასულს, რომელსაც მოპარეს მოჰონკი
ასულს, რომელმაც მოჰონკი დაკარგა
მაშინ, როცა მიფრინავდნენ წეროები...

უცნობს ახსოვხარ ფრანჩესკა,
უცნობს, რომელმაც დაგიწერა ლექსი,
ლექსი, რომელიც გამოიწვევს აღფრთოვანებას
ასე თუ ისე...
ყოველშემთხვევაში შენში მაინც...

და ეს ნაწერი არ გაუფერულდება
ისე,
როგორც ჩვევია დროს....

ეს ნაწერი
ანგრევს უცნობის ტკივილს,
შენსა და უცნობს შორის გავლებულ
ადმინისტრაციულ საზღვარს,
რომელსაც ქვია დავიწყება...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები